"არ მინდა მონაწილეობა იმ პოლიტიკაში, სადაც ყველაფერი მოსულა..." - გზაპრესი

"არ მინდა მონაწილეობა იმ პოლიტიკაში, სადაც ყველაფერი მოსულა..."

"ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი მოხდა", - ამბობს ინჟინერი, პოლიტიკოსი და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე, არტილერისტი კობა ხაბაზი. როგორც თავად ამბობს, ეუხერხულება, როდესაც მეომრად მოიხსენიებენ და დასძენს: "ამ სიბერეში რომ კაცი არტილერისტი გახდები, ალბათ ვერ არის შენი საქმე მთლად კარგად". შეგახსენებთ, კობა ხაბაზი უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში გაემგზავრა, 6 თვის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, ერთი თვე დაყოვნდა და ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნდა. ბოლოს მიიჩნია, რომ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი ყოფნა, მაგრამ იმედი მალევე გაუცრუვდა და ახლა ისევ უკრაინაში აპირებს დაბრუნებას. იმედგაცრუების მიზეზებსა და სხვა საინტერესო ამბებზე უფრო ვრცლად კობა ხაბაზმა ჟურნალის - "გზა" მკითხველებისთვის ისაუბრა.

- უილიმ ფოლკნერმა ასეთი რამ თქვა: "ადამიანი თავისი წარსულის ჯამია". შეიძლება ითქვას, მეც ჩემმა წარსულმა შემქმნა. რა იყო მთავარი სირთულე ჩემს ცხოვრებაში? ეროვნული მოძრაობის დაწყების დღიდან არ ყოფილა რაიმე მოძრაობა, პროტესტი, რომ მე მოვლენების ეპიცენტრში არ ვყოფილიყავი. მოშიმშილე და დაპატიმრებულ ადამიანებს შორის კონკურსი რომ ჩაატარონ, ნამდვილად პირველ ადგილს ავიღებდი. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, მათ შორის, ვინც ავბედითი 9 აპრილის წინადღეს - 8 აპრილს რუსულ ტანკებს ბორბლებში ჩაუწვა. მახსოვს, ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს ისე მცემეს, საავადმყოფოებიდან საავადმყოფოებში გადავყავდი მეგობრებს, 4 საათის განმავლობაში გათიშული ვიყავი. გონს რომ მოვედი, საერთოდ არაფერი მახსოვდა. თუმცა ვფიქრობ, ამ ამბავმა ჩემზე პოზიტიურად იმოქმედა. თუ ადრე ძალიან სერიოზული ვიყავი, იმ დღის შემდეგ უფრო მხიარული გავხდი და იუმორის გრძნობა მომემატა - ცემა მომიხდა. ე.ი. ჯერ კიდევ კლინიკაში, უგონოდ ყოფნისას, ბიძაშვილმა ჩემს დას დაურეკა, კობა ძალიან ცუდად არის და ჩამოდიო. ტომოგრაფიის კაბინეტიდან ხელკავით გამომიყვანეს, დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდებოდი. სკამზე რომ დამსვეს, მამიდაშვილი მომიახლოვდა და მაკვირდებოდა, მე კი ასეთი რამ ვუთხარი: ზაზა, ხომ დავასამარე ასლან აბაშიძის დემოკრატიის იმიჯი-მეთქი?! ზაზამ ხელი დაავლო მობილურს და ჩემს დას დაურეკა, - მაია დროზე ჩამოდი, ეს ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადასაყვანი, სიკვდილის პირას მიყვანილი ასე ამბობს, ასლან აბაშიძე დავასამარეო. ჩვენ წინაშე მაშინ მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, უნდა შეგვენარჩუნება აჭარა, რომელსაც რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული ასლან აბაშიძე მართავდა. წინააღმდეგობის მოძრაობა ჩამოვაყალიბეთ და მიზნად დავისახეთ, აჭარა რუსეთისთვის არ დაგვეთმო. მიშასგან პრინციპული მითითება მივიღეთ - ერთი ადამიანის სისხლიც არ დაღვრილიყო. ამიტომ ჩვენ სულ ბეწვის ხიდზე გვიწევდა გავლა. აჭარელ ხალხთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ და მიზანს მივაღწიეთ, ახლა სიამაყით ვიხსენებ იმ დღეებს.

- რევოლუციის შემდეგ თქვენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნეთ, თუმცა პროფესიით ინჟინერი იყავით.

