"ჩემი გამოსვლა მხოლოდ ამად ღირდა, რომ ასეთი ემოცია დამენახა" - გზაპრესი

"ჩემი გამოსვლა მხოლოდ ამად ღირდა, რომ ასეთი ემოცია დამენახა"

19 წლის ლიზი გოზალიშვილი გერმანული "ვოისის" მონაწილე გახლავთ. გოგონამ "ბრმა კასტინგზე" მწვრთნელებისგან დადებითი შეფასებები მიიღო, ჯოვანი ცარელამ კი - ლიზისთან ერთად, ექსპრომტად, დუეტიც შეასრულა... ლიზის დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება. მან ჟურნალის - "გზა" მკითხველისთვის ვრცელი ინტერვიუ მოგვცა.

- ჩემთვის ძალიან უჩვეულო სიტუაციაში ვარ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ტელეგადაცემებში ვჩანდი, ასეთ დიდ გამოხმაურებას არ ველოდი - ერთგვარ შოკში ვარ (იცინის). თავდაპირველად სიტუაციის გააზრება ცოტათი მიჭირდა. უამრავი შეტყობინება მომდის. ვცდილობ, ჩემი საქმეებიც ვაკეთო... ამ 2 დღეში ბალანსის დაცვა ვისწავლე, რომ ყველაფერი "გადავხარშო"... ყველა შეტყობინება თუ კომენტარი პოზიტიურია, რასაც მართლა არ ველოდი. ბედნიერი ვარ!..

- გვიამბე, გერმანიაში როგორ მოხვდი?

- საქართველოში, როცა მე-12 კლასში ვიყავი, სკოლამ DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამაზე წარმადგინა. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სკოლიდან 12 ადამიანი წარგვადგინეს. სტიპენდია ოთხმა მოვიპოვეთ. გერმანიაში, შარშან ამ პროგრამით გამოვემგზავრე. 1 წელი ჰაიდელბერგში, კოლეჯში ვისწავლე, რათა ჩემი 12-წლიანი სასკოლო განათლება ეღიარებინათ. უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის კოლეჯში სწავლა აუცილებელი წინა პირობაა... წელს ბონის უნივერსიტეტში, სამუსიკო მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლა დავიწყე... საერთოდ, გერმანიაში სწავლა ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, რადგან სკოლაში, მესამე კლასიდან გერმანულს ვსწავლობდი. შემდეგ, სტიპენდიაც კარგად დაემთხვა და საერთოდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა (იღიმის)...

- გერმანიაში ცხოვრების შესახებ მოგვიყევი...

- მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე, გერმანიასთან კავშირი სულ მქონდა და აქ რამდენჯერმე ტურისტულადაც ნამყოფი ვიყავი, როცა სასწავლებლად ჩამოვედი, მენატრებოდა ახლობლები, ჩემი სახლი, ოთახი... მართალია, გადაწყვეტილება გააზრებული მქონდა, მაგრამ თავდაპირველად მაინც ერთგვარი მოწყენილობა დამეუფლა. მგონი, ეს გრძნობა უცხო არავისთვისაა, ვინც საზღვარგარეთ მიდის. თუმცა, როგორც კი სწავლა დაიწყო, ჩემი ცხოვრების ტემპი ისე აჩქარდა, რომ სხვა რამეზე ფიქრის დროც არ მრჩებოდა. "ვოისისთვის" კი არა, საერთოდ, მუსიკისთვისაც ვერ ვიცლიდი: 10 წუთი რაღაცას თუ წავიმღერებდი, ესეც მაბედნიერებდა; ის ფაქტი მთრგუნავდა, რომ გარკვეული პერიოდი მუსიკას "ავცდი" - ვეღარ ვიცლიდი. ამ შემთხვევაში, "ვოისი" ჩემთვის კარგი გამოსავალი იყო, თუმცა ჩემი ცხოვრების ტემპის გამო, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე გამოვიდოდა. ვფიქრობდი, ვერ მოვიცლი და ვერ ვივლი სხვა ქალაქში, სადაც ეს პროექტი ტარდება-მეთქი. უბრალოდ, განაცხადი გავგზავნე, თან ჩემი სიმღერის ვიდეოც უნდა დამერთო. ტელეფონში რაღაც ვიდეო "მოვჩხრიკე"... ვისურვებდი, რამე უკეთესი გამეგზავნა (იცინის). თუმცა, შესარჩევი ეტაპებიდან დადებითი პასუხები რომ მივიღე, სხვა ვიდეოებიც მივაშველე - მხოლოდ 1 ვიდეოთი არ გადაწყვეტილა ჩემი ბედი. მერე ისეთ აზარტში შევედი, იმ აზრს აღარც ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა პროექტში ვერ მოვხვედრილიყავი.

- "ბრმა კასტინგისთვის" სიმღერა როგორ შეარჩიე?

- მაიკლ ჯექსონის Earth Song ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, მისი მთავარი სათქმელის გამო. საერთოდ, მგონია, ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ გადმოსცე, რისი თქმაც გინდა და ბევრი ადამიანის გულამდე, გონებამდე მიიტანო. შესაბამისად, როცა ისეთ სიმღერას ვასრულებ, რომელშიც ჩემთვის ძალიან "ახლო" და ემოციური სათქმელი დევს, პასუხისმგებლობაც მეტია, პლუს - მოტივაციაც, რომ რაც შეიძლება კარგად შევასრულო. Earth song-ის შესრულება ჩემი სურვილი და ინიციატივა იყო. "ვოისის" წარმომადგენლებს თავად შევთავაზე (რამდენიმე სიმღერასთან ერთად), იქნებ ესეც განვიხილოთ-მეთქი? დამთანხმდნენ... ახლა ჩემი ნამღერის შეფასებებს რომ ვკითხულობ, საქართველოშიც და გერმანიაშიც ბევრმა აღნიშნა, რომ ამ სიმღერის ჩემეული ვერსია ძალიან მოეწონათ, თუმცა ვერსიას ბოლომდე მე ვერ დავიბრალებ: ბევრი ინტერპრეტაცია ჯესი ჯეის მიერ შესრულებული Earth Song-ის ქავერიდან იყო, რომელიც ძალიან მიყვარს. მთელი ჩემი ნომერი უშუალოდ ამ ქავერზე გახლდათ აგებული. ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა მიიღო და მოიწონა.

- როცა ჟიური გაგესაუბრა, აღნიშნე, რომ შენმა ქვეყანამ ომი არაერთხელ გადაიტანა. გახსოვს ის პერიოდი, როცა საქართველოში ომი იყო გაჩაღებული?

- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 4 წლისაც არ ვიყავი, მაგრამ ფრაგმენტულად მახსოვს... ასეთი ამბები გონებაში ილექება... თუნდაც, ჩემზე უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა კარგად იციან, საქართველოს რაც გამოუვლია... სცენიდან ჩემთვის ამაზე საუბარი მნიშვნელოვანი იყო. სიმღერაც თემატურია... თან, ჩემი ჩაცმულობაც მინიშნებასავთ გახლდათ, რასაც ვმღეროდი, რისი თქმაც მინდოდა... მართლა მადლიერი ვიყავი, როცა ჟიურის წევრებისგან ინტერესი და მხარდაჭერა ვიგრძენი. მათი რეაქცია რომ დავინახე, გავაცნობიერე - სათქმელს მიმიხვდნენ, გულთან ახლოს მიიტანეს... ეს დიდი ბედნიერება იყო. ჩემი გამოსვლა მართლა მხოლოდ ამად ღირდა, რომ მათი ასეთი ემოცია დამენახა!..

img-5400-1698048864.jpg

- საბოლოო ჯამში, მწვრთნელის არჩევისას იმ ფაქტმა მოახდინა გავლენა, რომ ჯოვანი ცარელა სცენაზე ამოვიდა და სიმღერა შენთან ერთად შეასრულა?

- საერთოდ, გერმანული "ვოისის" აქტიური მაყურებელი გახლდით. ასე თუ ისე, მწვრთნელების ქცევის, ტაქტიკის შესახებ ვიცოდი. წელს პროექტში მწვრთნელების ახალი შემადგენლობაა. შესაბამისად, წარმოდგენა არ მქონდა, მონაწილეების მიმართ როგორი ტაქტიკა, დამოკიდებულება ექნებოდათ. საკუთარ თავს იმაზე ფიქრი ავუკრძალე, თუ რომელი მწვრთნელი შემომიტრიალდებოდა და რომელი - არა, რადგან ამაზე ფიქრი მთრგუნავდა. მერჩივნა, სიმღერაზე მეფიქრა... როცა ძმები კაულიცები ("ტოკიო ჰოტელის" წევრები) და ჯოვანი შემოტრიალდნენ, მაშინ მართლა ვფიქრობდი, რა უნდა მექნა (იცინის). "ტოკიო ჰოტელის" წევრებმა საინტერესოდ შემაფასეს, რაც ჩემი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჯოვანიმ ამ ჟესტით, სცენაზე რომ ამოვიდა და ჩემთან ერთად იმღერა, სათქმელში შემომიერთდა - შეეცადა, თავადაც ის ეთქვა, რის თქმასაც მე ვცდილობდი და ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი იყო. მისგან ერთგვარი მხარდაჭერა ვიგრძენი, რამაც სხვა არგუმენტები მაშინვე გადაწონა. როცა დაჯდა, უკვე ვიცოდი, მის გუნდში ვიქნებოდი... ჩვენი დუეტი სპონტანურად შედგა. თან, როცა პირველად ვიმღერე, ხმაში ცოტათი მღელვარება მართლა მეტყობოდა. მეორედ უკვე ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე ჩვენების შანსი მომეცა. პლუს, დიდი პატივი იყო, რომ მწვრთნელი სცენაზე ჩემთან ერთად იდგა. უბედნიერესი ვიყავი!

- ამჟამად მუშაობის პროცესი როგორ მიდის?

- ზუსტად ისე, როგორც ველოდი: ჯოვანი ძალიან "გახსნილი", უშუალო ადამიანია. ერთადერთი, რაც ვერაფრით მოვიშალე, "თქვენობით" მივმართავ (იცინის)... გუნდის თითოეულ წევრს დიდ ყურადღებას აქცევს. ცხადია, არ "დაგასპოილერებთ", მაგრამ მომავალი კვირის ბოლოს, სუჟეტში ჩვენი მუშაობის პროცესსაც იხილავთ... დარწმუნებული ვარ, მასთან მუშაობით მთელი გუნდი უბედნიერესია, რადგან გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მუსიკოსია, ასევე ძალიან კარგი ადამიანია.

- გერმანიაში ვისთან ერთად ხარ, ვინ გგულშემატივრობს?

- ჩემს საგულშემატკივროდ დედა სიურპრიზად ჩამოვიდა. უფროსი და, დისშვილი და სიძე გერმანიაში ცხოვრობენ, ოჯახის დანარჩენი წევრები კი საქართველოში. როცა ჩემს თავს რამე საინტერესო ხდებოდა, უფროსი და და დისშვილი ჩემ გვერდით ვერასდროს იყვნენ, რადგან რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობენ - მათი გვერდით ყოფნა სულ მაკლდა. ცხადია, ახლა ჩემს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს...

- 16 წლის იყავი, როცა ქართულ "ვოისში" მონაწილეობდი, უკულელეზე უკრავდი და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლას გეგმავდი... მუსიკის თვალსაზრისით, შენი ცხოვრება როგორ წარიმართა?

