განო გერლიანის "ფილმური" სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

განო გერლიანის "ფილმური" სიყვარულის ამბავი

სერიალში "სიყვარულს მიღმა" ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი ლილუს როლს განო გერლიანი ასრულებს. ის პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ახლო მომავალში აპირებს ამ პროფესიას ამერიკაში დაეუფლოს. როგორია მისი რეალური ცხოვრება, როგორი ურთიერთობა აქვს მშობლებთან და როგორ დაიწყო მისი "ფილმური" სიყვარულის ამბავი? - ამ ყველაფერზე განო გულახდილად გვესაუბრა.

- ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლის სიმპათია დაიმსახურე, ამას თავად რამდენად გრძნობ?

- როდესაც ჩემი პერსონაჟი სერიალში პირველად გამოჩნდა, ხალხს თავიდან თითქოს არ მოსწონდა. ვფიქრობდი, ქუჩაში რომ გავალ და მიცნობენ, სავარაუდოდ, ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულება ექნებათ-მეთქი. ახლა კი მაყურებლისგან არანორმალურად დიდ სიყვარულს ვგრძნობ, განსაკუთრებით - პატარა ბავშვებისგან. გუშინ მაღაზიიდან ხელი დამიქნიეს, ამ ერთმა ჟესტმა უზომოდ გამახარა. ყველაზე ხშირად ბავშვები მოდიან, ფოტოების გადაღებას მთხოვენ. ისეთი საყვარლები და გულწრფელები არიან, მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მაბედნიერებს.

- ჩვენს მკითხველს გაეცანი, ვინ არის განო გერლიანი?

- როცა ჩემს თავზე ლაპარაკი მიწევს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძალიან ემოციური ვარ. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ეწყინოს, მე ორმაგად ან ოთხმაგად მწყინს, შეიძლება ტირილამდე მივიდე. ასევე უმნიშვნელო რამ მახარებს. ჯერ პროფესია არ ამირჩევია, არსად ჩამიბარებია, 20 წლის ახლახან გავხდი. ახლო მომავალში ვაპირებ, სასწავლებლად ამერიკაში წავიდე. სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე. ბავშვობიდან რომანტიზებას ვუწევდი იმ ამბავს, რომ სასწავლებლად უცხოეთში უნდა წავსულიყავი; სულ ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა იქნებოდა ამერიკა და სწავლის დასრულების შემდეგ აუცილებლად საქართველოში დავბრუნდებოდი.

- საკუთარ მომავალს სამშობლოში მეტად ხედავ, ვიდრე საზღვრებს მიღმა?

- სამშობლოშიც და უცხოეთშიც თანაბრად ვხედავ. ბუნებრივია, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, არ მინდა მოვშორდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პერიოდულად სხვა ქვეყანაშიც არ ვიყო.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" როგორ აღმოჩნდი?

- ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, ზეგ კასტინგი ტარდება და მოდიო. სერიალის "სიყვარულს მიღმა" პოსტერებს მეტროში სულ ვხედავდი. მაყურებელი არ ვიყავი, თუმცა ზედაპირულად ვიცოდი, რაც ხდებოდა. ამ ზარმა ძალიან გამანერვიულა, აქამდე ქართულ პროექტში არ მითამაშია, ქართულად ლაპარაკი არ დამჭირვებია, სულ ინგლისურად ვსაუბრობდი. ვფიქრობდი, რომ არ დამამტკიცებდნენ. ისიც კი ვთქვი, ტყუილად უნდა მოვიდე, თქვენს დროსაც დავკარგავ და ჩემსასაც-მეთქი. მოკლედ მაინც წავედი, კასტინგი გავიარე და იმ დღესვე დამირეკეს, როლზე დამტკიცებული ხარო. უბედნიერესი ვიყავი, თან ვერ ვიჯერებდი. ვფიქრობდი, რამე ხომ არ შეეშალათ-მეთქი?

- ლილუ საინტერესო გოგოა, თავისებური ხასიათით. ამ როლზე მუშაობა როგორ დაიწყე?

- ცოტათი კაპასი, ჯიუტი ჯენზია. მეგონა, რომ ხანში შესულ ხალხს არ შეუყვარდებოდა, ძალიან მოდერნისტული და თანამედროვე პერსონაჟია. ზუსტად არც ვიცი, როგორ დავახასიათო, ლილუს ასე კარგად მეც არ ვიცნობ, თანდათან ვეცნობი. ყველას შვილიშვილივით უყვარს. არ მომწონს ის, როგორც ექცევა მეგობრებს, მშობლებს. ამის გააზრება, რომ ეს მე უნდა მეთამაშა, ასე მელაპარაკა, ცოტათი გამიჭირდა.

- რეალურ ცხოვრებაში მშობლებს შენ ნაცვლად თუ მიუღიათ გადაწყვეტილება, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- არა, ძალიან, ძალიან გამიმართლა. ჩვენ სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემი მშობლები ყოველთვის მეთანხმებიან იმაში, რისი გაკეთებაც მინდა, არჩევანს ყოველთვის მიწონებენ. მსახიობობა რომ მინდოდა, ეს ბავშვობიდანვე იცოდნენ და ხელს მაქსიმალურად მიწყობდნენ, მით უმეტეს - დედა, მას დავყავდი ყველა სტუდიაში, სადაც შეიძლებოდა რამე გამომსვლოდა, სადაც ყოფნა ჩემთვის საჭირო იყო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ცეკვაზე რატომ დავყავდი. დღეს ვხვდები, რომ პლასტიკა მსახიობისთვის ძალიან საჭიროა.

- დედაც მსახიობი ხომ არ არის?

- დედაჩემი ძალიან ცოტა ხანი, 1 ან 2 წელი აფხაზეთის თეატრში იყო. ბავშვობაში სცენაზე გადაღებულ დედას ფოტოებს რომ ვნახულობდი, სულ ვამბობდი, მეც ეს საქმე მინდა ვაკეთო, მგონი, ამისთვის დავიბადე-მეთქი.

- დედა აფხაზეთიდან არის?

- დიახ, დედაც და მამაც აფხაზეთიდან არიან. დედა 13 წლის იყო, მამა - 18-ის, როცა ლტოლვილები გახდნენ.

- განო, ახსენე, რომ აქამდე თამაში ინგლისურ ენაზე გიწევდა. როგორც ვხვდები, უცხოურ პროექტებში იყავი ჩართული. ამ გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- დიახ, ბოლო პროექტი, რომელზეც ვიმუშავე, გერმანულ-შვეიცარიული ფილმი იყო. სუროგატი დედის როლი შევასრულე, ეს გარდასხვა და მთლიანი პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ამ როლისთვის დამჭირდა მუშაობა, თუ დამჭირდა. ჩემი ინფორმაციით, ფილმის პრემიერა მალე გაიმართება და როგორც ვიცი, ეს საქართველოშიც მოხდება. ჩემ გარდა ამ ფილმზე კიდევ რამდენიმე ქართველი მსახიობი მუშაობდა. დიდი ინტერესით ველოდები. გადამღები ჯგუფი საქართველოში იყო ჩამოსული. ჩემი პერსონაჟი ქართველია, "მოტეხილი" ინგლისურით ლაპარაკობს. ამის გარდა, შესრულებული მაქვს ეპიზოდური როლი ერთ ქართულ ფილმშიც, სხვათა შორის, იქაც დედის როლში ვარ. რეჟისორები ჩემში სულ დედას ხედავენ (იღიმის). ალბათ კარგი დედა ვიქნები. მიხარია, ასე თუ მხედავენ. გადაღებული ვარ რეკლამებშიც.

- სერიალში სცენების დიდი ნაწილის გადაღება გუგა ქაცარავასთან გიწევს. როგორი პარტნიორია?

