რას გეგმავს მსოფლიო მოქალაქე საქართველოში - გზაპრესი

რას გეგმავს მსოფლიო მოქალაქე საქართველოში

ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, იგივე ნიქს ენერგი მსოფლიო მოქალაქეა. წლების განმავლობაში, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასაადგილებლად, სხვადასხვა საშუალებას იყენებდა: თვითმფრინავი, ავტობუსი, მანქანა, გემი, ველოსიპედი, ცხენი, სპილო, აქლემი... დასახულ მიზნამდე მისაღწევად, საკმაოდ დიდი მანძილი ფეხითაც უვლია და თანაც, ყველანაირ ამინდსა თუ სეზონზე. 29 წლის ასაკში უკვე 106 ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, დღეს კი ეს რიცხვი 182-მდეა გაზრდილი. 37 წლის მოგზაური ბოლო 4 წელი ამერიკაში იმყოფებოდა. ამ შემოდგომაზე სამშობლოში ჩამოვიდა. ამბობს, რომ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა სურს და ამ მიზნის შესასრულებლად უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

- ჩემი გეგმა და მიზანია მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალო. ჩემთვის პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი, სიკეთე და ზრდილობა. ამერიკა დიდი მასშტაბის ქვეყანაა, საიდანაც მსოფლიოს დიდი ნაწილი კონტროლდება. ჩემი სურვილი იყო, იქ ყველა სფერო შემესწავლა, რაზეც დგას და რითაც სუნთქავს ქვეყანა. ნასა, ამერიკის სამხედრო სისტემა, მშენებლობა, უძრავი ქონება, სატრანსპორტო სფერო, საინფორმაციო სამყარო, ჰოლივუდი, მოდის სამყარო, საპროდიუსერო საქმიანობა... - ყველაფერს გავეცანი. ამერიკაში ყოფნის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა მემოქმედა საქართველოში ჩამოსულს, მაგრამ მხოლოდ მე ვერაფერს ვიზამ. ქართველები გენეტიკურად ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ერი ვართ, ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო შევცვალოთ; თუ უფრო მეტად გავაღვივებთ ჩვენში ადამიანურ ფაქტორებს, მომავალ სამყაროში ყველასგან განსხვავებული ერი ვიქნებით. სიყვარული ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა, ესაა ჩემი მთავარი იდეოლოგიაც. ახლა საქართველოში ჩამოსვლისას, მინდოდა ჩემი ყურით მომესმინა, ჩემი თვალით დამენახა და დავკვირვებოდი, რა მიმართულებით მივდივართ...

- და იოლად შენიშნავდით, რომ მასობრივად იგრძნობა ხალხში აგრესია, ისმის ბილწსიტყვაობა, მძლავრობს უარყოფითი აურა...

- დიახ, პირველ რიგში ეს უნდა შეიცვალოს, სხვაგვარად ქართველს ქართველად ვერ აღვიქვამ. ჩემი აზრით, ქართველი მსოფლიოში მაგალითი უნდა იყოს: ზრდილობის, ქცევის, ეთიკის და ა.შ. ყოველი დღე სიყვარულით უნდა გავატაროთ...

- და თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ზიზღისა და ბოროტების დიდი ნაკადი?

- გიგანტური სახელმწიფოები მედიის საშუალებით სარგებლობენ და ცდილობენ აჩვენონ, რომ „სადღაც“ არის ცივილიზაცია და იქ უკეთესია, „სადღაც“ სიტყვის თავისუფლებაა, რომელიც სინამდვილეში უზრდელობაა და სხვა არაფერი. ადამიანებისა და ოჯახების დაყოფა მოახდინეს, გაყავი და იბატონეს პრინციპით. მაგალითად, ერთ ოჯახში შეიძლება ცხოვრობდეს 5 ადამიანი, სადაც ერთი იყოს რომელიმე პარტიის მომხრე და მეორე სხვისი, რელიგიური და არარელიგიური, ვაქცინის მომხმარებელი ან ანტივაქსერი, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგი თუ რუსეთუმე და ა.შ. აზრთა სხვადასხვაობა ოჯახებში წარმოქმნის დაპირისპირებას და კამათს, არადა, ყველაფერი ერთობით იწყება. თუ ოჯახის წევრებს შორის ერთსულოვნება იქნება, ჩვენი ერი ყველა მიმართულებით გაიმარჯვებს.

- როცა ხალხს ესაუბრებით თქვენს სურვილზე, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ, როგორ გხვდებათ მსმენელი - დადებითად თუ თქვენ მიმართაც აგრესია მოდის?

