"ცისფერი ნოტი" - ნახატები და რეალური ამბები წარსულიდან
4 ნოემბერს, "იარტ" გალერეაში ხელოვან გიორგი პაპკიაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - "ცისფერი ნოტი" გაიმართება (6 ნოემბრის ჩათვლით). სტუმრებს რეალური ამბების მიხედვით შექმნილი ნახატების დათვალიერების შესაძლებლობა მისტიკურ გარემოში ექნებათ. გამოფენისთვის მუსიკაც თავად გიორგი პაპკიაურმა დაწერა...
- უცნაური გამოფენა იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ნამუშევარი მხოლოდ 1 ფერშია შესრულებული. უბრალოდ, ტონები განსხვავდება... ნახატებში ყველაფერი ჩემი რეალური ცხოვრებიდან, წარსულიდანაა. მაგალითად, თუ პორტრეტია დახატული, ე.ი. იმ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაზე ან ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა... მოკლედ, ჩემი ყველა ნახატის უკან დიდი ისტორიაა... გამოფენის შემდეგ, ამ ამბებს უკვე წიგნად გამოვცემ... გამოფენაზე ჩემთვის ღირებულ და საინტერესო ნამუშევრებს წარმოვადგენ.
- ერთ ფერში ხატვა რატომ გადაწყვიტეთ?
- ცისფერი ჩემი საყვარელი ფერია, თუმცა მას მაინც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს: ადამიანებს ზედმეტად ოცნება, ილუზიებში ყოფნა, ვარდისფერი სათვალის მორგება გვჩვევია. თავად ამ ტიპის ადამიანი არ ვარ - რეალისტი გახლავართ. პრობლემებს ყოველთვის რეალურად ვუყურებ. ჰოდა, ჩემთვის ცისფერში მუშაობა ერთგვარი პროტესტია - არ მინდა, ილუზიაში ვიცხოვრო და ვიფიქრო, თითქოს სამყარო ფერადი და ლამაზია. ვხედავ, როგორიც არის: დღეს ომია, პრობლემებია... თითქოს ბევრი რაღაც ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ერთფეროვანია. იმ დონემდე არაფერი აღმაფრთოვანებს, რომ შეუძლებელია, მეც ილუზიებში, ფანტაზიებში "წავიდე". რეალობა "ერთი ფერია" და მორჩა...
- აღნიშნეთ, რომ ხატავთ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზეგავლენა მოახდინა. შეგიძლიათ, რომელიმე მათგანის შესახებ გვიამბოთ, რომლის პორტრეტიც შესაძლოა, ჯერ არც დაგიხატავთ?
- მაგალითად, ახლა მზესუმზირის გამყიდველის დახატვას ვაპირებ: ჩემს ბავშვობაში, ქაშუეთის ეკლესიასთან ქალი იჯდა და მზესუმზირას ყიდდა. ზამთარშიც, როცა ცივი ქარი ძვლებში ატანდა, იქ იყო. ძალიან უჭირდა... ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის გამოპრანჭული გახლდათ: ტუჩსაცხი ესვა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბა ეცვა. თან, ცოტათი ბრაზიანი იყო - ბავშვები მზესუმზირას ვპარავდით ხოლმე (იღიმის)... უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის შთამბეჭდავი იმიტომ იყო, რომ გაჭირვების მიუხედავად, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა არასოდეს დაუკარგავს. გაპრანჭვა თითქმის ყველა ქალს უყვარს, მაგრამ როცა ადამიანს უჭირს, ყველას არ აქვს უნარი, ტუჩსაცხი წაისვას, გაიპრანჭოს, ყოველთვის კარგ ფორმაში იყოს... ის ქალი სულ მოწესრიგებული გახლდათ - თითქოს ყოველდღიურ ბრძოლაში იყო "ჩართული"... როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, ისე ძლიერ მშიოდა, რომ მასთან მივდიოდი და წინ დავუდგებოდი, რომ ჩემთვის მზესუმზირა მუჭში ჩაეყარა... ხშირად ვსაუბრობდით... უფრო მეტი დეტალის შესახებ უკვე წიგნში წაიკითხავთ... მაგალითად, დახატული მყავს მეძავი, რომელსაც თავადური გვარი ძალიან ეამაყებოდა... ამ ქალს საინტერესო ცხოვრებისეული ამბავი აქვს... ძირითადად, ისეთი ქალები მყავს დახატული, ვინც ტრაგიკული ამბების მიუხედავად, არ ეცემა...
- თვითნასწავლი მხატვარი ხართ?
- დიახ. 3 წლიდან ვხატავ. ჩემი ძმა დაბადებული არ იყო, როცა მას ვხატავდი, ოღონდ - როგორც დაიკოს, რადგან მინდოდა, და მყოლოდა და მისთვის მაკა დამერქმია, მაგრამ ნიკა დაიბადა (იცინის)... ჩემთვის ხატვა ბიზნესი არაა. მხატვრების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც თავის ნამუშევრებს სისტემატურად ყიდის და შეკვეთით ხატვა შეუძლია... ჩემთვის ხატვა რეალური ემოცია და ამბავია... შეიძლება 5-6 წელი საერთოდ არაფერი დავხატო. უბრალოდ, შემდეგ ემოციის, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ - სიზმარში უკვე ნახატებს ვხედავ... თითქოს ჩემი ცხოვრების გარკვეულ ემოციებს კადრებად ვიმახსოვრებ, შემდეგ კი - უკვე ეს კადრები ინსპირაციას მაძლევს, რომ ფუნჯი და ტილო ავიღო ხელში...
- პროფესიით ვინ ხართ?
- ოფიციალური განათლებით არქიტექტორი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არც ერთი დღე არ მიმუშავია.
- თქვენი შემოსავლის წყარო მუსიკაა? როგორც ვიცი, მუსიკოსიც ხართ...
- დიახ, თუმცა "კოვიდის" შემდეგ, ბევრი რაღაც შეიცვალა და გავჩერდი... საერთოდ, ფული გვჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ არის სიტუაცია, როცა ეს ფულიც აღარაფერს ნიშნავს, უფასურდება. ალბათ, პანდემიის პერიოდში ასეთი ეტაპი დამიდგა, თუმცა მუსიკის მიმართულებით ახლა გააქტიურებას ვაპირებ: სტუდია სახლში მაქვს. ბევრი ახალი სიმღერა დავწერე, ჩავწერე... ახლა უკვე ბენდმა უნდა "გაარჩიოს"... გამოფენის შემდეგ, კონცერტს ვგეგმავ... ანალოგიური გამოფენის მოწყობას საფრანგეთშიც ვაპირებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს...
- თქვენი ნამუშევრების პირველი გამოფენის შესახებ გვიამბეთ...
- დაახლოებით 9 წლის ვიყავი, როცა ჯგუფურ კონკურს-გამოფენაში ჩემმა ნახატმა პირველი ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ამერიკაში გაგზავნეს... მახსოვს, კომპიუტერი მაჩუქეს, ოღონდ არ ვიცი, რად მინდოდა: მაშინ საქართველოში კომპიუტერი, ინტერნეტი თითქმის არავის ჰქონდა. ფაქტობრივად, ჩემთვის ეს იყო ყუთი, რომელსაც გასაღებს ვერ უპოვი (იცინის). არც მახსოვს, იმ კომპიუტერს რა ბედი ეწია... მერე, როცა წამოვიზარდე, ჯგუფურ გამოფენებში საზღვარგარეთაც ვმონაწილეობდი (გერმანია, საფრანგეთი...). ნამუშევრების წაღებას ამერიკაშიც ვაპირებდი. მერე თბილისის წყალდიდობა მოხდა. იმ პერიოდში პერსონალური, საქველმოქმედო გამოფენა გავმართე. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხით 4 ოჯახს დავეხმარე... როგორც ყველა მხატვარი, ვცდილობდი, ჩემი ნიშა მეპოვა. საერთოდ, ემოციური ვარ. წინათ აბსტრაქციაში ვხატავდი. საბოლოო ჯამში, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანი გრძნობ, რომ მეტის თქმა გინდა. მსურდა, ჩემს ნამუშევრებში სათქმელი უფრო ნათელი ყოფილიყო, მათში ყველა დამთვალიერებელს საკუთარი თავი ეპოვა. ახლა დამიდგა ის ეტაპი, როცა საკუთარი თავი ვიპოვე და მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივარ - ერთ ფერში ხატვა მომწონს.
- ცისფრის სხვადასხვა ტონში ხატვა როდის დაიწყეთ?
- "კოვიდის" პერიოდში. როგორც აღვნიშნე, ემოციური ვარ. პანდემიისას ყველაფერი განსაკუთრებულად ერთფეროვანი იყო. ძალიან დავითრგუნე. უფრო მეტი საფიქრალი და დრო მქონდა: მახსენდებოდა წარსული, ადამიანები... ერთ ფერში ჯერ ჩემი მეზობელი დავხატე. იმ დონეზე მესიამოვნა, რომ ჩემს შემოქმედებაში ყალბი არ ვიყავი, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით ხატვა გამეგრძელებინა... მუშაობისას რაიმეს მოგონება არ მჭირდება - ბუნებრივი პროცესია. არც ფერები მაწუხებს... ნამუშევრები მსოფლიიო მხატვრების ჯგუფმა შეაფასა - ნახატებს დიდი მოწონება და აღფრთოვანება ხვდა წილად. მოკლედ, ეს მიმართულება "დავიჭირე" და არ ვაპირებ, რამე შევცვალო.
- ნამუშევრების შექმნას რამდენ დროს ანდომებთ?
