"მთელი ერის წინაშე, სულიერად გავშიშვლდი" - გზაპრესი

"მთელი ერის წინაშე, სულიერად გავშიშვლდი"

გიორგი პაპავა "პრაიმ ჰაუსის" მე-4 სეზონის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ. მას საზოგადოების ნაწილი პროექტში შესვლამდეც იცნობდა, როგორც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩს საბერძნეთში...

- პროექტის დატოვების შემდეგ, თავს როგორ გრძნობთ?

- ჩემთვის ეს პროექტი კიდევ ერთი ახალი გამოწვევა იყო, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ვფიქრობ, სამყაროსგან ნებისმიერი გამოგზავნილი შანსი უნდა მივიღოთ და მადლიერები ვიყოთ. მართალია, პროექტში ყოფნამ მცირე პერიოდით მომიწია, მაგრამ დღემდე წარმოუდგენელი რაოდენობის შეტყობინებას ვიღებ. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, ხალხის ამხელა სიყვარული რით დავიმსახურე... პროექტის დატოვების ფაქტს საკმაოდ მშვიდად შევხვდი - თამაშია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რაც უნდა სასიამოვნო თუ უსიამოვნო შეგრძნება დაგვეუფლოს. ბედნიერი ვარ, რომ პროექტი ამაყმა დავტოვე და თან, ხალხის დიდი სიყვარული გამოვიყოლე.

- "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის თქვენი მთავარი მიზანი რა იყო?

- ჩემთვის ეს ყველაზე ყურებადი გადაცემაა მთელ საქართველოში. შესაბამისად, მასში მონაწილეობა უდიდესი შანსია, რომ მთელმა ერმა ისეთი გაგიცნოს, როგორიც სინამდვილეში ხარ. შეიძლება ერთ სივრცეში გამომწყვდეულმა სტრატეგიები დაისახო და მიზანმიმართული, სწორი ან მცდარი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მაყურებელს ვერც ერთი მონაწილე ვერ დაუმალავს თავის პირად "მესა" და შინაგან სამყაროს. შესაბამისად, მსურდა, საზოგადოებას გავეცანი, როგორც ყოველგვარ ფასადს მიღმა მყოფი გიორგი პაპავა, რადგან სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, იმის ამბიცია მაქვს, რომ საქართველოში მცირედით მაინც დავტოვო ჩემი სახელი და ერისთვის სარგებელი მოვიტანო. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ სოციალურ პლატფორმას ვგულისხმობ, რომელზეც უკვე ვმუშაობ და ვინაიდან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, პლატფორმის "ჩაშვება" გაისად მოხდება...

- როცა თქვენი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებს უყურებთ (თუ უყურებთ), როგორი განცდა გეუფლებათ?

- როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ჩემს ეპიზოდებს და სრულ გადაცემებს ვერც ერთხელ ვერ ვუყურე, რადგან მერიდება (იცინის). უცნაურია, როდესაც სახლში, ტელეეკრანზე საკუთარ თავს ხედავ - აჩვენებენ, თუ როგორ ცხოვრობ ყოველდღიურად, როგორ გძინავს, ჭამ, მეტყველებ, რაზე გეცინება და რაზე გეტირება... უცნაური შეგრძნებაა... ახლაც მეღიმება, როდესაც ამას ვიხსენებ და ვიაზრებ, რომ ჩემს ცხოვრებას მთელი ერი უყურებდა. ყველამ კარგად ვიცით 90-იანი წლების შედევრი, პიტერ უირის "თრუმენის შოუ", რომელშიც მთავარ როლს ჯიმ ქერი ასრულებს. ამ ფილმის მთავარმა გმირმა არ იცის, რომ მის ყოველდღიურ ცხოვრებას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეების ცხოვრებაც დაახლოებით ასეთია: ჩვენ კი ვიცით, რომ გვიღებენ, მაგრამ შიგნით, სახლში მყოფს ეს გავიწყდება და ცხოვრობ ისე, როგორც გარეთ ცხოვრობდი...

387209087-406693668597872-8925800379970578235-n-1698650714.jpg

- როგორ ფიქრობთ, რეალითი შოუში მონაწილეობამ თქვენს იმიჯზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?