- საერთოდ, უკულელე პირველად ხელში იმიტომ ავიღე, რომ გიტარის მეშინოდა (იცინის). 12-13 წლის ვიყავი. გიტარას ვერ მივუახლოვდი, დიდი მომეჩვენა... მაშინ უკულელე კარგი გამოსავალი იყო... ბოლოს და ბოლოს, გავბედე და გიტარასაც "შევეჭიდე". კლავიშსაც ბევრ დროს ვუთმობ. პატარ-პატარა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ვუკრავ, მაგრამ ყველაზე მეტ დროს ვოკალს ვუთმობ. საერთოდ, საქართველოს "ვოისში" მონაწილეობისას გადავწყვიტე, რომ სამუსიკო მეცნიერებების ფაკულტეტზე მესწავლა (რაზეც ახლა ვსწავლობ)... შემდეგ საკუთარი სიმღერების წერა ინტენსიურად დავიწყე. რამდენიმე მათგანი გადაცემა "აკუსტიკაში" ვიმღერე კიდეც... ამასობაში, იმდენი სიმღერა დაგროვდა, რომ მინდა, ნელ-ნელა თავი მოვუყარო და ან ალბომად მივიტანო საზოგადოებამდე, ან ცალ-ცალკე... საქართველოს "ვოისის" შემდეგ რომ დავფიქრდი და ახლა ჩემს მაშინდელ გამოსვლებს ვუყურებ, ისეთ ხარვეზებს ვპოულობ, რაც მგონია, ახლა ნაკლებად ან აღარ მაქვს. ჟანრობრივად, უფრო როკის მიმართულებით აქტიურად სიმღერა დავიწყე - ჩემში უფრო ძლიერი ემოციები და სიყვარული გამოიწვია... მოკლედ, ქართული "ვოისიდან" გერმანულამდე ზუსტად ერთი ნახტომია - ჟანრობრივად და სტილის მიმართულებით, ხოლო სხვა მხრივ, მაგალითად - იქ უკეთ ვმღეროდი თუ აქ, მგონი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ყოველ შემთხვევაში, ქართული "ვოისის" შემდეგ, მუსიკას უფრო მეტ დროს ვუთმობდი. მადლიერი ვარ, რომ იმ პროექტში ვიყავი - ჩემზე კარგად აისახა.

img-5253-copy-1698048876.jpg

- ძირითადად, საკუთარ სიმღერებს რომელ ენაზე წერ? გერმანულენოვანი სიმღერაც ხომ არ გაქვს?

- სხვათა შორის, 1 ინგლისურ-გერმანული სიმღერაც მაქვს - "აკუსტიკაში" შევასრულე. მასში გერმანულენოვანი ტექსტი მცირეა. სიმბოლური დატვირთვა აქვს: სიმღერა ჩემს გარდაცვლილ მეგობარს - მარიამს მივუძღვენი: მე და მარიამი ბავშვობიდან ვმეგობრობდით, გერმანულს ერთად ვსწავლობდით და ვგეგმავდით, რომ გერმანიაში სასწავლებლადაც ერთად წავსულიყავით. მე-12 კლასში ვიყავით, როცა მარიამი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა... ფაქტობრივად, ჩემი ყველა სიმღერა ინგლისურ ენაზეა დაწერილი. გამოხმაურებებში წამიკითხავს - ქართულად რატომ არ არისო? სხვათა შორის, მეც ძალიან მინდა, სიმღერები ქართულად ვწერო, თუმცა ჩემთვის ქართულად სიმღერის წერა სხვა დონეა - დიდი ბედნიერებაა! მინდა ნელ-ნელა დავიწყო, რადგან ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ინგლისურენოვანი სიმღერები მაქვს... გარემო ფაქტორები ჩემზე ზეგავლენას ახდენს. მაგალითად, იყო სიმღერა, რომელიც პანდემიის დროს დავწერე. ასევე, ომის თემაზე შექმნილი სიმღერაც მაქვს... გარკვეულწილად, შეიძლება, ინგლისურენოვანი სიმღერები კარგია, რადგან ყველასთვის გასაგებია, თუმცა ქართულად წერა ჩემი ერთ-ერთი მიზანია.

- ანუ შენი ემოციების მშობლიურ ენაზე სიმღერით გამოხატვა უფრო რთულია?

- ქართულად სიმღერის წერა რომ გაბედო, დიდი რწმენა გჭირდება - პირადად მე, ასე მიმაჩნია. პატარ-პატარა სიმღერები დამიწერია, რაც შეიძლება, სიმღერადაც არ აღიქვა, მაგრამ ქართულენოვანი სიმღერის შექმნას მაღალი დონე, დიდი გამბედაობა სჭირდება - სხვაგვარად ვერ ავხსნი... ვაფასებ ყველა მუსიკოსს, ვინც ქართულენოვან სიმღერებს წერს. მინდა მეც მათ რიგებს შევუერთდე.

- შენს ყოფილ მწვრთნელთან - სალიოსთან თუ გაქვს კონტაქტი?

- როგორც ჯოვანიზე აღვნიშნე, ძალიან მეგობრულია და შეგიძლია, ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად ესაუბრო-მეთქი, სალიოსთანაც ანალოგიური სიტუაცია იყო: მთელი გუნდი ახლო მეგობრებად მიგვიღო. მისგან ახლაც დიდი მხარდაჭრა ვიგრძენი. ძალიან მიყვარს და ზუსტად ვიცი, მგულშემატკივრობს!

- საინტერესოა, ნათია თოდუასგან (რომელიც გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახლავთ) თუ მიიღე რჩევები, მხარდაჭერა?

- ჯერჯერობით, მასთან კომუნიკაცია არ მქონია. მეშვიდე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ნათიამ გერმანულ "ვოისში" გაიმარჯვა. შეიძლება მისი წარმატება ჩემთვის ერთგვარი ბიძგი და კარგი მაგალითი გახლდათ. ჩემი სახით, მას დიდი ფანი ჰყავს - ძალიან მომწონს და თვალყურს ვადევნებ... კომუნიკაცია ლიზი გოგუასთან მქონდა, რომელიც გერმანული "ვოისის" მონაწილე შარშან გახლდათ. ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, რაც ბევრს ნიშნავს, რადგან შარშან მასაც ვგულშემატკივრობდი, დასამახსოვრებელი გამოსვლები ჰქონდა. გერმანული "ვოისის" შემოქმედებით გუნდს ახლაც კარგად ახსოვთ. ამბობდნენ, - უკვე 2 ლიზი გვყავს საქართველოდანო... გადამღებმა ჯგუფმა ბევრჯერ აღნიშნა, - ქართველებს ძალიან განსხვავებული ხმა გაქვთო. სახალისო ფაქტიც მოხდა: გერმანულად კი ვსაუბრობ, მაგრამ რაღაცების სწორად გამოთქმა და გაგება მიჭირს. როცა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა და ვერ გავიგე, შემომთავაზა, - ხომ არ გინდა, სხვა ენაზე გკითხოო? ცხადია, ინგლისური იგულისხმა. ვუპასუხე, - ქართული თუ იცით, კი ბატონო-მეთქი. - პრინციპში, ქართველ კონკურსანტებთან ინტერვიუ უკვე იმდენჯერ ჩავწერე, ქართული კი უნდა მესწავლაო (იცინის)...

- პირად ცხოვრებაზეც გვითხარი, თუ შეიძლება - ვიცი, რომ შეყვარებული აქტიურად გგულშემატკივრობს...

- 2 წელია, რაც მე და ნიკა შეყვარებულები ვართ. ერთმანეთი მეგობრების დახმარებით გავიცანით. ჩემზე 2 წლით უფროსია. ამჟამად, სტუდენტია. საქართველოში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. ისე მოხდა, რომ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. მუსიკაში ჩემი დიდი გულშემატკივარია - ვერ აღვწერ, როგორ უხარია ჩემი ამბები!.. დისტანციურად ურთიერთობა ხანდახან რთულია, მაგრამ - ვუმკლავდებით...

P.S. გამოყენებულია ProSieben/SAT.1/André Kowalski-ის ფოტოები.

ეთო ყორღანაშვილი