- გუგა ქაცარავა კომფორტული ადამიანია. თავიდან, როცა რამდენიმე დუბლს ვაგდებდით, ვფიქრობდი, ყველა გაბრაზდებოდა, მაგრამ ვცდებოდი; ვისთანაც ამ სერიალზე მუშაობის ფარგლებში შეხება მაქვს, არის საუკეთესო. გადასაღებად რომ მივდივარ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემს ოჯახში მივდივარ.

- ახლა შენი ცხოვრების რეალურ სიყვარულზე ვილაპარაკოთ. ლუკა თარხან-მოურავთან შენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ჩვენ დანიშნულები ვართ. ლუკა პირველად რომ ვნახე, მაგ დროს უკვე ვიცოდი, მე მისი ცოლი და ის ჩემი ქმარი იქნებოდა.

331661521-585147643513933-3011350305000816256-n-copy-1698049142.jpg

- ამას პირველივე ნახვისას მიხვდი?

- დიახ. სწორ ადამიანს რომ ნახავ, ამას მაშინვე გრძნობ.

- ლუკას რეაქცია როგორი იყო?

- ზუსტად იგივე. ასე თამამად იმიტომ ვამბობ, რომ ეს განცდა ორმხრივი იყო, ასეთი "ფილმური" სიყვარული გამოგვივიდა, მაგრამ მე ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი არ მომწონს.

- რას გულისხმობ?

- ლუკამ ინსტაგრამიდან გამიცნო, მე კი მინდოდა, ისეთი ამბავი ყოფილიყო, მერე შვილებს რომ მოვუყვებოდი და შოკში იქნებოდნენ. ინსტაგრამში ჩვენს საერთო მეგობარს, თეკლა სულაქველიძეს ედო ჩემი ფოტო, მისი გვერდიდან ჩემსაზე გადმოვიდა და მომწერა. ასე დაიწყო ეს ამბავი. მგონი, მეორე ნახვაზე უკვე შეყვარებულები ვიყავით. 1 თვეში კი ერთმანეთს მეგობრებს საქმროს და საცოლის სტატუსით ვაცნობდით.

- ოჯახის წერებმა თქვენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?

- ძალიან კარგად. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, ლუკა ვინც იყო, როგორი ნიჭიერიცაა. თავადაც მახსოვს, წლების წინ ლუკას ფილმებს რომ ვნახულობდი, ვფიქრობდი, - ვაა! ეს როგორი ნიჭიერი ბიჭია-მეთქი, მაგრამ მაშინ ჩვენს ურთიერთობას როგორ წარმოვიდგენდი.

- ხელის თხოვნა ეიფელის კოშკის ფონზე - ეს ამბავიც უნდა გაიხსენო.

- ეს ამბავი ლუკას მხრიდან იყო დაგეგმილი, მე არაფერი ვიცოდი. მეგობრებთან ერთად ბელგიაში ვიყავით. იქიდან საფრანგეთში მანქანით გავემგზავრეთ. მეგობრებს შევამჩნიე, ცოტათი დაძაბულები იყვნენ. პარიზში ვართ, ყველანი მხიარულები და ბედნიერები უნდა ვიყოთ, რა დაგემართათ-მეთქი? - ვეკითხებოდი. მივედით ეიფელთან და მივხვდი, მათი დაძაბულობის მიზეზი რაც იყო. ხელის თხოვნა ძალიან კარგი მომენტი გახლდათ, ყველაზე სუფთა და წმინდა.

- ლუკა რომანტიკოსი ყოფილა, თავად?

- მეც ასეთი ვარ. სანამ ლუკა გამოჩნდებოდა, ვფიქრობდი, ვერავის ვიპოვი და ასეთი უიმედო რომანტიკოსი მოვკვდები-მეთქი, თურმე ვცდებოდი, თურმე ბედნიერება რა ახლოს იყო.

ბელგიაში წასვლას თავად არ ვაპირებდი. მეგობრებს ვეუბნებოდი, - თქვენ წადით, გაერთეთ, თქვენი ბედნიერებაც გამიხარდება-მეთქი. ლუკა ჩემთან სახლში მოვიდა, მამაჩემი და ჩემი ძმა წაიყვანა. ჩემები სახლში მალე დაბრუნდნენ და მითხრეს, ბელგიაში მიდიხარო. რა მოხდა, რაზე ილაპარაკეთ-მეთქი? წარმოუდგენელი იყო, ჩემი მშობლები უცხო ქვეყანაში თუ გამიშვებდნენ ისე, რომ თავად ჩემ გვერდით არ ყოფილიყვნენ, ეს შოკი იყო. ლუკამ მოახერხა, ჩემები დაეთანხმებინა. ლუკასგან ვისწავლე, რომ ის, რაც მთელი გულით გინდა მოხდეს, როგორი მიუღწეველიც უნდა გეგონოს, ცდას თუ არ დააკლებ და არ დაიზარებ, აუცილებლად მიაღწევ.

- არა მგონია, ჩვეულებრივი და სტანდარტული ქორწილი გქონდეთ, ეს დღე როგორ წარმოგიდგენიათ?

- ეს დღე მართლა არაჩვეულებრივი უნდა იყოს. ამაზე სულ ვლაპარაკობთ და ჯერ ვერ შევჯერდით. ეს დღე უნდა იყოს ყველაფრით სავსე, არაფერი უნდა აკლდეს, ჩვენ გვერდით მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ძალიან გვიყვარს. ჩემი სურვილია, ეს ცერემონია სადმე ზღვის სანაპიროზე გაიმართოს. ბათუმში ან სხვაგან, მთავარია სანაპირო იყოს, ლოს-ანჯელესზეც არ ვიტყოდი უარს. არა მგონია, წელს მოხერხდეს, მაგრამ ეს დღე შორსაც არ იქნება.

- საინტერესოა, რას გეუბნება ლუკა, როდესაც ეკრანზე გიყურებს?

- მასთან ერთად კასტინგზე ან ფილმში თამაში ჩემთვის მარტივი არაა, მისი შეფასებების სულ მეშინია, ვიცი, როგორი კრიტიკოსია. ახლა ეკრანზე რომ მხედავს, მოვწონვარ. არ უჭირს იყოს ობიექტური ან ძალიან ვუყვარვარ, მართლა არ ვიცი.

- რჩევა ან შენიშვნა არასდროს მოუცია?

- ერთ ეპიზოდზე მითხრა, აქ სრულიად სხვა ემოციით ხარ და სულ სხვაგან უნდა იყოო. მართალი იყო.

- ეჭვიანობა ხომ არ შეგინიშნავს?

- არა, მე და გუგა ხელიხელჩაკიდებულები დავდივართ, რაზე უნდა იეჭვიანოს?

- ამერიკაში სასწავლებლად წასვლას ახლო მომავალში გეგმავ?

- სავარაუდოდ, ესეც 2024 წლის ამბავია (ხეზე უნდა დავაკაკუნო, თვალი არ მეცეს). ამერიკაში ჩემთან ერთად ლუკაც წამოვა. მასაც აქვს სურვილი პროფესიულად მეტად განვითარებისთვის კურსები გაიაროს, მერე აუცილებლად სამშობლოში დავბრუნდებით.

- როგორი პერსონაჟები გიზიდავს?

- კაცის როლს სიამოვნებით ვითამაშებდი. საერთოდ ყველაფრის შეცვლა ხომ მომიწევს, მაგრამ ცოტათი ფემინური კაცი მაინც გამომივა.

387761719-300317046092906-3373607254222485256-n-copy-1698049125.jpg

- ასეთ გარდასახვას შეძლებ?

- ყოველ შემთხვევაში, სურვილი მაქვს და შევძლებ თუ არა, ამას მუშაობის შემდეგ მივხვდები.

- თეატრთან თანამშრომლობა არ გიცდია?

- თეატრში მხოლოდ ერთხელ მაქვს ნათამაშები და ის დღეები ძალიან მიყვარს, თეატრს აუცილებლად დაუბრუნდები, სცენის ხიბლი სულ სხვაგვარი და საინტერესოა.

P.S. ფოტოები ნატა სოფრომაძის

თამუნა კვინიკაძე