"მხოლოდ დედაზე ვდარდობდი - მის ნერვიულობად არაფერი მიღირს"
რეჟისორი კახაბერ შარტავა "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახლდათ, რომლის პროექტიდან წასვლამ მაყურებელთა დიდ ნაწილს გული დასწყვიტა. ამჟამად კახაბერი თავის პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდა... როგორც გვითხრა, მისთვის ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, მადლიერებისა და სიყვარულისაა. სხვებსაც ცხოვრების ყოველი წამის დაფასებისკენ მოუწოდებს...
- მრავალფეროვანი ცხოვრება ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიის გარდა, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაინც მსურდა, ჩემს ცხოვრებაში ახალი ენერგია შემოსულიყო, მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო, რადგან გააზრებული მაქვს, ადამიანი სანამ ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ, თითოეული წამით უნდა დატკბე. მსურდა ცხოვრებაში კიდევ რაღაც მორიგი სიგიჟე ჩამედინა. ამასთანავე, ბინას თუ მოვიგებდი, რატომაც არა (იღიმის)?
- დღეს, პროექტს მიღმა, თავს როგორ გრძნობთ?
- იდეალურად. "პრაიმ ჰაუსში" შესვლისას, პროექტის წარმომადგენლებს ვუთხარი კიდეც, რომ 25 ოქტომბერს სპექტაკლის რეპეტიციებს ვიწყებდი, რომელშიც ნინო ბურდული თამაშობს. არ ვიცი, ეს რატომ დამემართა, მაგრამ ჩემს პროფესიას ისეთი დიდი ენერგია და გონებრივი რესურსი სჭირდება, სიმართლე გითხრათ, პროექტში ყოფნის ბოლო კვირას ვფიქრობდი - შევძლებდი, რომ რეპეტიციებზეც მევლო? ჩემს ცხოვრებაში ესეც ერთგვარი გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ როდესაც პროექტს "გამოვეთიშე", თითქოს მივხვდი, რომ ჩემი პროფესია სხვაგვარად ვერ მაპატიებდა - სამყაროში ასე გადაწყდა. ამ პროექტისგან რაც მივიღე, საკმარისია. ახლა ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
- რომელ სპექტაკლზე მუშაობთ?
- სპექტაკლს "ყოფილების სარეცელი" მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ვდგამთ. მთავარ როლს ნინო ბურდული და გიორგი ჩაჩანიძე თამაშობენ. საერთოდ, ჩემი რეპეტიციები უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ახლაც ყოველი დღე, რაღაცნაირად, ახალი საწყისებისა და აღმოჩენებისაა: რეპეტიციებზე ადამიანის ბუნების კიდევ უფრო სხვა შრეებსა და სიღრმეებში ჩავდივარ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებულად, ქალბატონ ნინო ბურდულთან მუშაობას გამოვყოფ - არ მინდა, რომ მასთან მუშაობა დასრულდეს...
- თავად მსახიობის პროფესიით აღარ ხართ დაკავებული?
- მსახიობის ამპლუაში ყოფნას მაშინ დავემშვიდობე, როცა რეჟისურის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში ჩავაბარე. რეჟისურამ მსახიობობას ხელი ძალიან შეუშალა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასე მოხდა: რეჟისორს, ვისთანაც ვმუშაობდი, ჩემი თავი "გვერდით მივუსვი" და მსახიობის ამპლუაში საკუთარ თავს იქიდან ვაკონტროლებდი. ეს ძალზე ცუდი იყო. ჰოდა, მივხვდი, მსახიობობისთვის თავი უნდა დამენებებინა.
- თქვენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?
- რაც თავი მახსოვს, თეატრი მინდა: ხელოვნების კოლეჯში სამსახიობო განხრით ვსწავლობდი, შემდეგ თეატრალურ სტუდიაში ვიყავი, მერე თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობოზე ჩავაბარე, მოძრაობის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახლდით... მერე უკვე რეალითი შოუში - "დასი" ვმონაწილეობდი. ხელმძღვანელები ნანუკა ხუსკივაძე და რობერტ სტურუა იყვნენ... "დასიდან" გამოსვლის შემდეგ, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიმიწვიეს, სადაც არაერთი სპექტაკლი ქორეოგრაფიითა და სასცენო მოძრაობით გავაფორმე. სწორედ იქ ვითამაშე ერთ-ერთ წარმატებულ სპექტაკლში - "რომეო და ჯულიეტა". რომეოს როლში გახლდით. შეიძლება ითქვას, ეს უკვე ჩემი "სამსახიობო ფინალი" იყო. ამ როლით დავემშვიდობე იმ ასაკსაც და მსახიობობასაც. ბოლოს, რომეოს როლზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ 30 წელს გადაცილებული ვიყავი, რომეო კი 16 წლის იყო (იცინის)... რეჟისორის ამპლუაში, ჩემი დებიუტი მესხიშვილის თეატრში შედგა - უილიამ შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი" დავდგი. ამ თეატრის, ისტორიული ძეგლის კედლებში ჩემთვის პირველი, დამოუკიდებელი სპექტაკლის დადგმა დიდი პასუხისმგებლობა იყო. კარგად მახსენდება... შემდეგ თბილისში, უილიამ შექსპირის "რიჩარდ მესამე" დავდგი და "წლის საუკეთესო ქორეოგრაფიული სპექტაკლის ჯილდო" ავიღე. მერე იყო "დიაგნოზი", რომელიც თუმანიშვილის თეატრში წარმოვადგინე. პიესა სპეციალურად დავაწერინე: ეს გახლავთ შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილის" ერთგვარი გაგრძელება, რადგან წიგნი ისე სრულდება, რომ წერილში ჩანს, თითქოს უცნობი ქალი თავს იკლავს, ჩემს სპექტაკლში კი - ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იღვიძებს... ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური დრამაა...
- კახაბერ, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- რეალურად, ჩემს ცხოვრებაში, 33-34 წლის ასაკში ძლიერი გარდატეხა მოხდა: საკუთარ თავს დავუმეგობრდი. ვთქვი, რომ ყველაზე დიდი ძალა, რაც დედამიწას აქვს, მიზიდულობის ძალაა. ვფიქრობ, ყველაფერს, რაც გვემართება და ვიღებთ, თავად ვიზიდავთ. შესაბამისად, უკვე მიზნების დასახვა დავიწყე. თითქოს უფრო მეტად "გადავერთე" ჩემს პროფესიაზე, სამსახურებზე, რაც მანამდე არ მქონდა... რაღაცნაირად, პირადი ცხოვრება და ახლანდელი საქმიანობა ერთმანეთთან ჰარმონიაში "ვერ მოდიან". ხანდახან ვამბობ, რომ დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის. მაგალითად, სერიალზე - "ბამბის აღმართი" მუშაობისას, იმდენს ვშრომობდი, რომ - კი, ჩემი ფსიქიკა ამას გაუძლებდა, რადგან საკუთარი თავისთვის რთულად დასაძლევი ამოცანების დასახვა მიყვარს, მაგრამ ვფიქრობდი, ფიზიკურმა ჯანმრთელობამ არ მიმტყუნოს-მეთქი. საკუთარი თავი ძალიან დავტვირთე. სამაგიეროდ, დიდი გამოცდილება მივიღე... რადგან საკუთარი თავის გარდა არავინ მყავს, მიწევს სულ ვიშრომო, გავუძლო, გადავლახო, გადავიტანო... ეს საინტერესოა, რადგან ჩემი ყოველი წარმატება ჩემი გამარჯვებაა. ეს სიამოვნებას მანიჭებს.
- გყვარებიათ? სერიოზული ურთიერთობა გქონიათ?
- როგორ არ მყვარებია? ძალიან მიყვარდა, მაგრამ იცი, ეს სიყვარული როგორი რამეა? ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ის "ოთახი" უბრალოდ "მიხურული" მაქვს. იმ ენერგეტიკას ისეთი განსხვავებული ფერი და სურნელი აქვს, მასთან ხშირად შეხება არ მინდა. იშვიათად ვეხები და გარკვეულ ენერგიასაც მაძლევს ის, რაც იყო და დასრულდა...
- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- დედა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მე და დედა ერთად გავიზარდეთ. ძალიან პატარა იყო, როცა გამაჩინა. დედა და დედის თვალები ჩემთვის ყველაფერია. რეალითი შოუში შესვლისას, მან ისეთი წერილი მომწერა, რომ რამდენიმე მეგობარმა, ვისაც წერილი ვაჩვენე, მითხრა, - კახაბერ, ამაზე დიდი ბედნიერება ხომ არ არსებობსო?! ჩემ მიმართ დაწერილ არც ერთ უარყოფით კომენტარს არ შევუწუხებივარ, მხოლოდ დედაზე ვდარდობდი - მის ნერვიულობად არაფერი მიღირს, მაგრამ დედა ისეთი ადამიანია, რომ მისმა სიძლიერემ მეც გამაძლიერა. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში სწორი "მესიჯები" და ინფორმაციები "ჩადო", თუმცა უხეშად არასოდეს ჩარეულა - ჩემს არჩევანს ყოველთვის პატივს სცემდა. ეს ძალიან მაგარია!
- პროექტში თქვენი ყოფნისას თითქოს ეიჯიზმის პრობლემა გამოიკვეთა...
- ამაზე რეაქცია თავად მაყურებელს ჰქონდა, თორემ პირადად მე, ამის შესახებ კომენტარი იქაც არ გამიკეთებია. ერთ-ერთი მონაწილისგან კონკრეტული ფრაზები ისე დაუფიქრებლად და გულუბრყვილოდ იყო ნათქვამი, რომ ამაზე საუბარი ახლაც არ მინდა - არ მიმაჩნია, რომ ის მართლა ასე ფიქრობს. ასეთ რაღაცებს ვინმესთან საბრძოლველად არასოდეს გამოვიყენებ - ეს არ მჭირდება.
