23 წლის ფსიქოლოგის ხელნაკეთი ნივთები - გზაპრესი

23 წლის ფსიქოლოგის ხელნაკეთი ნივთები

23 წლის ანა ხუბუა კედლის ხელნაკეთ დეკორატიულ სარკეებსა და საახალწლო აქსესუარებს ქმნის. ამ ეტაპზე ყველაფერს თავად უძღვება: პროდუქციის დამზადებას, გვერდის მართვას და ნივთების განაწილებას. იმედი აქვს მალე ის პერიოდი დადგება, როცა საკუთარი სახელოსნოც ექნება და დამხმარეებსაც აიყვანს.

- ჩემი საქმიანობა 2020 წელს დავიწყე, ისევე როგორც უმეტესობამ, ვინც პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად გამოიყენა. თავიდანვე არ მქონია ხელნაკეთი ნივთების შექმნის ნიჭი. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, 4 წელი ვსწავლობდი და გადასახადი რომ დამეფარა, სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი. ჩემი საქმიანობა ძირითადად სხვადასხვა ბრენდის რეკლამას, გაყიდვებს მოიცავდა და ვფიქრობ, რომ ამ საქმიანობას იმ პერიოდში საკმაოდ კარგად დავეუფლე. ამავდროულად სურვილი გამიჩნდა შემექმნა საკუთარი კომპანია, რომელიც რაღაც ღირებულს, საინტერესოს შექმნიდა და ამ საქმეში მთელ ჩემს დროსა და რესურსს ჩავდებდი. პანდემიის დასაწყისში, როცა ფიქრისთვის მეტი დრო გამიჩნდა, სპონტანურად გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძიებინა ნაძვის ხის სათამაშოების დამზადების პროცესი. როცა საჭირო ინფორმაცია მივიღე, მეორე დღესვე მასალები შევიძინე და დამზადებას შევუდექი. თავდაპირველად ნივთების ფოტოები ახლობლებს გავუზიარე, როცა მათგან დადებითი შეფასებები მოვისმინე, სოციალურ ქსელში ჩემი გვერდის შექმნა და დამზადებული ნივთების იქ გაყიდვა გადავწყვიტე. თავდაპირველად ნაძვის ხის სათამაშოები ატლასის ნაჭრისგან შევქმენი და სხვადასხვა დეტალით გავაფორმე. შემდეგ გამჭვირვალე ბურთულებში გასაფორმებლად სხვადასხვა ნივთს ვაწყობდი. ერთხელაც, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ითხოვა, ბურთულაში მისი საოჯახო ფოტო მომეთავსებინა. იმ პერიოდში წარმოდგენა არ მქონდა, ამას როგორ შევძლებდი, მაგრამ მიყვარს გამოწვევები და ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. ამ პროდუქტზე ბევრი მუშაობა მომიხდა, მაგრამ გამომივიდა. ამ პროდუქტს ერთბაშად მოჰყვა ბუმი, ბურთულაში ვათავსებდი ბავშვების ან საოჯახო ფოტოს და ეს კრეატიული იდეა საახალწლო საჩუქრად ბევრს მოეწონა.

დეკემბრის თვე განსაკუთრებით დატვირთული მაქვს, არაერთ ღამეს ვათენებ და ახალი წელი რომ ახლოვდება, ვამბობ ხოლმე, ჩემი უძილობის პერიოდია-მეთქი. საერთოდ, ყველა სამსახურში, სადაც მიმუშავია, მთელ ჩემს მაქსიმუმს ვდებდი და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და შემიძლია მთელი გულით ვაკეთო, ულიმიტო დრო დავუთმო.

- საახალწლო სათამაშოების გარდა, კედლის სარკეებსაც ამზადებთ...

- დიახ. ჩემი საქმიანობის წამოწყებიდან პირველი ახალი წელი რომ დასრულდა, იმ ხნის განმავლობაში ბევრი მომხმარებელი შევიძინე. მათ ჩვენ მიმართ უკვე ჰქონდათ ნდობა და მწერდნენ, რომ ჩემგან სიახლეებს ელოდნენ. მოტივაციას მაძლევდნენ და მეც ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე სარკეები დამემზადებინა. ტექნიკა ინტერნეტრესურსის მეშვეობით შევისწავლე. ეს იყო მზის ფორმის სარკეები, პირველ შემკვეთს რომ გავუგზავნე, ისე მოეწონა, დიდი ემოციებითა და მადლიერებით მოგვწერა. მზის ფორმა და სხივები ადამიანებისთვის დადებითი განწყობის, ენერგეტიკისა და სითბოს მომტანი გამოდგა. ამ ნივთმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საერთოდ, სარკე ფუნქციური ნივთია, ინტერიერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ახალ სიცოცხლეს სძენს. გარდა იმისა, რომ სარკეს ვამზადებ, ხშირად შემკვეთის სახლის ინტერიერის გათვალისწინებთ ვურჩევ, რა ფერის, ფორმის მოუხდება მათ კედლებს და ვცდილობ, ნივთი ამგვარად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დამზადდეს. მზის ფორმის სარკეებს ახალი მოდელებიც შევმატე. ბოლო დროს, ღვინის ჭიქისა და ქვევრის ფორმის კედლის სარკეების დამზადება დავიწყე. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოა, მინდოდა ჩემი ნივთები პირდაპირ კავშირში ყოფილიყო საქართველოსთან. ეს ნივთები ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და იდენტობის ნაწილია. დღესდღეობით ბევრი ადამიანია დაკავებული ღვინის წარმოებით. ვფიქრობ, მეღვინეებისთვის ამგვარი სარკეები იდეალური საჩუქარია, ისევე როგორც ჩვენი ღვინის მოყვარული ნებისმიერი მოქალაქისთვის. უხდება როგორც რესტორანს, მარანს, ისე ნებისმიერ სივრცეს. ახლახან წარმოდგენილი ვიყავით გურჯაანის "ღვინის ფესტივალზე", რომელსაც უამრავი მეღვინე ესწრებოდა. ჩემს პროდუქციას დიდი დაინტერესება მოჰყვა, რამაც ძალიან გამახარა.

2-1699202909.jpg

- კახეთში, "ღვინის ფესტივალზე" უცხოელი ვიზიტორებიც იყვნენ. მათ თუ გამოხატეს დაინტერესება?

- დიახ, სარკეებმა დიდი დაინტერესება გამოწვია როგორც ქართველ სტუმრებს, ისე უცხოელებს შორის. ღვინის ჭიქისა და ქვევრის ფორმის სარკეები შეიძინეს კიდეც. ბევრი უცხოელი ნივთებს ფოტოებსაც უღებდა. სასიამოვნო ფაქტია, რომ აღნიშნული თემატიკის სარკეების შექმნით, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილის გაზიარებაში წვლილი მიგვიძღვის.

- ხომ არ ნანობთ, რომ პროფესიული არჩევანი ფსიქოლოგიაზე შეაჩერეთ და არა სამხატვრო აკადემიაზე, რაც ალბათ, კიდევ უფრო წაგადგებოდათ დღევანდელ საქმიანობაში?

- არ ვნანობ, ჩემი ცხოვრების იმ ეტაპის გავლა აუცილებელი იყო. ჩემი პროფესია ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან მეხმარება. თუ სამხატვრო აკადემიაში სწავლის სურვილი გამიჩნდება, ვფიქრობ, არც ახლაა გვიან. მიყვარს გამოწვევები, ახლის შეცნობა და განვითარება, მზად ვარ გავიარო სხვადასხვა კურსი, რაც ახლაც და მომავალშიც გამომადგება. სამომავლოდ ჩემი მთავარი მიზანია გავხსნა შოურუმი, სადაც ჩემი სარკეები იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა მქონდეს სახელოსნო, სადაც სხვა ადამიანებსაც დავასაქმებ და ჩემი გუნდიც მეყოლება. იმდენად ბევრ დადებით შეფასებას ვიღებ, ეს ჩემთვის სტიმულია, არასოდეს მბეზრდება ეს საქმე.

ანა კალანდაძე