"მოქალაქე წმინდანი" - ჯვარცმული წმინდანის გაცოცხლება მაღაროელთა ქალაქში - გზაპრესი

"მოქალაქე წმინდანი" - ჯვარცმული წმინდანის გაცოცხლება მაღაროელთა ქალაქში

26 ოქტომბრიდან საქართველოს კინოეკრანებზე "მოქალაქე წმინდანის" ჩვენება გაიმართება.

რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი საქართველოს, საფრანგეთის და ბულგარეთის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა ზაფხულში კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე გაიმართა. საქართველოში ფილმის პრემიერა სექტემბერში, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. მსოფლიო ასპარეზზე არაერთი ჯილდოს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ფილმის ნახვა უკვე საქართველოს კინოთეატრებშიცაა შესაძლებელი. ინტერესი დიდია, მით უფრო, რომ ამერიკის კინოაკადემიის 2004 წლის დაჯილდოებაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმად "მოქალაქე წმინდანია" შერჩეული. აღნიშნული ნამუშევარი საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ოთხ ფილმს შორის გამოარჩია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავ-თეთრ ფილმში თანამედროვე ქართული კინოსა და თეატრის არაერთი ცნობილი მსახიობია დაკავებული. რაც შეეხება შინაარსს, ირიოდე სიტყვით გეტყვით, რომ მოქმედება მაღაროელთა ქალაქში ხდება. მცხოვრებლებს ჰყავთ წმინდანი, რომლის ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც ის ცოცხლდება. ეს ფაქტი მოსახლეობას აბნევს და ადამიანებში სხვადასხვა განცდა თუ აღქმა ჩნდება...

რამდენიმე კვირაში ლოს-ანჯელესში "ოსკარის" კამპანია დაიწყება. "მოქალაქე წმინდანის" შემოქმედებით ჯგუფს არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ამ მნიშვნელოვან მოვლენას ქართული კინოს ისტორიაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენც წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს სახელით წარდგენილ ფილმს და მთელ მის შემოქმედებით ჯგუფს!..

თინათინ ყაჯრიშვილი:

- 2015 წელს კინოცენტრის ინიციატივით, წიგნის გამომცემლებმა 21-ე საუკუნის პროზა წარმოგვიდგინეს. ჩემი ყურადღება მარინა ელბაქიძის მოთხრობამ "ბაი ამიგო" მიიქცია. ძალიან შთამბეჭდავი ამბავი იყო, მაგრამ ფილმისთვის ცოტა არარეალურად განსახორციელებელი მეჩვენა - ძეგლი ცოცხლდება, იწყებს სიარულს და ხალხში ცხოვრებას. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ეს ამბავი დიდხანს დამყვებოდა, მაგრამ ვერ ვრისკავდი მანამ, ვიდრე ჩემთან და ლაშასთან (ლაშა ხალვაში, პროდიუსერი, თინათინ ყაჯრიშვილის მეუღლე. - ავტ) იდეის ავტორი გია ალავიძე არ მოვიდა და ამ თემაზე მუშაობა არ შემოგვთავაზა. საერთოდ, ფურცელი ეკრანზე გაცილებით მეტს "უძლებს", ამიტომ სცენარზე დიდხანს ვიფიქრე. ბოლოს გადავწყვიტე მოქმედება მაღაროში განვითარებულიყო და ფილმი ჭიათურაში გადამეღო, ანუ იმ ადგილას, სადაც სიკვდილი ძალიან გაშინაურებულია და ასე ცხოვრება ტრაგიკულთან ერთად, აბსურდული და სიურრეალისტურია. სცენარზე მე და ბასა ჯანიკაშვილმა ვიმუშავეთ. პროექტის საწყის ეტაპზე საქართველოს კინოცენტრის დაფინანსების შემდეგ, ჯერ საფრანგეთის კინოცენტრი ჩაერთო, შემდეგ კი ბულგარეთი. თუმცა, ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოში კოვიდპანდემია მძვინვარებდა. მოვემზადებოდით და, ხან საფრანგეთი ჩაიკეტებოდა, ხან ბულგარეთი და ფილმის გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ამას თან ერთვოდა მცირე ბიუჯეტი, უამრავჯერ გადადება და გადაღების ჩაშლა. ბოლოს ვთქვით, ფილმს სიკვდილზე ვიღებთ, რაც არის, არის, ჩვენც ნუ შეგვეშინდებაო - ასეთი შემართებით დავიწყეთ მუშაობა. ლოკდაუნისა და სხვადასხვა შეზღუდვის პარალელურად, ფილმს 3 ქალაქში ვიღებდით: ჭიათურაში, რუსთავსა და მცხეთაში. ვინაიდან კოვიდით დაავადების დიდი საშიშროება იყო, მაქსიმალურად სწრაფად ვმუშაობდით. დავიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო სცენებით, შემდეგ უკვე ნელ-ნელა სხვების გადაღებასაც მივყევით. ღვთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

untitled-1-1698648887.jpg

- ფილმში მსახიობების საკმაოდ "მსუყე" შემადგენლობაა...

- დიახ, ყველანი საუკეთესოები არიან: ლევან ბერიკაშვილი, იგივე "ბერდო", რომლის პერსონაჟსაც ფილმშიც ისევე დავარქვი, როგორც მას ცხოვრებაში ეძახიან. წმინდანის როლს გიორგი ბაბლუანი ასრულებს. ფილმში მონაწილეობენ: გია ბურჯანაძე, თემიკო ჭიჭინაძე, მარი კიტია, გიორგი ბოჭორიშვილი, ჯანო იზორია, დათო რიონიშვილი, თედო ბექაური, პავლე ნოზაძე, ლია აბულაძე... არ მინდა ვინმე გამომრჩეს... გიორგი და მარი წინა ფილმებში მთავარ როლებში მყავდა დაკავებული, ისევე როგორც ჯანო იზორია. "მოქალაქე წმინდანში" მონაწილეობენ: ქალბატონი ნანა დათუნაშვილი და სოსო გოგიჩაიშვილი ("გოგიჩას" მშობლები, რომლებსაც ჩემს ყველა ფილმში ვიღებ). ანუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ძალიან ვენდობი და ვისთან ერთადაც მუშაობა მიხარია. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ არსებულ რთულ პირობებში გადაღებების დასრულება და ფილმის ბოლომდე მიყვანა შევძელით.

- მონტაჟი და ფილმის ყველა სხვა თანმდევი პროცესი როდის დასრულდა და სად გაიმართა პრემიერა?

- ხმის მონტაჟი ფილმის პრემიერამდე 3 დღით ადრე დავასრულეთ. მსოფლიო პრემიერა 5 ივლისს, კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართა. ხმის რეჟისორი დანიელი ტომას იაგერია, რომელთან ერთადაც ფილმზე "ჰორიზონტი" ვიმუშავე. ის თომას ვინტერბერგისა და ლარს ფონ ტრიერის ხმის რეჟისორია, თავისი საქმის პროფესიონალი. ბულგარელი ოპერატორი გვყავდა, კრუმ როდრიგესი. კოვიდის გამო, ერთმანეთთან ურთიერთობისთვის საკმაოდ მცირე დრო გვქონდა, მაგრამ ჩვენ შორის დიდი თანხვედრა აღმოჩნდა და მიხარია, ეს ადამიანი რომ ვიპოვე. მნიშვნელოვანია მხატვრის, გიორგი გორძამაშვილის ნამუშევარი. არ არსებობდა წმინდანის ძეგლი და მან შექმნა, ასევე მოედანი და მიტოვებული შენობაც ფრესკებით მოხატა.

- არ მიყვარს ეს კითხვა, რადგან ვფიქრობ, სპექტაკლი თუ ფილმი, ყველამ თავისებურად უნდა აღიქვას, გაიაზროს, მაგრამ მაინც... რა არის ფილმის მთავარი სათქმელი?

- (იღიმის) ფილმი ჩვენს ინტიმურ აღქმებზე, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, რწმენასა და ფანატიზმზე, ადამიანის არსებობის ძიებაზე, ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტების აღმოჩენაზეა. მოკლედ კი შეიძლება ასე ითქვას, ფილმი იმედზეა და იმაზე, თუ რამდენად გვჭირდება თითოეულს ეს განცდა.

- იმ უამრავ პრიზს შორის, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალსა თუ ჩვენებაზე მოიპოვეთ, შენი აზრით, რით იმსახურებს "მოქალაქე წმინდანი" ყურადღებას და აღიარებას?

- არ ვიცი, ალბათ ყველას შეეხო, რადგან იმ თემებზეა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშია მთავარი.

6-1698648876.jpg

- რამდენიმე პროექტის ავტორი ხარ. თუ სწორად მახსოვს, შენს რეჟისორულ ნამუშევრებს შორის "პატარძლებს" (2014 წ) ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად, ასეა? აქვე ისიც ვთქვათ, რა იყო მანამდე და მას შემდეგ, როგორია შენი ფილმოგრაფია?

- კი, "პატარძლები" იყო ის ფილმი, რომელსაც ბევრი წარმატება ჰქონდა. ის ცოლების ყოფაზე მოგვითხრობს. მისი მთავარი გმირი, ორი შვილის დედა, ახალგაზრდა ქალია, ხოლო მისი მეუღლე სასჯელს იხდის. თემიდან გამომდინარე, საერთაშორისო მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა. როგორც პროდიუსერმა, მანამდეც ვიმუშავე ფილმებზე და შემდეგაც საკმაოდ კარგ, წარმატებულ რეჟისორებთან ვითანამშრომლე. 2018 წელს კი გადავიღე "ჰორიზონტი", რომლის პროდიუსერი და რეჟისორიც ვიყავი. მას შემდეგ, "მოქალაქე წმინდანის" გამოსვლამდე, საკმაოდ დიდხანს მომიწია შეჩერებამ და ამის მიზეზი პანდემიაც იყო, თორემ როგორც გითხარით, "მოქალაქე წმინდანზე" 2015 წლიდან ვმუშაობ.

- არსებობენ რეჟისორები და მსახიობები, რომლებიც თავიანთ პროფესიაში მოსვლის პირველივე ეტაპიდან "ოსკარს" უმიზნებენ. ოდესმე დაგიშვია, გიფიქრია ან გიოცნებია ამ თემაზე?

- ოცნებით ნამდვილად არ მიოცნებია, მაგრამ რატომაც არა?! მაგრამ აი, ფილმის მხატვარ გიორგი გორძამაშვილს სხვა არაფერი აინტერესებს, მხოლოდ ამაზე ფიქრობს (იცინის). მივუახლოვდით და ვნახოთ. ჯერ არ ვიცით, გავალთ თუ ვერა, რა და როგორ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ გამოჩნდეს მსოფლიოს დიდ კინორუკაზე. მალე ლოს-ანჯელესში მივემგზავრებით და იქ ამერიკის კინოაკადემიის წევრებს "მოქალაქე წმინდანი" უნდა წარვუდგინოთ - მსოფლიოდან წარდგენილ ფილმებს ისინი აძლევენ ხმას. ყურადღების მიპყრობა რთულია, ეს ბევრად დიდი ქვეყნის თუ დაფინანსების მქონე პროექტებსაც უჭირთ, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ღირსეულად წარვდგეთ...

ანა კალანდაძე