- რატომღაც საქართველოში მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი აუცილებლად ექიმი უნდა იყოს. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას კოლეგები, განსაკუთრებით ექიმები უნდობლად მიყურებდნენ. დადგა მომენტი, როდესაც ექიმებს უნდა შევხვედროდი და გონებაში შევადგინე ტექსტი, წარვდექი მათ წინაშე, თან გადავწყვიტე, გამეტესტა ამ ხალხის რეაქცია. ე.ი. ყველა ექიმს მოეწონა, როდესაც ასეთი ტექსტით მივმართე: მე მესმის, თქვენ განიცდით, რომ ექიმი არ ვარ, მაგრამ და მყავს ექიმი, ასევე მეგობრებიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხშირად ვიყავი თქვენი პაციენტი და როგორც ვატყობ, მომავალშიც მომიწევს-მეთქი. ეტყობა მოეწონათ, როდესაც მინისტრი თავიანთი ლანცეტის ქვეშ წარმოიდგინეს. ჰოდა, მეორე საავადმყოფოში - ტრავმატოლოგიურშიც იგივე გავიმეორე, მესამეშიც და ბოლოს ფსიქიატრიულს რომ მივადექი, მექანიკურად იგივე ტექსტი ჩავრთე, უკვე წამოცდენილი მქონდა ფრაზა: ადრე თქვენი პაციენტი ვიყავი-მეთქი და კიდევ კარგი, ის აღარ ვთქვი, მომავალშიც თქვენი პაციენტი ვიქნები-მეთქი (იცინის).

- მანამდე დეპუტატი იყავით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მუშაობდით. ყველაზე კომფორტულად თავს რომელ ამპლუაში გრძნობდით?

- არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა ან ძალაუფლება რყვნის, პირიქით, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი, კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალო. უბრალოდ, მე ოპოზიციაში უკეთ ვგრძნობ თავს.

- თქვენს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ომში წასვლა იყო. რამ განაპირობა თქვენი ასეთი გადაწყვეტილება, სამხედრო გამოცდილება მაინც თუ გქონდათ?

- ორი წელი ვიმსახურე საბჭოთა ჯარში. არ გამიმართლა, საბჭოთა პერიოდში სტუდენტები ჯარში არ მიჰყავდათ, მაგრამ როდესაც მე გავხდი წვევამდელის ასაკის, კანონი შეიცვალა და სტუდენტებიც გაიწვიეს. როგორც კი დავასრულე ჯარი, იმ წელსვე გააუქმეს ეს კანონი. 6 თვე გორში, სატანკო ნაწილში ვიმსახურე, მერე ქუთაისში გადამიყვანეს. სხვათა შორის, ქუთაისში ჩემი დივიზიის ხელმძღვანელი როგოზინი იყო, რომელიც შემდეგ რუსეთის დუმის დეპუტატიც გახლდათ. ის მოკლეს და მისი მკვლელობა მეუღლეს დაჰბრალდა.

- უკრაინაში რა მოლოდინით მიდიოდით და რა დაგხვდათ?

- გასიგრძეგანებული მაქვს, რომ უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცაა, მაგრამ გარდა ამისა, პირადი დამოკიდებულება მაქვს ამ ქვეყანასთან, აქტიურად ვიყავი ჩართული "მაიდნის" ამბებში, პირველი ქართული კარავი მე და ჩემმა მეგობრებმა ჩავდგით. იქ დაიღუპა ჩემი მეგობარი, თავისუფალი ზონის წევრი დათო ყიფიანი. უკრაინელებმა ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს და შესაბამისად, დაიწყო თუ არა ომი, მაშინვე ვიფიქრე, მე მათ გვერდით უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ისიც კი არ ვიცოდი, ჩავაღწევდი თუ არა უკრაინაში და თუ ჩავაღწევდი, კიევი დაცემული იქნებოდა თუ არა. გადავლახე უკრაინის საზღვარი და მივედი "ქართულ ლეგიონში", მამუკა მამულაშვილთან, მე ის ჯერ კიდევ მაიდნის დროს გავიცანი. მაშინვე მივხვდი, მოხალისეები ომის პირველ ეტაპზე იქნებოდნენ საჭირო, მერე კი გარკვეული უნარების მქონე მებრძოლებზე იქნებოდა მოთხოვნა. მივედი ქართული არტილერიის ლეგენდასთან, მიხეილ ქამხაძესთან და თავისი გამოცდილების გაზიარება ვთხოვე. ჩემთან ერთად სულ ოცი კაცი იყო, ზოგი მოგვიანებით სხვაგან გადავიდა, ზოგიც ბოლომდე დარჩა. საბოლოოდ ორი დათვლის ჯგუფი შეიქმნა. ვიდრე გამოთვლას და სროლას გვასწავლიდა, მანამდე უსაფრთხოების ნორმები გაგვაცნეს... იქიდან გამომდინარე, რომ მათემატიკა კარგად ვიცი, არ გამიჭირდა იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც არტილერიას სჭირდება. ეს არის: მიმართულებების გამოთვლა, მანძილის დაანგარიშება, კოორდინატების შეყვანა და ა.შ. სხვათა შორის, ყოველთვის მომწონდა ჯარისკაცის პროფესია, უბრალოდ ისე მოხდა, მერაბ კოსტავას გარემოცვაში აღმოვჩნდი და ჩემი ბედი პოლიტიკას დავუკავშირე.

