ბატი ტასიკო, ბიკენტი, აგრაფინა - ბიზნესად ქცეული პანდემიური გასართობი - გზაპრესი

ბატი ტასიკო, ბიკენტი, აგრაფინა - ბიზნესად ქცეული პანდემიური გასართობი

"პანდემიის დროს, როცა ყველას დეპრესიული ფონი ჰქონდა, ვიფიქრე, მოდი, ხალხს ცოტა გავამხიარულებ-მეთქი და ონლაინსივრცეში ჩემი პირველი "ბიკენტი" გამოვაქვეყნე... ხუმრობა-ხუმრობაში "დავიხვეწე", - გვიყვება თეო ფირანიშვილი, რომლის სახალისო პერსონაჟები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს.

გარდა ამ ნამუშევრებისა, თეო თავისი მრავალფეროვანი საქმიანობის შესახებ გვესაუბრება, მათ შორის, ქალთა ორგანიზაციისა და იმ სერიოზული პრობლემის თაობაზე, რაც დღესდღეობით მარტოხელა დედებს ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს აწუხებთ.

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. რომ გითხრათ, ადრე ვხატავდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში ლექციები სახვით ხელოვნებაშიც გვიტარდებოდა და იქ ვხატავდით ნატიურმორტებს, პორტრეტებს და ა.შ. ამ კუთხით მთლად კარგი სტუდენტიც ვერ ვიყავი და ლექტორი დამცინოდა, შენგან არაფერი გამოვაო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღარც გამიგრძელებია და ჟურნალისტიკის მიმართულებით წავედი, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.

იხვებისა და კვატების დახატვა ბავშვობისას მიყვარდა. პანდემიის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცები ცოტა შეფერხდა და რა საქმესაც ვაკეთებდი, იმ პერიოდში ყველაფერი დამეხურა, გარკვეულწილად პესიმისტური განწყობა დამეუფლა.

მაშინ ყველას დეპრესიული ფონი ჰქონდა და ვიფიქრე, - მოდი, ჩემი სასაცილო კვატებით ხალხს ცოტა გავამხიარულებ-მეთქი. ამიტომ, ეს ონლაინსივრცე ავირჩიე, მაინც ყველა იქ ვიყავით 24 საათი და ჩემი პირველი "ბიკენტი" გამოვაქვეყნე. მერე ჯერ წამწამები მივუხატე, ხალი, სასაცილო სახელებს ვარქმევდი და კომენტარებში მთელი ამბავი იყო, ხალხი აღფრთოვანდა და გაერთო. მერე ელოდებოდნენ, სხვა ვერსიებს როდის შევთავაზებდი. მაგალითად, ბიკენტის გოგოც უნდოდა, და - აგრაფინა, დოდოლიკა, ჟუჟუნა დავუხატე (იცინის). ამ კვატების შემდეგ უცბად გოგონები დავხატე და ამ ხუმრობა-ხუმრობაში "დავიხვეწე". რომ შემიქეს, ამან სტიმული მომცა. ბევრმა მითხრა, შენი ხასიათი ჩანსო. მე ხომ მხატვრობაზე არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ ვერთობი, ჩემს განწყობას, ემოციას გადმოვცემ და გულს ვიხარებ. ჰოდა, როცა რაღაც გულით გინდა, ყოველთვის უნდა გააკეთო.

333-copy-1698648386.jpg

ერთ დღეს მეგობარმა მითხრა, შენი ნახატი აუქციონზე დადეო. მე მომერიდა და თვითონ დაუდvია. ძალიან შემრცხვა, რადგან იმ აუქციონში ისეთი მხატვრები მონაწილეობდნენ, მათ გვერდით როგორ დავდგებოდი? ნახატის დადებიდან მალევე, ჩემი გვირილებიანი გოგონა მითითებულ დროში გაიყიდა. ეს მართლა გამიხარდა. მერე სხვა ნახატებიც ავტვირთე და, ჩემდა გასაკვირად, ყველა გაიყიდა. ახლა აღარც დამრჩა რაიმე, მხოლოდ ორი ნახატი მაქვს, რომლებსაც ვერ შეველევი და ჩემთვის დავიტოვე. უკრაინის ომი რომ დაიწყო, მაშინ დავხატე ქალი.

მერე ეს სახალისო პერსონაჟები ჩანთებზე გადავიტანე და მიხარია, რომ ესეც აიტაცეს. ამას მოჰყვა მაისურები, მაუსის პადები, მობილური ტელეფონების ქეისები, სხვადასხვა მოდელის ზამბარიანი ბლოკნოტები და ა.შ. საწვიმარი ლაბადების გამოშვებასაც ვაპირებ.

- რა ტექნიკით მუშაობ?

- ზოგჯერ ტილოზე ვხატავ, ძირითადად, ზეთოვანი საღებავებით, ასევე - აკრილით. ჩანთებზე ნახატები კეთდება სუბლიმაციური ბეჭდვის მეთოდით, რომელიც არ გადადის და შეგიძლია გარეცხო სარეცხის მანქანაში, გააუთაო; წვიმას, მზეს, ყველაფერს უძლებს. ეს არ არის პრინტი. მირჩევნია, ნაკლები წარმადობა ჰქონდეს და კარგი ხარისხის იყოს. ასევეა პადები და ქეისები, საკმაოდ გამძლეა და ფერი არ გასდის.

- როგორც ვიცი, შენი ბიკენტი და ბატი ტასიკო ემიგრანტებთანაც გაემგზავრნენ და საზღვარგარეთ დაიდეს ბინა; ერთ-ერთი ნიუ-იორკში ბროდვეიზეც "დასეირნობდა".

- კი (იცინის), ბატი ტასიკოები – ქეისი და ჩანთა სულ ახლახან "წავიდნენ" აშშ-ში, ერთი ბიკენტი პოლონეთში "ცხოვრობს", მეორე – ბაქოში, ორი გოგონა – გერმანიაში, ასევე, ერევანში - მაუსპადები...

- საინტერესოა, იმ ქვეყნებში როგორი რეაქცია აქვთ უცხოელებს, როცა ამ სასაცილო პერსონაჟებს ხედავენ? ჩვენთვის ბავშვობის დროინდელი მულტფილმის გმირია და უცხო თვალი როგორ აღიქვამს?

- სხვათა შორის, უკრაინელმა გოგონამ შეიძინა ბიკენტი, ინტერნეტით დამიკავშირდა, ძალიან მომეწონა, ოღონდ ვერ გავიგე, კაცია, ქალი თუ რა გმირიაო (იცინის). ახლა ბატი ტასიკოს გაგზავნაც მთხოვა და ალბათ, სახალისო პერსონაჟი რომ არის, იმიტომ მოეწონა, თორემ მულტფილმი არ ექნება ნანახი.

123-copy-1698648374.jpg

- პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, რეგულარულად გიხდებოდა ურთიერთობა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან. რომელ მათგანთან გაკავშირებს ყველაზე ახლო ურთიერთობა?

- ბევრი ღონისძიება გამიკეთებია, გამოფენებს ვაწყობ, ზოგიერთ ტელევიზიასაც ვეხმარები ამ ადამიანებთან დაკავშირებაში და ა.შ., რომ ფართო საზოგადოებამ ეს მხატვრები კიდევ უფრო გაიცნოს სხვადასხვა კუთხით. ბევრ საინტერესო მხატვართან მაქვს ახლო, მეგობრული ურთიერთობა და მადლობა მათ ნდობისთვის, რადგან ხელოვანები ფაქიზი სულის ადამიანები არიან და მათთან სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ხელოვანებთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა, რადგან მათგან ბევრ რამეს სწავლობ, სათუთი მიდგომაა საჭირო, სხვა განზომილების ხალხია. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, მცირე წვლილი რომ შევიტანე, როდესაც სოფო ფარჯიანმა მამას დიდი ღონისძიება მიუძღვნა.

- მახსოვს, ჩვენც ვრცლად გავაშუქეთ მაშინ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება და ცხოვრებისეული ამბები. სულ ცოტა ხნის წინ კი საზოგადოებამ მისი "სახარებები" იხილა, ამაზე რა შეგიძლია გვიამბო?

- ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების ქონა ნამდვილად დიდი ფუფუნებაა მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს და მისი "სახარებები" ნამდვილად უნიკალური საგანძურია. ჩემი ოცნებაა, ეს "სახარებები" მეც მქონდეს. ირაკლი ფარჯიანი ჩემთვის უდიდესი მხატვარი და ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან მქონდა მის მიმართ სხვა დამოკიდებულება. სხვათა შორის, სოფო ძალიან ჰგავს მამას, ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ.

- როგორც მახსოვს, ქალთა ორგანიზაციაც გაქვს, რომელიც მარტოხელა დედებს ეხმარება...

- კი, თუმცა ბოლო პერიოდში შემცირდა დახმარების მსურველი კომპანიების ჩართულობა, თავს იკავებენ, ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ გვაქვსო... მე რაც შემიძლია, ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩვენი ხელფასებიდან გარკვეულ თანხას გადავდებთ ხოლმე და ელემენტარულ ყურადღებას შეძლებისდაგვარად ვიჩენთ, სიმბოლურად. ცხადია, არსებობისთვის ეს საკმარისი არ არის... ასეთი ოჯახი კი დამიჯერეთ, ბევრია და ზუსტად ვიცი, მხარში დგომა მართლა ესაჭიროებათ.

bikenti-1698648362.jpg

- როგორ გაჩნდა ასეთი ტიპის ორგანიზაციის შექმნის საჭიროება - უშუალოდ რომელიმე დაზარალებულთან გქონდა შეხება?

- ეს ორგანიზაცია 2017 წელს დავაარსე, აიპია (არაკომერციული ორგანიზაცია. - ავტ.). აღსანიშნავია, რომ ამ სტატუსის მატარებელი დედები (და მამებიც არიან) პრივილეგიითაც არ სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან. ერთადერთი, ვინც მუშაობს, მას წელიწადში 3.000 ლარი არ ებეგრება. სტატუსის რაოდენობრივი აღრიცხვიანობაც არ არის ბოლომდე მოგვარებული, იქაც დიდი მოუწესრიგებლობაა, არ არსებობს ერთიანი ნორმატიული ბაზა, სადაც ამ ადამიანებს ნახავ. ზუსტი პროცენტულობა არ ვიცით. ახლა კანონი შეიცვალა და თუ ადრე "მარტოხელა დედა" ეწერა, ახლა – "მშობელი" წერია, რადგან ისეთი მამებიც არიან, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან. მათაც ვეხმარებოდით, მაგრამ ვერ გავწვდით, რადგან, როდესაც დიდი ორგანიზაციები არ გიდგანან მხარში და არ გაფინანსებენ, ეს შეუძლებელია. მე ერთგვარი შუამავალი ვარ ამ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის. მიტოვებული ან მარჩენალის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის დიდი მხარდაჭერა და შვებაა, როცა ვიღაც მხარში უდგათ.

ხშირად, მათ ოჯახის წევრებიც არ იღებენ, მომკითხავი არავინაა, რადგან მშობლებმა "მიბრუნებულის" სტატუსით შინაც არ შეუშვეს... ქუჩაში დარჩნენ. ბევრ ქალთან მიწევს კომუნიკაცია, მათთან ვმეგობრობ და არ მახსოვს, ოდესმე ერთმანეთის წინ წასულიყვნენ; რამდენჯერ უთქვამთ, - ამ თვეში მე ბევრი დამეხმარა და მოდი, ახლა სხვას მივცეთო. ზოგიერთი მუშაობს კიდეც, ოღონდ - ძალიან დაბალ ხელფასზე; ხელგამოშვერილები კი არ დგანან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არ ჰყოფნით და ხელის წაშველება სჭირდებათ...

taso-1698648348.jpg

- არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ასეთი ეტაპები ხომ მორალურადაც რთული გადასალახავია და სწორედ იმ პერიოდში სჭირდებათ ადამიანებს თანადგომა, თანაგრძნობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმრის ძალადობას ან სხვა პრობლემას გამოქცეულები, მიტოვებულები, საკუთარი დედ-მამისგანაც უარყოფილები ხდებიან...

