აქსესუარები ყველაზე ცივი სეზონისათვის - გზაპრესი

აქსესუარები ყველაზე ცივი სეზონისათვის

ეკატერინე მელაშვილი სოხუმიდანაა. სპორტის აკადემიაში სამკურნალო ფიზკულტურის, მასაჟისა და რეაბილიტაციის მიმართულებiთ სწავლობდა. ეს პროფესია პრაქტიკაშიც გამოიყენა და ამავdროულად რამდენიმე სხვადასხვა საქმეც უცდია. წლებია სტაბილურად ერთ-ერთი საჯარო სექტორის თანამშრომელია, პარალელურად კი აქტიურად ქსოვს. უფრო მეტს თავად მოგვითხრობს...

- ქსოვა დედამ მასწავლა. მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი. ორი ჩხირით ვქსოვდი ჩემთვის, ძმისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის. ყაისნაღით ქსოვა რომ ვისწავლე, მერე უკვე თოჯინებს აქსესუარებს ვუქსოვდი. ომის შემდეგ, სოხუმიდან თბილისში გადმოვინაცვლეთ. მე და დედა „წითელი ჯვრის“ ქალთა დასაქმების პროგრამაში ჩავერთეთ, კარგი ხარისხის შალის ძაფებს გვაძლევდნენ და ვმუშაობდით. იმ პერიოდში არც ინტერნეტი იყო და არც შესაბამისი ლიტერატურა, ამიტომ წინდების ქსოვისას რამდენიმე ისეთი საავტორო ორნამენტების მოფიქრებამ მოგვიწია, რომელიც იქნებოდა ეთნოც, ქართულიც, ქსოვაშიც ლამაზი და ტექნიკურად შესრულებადი. მე და დედა კარგი რეპუტაციით ვსარგებლობდით, ჩვენი ნახელავი მოწონებას იმსახურებდა, ამიტომ როცა ახალ ძაფებს მოიტანდნენ, მახსოვს, ჯერ ჩვენ გვეძახდნენ ასარჩევად. სტუდენტობისას აქტიურად არ მიქსოვია, მხოლოდ მაშინ, თუ ოჯახის წევრებს რამე დასჭირდებოდათ.

4-1698648593.jpg

- აქტიურ ქსოვას როდის დაუბრუნდით?

- როცა ბავშვები მეყოლა. სხვადასხვა აქსესუარი რომ დასჭირდათ, ხელმა ქსოვა „გაიხსენა“. ორი შვილი მყავს, ერთ-ერთს ბაღში ცეკვისას გეტრი დასჭირდა და მოვუქსოვე. ერთხელაც, 5 წლის წინ, სოციალურ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნეს, ეთნო სტილში ვის რა მოგიქსოვიათო? ის გეტრი გადმოვიღე, გადავუღე ფოტო და დავდე, ცოტა წავიტრაბახებ-მეთქი. მეორე დილას დედამ მითხრა, ვიღაც გეტრის ავტორს კითხულობსო. ამის შემდეგ დამიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც მუხლამდე „გოლფი“ შეგვიკვეთა. მოვუქსოვე. მოეწონა და ერთი ზამთრის განმავლობაში ოთხჯერ მომმართა. ამ აქსესუარებს სულ სასაჩუქრედ იძენდა. ბოლოს 45 ზომა მკვეთრი ჟოლოსფერი ქალის „გოლფი“ მომაქსოვინა. 2 დღე ვაზუსტებდი, ნამდვილად ქალისთვის სურდა თუ არა. აღმოჩნდა, რომ კალათბურთელი ქალისთვის უნდოდა. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სხვებიც მთხოვდნენ სხვადასხვა აქსესუარი მომექსოვა და მაშინ გადავწყვიტე სოციალურ ქსელში გამეკეთებინა გვერდი, სადაც ჩემს პროდუქციას განვათავსებდი. 2019 წლიდან, სამსახურის პარალელურად, აქტიურად ვქსოვ. მაქვს რამდენიმე საავტორო ორნამენტი, ჩემი ყველა პროდუქცია უნაკეროა და არც ერთი არ მეორდება. ვქსოვ ყველანაირ წინდას, დაწყებული მოკლედან - ბოთფორტით დამთავრებული, გამაშებს, ნებისმიერი სიგრძის, მასალისა და დატვირთვის თათმანებს, შარფებს, ქუდებს. წელს დავამატეთ ახალი პროდუქტი: ხელთათმანი და სვიტერები. ჩემი დაკვირვებით, ამ ნივთებიდან ყველაზე მოთხოვნადია წინდა, გამაში და თათმანი. შარშან ყველაზე სუსხიან დღეს, ჩემი მოქსოვილი თათმანი გამოვცადე და კომფორტული აღმოჩნდა - არც თითებზე შემცივდა და არც ტელეფონის მოხმარების დროს მქონია შეზღუდვა. ახლახან ახალი პროდუქტი - თითებმოჭრილი ხელთათმანიც გამოვცადე, რომლის ორნამენტიც თავის ქალებია და ვფიქრობ, განსაკუთრებით თინეიჯერთა ინტერესს დაიმსახურებს. ეტაპობრივად დავამატებ ლუქს მასალით მოქსოვილ ხელთათმანებს, რომელიც ჯერ მხოლოდ გამოფენებზე გავიტანე. აფხაზეთის ა/რ სამრეწველო პალატის წევრი ვარ და როგორც ორგანიზაციის წევრს, მაგიდის ქირის გადასახადი არ მიწევს, რაც დიდი შეღავათია გამოფენებში მონაწილეობის მსურველისთვის.

- საქველმოქმედო მიმართულებაც გაქვთ და მინდა, ამაზეც ვისაუბროთ. პირველად როდის გადაწყვიტეთ, ეს ნაბიჯი გადაგედგათ?

- 2022 წლის 25 თებერვალს. უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღესვე გადავწყვიტე, იმ დროს რა მზა პროდუქციაც მქონდა, უკრაინაში გამეგზავნა. მას შემდეგ 1 და 2-კვირიანი შუალედით ამანათი ისევ გავგზავნე. შალის მარაგი რომ ამომეწურა, რამდენიმე ჯგუფში გავბედე და დავდე პოსტი ჩემი საქმიანობის შესახებ. იქვე დავწერე, რომ არ მინდოდა უკრაინაში აქსესუარების გაგზავნა შემეწყვიტა: თუკი ვინმეს რამე ძაფი გაქვთ, თუნდაც ძველი, დასარღვევად გადადებული და რომელსაც არ იყენებთ, სიამოვნებით ვიჩუქებ-მეთქი.

რამდენიმე სრულიად უცხო ადამიანი გამომეხმაურა, მათ შორის ერთ-ერთს არ დაეზარა და ძაფები სხვა ქალაქიდან გამომიგზავნა.

6-1698648583.jpg

- რა სასიამოვნო ფაქტია...

- ძალიან. იმ პერიოდში ბევრი დადებითი ენერგია მივიღე და დღემდე ვიღებ უკუკავშირს ხან მოწერის, ხან ფოტოების სახით. პირველად სხვადასხვა აქსესუარი გავგზავნე, შემდეგ დიდი რაოდენობის პროდუქცია ბავშვებისთვის. ძაფები რომ შემომაკლდა, ნაჩუქარი ძაფებით უმთავრესად ჯარისკაცების წინდები მოვქსოვე. შემდეგ ერთმა უკრაინელმა გოგონამ ნახევარი კილო ძალიან კარგი შალის ძაფი მაჩუქა და წინდები მისგანაც მოვქსოვე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯარისკაცების წინდები კოლექციების მიხედვით მაქვს დაყოფილი. ამჟამად გასაგზავნად გამზადებულია „საზღვაო“ კოლექცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პოპულარობით კოლექცია „მეგობრობა“ ან „თანადგომა“ სარგებლობს. უკუკავშირებში ხშირად მწერენ: „ქართული და უკრაინული დროშების წინდებისთვის, ჯარისკაცებმა კინაღამ ერთმანეთი დახოცეს“. უკრაინაში წინდებს პერიოდულად დღემდე ვგზავნი და ახლაც დაწყებული მაქვს მუშაობა „საახალწლო“ კოლექციაზე... აგრეთვე ერთი პარტია აქსესუარები გაგზავნილი მაქვს ფონიჭალაში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ახლა გამზადებული მაქვს რამდენიმე ქუდი და როცა აცივდება, მინდა თბილისში დავარიგო, თუმცა სად, ჯერჯერობით ადგილი გადაწყვეტილი არ მაქვს. სავარაუდოდ, დევნილების ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში მივიტან.

- ე.ი. თქვენი ძირითადი სამსახურის პარალელურად, აქტიურად ქსოვთ...

- დიახ. არ მეგონა, ამას თუ მოვახერხებდი. როცა ბევრი შეკვეთაა, დილის 4 საათზე ვიძინებ, მაგრამ მაშინაც დაძაბული ვარ და ვფიქრობ, მეორე დღეს დრო როგორ გავანაწილო.

ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც გამიკეთებია, ეს იყო ქუთაისში არსებული ანსამბლისთვის „უშბა“. გასტროლზე მიდიოდნენ და 10 დღეში, 16 მოცეკვავე გოგონასთვის სხვადასხვა ზომის გამაში უნდა მომექსოვა. საკმაოდ რთული სამუშაოა, ბევრი დეტალით. სასაცილოდ მიზერულ ფასამდე დავიყვანეთ ეს კონტრაქტი, მაგრამ არ უნდა გამეშვა ეს პროექტი ხელიდან, თუნდაც იმიტომ, რომ აი, დღეს ჩV-ში მეწეროს, რომ „ანსამბლს ფეხზე ჩავაცვი“ (იღიმის). 3 ღამე საერთოდ არ მეძინა. ვფიქრობდი, შევძლებდი თუ ვერა, მაგრამ იქვე თავს შთავაგონებდი, რომ ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთებდი. ზოგადად, ამ საქმეში აზარტული ვარ და აქსესუარი ყოველთვის დათქმულ დროს მაქვს მზად. ასევე ვქსოვ აქსესუარებს ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვისაც, მაგრამ ყველაზე განსხვავებული და უანგარო პროექტი ახლახან მქონდა - 3-სანტიმეტრიანი მინიატიურული წინდები მოვქსოვე, ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერის ხელით შეკერილი თოჯინებისთვის.

8-1698648570.jpg

- დედაქალაქში ყოველდღიურად მგზავრობისას ბევრ დროს ვხარჯავთ. ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისას თუ გიქსოვიათ?

- ვერ ვახერხებ. მეტროsa და ავტობუსში ვერ მოვქსოვ, მაგრამ მატარებელში, როცა დასასვენებლად მივემგზავრებით ხოლმე, იმ პერიოდში რამდენიმე ნივთი მაქვს შექმნილი. სპეციალური ალბომიც გავაკეთე, სადაც მხოლოდ იმ აქსესუარების ფოტოებს ვდებ, რომელიც გზაში მოვქსოვე.

ანა კალანდაძე