- ამას ხშირად მეკითხებიან და საზოგადოებაში განხეთქილება თავიდანვე გამოიწვია: ერუდირებულ ახალგაზრდას, რომელიც წარმატებისკენ ისწრaფვის, მსგავს შოუში მონაწილეობის სურვილი რატომ გაუჩნდაო? გეტყვით, რომ აზრი არ აქვს თქვენს რეგალიას თუ ვინ ხართ, რა გიკეთებიათ ან რას წარმოადგენთ. ეს არის რეალითი შოუ და ყველა მსურველისთვის კარი ღიაა. ჩემთვის ეს კიდევ ერთი არაორდინაrუlი ნაბიჯი იყო წარმატების გზაზე. თუ აქამდე საზოგადოება ბიზნესმედიიდან მიცნობდა და ჩემ მიერ განხორციელებულ საქმეებს ეცნობოდნენ, ახლა დრო იყო, ხალხს ყოფით ცხოვრებაში გავეცანი. ფაქტია, მთელი ერის წინაშე, სულიერად გავშიშვლდი. შესაბამისად, დასამალი არაფერი მაქვს, პირიქით - ნებისმიერ საკითხში ყოველთვის გულახდილი ვიქნები. კონკრეტულად თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, გეტყვით, - ის იმიჯი, რაც ამ დრომდე მიშენებია, პროექტმა კიდევ უფრო მეტად განამტკიცა.

- თქვენ შესახებ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი იყავით საბერძნეთში. გვიამბეთ, როგორ გახდით ელჩი და რატომ - სწორედ საბერძნეთში?

- უპირველეს ყოვლისა, მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტისთვის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები კიდევ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა გაიგებს. ძირითადად, ახალგაზრდა ელჩის მანდატი გულისხმობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, რათა ახალგაზრდებზე მორგებული პროექტებით, ჩვენი ქვეყანა სხვაგან უკეთ წარმოვაჩინოთ. უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობებს რაც შეეხება, პროგრამა მოხალისეობრივი დატვირთვის მქონეა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ახალგაზრდა ელჩებს სრული ნდობა და თავისუფლება გვაქვს პროექტების დაგეგმვა-განხორციელებასთან დაკავშირებით... საბერძნეთში პირველი ვიზიტის შემდეგ გავაცნობიერე, რომ მსურდა, უფრო ახლოდან შემეცნო ქვეყანა, რომელსაც ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ. პირადი ინტერესისა და სიყვარულის გარდა, საბერძნეთი ჩემი პროფესიული განვითარების კერად გადაიქცა...

- თქვენი საქმიანობის შემდეგ, დღეს ბერძენი ახალგაზრდები ქართველებს და ქართულ კულტურას უკეთ იცნობენ?

- ეს პროექტი საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ინტერესების მკაფიოდ და ღიად წარმოჩენასა და გავრცელებაში ახალგაზრდობის გააქტიურების ერთ-ერთი შესანიშნავი მექანიზმია. შესაბამისად, ჩემ მიერ განხორციელებული ნებისმიერი საინფორმაციო კამპანიიდან და პროექტიდან კიდევ ერთმა ადამიანმაც თუ გაიგო ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტრადიციებისა და თუნდაც, ამჟამინდელი პრობლემების შესახებ, ვფიქრობ, ეს უკვე ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

praim-hausi-w-h-1698650703.jpg

- როგორც ვიცი, პროფესიით ინჟინერი ხართ. როგორ ფიქრობთ - გაცნობიერებულად აირჩიეთ ეს პროფესია?

- ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს საკმაოდ ბევრს ვფიქრობ და ვაანალიზებ იმ შედეგებს, თუ რას მომიტანს მიღებული არჩევანი. შესაბამისად, როდესაც საინჟინრო ფაკულტეტზე ჩავაბარე, ჩემი სამომავლო გეგმები ამ სფეროს უკავშირდებოდა. "კოვიდამდე" ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტშიც დაწყებული მქონდა საბუთების გადატანა, მაგრამ პანდემია დაიწყო და ციფრულ სამყაროში გადავინაცვლე - ციფრული მარკეტერი გავხდი. დღემდე "ფრილანსერად" ვმუშაობ - ჩემი ძირითადი საქმიანობა ციფრული მარკეტინგია. შესაბამისად, დღემდე არც ერთი მიღებული გადაწყვეტილება არ მინანია. გეგმები ხშირად იცვლება, მაგრამ ყოველი შეცვლილი გეგმა რაღაც უკეთესის საწინდარია. მართალია, ცხოვრებაში ბევრჯერ განვიცადე მარცხი და სწორედ იქ ვაგებდი, სადაც მეგონა, რომ გადამწყვეტ, მომგებიან ბურთს ჩავაგდებდი კალათში, მაგრამ ამ მარცხებმა მასწავლა და გამომიმუშავა ბრძოლისუნარიანობა. ცხოვრებაში წინ კიდევ უამრავი მარცხი მელის და წარმატებამდე სწორედ ეს გზა მიმიყვანს... გავა წლები და აუცილებლად მოგიყვებით განვლილი გზის შესახებ - მარცხიდან წარმატებამდე...

ეთო ყორღანაშვილი