koba-xabazi2-1699277773.jpg

- უკრაინაში წასვლის პირველ დღეებში თქვენმა ოპონენტებმა არასერიოზულად აღიქვეს თქვენი ნაბიჯი...

- ნამდვილად ასე იყო, ძალიან გააქტიურდნენ ტროლები და ბოტები, ჩემი კარიკატურებიც დახატეს, ვითომ კადიროველები მყავდა ტყვედ აყვანილი... საკმაოდ კარგად გააზრებული კამპანია იყო, მაგრამ ომში მყოფ კაცს ეს არ განაღვლებს; რა დროს კარიკატურაა, როდესაც გარშემო რაკეტები ცვივა და ქვეყანა ინგრევა?! მერე რომ ნახეს, მართლა ომში ვიყავი და მართლა საქმეს ვაკეთებდი, ახალი ჭორები ააგორეს, თურმე სამხედრო ტყვეებს განსაკუთრებული სისასტიკით ვექცეოდი, არადა, სამხედრო ტყვე თვალითაც არ მინახავს. მე მაინც მგონია, მეომრების დისკრედიტაციას მშიშარა კაცები ცდილობენ; ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

- უკრაინაში ისევ დაბრუნდებით?

- პირველად რომ წამოვედი უკრაინიდან, ვთქვი, რომ ისევ დავბრუნდებოდი; მეორე ჯერზე ბიჭებს ვუთხარი, რომ სავარაუდოდ ვეღარ დავბრუნდებოდი, რადგან საქართველოში მიმდინარე მოვლენებში მინდოდა მონაწილეობა. თუმცა, გული გამიტყდა აქ მიმდინარე პროცესებზე. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, მთავარი გარდატეხა უკრაინაში მოხდება; გარდა ამისა, არ მინდა მონაწილეობა იმ პოლიტიკაში, სადაც ყველაფერი მოსულა...

ალტერნატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების სურვილი არასდროს მქონია, ვიყავი და დავრჩები "ნაციონალური მოძრაობის" წევრად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მე, ერთ ადამიანს სად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი სამშობლოსთვის - საქართველოში თუ უკრაინაში? ალბათ, საბოლოოდ უკრაინაში წავალ.

- ასეთი განწყობა მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირების გამო გაქვთ?

- არა, მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირება დიდი სურათის ერთი მცირე ნაწილია. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში წითელი ხაზები წაიშალა. უცნაურად მეჩვენება, რომ ოკუპანტთან მოთანამშრომლე, ასევე კორუფციაში ყელამდე ჩაფლული ადამიანები, რაღაც მომენტში ოპოზიციაში მოდიან, პარტიებს ქმნიან და მერე მასთან უპრობლემოდ თანამშრომლობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხმალამოღებულები იბრძვიან კოლაბორაციონიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში იქმნება განცდა, რომ ყველა გასვრილია და ხალხში ნიჰილიზმი ჩნდება. მერე ეს პოლიტიკოსები იძახიან, ხალხი ქუჩაში არ გამოდისო. როგორ გამოვლენ, როდესაც ხედავენ, რომ პოლიტიკოსებს თანამდებობების გარდა არაფერი აინტერესებთ? ასეთ მოცემულობაში, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებისა და ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის იბრძვიან, შეუძლებელია წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბება.

ხათუნა ბახტურიძე