- რეალურ ცხოვრებაში, იმ გარემოში, სადაც მუშაობთ, ცხოვრობთ, ეიჯიზმის პრობლემას გადასწყდომიხართ?
- არასოდეს. მაგალითად, ჩემი დაწერილი ზღაპარიც დამიდგამს, რომელშიც თითქმის ყველა ასაკის მსახიობი მონაწილეობდა. ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად მუშაობა მიყვარს, რადგან ყველა პროფესიაში "ახალი სისხლის გადასხმაა" საჭირო. ჩემი მეგობრები არიან უმცროსი თუ უფროსი ასაკის ადამიანები... ასაკი თავისთვის "მიდის", მე კი ჩემთვის მივდივარ. გააჩნია, ადამიანი თავად რას ასხივებ, როგორ ენერგიას გასცემ... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს რეპეტიციებზე, გადაღებებსა თუ სამსახურში, ყველა ასაკის ადამიანს შორის მთავარი ენერგია - სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა ტრიალებს. ესაა ჩემთვის კომფორტი.
- კონფლიქტურ სიტუაციებში აღმოჩენილხართ?
- კონფლიქტური არ ვარ. ძალიან პირდაპირი ვარ. ამის შესახებ გარშემო მყოფებთან მისაუბრია კიდეც, - როდესაც რამეს გეტყვი, ნუ ეძებთ, ტექსტის უკან რა აზრი იდო, რადგან რასაც ვფიქრობ, იმასაც გეტყვი-მეთქი. ჩემთვის ურთიერთობა როგორი მარტივიცაა, სავარაუდოდ, ისეთივე რთულია, რადგან ყველას არ უნდა, რომ სათქმელი პირდაპირ უთხრა. თავად რასაც მეუბნებიან, იმას ვიღებ და არ ვფიქრობ, მოსაუბრემ ნათქვამში რა ჩააქსოვა, რა იფიქრა... სხვათა შორის, ცხოვრებაში პირდაპირობამ ბევრ რამეში უკან დამხია, რადგან ყოველთვის აუცილებელი არ არის, პირდაპირი იყო.
- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ?
- თუ საქმეს ხელი მოვკიდე, 100%-ით უნდა შევასრულო. ზერელე დამოკიდებულება არ მიყვარს. მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს მკაცრად დაველაპარკე. შემდეგ თათული ედიშერაშვილთან მისულა. თურმე, ტიროდა - კახაბერი ცოტათი მკაცრად მელაპარაკაო. თათულის უპასუხია, - მერე რა გატირებს? კახაბერი რომ გესაუბრა, ე.ი. ყველაფერი კარგადაა. როცა ბრაზდება, აი, მაშინ ჩუმდებაო (იცინის)...
- ბევრ ცნობილ ადამიანთან გითანამშრომლიათ, მეგობრობთ... თითქოს პროექტში ბევრი მხარდამჭერი უნდა გყოლოდათ, ვინც დაგიმესიჯებდათ. რატომ მოხდა, რომ "პრაიმ ჰაუსი" დატოვეთ?
- გულშემატკივრებისთვის არც ერთხელ არ მომიწოდებია, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ, რადგან მივიჩნიე, რომ თუ ვინმეს სურდა, პროექტში ისევ ვენახე, თავად დამიჭერდა მხარს, თუმცა მივხვდი, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით, ეს პოზიცია წამგებიანი იყო, რადგან შემდეგ მეუბნებოდნენ, - რაღაცნაირად, მშვიდად ვიყავით. ვფიქრობდით, რომ პროექტი არანაირად არ უნდა დაგეტოვებინაო (იცინის). იფიქრეს, რომ იქ ჩემს დარჩენას გულშემატკივართა აქტიურობა არ სჭირდებოდა... სოციალურ ქსელში, დღეში ათასობით შეტყობინებას "ვხსნი" და ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ხანდახან ჩემთვის ვფიქრობ, პროექტში რომ დავრჩენილიყავი, ამხელა სიყვარულს მივიღებდი, როგორიც წამოსვლით მივიღე-მეთქი? უცებ ხალხში დიდი აფეთქებასავით მოხდა, - რას ვშვრებით, კახაბერი პროექტს როგორ ტოვებსო?! მერე იმასაც ვფიქრობდი, კიდევ 1 თვე რომ დავრჩენილიყავი, იქნებ პირიქით - უფრო მეტი სიყვარული "წამომეღო"? საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ბოლომდე რომ მივიყვანო, ამისთვის ძალიან დიდი შრომა, ბრძოლა და გრძელი გზების გავლა მიწევს. ალბათ, ესეც ერთ-ერთი მესიჯი იყო, რომ უბრალოდ, "პრაიმ ჰაუსიდან" სწორ დროს წამოვედი. რაღაცნაირად, მაინც მინდოდა, პროექტში ვყოფილიყავი, ახლა საინტერესო ეტაპზე უნდა გადავსულიყავით, მაგრამ რაკი ასე მოხდა, ალბათ, ასე იყო საჭირო...
ეთო ყორღანაშვილი