- ტილოების ზომას გააჩნია. დიდ ტილოებზე ვმუშაობ... ასევე, ნამუშევრის ისტორიაზეა დამოკიდებული. ჩემი გონება მხოლოდ იმ ამბით უნდა იყოს დაკავებული, რასაც ნამუშევარში ავსახავ. თუკი იმ დროს რამე მიწიერი პრობლემა მაქვს, შეიძლება ხატვის პროცესი გაიწელოს და ამასობაში, 5 თვეც გავიდეს. მაგალითად, მაქვს ნახატი, რომელიც ჯერ არ დამისრულებია - უკვე 5 წელი გავიდა, თუმცა სხვა ბევრი ნამუშევარი დავხატე. უბრალოდ, ის ემოცია დავკარგე, რომელიც იმ კონკრეტულ ნახატში მაშინ "ჩავდე". შესაბამისად, "გავჩერდი"... შეიძლება, ნახატი ერთ დღე-ღამეშიც დავასრულო. საერთოდ, საქმის ბოლომდე მიყვანა მიყვარს.
- თქვენი სამუშაო გარემო როგორია?
- მუსიკა (ჯაზი ან კლასიკა) ფონად ყოველთვის მაქვს ჩართული ან თავად მაინც ვღიღინებ (იღიმის). თამბაქო გვერდით მაქვს. ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ. მხოლოდ ღვინოს თუ მოვწრუპავ... სამუშაო სივრცე მოწესრიგებული, დალაგებულია-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ... აქვე აღვნიშნავ, ისეთი მხატვრი არ ვარ, ყველგან საღებავი რომ უსვია... დავხატავ, ნამუშევარს დავასრულებ და იქაურობას მაშინვე ვაწესრიგებ (იღიმის)...
- ნამუშევრის დასრულებისას, მასში სიყალბე გიგრძნიათ და გაგინადგურებიათ?
- მაქვს ნამუშევრები, რომლებიც დახატვის შემდეგ "გადავხატე", რადგან მათში ჩემთვის მიუღებელი რაღაც ემოცია იყო. "სიყალბეში" იმას არ ვგულისხმობ, რომ დამთვალიერებელი მოვატყუო. უბრალოდ, როგორც ყველა ხელოვანი, წინათ მეც ვცდილობდი, რაღაც ლამაზი შემექმნა. არადა, ამ დროს შინაგანად გრძნობ, რომ ლამაზი კი არა, რაღაც საინტერესო და ღირებული უნდა იყოს, თავისი ამბავი ჰქონდეს... რთულია ამბების მოგონება, რომელიც დამთვალიერებელს უნდა მოუყვე, აუხსნა, დააინტერესო... შესაბამისად, ჩემთვის ეს უკვე სიყალბეა. ახლა ფიქრი არ მიწევს - ყველაფერი ბუნებრივად ხდება... ბევრ ნამუშევარში დედაჩემია, ასევე - ჩემი ბავშვობის დროინდელი კადრები... ჩემი ყველა ნახატი რაღაცას მახსენებს...
ჩემს შემოქმედებაში ასახული ყველა ცხოვრებისეული ეპიზოდი ჩემთვის გარდამტეხი იყო, მაგრამ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ: მარტყოფში არის სალოცავი - აპარანი. ბავშვობიდან მახსოვს, რომ იქ ის ქალები მიდიოდნენ და ლოცულობდნენ, ვისაც შვილები არ ჰყავდათ და უნდოდათ ჰყოლოდათ. დედაჩემს კიდევ ერთი შვილი სურდა. ერთხელ შუაღამისას აპარანში წავედით. თან, სანამ იმ სალოცავამდე მივიდოდით, გზად სასაფლაო იყო... ციოდა... პატარა ვიყავი. ძალიან შემეშინდა... ეს ეპიზოდი ჩემს ნამუშევარში აღვწერე... აპარანში მოლოცვის შემდეგ, ჩემი მესამე ძმა მართლა ჩაისახა...
- წერაც ბავშვობიდან გიტაცებდათ?
- დიახ. სკოლაში სახუმარო ლექსებს ვწერდი აბსოლუტურად ყველა ბავშვის შესახებ. ასეთი წესი გვქონდა: ვინც გაკვეთილებს გააცდენდა ან სკოლაში რამეს გააფუჭებდა, იუმორისტულ ლექსს ვუწერდი და დაფაზე ვაკრავდით. ზოგი კლასელი გაკვეთილებს სპეციალურად აცდენდა, რომ მასზე დაწერილი ლექსი დაფაზე მოხვედრილიყო (იცინის)... რაკი ხატვის სფეროში ჩემი თავი ვიპოვე, მირჩევნია, ადამიანებმა ჩემი ნამუშევრების რეალური ამბები იცოდნენ, ვიდრე ვინმემ ისტორიები მოიგონოს. ბევრი მაგალითი ვიცით, როცა კონკრეტულ ნახატს 5 ისტორია აქვს - ვერ გაერკვევი, რეალური რომელია. ჩემს შემთხვევაში, მინდა ეს ყველაფერი დაზუსტებული იყოს და წიგნის გამოცემა ამიტომ გადავწყვიტე. მასში ყველა ნამუშევრის ფოტო და აღწერა იქნება - მხატვრულად, გამართულად დაწერილი. ასევე, წიგნში ჩემს პატარა ბიოგრაფიასაც წაიკითხავთ, რადგან ჩემი ცხოვრების შესახებ ვრცლად უკვე მომდევნო წიგნში მოგითხრობთ... მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც ჩემი შემოქმედების სჯერა და აფასებს მას!..
ეთო ყორღანაშვილი