- არანაირი აგრესია და გეტყვით რატომაც: მე პოლიტიკოსი არ ვარ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. ჩემი იდეოლოგია, რის გამოც მსოფლიო მოვიარე, ის კი არ იყო, რომ ხალხს დავნახვებოდი და შევჯიბრებოდი, - აი, მეგობრებო მე, დღეს აქ ვარ და ხვალ იქ ვიქნები-მეთქი, არამედ ის, რომ მსოფლიო შემესწავლა. მინდოდა გამეგო და მაინტერესებდა: რელიგიები, კულტურები, სხვადასხვა ხალხის ცხოვრების სტილი, როგორ იზრდებიან ბავშვები, რას შთააგონებენ პატარაობიდან... რასაკვირველია, სამყაროს იმხელა მასშტაბები აქვს, ყველაფერს ბოლომდე ვერ შეvისწავლidი, მაგრამ რასაც აქამდე ჩავეძიე, ყველაფერმა საქართველოში დამაბრუნა. ქართველებში არის ის მთავარი გენეტიკური კოდი, რითაც ჩვენ მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა ვიყოთ. არ მოვუსმინოთ მათ, ვინც გვეუბნება, რომ რომელიღაც დასავლეთის „ფინტიკრუშკა“ ქვეყნიდან რაღაც უნდა ვისწავლოთ, მაგალითი ავიღოთ, პირიქით, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ჩვენგან ისწავლოს.

1-copy-1699860722.jpg

- საქართველოში რეგიონებს სტუმრობთ. აქ რა მიზნით მოგზაურობთ, ათვალიერებთ თუ თანამოაზრეებს ეძებთ?

- საქართველოში 2 კვირით ჩამოვედი და მეტხანს დავრჩი. სოფელ-სოფელ სიარული მიწევს. ამერიკაში დიდი სანაცნობო წრე მყავს. სხვადასხვა შტატსა და ქალაქში ვიყავი. იმ ქართველებს, ვისაც დავპირდი, რომ საქართველოში მათ მონატრებულ ოჯახებს მოვინახულებდი, პირობას ვუსრულებ. ბევრია ისეთი, ვინც ამერიკაში უკვე წლებია ცხოვრობს, მაგრამ საბუთები არ აქვს წესრიგში, რათა ჩამოვიდეს და თავისიანები მოინახულოს. მათი სახელით მივდივარ ზოგის ბებიასთან, ძმასთან თუ ოჯახის სხვა წევრთან, სიყვარული მიმაქვს და ვუყვები, როგორ შრომობენ მათი ნათესავები ამერიკაში და როგორი ანთებულები არიან. მიყვარს, როცა სიყვარული დამაქვს. საერთოდ, საკუთარი ქვეყნიდან გასული ადამიანი რადიკალურად იცვლება, სტილით, გონებით. სხვა ქვეყანაში მყოფი უფრო მეტად აფასებენ საქართველოსა და ქართველობას. მაქსიმალურად ჩაჭიდებულები არიან თავიანთი იდენტობის შენარჩუნებას, ისევე როგორც საქართველოში დატოვებულ სახლ-კარსა და ნათესავებს.

- ყველაზე ემოციურ შეხვედრას ხომ ვერ გამოარჩევთ?

- დაკონკრეტება არ მინდა, მაგრამ ბევრი ცრემლიანი შეხვედრის მომსწრე ვარ. როცა ვმოგზაურობ, ვიდეოებსაც ვწერ და ბევრმა უკვე წინასწარ იცის, ვისთან რისთვის მივდივარ. როცა დამინახავენ, როგორც საკუთარ შვილს, ისე მხვდებიან და ეს ძალიან ემოციური მომენტია. მაგალითად, ერთი მეგობრის შვილი რომ მოვინახულე, შევეცადე სულ სხვა კუთხით დამენახვებინა მამამისი და არა ისე, როგორც სადღეგრძელოებში ამბობენ ხოლმე, - მამაშენს გაუმარჯოსო. ვეცადე ბავშვისთვის ამეხსნა, რომ მამამისს დიდი ნებისყოფა, ოპტიმიზმი და ემოციური სიძლიერე სჭირდება თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ შვილთან დისტანციური კომუნიკაცია ჰქონდეს. თან უნდა გაუცინოს და თან შორიდან იზრუნოს იმაზე, რომ მისი შვილი ქართულად გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს. მშობელს არც ზედმეტი კონტროლი სურს და არც ის, რომ აღზდის პროცესი ხელიდან გაექცეს. მოკლედ, ეს დიდი და რთული პროცესებია, რომელსაც ქვეყნიდან შორს მყოფი ადამიანები გადიან და ვინც აქეთ რჩება, ყველა დეტალი კარგად უნდა გაიაზროს. მე ემიგრანტი არასდროს ვყოფილვარ, რადგან ვმოგზაურობ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლისას, ემიგრანტებთან მუდმივი კონტაქტი მიწევს. იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და ისრაელში ბევრი ქართველი მინახავს და მათ ემოციურ მდგომარეობას კარგად ვიცნობ. დიდ პროცენტს მაინც საქართველოში დაბრუნება უნდა. საზღვარგარეთ მყოფთა უმრავლესობა მხოლოდ პირველ ეტაპზე გეგმავს, რომ იქ "აეწყობა" და კარგად იქნება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ყველა მაინც საქართველოში დაბრუნებაზე იწყებს ფიქრს.

- ამჯერად სად აპირებთ გამგზავრებას?

- ამერიკას დავემშვიდობე, იქ აღარ მივდივარ. ახლა რამდენიმე თვით სხვა ქვეყნებში გამგზავრებას ვგეგმავ. შემდეგ მაქსიმუმ 1 წელიწადში საქართველოში უნდა გადმოვიდე და ჩემი იდეოლოგია განვახორციელო. შევქმნი ჯგუფს, რომელიც ნელ-ნელა გაიზრდება, გაძლიერდება და მთელ ქართველობას მოიცავს. ჩვენში უნდა გავაღვივoთ ის ადამიანური თვისებები, რომელზეც უკვე ვისაუბრე. ამ ეტაპზეც, სადაც დავდივარ, ვსაუბრობ და ვცდილობ ჩემი იდეოლოგიის ხალხი ვიპოვო, მათ აზრები გავუზიარო და სამომავლოდ შემოვიკრიბო. ამ შემთხვევაში ჩემთვის კიდევ ერთი პრიორიტეტული თემა ჯანმრთელობაა და მინდა ამას ხაზი გავუსვა: სადაც ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ, დედამიწის იმ ადგილს ვართ „მიწებებული“. შესაბამისად, ჩვენს მიწაზე მოყვანილი პროდუქტი არის ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო და მკურნალიც. სხვა დანარჩენი რეალიზებისთვის დარეკლამებული პროდუქტი ჩვენთვის არანაირად არ იქნება სასარგებლო. მაგალითად ბანანი, ყავა, ზეითუნის ზეთი და ა.შ. ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგი ვერ იქნება. შეიძლება დარეკლამებული ლამაზად გვეჩვენოს და ერთჯერადად მისაღებად მოგვეწონოს, მაგრამ სხვადასხვა ვიტამინით სავსე და უკეთესი შემცველობის პროდუქტი შეიძლება ჩვენს მიწაზეც მოვიპოვოთ. დღეს ბავშვებს მასობრივად აჭმევენ ბანანს, სასარგებლოაო და ლამის ყველაფერში ამ ხილს უჭყლეტენ. ბრაზილიაში მცხოვრებლებისთვის ბანანი სასარგებლო შეიძლება იყოს, მაგრამ ქართველისთვის ვერ იქნება, მით უფრო, ტრანსპორტირებას რომ გაუძლოს და შენახვის ვადა გაუხანგრძლივდეს, მასზე ათასგვარი ჩარევა ხდება. ასევე მინდა ადამიანებს ავუხსნა წყლის მიღების მნიშვნელობა. საქართველოში გვაქვს ამის საშუალება და არ ვიყენებთ. ბევრისგან მოისმენთ, რომ დღის განმავლობაში ბევრ სითხეს იღებს, სინამდვილეში გულისხმობს ჩაის, ყავას ან წვენს. როგორც ჭურჭლის რეცხვის დროს საჭიროა სუფთა წყალი, ისევეა ადამიანის ორგანიზმისთვისაც. მას ნორმალური ფუნქციონირებისთვის სუფთა წყალი სჭირდება. შევეცდები ადამიანები ამგვარ თემებზე დავაფიქრო, მარტივად ავხსნა ეს ყველაფერი და ყველა თავად მივა ლოგიკურ დასკვნებამდე.

5-copy-1699860712.jpg

- თქვენც ბევრი სხვასავით, ხომ არ გაგიჩნდათ სურვილი და დაგიდგათ ის ეტაპი, რომ საბოლოოდ დამკვიდრდეთ საქართველოში და დღემდე რა ცოდნაც მიიღეთ, ეს რესურსი თქვენი ქვეყნისთვის გამოიყენოთ?

- ეს ეტაპი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგება, უნდა თავის ქვეყანაში დამკვიდრდეს, მაგრამ მე ამერიკაშიც რომ ვცხოვრობდი, მაშინაც საქართველოს არ მოვწყვეტილვარ. იქაც ქართველების გვერდით ვიყავი და მთელი სულითა და გულით ვაკეთებდი რაღაცებს, რაც საქართველოსთვის იქნებოდა სასიკეთო. ეს იყო ერთგვარი მომზადება დიდი ნახტომისთვის. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რომ მსოფლიოში შემეცნებისთვის მემოგზაურა. სხვაგან გადასახლებაზე არასდროს მიფიქრია. ახლაც, სადაც უნდა წავიდე, ყველგან საქართველოში ვარ.

ანა კალანდაძე