"ომს ღმერთი შევარქვი, რომელიც გეძახის, რომ იმ საქმეს, იდეებს შეეწირო ან გადარჩე..." - გზაპრესი

"ომს ღმერთი შევარქვი, რომელიც გეძახის, რომ იმ საქმეს, იდეებს შეეწირო ან გადარჩე..."

უკვე მეორე წელია, ასობით ქართველი უკრაინაში იბრძვის. მათ ნახეს ყველა ის საშინელება, რაც ოკუპანტმა უკრაინის მიწაზე ჩაიდინა. ნადიმ ხმალაძე "გზასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ როდესაც ახლა მსოფლიო "ჰამასის" მიერ ისრაელში განხორციელებულ სისასტიკეზე საუბრობს, რატომღაც არავინ ახსენებს, რა ჩაიდინა რუსულმა არმიამ კიევის ოლქში...

- ჩვენს ჯგუფს რთული დავალებების შესრულება უწევს, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ტელეფონებს ვტოვებთ... სიკვდილი ომს ფეხდაფეხ მიჰყვება, მაგრამ როდესაც შენიანი, შენი ქართველი იღუპება, უფრო მეტად გეშინია ჩასაფრებული მტრის.

- გასულ კვირას კიდევ ერთი ქართველი მეომარი, ლევან ლობჟანიძე დაეცა. იცნობდით მას?

- არ ვიცნობდი, არადა, "თბილისის" რაზმში თითქმის ყველას ვიცნობ, მასზე მხოლოდ გაგებული მქონდა. ლევან ლობჟანიძე უკრაინაში მოხალისედ ჩასვლის შემდეგ, თავიდან "ქართულ ლეგიონში" ირიცხებოდა. ბოლო რამდენიმე თვე სპეციალური დანიშნულების რაზმის - "თბილისი" რიგებში გადასულა, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის "კარპატსკი სიჩის" ნაწილია. ვიცი, რომ რამდენიმე ომის მონაწილე იყო. აფხაზეთის ომი ჰქონდა გამოვლილი, ძალიან ახალგაზრდას უბრძოლია. შემდეგ სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა... ბოლო 10 წელი თურქეთში ცხოვრობდა და უკრაინაში ომის დაწყებისთანასვე ჩამოსულა.

მისი დაღუპვის ამბავი დავალებიდან დაბრუნების შემდეგ გავიგე. ამაზე ცუდი არაფერია... "თბილისი" რამდენჯერმე რეფორმირდა, გოჩა ხორავას ჯგუფია, რომელიც ჯერ "კარპატსკი სიჩის" იყო, დაახლოებით სამი თვეა რაც "თბილისი" დაერქვა.

მეთაურთან შეთანხმებით გეტყვით, რომ ლევან ლობჟანიძის ნეშთი ჯერჯერობით რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ქვედანაყოფი "თბილისი", მისი მეთაური და უკრაინელი მებრძოლები საკუთარი სიცოცხლის ფასად ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში, სამხედრო პატივით გადმოასვენონ. დაზვერვის ორი უკრაინელი მებრძოლი ლევანის გამოსაყვანადაა შესული. ქართველები და უკრაინელები თავისიანს არ ტოვებენ ბრძოლის ველზე.

ომს ღმერთი შევარქვი, რომელიც გეძახის, რომ იმ საქმეს, იდეებს შეეწირო ან გადარჩე, ოღონდ არ ვიცი, რისთვის. აქ 58 პროცენტია სიცოცხლის, დანარჩენ შემთხვევაში ან ყუმბარა წამოგეწევა, ან რაკეტის მსხვერპლი გახდები, შესაძლოა ჭურვის ნამსხვრევმა ან სულაც, ნაღმმა შეგიწიროს. ასეთ სიტუაციაში შენი გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

levan-lobzhanize-1699278084.jpg

ლევანი ძალიან გამოცდილი მებრძოლი იყო, მაგრამ უფრო გამოცდილებიც იღუპებიან. როდესაც ჯგუფი რაიმე ოპერაციიდან ბრუნდება, გამოცდილ მებრძოლებთან სულ ჩხუბი მქონდა, - ძალიან უთამამდებით, თქვენი გამოცდილება ტყვიამ, ყუმბარამ, ჭურვებმა არ იცის-მეთქი. ხანდახან მართლა არ უფრთხილდებიან თავს. სხვაზე არა, ჩემებზე ვამბობ.

ომის დაწყებიდან მალევე, როდესაც ჩემი ბიჭები დაიღუპნენ, ისე განვიცადე, როგორც კი ჭურვების წუილის ხმას ვიგებდი, მაშინვე ვიწყებდი ღრიალს, - დაწექით-მეთქი. მერე ამაზე მეხუმრებოდნენ. ომი იუმორის გარeშე არ არსებობს. აქ თუ არ იხუმრე, ფსიქოლოგიურად განადგურდები... არაერთი მძიმედ დაჭრილი გამოგვიყვანია ბრძოლის ველიდან და შემდეგ, რეანიმაციიდან გამომისვენებია.

- მათი რეანიმაციიდან გამოყვანა თქვენ გიწევდათ?

- დიახ, იმ ბიჭების, ვინც მძიმედ დაიჭრა, მაგრამ ვერ გადარჩა... უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ ეს უმძიმესი საქმე მე დამავალა. უამრავ ბიჭს სახეში ჰქონდა ჭურვი მოხვედრილი და მერე სულ ვფიქრობდი, რომ მოესწროთ, ნახევარი მეტრით დახრილიყვნენ ან მიწაზე დაწოლილიყვნენ, გადარჩებოდნენ-მეთქი. როდესაც ჭურვის ხმა გესმის, ყველაზე კარგი გამოსავალი დაწოლაა, რადგან ეს იარაღი ყვავილივით იშლება და ყველა მიმართულებით ცვივა. სანამ გაიშლება, მის ქვემოთ თუ მოყევი, გადარჩენილი ხარ.

ხანდახან პროფესიონალებს უფრო მოსდით შეცდომები. ფიქრობენ, რომ გამოცდილები არიან და იციან, როგორ მოიქცნენ. ვინმეს კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვამბობ - ომმა არ იცი, რამდენი ომი გამოიარე.

- ვიცით, რომ ახლა ყველაზე ცხელ წერტილად ავდეევკა რჩება?

- ბახმუტის ყველა მისადგომთან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმძიმესი მდგომარეობაა ავდეევკაში, რადგან რუსებს მისი აღება უნდათ. მიზანს თუ მიაღწევენ, ბევრი მიმართულებით გაეხსნებათ გზა, ამიტომაც ხორცსაკეპ მანქანაში უშვებენ თავიანთ ცოცხალ ძალას, ოღონდ კი მცირედი წინსვლა ჰქონდეთ. მათ ხომ ადამიანის სიცოცხლე არასდროს არაფრად უღირდათ. კომუნისტების დროს, ერთ ჯარისკაცს 70 კაპიკს უხდიდნენ და ასეა ახლაც, მათი უმეტესობა ძალით არის შეყრილი არმიაში. ყველანაირი იდეისგან, ენთუზიაზმისა და მოტივაციისგან დაცლილს მეთაური რომ დაუძახებს, - "პერიოდ"! ისიც გარბის, თუმცა წარმოდგენაც არ აქვს, სად.

- როგორ ფიქრობთ, ავდეევკის შენარჩუნების პერსპექტივა არსებობს?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, ძნელი შესაფასებელია, მაგრამ მჯერა, რომ ავდეევკას არ დავკარგავთ და რაც ახლა მათი კონტროლის ქვეშ არის, იმასაც დავიბრუნებთ. ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს, მხოლოდ რუსებს არა, ჩვენც გვეღუპება ხალხი...

ყველაზე დიდი ძალა, რაც რუსეთისგან განსხვავებით უკრაინას აქვს, არის მოტივაცია, ისინი თავიანთ ქვეყანას, ოჯახებს იცავენ, რუსივით სხვის მიწას არ ეპოტინებიან. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, უკრაინა უზარმაზარ ბოროტების მანქანას ებრძვის, რომელსაც ყველანაირი უპირატესობა აქვს, ეს იქნება ცოცხალი ძალის რაოდენობა, შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, ჭურვების, რაკეტების, საბრძოლო მასალის მარაგი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვადასხვა რესპუბლიკაში არსებული სამხედრო ბაზებიდან გაზიდეს შეიარაღება და თავი რუსეთში მოუყარეს. უკრაინა კი დასავლეთზეა დამოკიდებული. თუ რუსული შეიარაღებული ძალები 400 ჭურვს ისვრის და მათგან ასი მაინც უმისამართოდ ნასროლია, უკრაინამ წერტილოვანი, ზუსტი დარტყმები უნდა განახორციელოს. რუსეთი, როგორც ყოველთვის, უზნეო ომს ახორციელებს, არავითარ საერთაშორისო სამართლებრივ კანონს, ნორმას, წესს ანგარიშს არ უწევს. ათის ნაცვლად, ოცდაათი ნაღმი აქვს მიწის ქვეშ ჩაფლული...

ვიღაცები აგდებულად საუბრობენ, სად წავიდა თქვენი დაპირებული კონტრშეტევაო? როდესაც ყოველ ნაბიჯზე ნაღმი გხვდება და სანგრიდან ვერ ამოხვალ, კონტრშეტევა ადვილი არ არის. ასე რომ, ეს არის უთანასწორო, მძიმე ომი ყველა მიმართულებით, მაგრამ ამის მიუხედავად, წელიწადზე მეტია, თავდამსხმელი ქვეყანა თავდაცვაზეა გადასული, რაც ომში იშვიათია. ამიტომ, მჯერა, უკრაინა ამ ომს მოიგებს.

- ახლა ხშირად ისმის კითხვა - ახლო აღმოსავლეთში არეულობის ფონზე, უკრაინის ომი მეორეხარისხოვანი ხომ არ გახდა. თქვენ იქ ხართ, ცხელ წერტილში და ამიტომ გეკითხებით, რაიმე ცვლილება იგრძნობა?

- ანალიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ადრეც ვამბობდი, რუსეთი ყურადღების გადასატანად რაიმეს მოიფიქრებს-მეთქი. ამ წელიწად-ნახევარში მას ახალ-ახალi პროვოკაციის მოსაფიქრებლად დრო ჰქონდა. არც კი ვუშვებ ამას, მაგრამ თუ რუსეთმა გაიმარჯვა, მსოფლიოს რამდენიმე ათეული წელი მშვიდი ცხოვრება არ ელოდება. არa მგონია, რომ უკრაინა მეორეხარისხოვანი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადავიდა - "ჰამასსა" და "ჰეზბოლას" რომ რუსეთი უჭერს მხარს, ეს ყველასთვის ცნობილია. ტერორისტს ყოველთვის სჭირდება მეორე ტერორისტის დახმარება. მუსლიმანური ქვეყნები არ არიან სულელები და შესაბამისად, არც რუსეთს თვლიან სულელად, მაგრამ საერთო ინტერესები აქვთ. ცუდია, რომ ახლო აღმოსავლეთში არეულობა ამ ომის დასრულებამდე დაიწყო, რადგან ძალები, მხარდაჭერა აშკარად გადანაწილდა, უკრაინაში მიმდინარე ამბები ინფორმაციულადაც კი, მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება. თავადაც იციან, ამას რა შედეგი მოჰყვება.

- ვიცი, რომ ომის დაწყების პირველ ხანებში მშვიდობიანი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ, ომში ცხოვრება ისწავლეს, არა?

- მეტიც, კიევში ხშირად მიწევს ყოფნა და ხანდახან ვბრაზდები კიდეც - ქალაქის მოსახლეობა, თითქოს ვერც ხვდება, რომ ქვეყანაში ომია. არ ვიცი, ამას შეჩვევა ჰქვია თუ გათამამება... როდესაც რუსული არმია კიევთან იყო მომდგარი, უამრავი ადგილობრივი, ვინც კიევი არ დატოვა, დიდი თუ პატარა ომში ჩაერთო, შემდეგ ცხელმა წერტილმა კიევიდან მოშორებით გადაინაცვლა და მათაც ცხოვრება გააგრძელეს. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ისევ ჩაებმებიან საომარ პროცესებში... ომს იმდენად შეეჩვივნენ, რომ საჰაერო განგაშის შემთხვევაში, ზოგჯერ თავშესაფარში ჩასვლისგანაც თავს იკავებენ - მიაჩნიათ, რომ მალე და უდანაკარგოდ ჩაივლის. თან დღევანდელი უკრაინის შეიარაღებული ძალები ეიმედებათ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ომს გაუთამამდნენ. არადა, ყოველდღიურად დიდი დანაკარგი აქვს ქვეყანას; იღუპებიან ბიჭები, ვინც ქვეყანა უნდა ჩაიბაროს და მომავალი შექმნას. ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, რადგან ამ წუთისოფელში, ბოროტს ყოველთვის კეთილი ამარცხებს. თუმცა, მოსახლეობა მეტ სიფრთხილეს რომ იჩენდეს, ყველასთვის აჯობებს.

არადა, ახლახან იყო ირპენის, ბუჩას, გოსტომელის, ბოროდიანკას ტრაგედიები, ეს ყველაფერი თავად გადაიტანეს, თავიანთი თვალით ნახეს. ისრაელში შევარდნილი "ჰამასის" მეომრებზე მეტი თუ არა, ნაკლები სისაძაგლე არ ჩაუდენიათ - ბავშვების მკვლელობებიც იყო და ხელებშეკრული ადამიანების დახვრეტაც. ხეზე მიბმული ცხედრებიც შემხვედრია. დარდაფში დამალულ მშვიდობიან ხალხს, რუსი სამხედროები ისე უყრიდნენ გახსნილ ხელყუმბარებს, როგორც "ჰამასმა" შეუგდო ისრაელის სოფლებში დამალულ ადამიანებს. მშიერ-მწყურვალებზე ან ავტომატის ჯერს უშვებდნენ, ან ყუმბარებს ესროდნენ.

ქალაქ ვორზელში, რუსების გასვლის შემდეგ, "წმენდაზე" შევედით. ქუჩაში ფეხით მივდიოდით, როდესაც მოხუცმა ქალმა, ფორმით რომ დამინახა, მთხოვა - სახლში შესვლა მინდა და კარის გახსნაში დამეხმარეთ, შესაძლოა, ავფეთქდეო...

nadim-xmalaze2-1699278130.jpg

- სახლებიც დანაღმეს?

- კორპუსი იყო. მეც გამიკვირდა, რისი გეშინიათ-მეთქი? იმ დროს ხომ რუსები უკვე გასულები იყვნენ. - გუშინ, ჩემს მეზობლად, ქალი შინ დაბრუნდა და სახლში შესვლამდე აფეთქდაო. მესამე სართულზე ცხოვრობდა. სახლს შემოვუარე, ერთგან ფანჯარა ჩამტვრეული იყო, გარშემო გაზის მილი მიჰყვებოდა. მაჩვენა, რომელი იყო მისი ფანჯარა. ვკითხე, შეიძლება თქვენი ფანჯარaც ჩავტეხო-მეთქი? გაუკვირდა, მაგრამ დამთანხმდა. გაზის მილით ავცოცდი მესამე სართულზე, შუშა ჩავამტვრიე და ისე შევედი ქალის სახლში. იქაურობა გადატრიალებულ-გაძარცული ჰქონდათ, მაგრამ ამას შეჩვეული ვიყავი. შესასვლელი კარისკენ რომ წავედი, გავოგნდი - ე.წ. ეფ-1 კარის სახელურისთვის ისე გამოუბამთ, რომ გარედან თუ გააღებდი, იქაურობას ჰაერში აsწევდა. ვინც ეს გააკეთა, ხომ იცოდა, რომ უკრაინელი ჯარისკაცი კი არა, იქ სახლის პატრონი შევიდოდა. თან ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც უკვე ტერიტორიას ტოვებდნენ და გარბოდნენ. ისინი სიცოცხლეს, ბედნიერ ადამიანებს ვერ იტანენ. თუ თავად არ ბატონობენ და აკონტროლებენ, ყველა უნდა დახოცონ.

ამიტომ ვამბობ, რომ "ჰამასისა" და "ჰეზბოლასგან" არაფრით განსხვავდებიან... იცით, როდესაც იგებენ, რომ უკრაინაში ვიბრძვით, არაერთხელ პირდაპირ მოუწერიათ, მალე ჩაგაძაღლებთ რუსეთიო. როგორც არ უნდა მოგწონდეს შენი ქართველი, რამდენად მიუღებელი პოზიციაც უნდა ჰქონდეს, რუსი ჩაგაძაღლებსო როგორ უნდა უთხრა ან რატომ?.. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ აქ ფულისთვის ვიბრძვით, რაც სრული აბსურდია. აბა, მითხარით, რა რაოდენობის თანხისთვის შეუძლია ადამიანს თავის გაწირვა?.. ეს საბჭოთა კავშირის დრო არ არის, როდესაც ჯარისკაცს ომში მართლა ხორსაკეპ მანქანაში უშვებდნენ. ყველა ცივილizebუl ქვეყანაში, ნებისმიერ ჯარისკაცს, რომელსაც სამხედრო კონტრაქტზე ხელი აქვს მოწერილი, ხელფასი ერიცხება, მაგრამ ეს თანხა თავის გასატანად სჭირდება. ისინი 24 საათი სანგრებში არ სხედან, როტაცია ხდება და თავისუფალ დროს პირადი საჭიროებებიც აქვთ. სხვა თუ არაფერი, ოჯახები ჰყავთ, ცხოვრებენ და მოგეხსენებათ, უამრავი რამ სჭირდება ადამიანს.

ვიღაცები დამცინოდნენ: რა გინდა უკრაინაში, შენი ბიზნესი გაქვს და მიხედეო. ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი ამომიყირავეს, მაგრამ აქ ფულის გამო არ ჩამოვსულვარ - რუსეთის დამარცხება ის იდეაა ჩემთვის, რომლის გამოც ყველაფერი მიღირს, ჯანმრთელობაც და სიცოცხლეც. "უნა-უნსოზე" წაიკითხონ, ერთ-ერთი მათგანი ცოცხალია. როდესაც აფხაზეთში ჩვენს მხარეს იბრძოდნენ, ბევრს უკითხავს მათთვის, რატომ ხართ აქო? ისე, როგორც დღეს ჩვენ გვეკითხებიან, - აქ რატომ იბრძვითო?

- გეკითხებიან?

- დიახ და ვპასუხობ: ეს მხოლოდ თქვენი, უკრაინის ომი არ არის, საქართველოს ომიც არის-მეთქი. ღმერთმა დაგვიფაროს, უკრაინამაც წააგოს, მაგრამ თუ ეს მოხდა, მეორე დღეს რუსეთი საქართველოში შემოვა. არ მინდა ეს მოხდეს და იმიტომ ვართ აქ მე და ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები.

ლალი პაპასკირი