- რა თქმა უნდა. როცა პროფესია, სამსახური, პირადი შემოსავალი გაქვს, იქ უკვე პრობლემები ნაკლებადაა, მაგრამ როცა განათლების მიღებაც ვერ მოასწარი, არც სამსახურის შოვნაა ადვილი და შვილისთვის ელემენტარული რაღაცები არ გაქვს, რთულია. არ იცით, რამდენი გოგონაა ბავშვთან ერთად დარჩენილი, რომელთა მშობლებს მათი ხსენებაც არ უნდათ... ერთხელ, დილის 5-6 საათზე მირეკავს გოგონა განწირული ხმით, ტირილით, კივილ-წივილით. ქმარი სცემდა... 5 თვის ბავშვი ჰყავდათ. მიშველეთ, მკლავს და სახლიდან გამოვიქეციო. მე და ჩემი მეგობარი – სალომე კეთილაძე, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობაში მუშაობს, წავედით ამ გოგონას დასახმარებლად. როდესაც მის მშობელს დავურეკეთ, გვითხრა, - ქმართან გაშორებულს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ; მე შემეკითხა, როცა მიჰყვებოდა? ახლა აღარ მაინტერესებსო... გოგონა თავშესაფარში წავიყვანეთ, ოღონდ აქაც პრობლემებია - თბილისში ადგილი არ იყო და გორში მის დაბინავებაში პარლამენტარი რიმა ბერაძე დაგვეხმარა.

სახელმწიფომ ამ ყველაფერზე ნამდვილად, უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს. განა რამდენია ასეთი ქალი?.. ახლა თავშესაფრებში დროც შემცირებულია, სამი თვის შემდეგ უნდა დატოვონ, რადგან სხვაც რიგში დგას... მაგრამ სამი თვის შემდეგ სად წავიდნენ? ქუჩაში ხომ ვერ დაიძინებენ?! "თუ გცემს, უნდა აიტანო" - ხალხს ასეთი მიდგომა აქვს, სამწუხაროდ.

ერთი გოგონა ჰყვებოდა, ქმარი ისე მირტყამდა, მასისხლიანებდა და გარეთაც არ მიშვებდა, ფანჯარაში არ მახედებდაო... ეს პათოლოგიაა, იმიტომ ხდება მერე ამდენი მკვლელობა... ეს არის სერიოზული მენტალური პრობლემა, რომელზეც საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნოს. ვინც ხმა ამოიღო, კი ვხედავთ, რაც მოხდა... ამიტომ ბევრს ეშინია და არ ახმაურებს, მოძალადე ქმარს იტანს.

მერიას ვთხოვე, რომ სტატუსმატარებელი მშობლებისთვის სატრანსპორტო შეღავათები მიეცათ, როგორც ეს სოციალურად დაუცველებს აქვთ, უარი მივიღე... ასეთ დედებსა და მამებს არანაირი პრივილეგია არ აქვთ, მათ შორის - სამედიცინო კუთხით. ზოგან ერთჯერადად რაღაც დახმარებებს აძლევენ, თუმცა სქემა დასალაგებელია და აღრიცხვიანობა - გასაკეთებელი. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი სახელმწიფოსთან, რადგან ზედმიწევნით კარგად ვიცი ამ ადამიანების გასაჭირი.

untitled-copy-1698648337.jpg

- დაბოლოს, ისევ შენს ძირითად საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავ უახლოეს მომავალში?

- იცი, რა, ხშირად მეუბნებიან მეგობრები, მათ შორის ჟურნალისტები, - სულ სხვების გამოფენაზე რომ გვეპატიჟები, ერთხელ შენიც უნდა იყოსო და ვნახოთ, შეიძლება სალონური შეხვედრა მოვაწყო მეგობრებისთვის: ერთი ლამაზი საღამო, სადაც ძველი თაობის ჟურნალისტები შევიკრიბებით.

თამთა დადეშელი