მოცეკვავე და ახალგაზრდა საქმიანი ქალი - გზაპრესი

მოცეკვავე და ახალგაზრდა საქმიანი ქალი

ლიზი მაისურაძე სამეჯლისო-სპორტული ცეკვის არაერთი კონკურსის ფინალისტი და პრიზიორი გახლავთ. ამჟამად იმ საბავშვო ბაღში მუშაობს ცეკვის მასწავლებლად, სადაც თავად აღიზარდა. ასევე ეუფლება იურისტის პროფესიას და ცეკვის საკუთარი სტუდიის გახსნას გეგმავს...

- ბავშვობიდან საკმაოდ აქტიური ცხოვრება მაქვს. მუდმივად დატვირთული ვიყავი, მაგრამ ბოლო პერიოდში, რაც საბავშვო ბაღში მუშაობა დავიწყე, ჩემი ცხოვრება მეტად აქტიური გახდა - მუდმივად "გადარბენები" მაქვს: სამსახური, უნივერსიტეტი, ცეკვა, ვარჯიში, კონკურსები... მინდა, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დავაგროვო, პირველ რიგში - ბავშებთან მუშაობის კუთხით, რადგან სამომავლოდ სტუდიის გახსნას ვაპირებ. ეს გამოცდილება ძალიან მჭირდება. ვცდილობ, ბავშვებთან ყოველთვის კარგი კომუნიკაცია დავამყარო და მათთან მუშაობა ვისწავლო. გარდა ამისა, პატარებთან მუშაობა მსიამოვნებს, რა თქმა უნდა.

- სამეჯლისო-სპორტული ცეკვით როგორ დაინტერესდი?

- ცეკვა ბავშვობიდან მიყვარს. სადაც ამის საშუალება მქონდა, ყველგან ვცეკვავდი. დედაც მიხვდა, რომ სამეჯლისო-სპორტული ცეკვებისკენ მიდრეკილება აშკარად მქონდა. თან, მაშინ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ახალი დაწყებული იყო... დედა ლევან ახვლედიანს დაუკავშირდა და მის სტუდიაში მიმიყვანა. უკვე 13 წელია, ამ პროფესიას "მივყვები". მრავალ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და მრავალი მათგანის ფინალისტი, პრიზიორი ვარ, მათ შორის - "კავკასიის თასის", "საქართველოს თასის" და ა.შ. ამ სფეროში მუშაობას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ.

- სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენია?

- პატარ-პატარა პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ისეთი შოუსთვის, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია", ვფიქრობ, ჯერ პატარა ვარ. ასეთ დიდ შოუში მონაწილეობა ჩემს სამომავლო გეგმებს უფრო უკავშირდება. ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ პირადი კარიერა უფრო მეტად "წინ წავწიო," მეტად განვვითარდე...

- "პირად კარიერაში" ცეკვას გულისხმობ და არა იურისტის პროფესიას?

- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, რადგან ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ორივეს - ცეკვასაც და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლასაც თანაბარი ყურადღება დავუთმო. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემს თავს ცეკვის სფეროში უფრო ვხედავ, რადგან ამ მხრივ განვითარებასა და სტუდიის გახსნაზე უფრო მეტად ვფიქრობ.

- თუკი ასეა, იურისტობა რატომ აირჩიე და არა მაგალითად, ბიზნესის მართვა, რომელიც ალბათ, სტუდიის მართვისას გამოგადგებოდა?

- სიმართლე გითხრათ, ცეკვის გარდა, ბავშვობიდან ვოცნებობდი იურისტობაზე ან ჟურნალისტობაზე. საბოლოოდ მივხვდი, რომ საკუთარ თავს იურისტის ამპლუაში უფრო ვხედავდი, ვიდრე ჟურნალისტის; ეს ის საქმე იყო, რისი კეთებაც მომავალში ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა და რაშიც წარმატებული ვიქნებოდი... არ მსურდა მხოლოდ ცეკვით შემოვფარგლულიყავი. ამიტომ გადავწყვიტე საქართველოს უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მეორე კურსის სტუდენტი ვარ და ბაკალავრის ხარისხის გარდა, ვეცდები, მაგისტრის ხარისხიც მივიღო და ამ სფეროშიც დავიმკვიდრო თავი, თუკი, რა თქმა უნდა, ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის.

- იურიდიულ სფეროში კონკრეტულად, რა მიმართულება გაინტერესებს?

- ყოველთვის სისხლის სამართლისკენ უფრო მიმიწევდა გული, რადგან ვფიქრობ, დიდად მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება, მაგრამ ჩემთვის სამოქალაქო სამართალიც არანაკლებ საინტერესოა. ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცი, სამომავლოდ რომელ განხრას ავირჩევ.

- რამ მოახდინა ზეგავლენა, რომ იურისტის პროფესია აგერჩია?

- მომწონდა, როცა ადვოკატებს, მოსამართლეებს ვხედავდი. რატომღაც, მათ ადგილზე ყოფნა მინდოდა. იმედი მაქვს, ასეც მოხდება.

- მათი იმიჯი მოგწონდა თუ გააზრებული გქონდა, რასაც საქმიანობდნენ?

- ყოველთვის გააზრებული მქონდა. იმიჯიც მომწონდა, მაგრამ ადამიანების დახმარება, სწორი მხარდაჭერა ძალიან მიყვარს: ვცდილობ, ყოველთვის დავეხმარო იმ ადამიანს, ვისაც უჭირს, დახმარება სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, ადვოკატის ამპლუაში ჩემი ცხოვრება საკმაოდ საინტერესო იქნება.

- უნივერსიტეტში სწავლის დონით კმაყოფილი ხარ?

- ძალიან. საკმაოდ მომთხოვნი და ძლიერი ლექტორები მყავს. საინტერესო მასალას გვთავაზობენ, რომ მუდმივად განვითარების პროცესში ვიყოთ...

img-1493-1699203238.jpg

- საბავშვო ბაღში მასწავლებლობა როგორ დაიწყე?

- ბავშვობაში მეც ამ საბავშვო ბაღში დავდიოდი. აქ ჩემი შესაძლებლობების შესახებ ყოველთვის იცოდნენ. როცა გავიზარდე და უფრო მეტად წარმატებული, ჩამოყალიბებული გავხდი, ბაღის დირექტორი დამიკავშირდა და ცეკვის მასწავლებლად მუშაობის დაწყება შემომთავაზა. არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი, რადგან ამ პროფესიისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა. თან, დედაჩემი აღმზრდელი პედაგოგია. მისი დახმარება მიყვარდა. მინდოდა, მომავალში მეც პედაგოგი ვყოფილიყავი. ვიფიქრე, ეს საქმე საიდანღაც უნდა დამეწყო და განვვითარებულიყავი, ბაღი კი სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ბავშვებთან კომუნიკაციას დავამყარებდი, უკეთ შევისწავლიდი მათ ფსიქიკას, დამოკიდებულებას, მათთან მოქცევას... ყოველდღიურად ბევრ ბავშვთან მიწევს კომუნიკაცია, რაც განვითარებაში ძალიან მეხმარება, დიდ სტიმულს მაძლევს. მით უმეტეს, თითოეული მათგანი ცდილობს, მომბაძოს. ხშირად უთქვამთ, რომ უნდათ, მომავალში ლიზი გახდნენ (იცინის). ეს ათმაგ მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო მეტად წარმატებული ვიყო.

- შენთვის ცეკვა ისეთი შემოსავლიანია, რომ შეძლებ, საკუთარი ფინანსური რესურსით სტუდია გახსნა?

- ჯერჯერობით, ჩემთვის ისეთი შემოსავლიანი არ არის, რომ სტუდიის გახსნა მხოლოდ პირადი სახსრებით შევძლო. ამაში დედა დამეხმარება. მისი და ჩემი პედაგოგის - ლევან ახვლედიანის დახმარებით შევძლებ, ოცნება ავიხდინო. ამ მხრივ ლევანი ყოველთვის მხარში მიდგას, ჩემს გამხნევებას ცდილობს. მეუბნება, რომ ამის გაკეთება შემიძლია, ამისთვის უკვე მზად ვარ. ამიტომ, მათი დახმარებით, აუცილებლად საკუთარი სტუდია მექნება.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი