ორი მთამსვლელის სიყვარულის ამბავი და ღრუბლებს ზემოთ განცდილი ბედნიერება - გზაპრესი

ორი მთამსვლელის სიყვარულის ამბავი და ღრუბლებს ზემოთ განცდილი ბედნიერება

ხატია თედიაშვილი და თემო ქურდიანი ერთმანეთს მთამ გააცნო, მთამ დაამეგობრა. ურთიერთობა ისე ბუნებრივად ააწყვეს, გრძნობა ისე გაუჩნდათ, სიყვარულის ახსნაც არ დასჭირვებიათ. პირველი შეხვედრიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, წყვილი მყინვარწვერზე ავიდა, ბიჭმა გოგოს წინ, ვითომ გახსნილი წრიაპის შესაკრავად დაიჩოქა და რამდენიმე წამში მისი სიურპრიზიც გაცხადდა. ხელის თხოვნის ემოციური წუთებიდან წყვილის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

ხატია თედიაშვილი მოგვითხრობს, როგორია ზღვის დონიდან 5054 მეტრზე, ღრუბლებს ზემოთ განცდილი ბედნიერება.

- ხატია, ამ სასიამოვნო სიახლეს გილოცავ, დამეთანხმები, ეს დღე ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ემოციურია, მაგრამ რა განცდაა, როდესაც ეს ყველაფერი ზღვის დონიდან რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა ხდება?

- დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ამაღელვებელი მომენტი იყო. მყინვარწვერზე ასვლის მცდლობა სამჯერ მქონდა და ბოლომდე ასვლა მხოლოდ ახლა, მეოთხე ცდაზე, თემოსთან ერთად შევძელი. ჩემთვის ეს ფაქტი, ცალკე აღებული, ხომ დიდი სიხარული იყო და ამ განცდას ხელის თხოვნის ემოციაც რომ დაემატა, მერე ხომ საერთოდ. იქ, ძალიან ზემოთ, ყველაფერი ისედაც ემოციურად აღიქმება.

- თემო მთაში გაიცანი?

- 2 წლის წინ გავიცანი, ჩვენი გაცნობის ამბავიც მყინვარწვერს უკავშირდება. მანამდე მასზე, როგორც ალპინისტზე, ინფორმაცია მქონდა, სოციალური ქსელებიდან ვიცნობდი. მყინვარწვერზე ასასვლელად ჯგუფთან (საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისი") ერთად წავედი. ამინდი გაუარესდა და მეტეოსადგურზე 1 კვირა მოგვიწია გაჩერებამ. საკვები გაგვითავდა და თემომ ეს რომ გაიგო, თქვა, - საჭმელს მე ამოგიტანთო. ერთმანეთს პირველად მაშინ შევხვდით. სამთო გამყოლია, ჯგუფთან ერთად იყო.

- იმ დღეს მოგეწონა?

- იმ დღეს მისმა საქციელმა ცოტათი გამაკვირვა და რა თქმა უნდა, ძალიან დავაფასე. მოწონების მომენტი უფრო მოგვიანებით იყო. იმ დღიდან დავმეგობრდით. 1 წელია, რაც წყვილი ვართ.

- სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?

- ჩვენ შორის ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა, გრძნობა თავიდანვე ორივეს მხრიდან იყო. ორივე 1996 წელს ვართ დაბადებულები, ორივე დეკემბრის თვეში, მხოლოდ 3 დღეა სხვაობა. დაბადების დღეები ერთად აღვნიშნეთ. ზეკარზე ვიყავით წასულები, მე, თემო და თემოს (უკვე ჩვენი) ძაღლი მაქსი. ამ დღეს ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით.

- დიდი ხანია, რაც მთამსვლელობით დაინტერესდი?

- აქტიურად ახლა დავიწყე, მაგრამ 2019 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციის "აისი" ერთ-ერთი მეთაური ვარ. ჩვენ ყოველ წელს გვაქვს მთაში გასვლები. მყინვარწვერზე სამჯერ ასვლის მცდელობაც ამ ორგანიზაციიდან მქონდა. ასვლა ხან ჯგუფის წევრის ცუდად გახდომის, ხან სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შევძელით. მეოთხედ უკვე თემოსთან ერთად ავედი.

- ეს იყო ალპინიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ასვლა, არა?

- დიახ, მთამსვლელთა ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. იქ იყვნენ ჩვენი მეგობრები: ბაქარ გელაშვილი, ნიკა ლებანიძე. ხელის თხოვნის კადრები ტიტე მეძმარიაშვილმა გადაიღო.

- მწინვარწვერზე ხელის თხოვნა, შენთვის სრულიად მოულოდნელი იყო?

- ეს თემოს ჩანაფიქრი ყოფილა, მისი სიურპრიზი. არც მე და არც თემოს ემოციების საჯაროდ გამოხატვა დიდად არ გვიყვარს. სიმბოლური იყო ეს დღე და ეს ადგილი, აღინიშნებოდა ალპინიზმის ასი წლისთავი, ჩემი პირველი ასვლა იყო მყინვარწვერზე, ჩვენი გაცნობის ადგილზე... თემო რომ დაიხარა, მითხრა, ფეხსაცმელზე წრიაპი გაქვს გახსნილი და შევკრავო. თურმე, რა ჰქონდა ჩაფიქრებული (იცინის). ძალიან ემოციური წუთები იყო.

- მთას ხომ თავისებური რომანტიზმი ისედაც აქვს, არა?

- რა თქმა უნდა და ძალიან დიდი მონატრება იცის, საოცარი მიზიდულობა აქვს, გინდა სულ იქ იყო. მთიდან ქალაქში რომ ბრუნდები და მაღაზიაში რიგში დგახარ, უყურებ გარშემო მყოფებს და ფიქრობ, მათ წარმოდგენა არ აქვთ, სად იყავი, როგორ სიცივეში, როგორ პირობებში. ქალაქში დიდი ქაოსია, ეს რეალობა სხვაგვარია, მთის სამყარო კი - სრულიად განსხვავებული გახლავთ. ამ ზაფხულს ჭაუხის ბანაკი გავიარე, რომელიც მთამსვლელთა ფედერაციის მიერ იყო მოწყობილი. 4 მწვერვალზე ვიყავით ჭაუხებში. უკვე მაქვს სურვილი, ამ საქმეს პროფესიულად მივუდგე. აქამდე ერთ მწვერვალზე რომ ავიდოდი, ვფიქრობდი, რა კარგია-მეთქი, ახლა მინდა მეორედაც ვცადო, მთებშია თავისუფლება, იქ უფრო ახლოს ხარ საკუთარ თავთან და ეს სასიამოვნო პროცესია. ნაკლები ხალხი და ქაოსია. ეს სპორტი ძალიან სერიოზულია, ზოგიერთი კი ფიქრობს, მწვერვალზე ასვლას რა უნდაო, მაგრამ საფრთხილო საქმეა. იმის გადატანა, რაც იქ გიწევს, მერე ცხოვრებაში ძალიან გეხმარება. საკუთარი თავის გამოცდაა. ახლაც, მწვერვალზე რომ მივდიოდით, 35 ადამიანი ვიყავით და 20 ავედით. არის შემთხვევები, როცა გონება გეუბნება: "ვერ ახვალ, შენ ამას ვერ შეძლებ!" წარმოიდგინე, სულ აღმართზე ადიხარ, უფრო სწორად, ვერტიკალზე ასვლა გიწევს. მერე კი, როცა შეუძლებელს შესაძლებლად აქცევ, ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება.

- როცა ფიზიკური თუ ემოციური გადაღლის შემდეგ, ღრუბლების ზემოთ, მთის მწვერვალზე ადიხარ და დგები, როცა იცი, რომ მიზანს მიაღწიე, იქ, იმ წუთში, რა განცდა გაქვს?

- უჰ! ამ წუთისთვის ყველაფრის გადატანა ღირს. მყინვარწვერის წვერზე რომ ავედი და გავაცნობიერე, სად ვიყავი, ტირილი ამიტყდა. სიხარულის ცრემლები მქონდა, ამ ემოციურ ფონს თემომ თავისი სიურპრიზი დაამატა და მართლა კარგი შეგრძნება იყო. შენს თავში არსებულ სირთულეს რომ სძლევ, ეს უდიდესი მოტივაციაა; საკუთარ თავს ეუბნები, შენ ეს შეძელი, ნახე, რა მაგარია.

img-20230625-143435-1698649473.jpg

- ახლა რომელი მწვერვალი გაინტერესებს?

- ასეთი ბევრია, მაგრამ პირველი მწვერვალია ლაილა, სადაც სიამოვნებით ავიდოდი. ეს მწვერვალი სვანეთშია, "ლაილა" მზის ამოსვლას ნიშნავს. მინდა კარგად მოვემზადო.

- თემო პროფესიულ ზრდაში რამდენად გეხმარება?

- სწორედ თემოს დამსახურებაა, რომ ამ საქმეს უფრო სერიოზულად მივუდექი. მთამსვლელობასთან დაკავშირებით ადრე სრულიად სხვაგვარი წარმოდგენები მქონდა. მან დამანახვა, სწორი მიდგომა რამდენად საჭიროა, სხვანაირად არაფერი გამოვა.

- ქალისთვის უფრო რთულია მთამსვლელობა, ვიდრე კაცისთვის - ამ სტერეოტიპს ეთანხმები?

- ჩვენ გვყავს ცნობილი ქალი მთამსვლელები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს. ეს შეხედულება ნელ-ნელა იცვლება.

- მთამსვლელობისას სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- დიახ, ასეთი შემთხვევა მქონდა. უამინდობის გამო, 1 კვირა მეტეოროლოგიურ სადგურზე გავჩერდით. ამის შემდეგ ჩვენმა მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, მწვერვალისკენ მაინც წავსულიყავით. ცუდ ამინდში გავედით, ეს არ შეიძლებოდა. მაშინ წამწამებიც კი გამეყინა. როგორღაც მწვერვალის ძირამდე მივედით, ქარმა რომ დაუბერა და ლამის გადმოგვყარა. მერე იქ აზიდვები გავაკეთეთ, გავხურდით და უკან დავბრუნდით. მაშინ 4900 მეტრზე ვიყავით, 100 მეტრიც აღარ გვაკლდა, რომ ბოლომდე ავსულიყავით. უკან გამოვბრუნდით, რადგან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ცუდი რამე დაგვმართნოდა.

- მშობლების, ოჯახის წევრების რეაქცია როგორია, როცა ეუბნები, რომ მწვერვალზე ასასვლელად მიდიხარ?

- დედას ეშინია, მაგრამ კარგად რომ ვარ, ბედნიერია. ქალაქში უფრო საშიშია ზოგჯერ, აქ მეტი საფრთხეა. გაუაზრებლად არ უნდა გარისკო.

- არ ჰქონიათ მცდელობა, თხოვნა, ამ საქმეს შეშვებოდი?

- რა თქმა უნდა, ჰქონდათ. ბავშვობიდან ზედმეტად მიფრთხილდებოდნენ. 2019 წელს პირველად კლდეზე ავედი საცოცად, როცა ხეზეც კი არასდროს ვიყავი ასული. არაფერი იტკინოო, - თოჯინასავით მიფრთხილდებოდნენ. სულ რომ შინ იჯდე, მაშინაც კი შეიძლება, რაღაც საფრთხე დაგემუქროს. თუ არ გარისკე და ის არ აკეთე, რაც გინდა, მაშინ აბა, ცხოვრებას რა აზრი აქვს?!

- შენი და თემოს სიყვარული, გარკვეულწილად მთის სიყვარულის "ბრალია"?

- მგონია, რომ ასეა. ჩვენ გვაქვს ერთნაირი შეხედულებები, მისწრაფებები, ერთნაირები ვართ. რომ არა მთა, შეიძლება ერთმანეთი ვერც გაგვეცნო.

- ქორწილის დღესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- ოჯახის წევრებს აქვთ სურვილი, ქორწილი გვქონდეს, ჩვენ ეს დიდად არ გვხიბლავს.

- შესაძლოა, რომელიმე მწვერვალზე საქორწინო კაბაში გიხილოთ?

- თემო სვანია და გული უფრო სვანეთისკენ მიგვიწევს. შესაძლოა მოგვიანებით იქ მეგობრების წრეში აღვნიშნოთ, მაგრამ ჯერ - არა. ჩვენმა ოჯახის წევრებმა ეს ვიდეო რომ ნახეს, ძალიან ბედნიერები იყვნენ. ბებია, ჩვენს ამბავთან დაკავშირებით, სადაც ხელი მიუწვდება, ყველგან კომენტარს წერს (იცინის). მეგობრები ამბობდნენ, თემოსგან სხვაგვარად ვერც წარმოგვედგინაო.

20230119-165858-1-copy-1698649444.jpg

- როგორც ვიცი, მთამსვლელებზე ვიდეოების გადაღებას გეგმავ, რა ფორმითაც ამ სფეროს პოპულარიზაციას მოახდენ.

- იურისტი ვარ, მაგრამ შევიცვალე პროფესია. ახლა ვიდეოებს ვიღებ მთამსვლელებზე და მინდა ამ სფეროს პოპულარიზაცია მოვახდინო. ეს სპორტი ამ ქვეყანაში დაჩაგრული მგონია, არადა, ყველაზე მაგარია, ადრენალინით სავსე.

- გადაღება ტექნიკურად რთული იქნება?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ხელები რომ გეყინება კამერა მაინც უნდა ამოიღო და მუშაობა დაიწყო. შეიძლება რაღაც ძალიან კარგი კადრი იყოს და ფოტო ისეთი ვერ გამოვიდეს. ზამთარში გვლეთის გაყინულ ჩანჩქერზე დავდივართ. იქ კარგი კადრები გამოდის. მომავალ წელს ჭაუხებში გადაღება გვინდა. დრონით კარგი კადრები გამოვა. ამ მიმართულებით თემოც დაინტერესებულია, თუმცა დიდად არ უყვარს, როცა მას უღებენ. არჩილ ბადრიაშვილმა და ბაქარ გელაშვილმა შარშან "ოქროს წერაყინი" აიღეს. ეს იგივეა, რომელიმე ქართველ მსახიობს "ოსკარი" რომ აეღო. ამას ხომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, "ოქროს წერაყინის" ამბავმა კი უხმაუროდ ჩაიარა. არადა, ეს დიდი ჯილდოა, ჩვენი მთამსვლელებით საზღვარგარეთ აღფრთოვანებულები არიან.

- წარმატებას და დიდ ბედნიერებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე