ნინი ცაგარეიშვილის პირველი ინტერვიუ პირველ როლზე, თაობის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე - გზაპრესი

ნინი ცაგარეიშვილის პირველი ინტერვიუ პირველ როლზე, თაობის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე

"ჩემი ცოლის დაქალებში" ტასიკოს როლს 17 წლის ნინი ცაგარეიშვილი ასრულებს. ამბობს, რომ ეს პერსონაჟი სულ სხვა გოგოა, მისგან ძალიან განსხვავებული. აქვს თუ არა მასთან რაიმე საერთო, რას ფიქრობს პერსონაჟის პრობლემაზე, რომელიც ამავდროულად მისი თაობის პრობლემაც არის, რა სამომავლო გეგმები აქვს და რა ინტერესები? - ამ ყველაფერზე ნინი თავის პირველ ინტერვიუში გულახდილად გვესაუბრა.

- ნინი, ტასიკო არის პერსონაჟი, რომელმაც პოპულარობა მოგიტანა, ეს მდგომარეობა რამდენად მოგწონს?

- გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ მომწონს, პოპულარობა ჩემთვის ახალი "მდგომარეობაა", მიუჩვეველი ვარ. ქუჩაში რომ მივდივარ და ადამიანების მზერას ვგრძნობ, ბოლომდე ვერც კი აღვიქვამ და ვიაზრებ, რომ ოდნავ ცნობადი გავხდი და მზერა ჩემკენ არის მომართული.

- ხშირად გცნობენ?

- ჩემი პერსონაჟის სახელს მეძახიან, - "ტასიკო!" სულ მეცინება. ვამბობ, რომ ის პერსონაჟია, მე სხვა ვინმე ვარ (იცინის). გუშინ ჩემს დას კონცერტი ჰქონდა, ერთი გოგო მოვიდა და ფოტოს გადაღება მთხოვა.

- რას ეტყვი ჩვენს მკითხველს, ვინ არის ნინი ცაგარეიშვილი?

- 17 წლის ვარ, წელს სკოლას ვამთავრებ, აბიტურიენტი გახლავართ. ვმღერი კლასიკურ ვოკალს - ეს ის მიმართულებაა, რომელსაც მინდა მომავალში გავყვე. 4 წლიდან ვცეკვავ ქართულს, სუხიშვილებში დავდივარ. ჩემი ძალიან დიდი სურვილი და მიზანია, ანსამბლის მოცეკვავე გავხდე. რაც შეეხება სამსახიობო გამოცდილებას: ეს ჩემი პირველი როლია. თუ შევძლებ, საკუთარი თავი ამ სფეროში განვავითარო, ძალიან გამიხარდება.

- ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების დრო რომ დადგება, რა არჩევანს გააკეთებ?

- პირველად თეატრალურში მინდა ჩავაბარო, სამსახიობოზე, ამის შემდეგ ვაპირებ კონსერვატორიაში ჩაბარებას. ბოლო 2 წელია, რაც თეატრალურში ჩაბარების სურვილი გამიჩნდა, ახლა ჩემს ცხოვრებაში ეს როლი რომ გამოჩნდა, მეტად დავრწმუნდი, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადავდგა, ინტერესი გამიმძაფრდა.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ აღმოჩნდი?

- სოციალურ ქსელში პოსტი ვნახე, სერიალისთვის ბაზას აახლებდნენ. კასტინგზე სერიალში მონაწილეობის ბევრი მსურველი იმყოფებოდა. შევედით, ფოტოები გადაგვიღეს, ინფორმაცია ჩაიწერეს და გამოგვიშვეს. ძალიან მომზადებული მივედი, მეგონა, ლექსს წამაკითხებდნენ, მამღერებდნენ, მაცეკვებდნენ... სანამ იმ სერიის გადაღება დაიწყებოდა, რომელშიც ჩემი პერსონაჟი პირველად ჩნდება, 2 დღით ადრე მივიღე შეტყობინება, სერიალში ახალი პერსონაჟი შემოდის და სურვილი თუ გექნებათ, ხვალ მობრძანდითო. რა თქმა უნდა, წავედი. ტასიკოს როლის ტექსტი მომცეს, კასტინგი ეკა მჟავანაძესთან ხელახლა გავიარე. ამჯერადაც ბევრი გოგო იყო მსურველი, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ სახლში არ ვიყავი მოსული, ქალბატონმა ეკამ რომ დამირეკა და მითხრა, როლზე დაგამტკიცეთო. ძალიან, ძალიან გამიხარდა.

- პირველი დღე გადასაღებ მოედანზე როგორი იყო, ძალიან ღელავდი?

- ისე ვნერვიულობდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. მე ხომ არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ყველაზე მეტად კი ის მანერვიულებდა, იქ როგორი სიტუაცია დამხვდებოდა. ძალიან გამიმართლა, მეგობრულ გარემოში აღმოვჩნდი. თითოეული მსახიობისგან თუ გადამღები ჯგუფის წევრისგან წამოსული პოზიტივი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ყველა მამშვიდებდა და კარგ რჩევებს მაძლევდა, განსაკუთრებით - ილო ბეროშვილი, ადამიანი, რომელთანაც მიწევდა პარტნიორობა. მიხარია თამაში ასეთი პროფესიონალების გვერდით რომ მიწევს.

- შენი და ილოს ცეკვა ეკრანზე სასიამოვნო სანახავი იყო, ბევრი დუბლის გადაღება დაგჭირდათ?

- საკმაოდ, ბოლოს ორივე ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ვთვლი, რომ იმ დუბლებიდან ცუდი არც ერთი არ იქნებოდა.

- როგორია შენგან აღქმული, დანახული ტასიკო?

- ტასიკო სულ სხვა გოგოა, მე - მისგან სრულიად განსხვავებული. ჩემი აზრით, ძალიან რეალური პერსონაჟია, ქუჩაში ტასიკოს მსგავსი ბევრი გოგო გვხვდება. ტასიკოს თავდავიწყებით უყვარდება ასაკით მასზე უფროსი ადამიანი.

- შენს პერსონაჟს არაფრით ჰგავხარ?

- თითქოს ცოტათი სიჯიუტით ვგავარ, სხვა - არაფრით.

- მგონი, ცეკვის სიყვარულიც გაერთიანებთ.

- მართალია, ეგ გამომრჩა.

- ტასიკოს ქცევებზე რას ფიქრობ, შეგიძლია გამართლება მოუძებნო თუ არა?

- ტასიკოსი გარშემო მყოფებს არ ესმით, ვერ უგებენ. ყველა დასცინის, ყველა ცუდად ექცევა. ის სრულიად მარტოა თავის განცდებთან, გრძნობასთან და აღარ იცის, როგორ მოიქცეს. ვფიქრობ, საზოგადოების ქცევაც არ არის სამართლიანი. ეს გოგო ისეთი ჯიუტია, შეიძლება რაღაც მომენტში თანასოფლელების ჯიბრზეც იმოქმედოს. არ ვიცი, ბოთლის გადამტვრევის სცენაზე რა ვთქვა, ამას გამართლებას ვერ ვუძებნი.

- შენი თაობის გოგონებში ასაკით უფროსი მამაკაცით დაინტერესების საკითხი რამდენად აქტუალურია?

- ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ეს რეალობაა. გოგონების ნაწილს უფროსებთან ურთიერთობა უფრო იზიდავს, ვიდრე თანატოლებთან.

- შენი პერსონაჟის მსგავსად, დღეს საქართველოში ბევრი ბავშვი დედის გარეშე იზრდება, საზღვარგარეთ წასული მშობლების თემა მტკივნეულია ბევრი მოზარდისთვის.

- რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული და დიდი პრობლემაა. ყველა ჩვენგანს გვყავს გარშემო ასეთი გაყოფილი ოჯახები, თავად არაერთს ვიცნობ. ასეთ ბავშვებს მშობლების სითბო სულ აკლიათ. არადა, ეს ხომ შეუცვლელი რამ არის და მერე სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ამის კომპენსირებას. ტასიკოსაც აკლია სითბო და სიყვარული, ამას სხვაში ეძებს. როცა სასურველი მამაკაცისგან ოდნავი სითბო იგრძნო, რაც მასთან მხოლოდ ცეკვით იყო გამოხატული, სულ გაგიჟდა.

- ნინი, როგორი იყო შენი ოჯახის წევრების რეაქცია, როცა ეკრანზე გნახეს?

- გაგიჟებულები იყვნენ, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მშობლები არიან. დედა მეტად გამოხატავდა ამ სიხარულს, ჩემით ამაყობს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, არც მე და არც დედაჩემს არ გვიყვარს, დედამ ეს მიდგომა დაარღვია. ერთი უფროსი ძმა მყავს და ერთი პატარა და, ძალიან მუსიკალური ოჯახი ვართ. ჩემი და ბალეტზე დადის და ფორტეპიანოზე უკრავს, ძმა უკრავს გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე... დედაჩემის დამსახურებაა ეს ყველაფერი. ის მუსიკოსია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული.

- თბილისელ გოგოს ხანჩკარელი გოგოს თამაში არ გაგიჭირდა?

- XXI საუკუნეში, ჩემი ასაკის სოფლელ და ქალაქელ ბავშვებს შორის დიდი სხვაობა აღარ არის. სერიალში კილოც კი არ მაქვს, ასე რომ, არ მიჭირს. სოფლის და ქალაქის თემას ჩვენ ძალიან ცუდად აღვიქვამთ, ასე არ შეიძლება.

- თავად სოფელი გაქვს?

- რაჭაში, ამბროლაურში და ვგიჟდები ჩემს სოფელზე, ისე მიყვარს. სხვავა ძალიან ლამაზია. ოჯახს არც ერთი ზაფხული არ ჩაგვიგდია, ყოველ წელს დასასვენებლად სოფელში დავდივართ. იქ მცხოვრებლებსა და თბილისელებს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

387848499-191517027307639-5530126731701830277-n-copy-1699278493.jpg

- როგორი განცდა გაქვს, როდესაც გირეკავენ და გეუბნებიან, რომ გადაღების დღე გაქვს?

- თავიდან ნერვიულობა მეწყება, მაგრამ გადასაღებ ლოკაციაზე რომ მივდივარ, იქ უკვე დაძაბულობა მეხსნება. მსგავსი თბილი სიტუაცია, როგორიც გადასაღებ მოედანზეა, არსად მინახავს. ეს გარემო ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს.

- რა გატაცებები გაქვს?

- თხილამურებით სრიალი მიყვარს, ცხენით ჯირითი. ბავშვობაში 7 წელი ვიოლინოზე დავდიოდი და მერე გადავედი კლასიკურ ვოკალზე. არ ვიცი, ვიოლინოზე სიარულს თავი რის გამო დავანებე. დღესაც ვუკრავ, ჩემს ჭიას ვახარებ.

- ახალი როლები რომ შემოგთავაზონ, ამის მისაღებად მზად ხარ?

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს. რაც მეტ გამოცდილებას დავაგროვებ, ჩემთვის უფრო კარგი იქნება. ახლა დატვირთული გრაფიკი მაქვს. აბიტურიენტობა რთულია, საგნებში ვემზადები, სკოლა, ცეკვა, სიმღერა, გადაღება... ზოგჯერ ვიღლები, მაგრამ არა უშავს.

- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე