"ვნანობ, რომ ისე გარდაიცვალა, მისთვის ვერ მოვახერხე მეთქვა, - გაპატიე-მეთქი" - გზაპრესი

"ვნანობ, რომ ისე გარდაიცვალა, მისთვის ვერ მოვახერხე მეთქვა, - გაპატიე-მეთქი"

ასაკი: 29-ის.

განათლება: სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტში არქეოლოგიის ფაკულტეტზე.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "ინფლუენსერი", მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში.

ჰობი: ცეკვა.

ცხოვრების დევიზი: "თუ ხარ დრაკონი, იყავი დრაკონი".

- სალომე, შენს ცხოვრებაში ბოლოს რა სასიამოვნო სიახლე მოხდა?

- ჯუჯა პუდელის ლეკვი შევიძინე. ბავშვობაში ნიკოს პუდელი ჰყავდა, როგორც მითხრა. მის პატივსაცემად, ჩვენს ლეკვსაც ჩიჩო დაარქვა... თავდაპირველად მეგონა, სახლში ახალშობილი გვყავდა: საწოლში გვიწვებოდა. ცალი თვალი სულ გახელილი გვქონდა - ვფხიზლობდით, რომ არ გაგვეჭყლიტა ან მისთვის რამე არ დაგვეშავებინა. თან, ყოველ 3 საათში კვება სჭირდებოდა, ღამით იღვიძებდა... ახლა ცოტათი გატუტუცებულია. ჩვენც გავთამამდით (იღიმის).

- ახლა უსიამოვნო სიახლის შესახებაც გვითხარი...

- უსიამოვნო ის არის, რაც "პრაიმ ჰაუსში" ხდება: ჩემ მიმართ უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდება...

- ელოდი, რომ შენი და ნიკოს წყვილი მე-4 სეზონშიც ასეთი აქტუალური იქნებოდა?

- როგორც კი გავიგე, პროექტში ნიკოს ყოფილი მეუღლე შედიოდა, ცხადია, ვიცოდი, რომ ისევ აქტუალურები ვიქნებოდით, ამისთვის მზად ვიყავი.

- არ გეშინოდა, რომ თქვენს იმიჯს ზიანი მიადგებოდა, რადგან ამ ეტაპზე, ნიკოს ყოფილ მეუღლეს მეტი საშუალება აქვს, ფართო აუდიტორიის წინაშე იყოს?

- ვფიქრობდი, რომ ჩვენ მიმართ უფრო მეტი "ჰეითი" წამოვიდოდა, რადგან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, შედარებით შეზღუდულები ვიქნებოდით, მაგრამ ის პლატფორმა ჩვენც გვქონდა, რაც თაიას ახლა აქვს და საღად მოაზროვნე ხალხმა რეალობა დაინახა. "ჰეითერებისგან", რომლებიც კონკრეტული მხარის ახლობლები და გულშემატკივრები არიან, ობიექტურობას არ ველი - ნებისმიერ შემთხვევაში, მიკერძოებულები იქნებიან. ასე რომ, ჩემი ხალხი მაძლიერებს, თუმცა ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებს სიმართლეს არ დავუკარგავ.

- ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვარს?

- სხვათა შორის - კი. ვფიქრობ, ანტიპიარიც პიარია. თუკი ჩემ შესახებ ლაპარაკობენ, ე.ი. ჩემში რაღაცას ხედავენ, რაც აიძულებთ, რომ ილაპარაკონ. უინტერესო ადამიანზე, დარწმუნებული ვარ, არ ილაპარაკებდნენ.

- წლების მერე, როგორ გინდა, რომ ხალხს დაამახსოვრდე?

- ქვეყნის წინაშე კონკრეტული ღვაწლი, დამსახურება არ მიმიძღვის, მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია, რომ ამბიცია მქონდეს, ხალხს დავამახსოვრდე. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელმაც რეალითი შოუში მონაწილეობა მიიღო, ბევრი "ჰეითი", დამცირება, ტკივილი გადაიტანა, მაგრამ სიყვარული იპოვა და თავისი გრძნობის გამო, უკან არ დაუხევია... თუ რაიმე დამსახურება მექნება, აუცილებლად ვიამაყებ, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა ადამიანებმა ისეთი დამიმახსოვრონ, როგორიც რეალურად ვარ, ჩემი თვისებებით.

- გვითხარი შენი ამ თვისებების შესახებ...

- ვაფასებ თავმდაბლობას, არ ვარ ბოროტი, ამბიციური, ეგოცენტრული. მარტივად შემიძლია, ადამიანებს გავუგო, მტერიც კი მოყვარედ დავიყენო, თუკი ის ერთ ტკბილ სიტყვას მეტყვის. წყენის გულში ჩადება არ მჩვევია. კონკრეტული დოგმები არ მაქვს, რომ ვთქვა: კონკრეტული ტიპის ადამიანს თავს გავუყადრებ, კონკრეტულს კი არა-მეთქი. უბრალო და უშუალო ვარ. თავში არასდროს არაფერი ამვარდნია და არც ამივარდება.

- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, რომელ მონაკვეთს, ეპოქას აირჩევდი?

- ბავშვობაში და საერთოდ, ჩემს წარსულში დაბრუნება არ მინდა - ეს ზუსტად ვიცი... იმ ეპოქაში დავბრუნდებოდი, როცა ქვეყანაში მონარქიული მმართველობა იყო, თუნდაც - დავით აღმაშენებლის მეფობისას. ის პერიოდი, მაშინდელი ყოფა ძალიან მაინტერესებს.

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვარს?

- საღამო, რადგან ხშირად დილით დადებითი განწყობით ვერ ვიღვიძებ (იღიმის). ასე თუ ისე, ღამის ცხოვრება გვაქვს...

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- 6 საათი. რეჟიმი არეული მაქვს. რეალურად, ადამიანისთვის ღამით ძილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკითხი ვერ დავარეგულირე: გამთენიისას ვიძინებ და გვიან ვიღვიძებ...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- მინდა უჩინმაჩინის მოსასხამი მქონდეს. ისეთ ადგილას გავჩნდებოდი, სადაც მაინტერესებს, რა ხდება. მაგალითად, ნიკოს კარაოკეში დავადგებოდი თავს (იცინის)... გული ნაკლებად მეტკინებოდა, როცა მეცოდინებოდა, კონკრეტული ადამიანისგან რა მოლოდინი შეიძლებოდა მქონოდა. ამიტომ უჩინმაჩინის მოსასხამს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებდი.

- ნიკოსთან დაკავშირებით იხუმრე თუ სიმართლეს ასახავს შენს ეჭვიანობასთან დაკავშირებული ვიდეოები, რომლებსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებთ ხოლმე?

- თავად ძალიან ეჭვიანი ვარ და ვიცი, რომ უჩინმაჩინის მოსასხამს მაინც გამოვიყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვიანობის საბაბი არ მაქვს, ამ ეტაპზე...

- როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?

- ბავშვებთან ურთიერთობა. შვილის სკოლაში წაყვანა სიამოვნებას მანიჭებს, რადგან მე და ანდრიას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ის გზა მომწონს, რასაც სახლიდან სკოლამდე და პირიქით გავდივართ. ჩვენ შორის მეგობრული ატმოსფეროა, ასეთ დროს უფრო "გახსნილია", უფრო მეტ საერთოს ვპოულობთ. მომწონს, როცა სკოლასთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს მიზიარებს...

- ასაკის მატება გაშინებს?

- სხვათა შორის, სიბერის მეშინია. მგონია, დავმახინჯდები. საკუთარი სხეულის შეცვლა მაფრთხობს, ამაზე ფიქრი არ მინდა...

- ბოლოს რომელი ფილმი ნახე?

- ფილმებს ნიკო ჩამირთავს ხოლმე. ძირითადად, საშინელებათა ჟანრის ფილმებს ვუყურებ... ბოლოს "ჯადოქრები" ვნახეთ.

- ბავშვობაში რომელ ცნობილ ადამიანთან შეხვედრა გინდოდა განსაკუთრებულად?

- დღემდე მაქვს სურვილი, ლანა დელ რეის კონცერტზე მოვხვდე და პირადად გავიცნო.

- შენს შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- კი. სხვათა შორის, რისკიანი არ ვარ. პირველი დიდი, რისკიანი ნაბიჯი "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობა იყო, რადგან საერთოდ, საზოგადოებაში გამოჩენის მეშინოდა - კომპლექსი მქონდა. არ ვიცი, როგორ ვიპოვე ეს ძალა, მაგრამ საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა, თან - ეს საზოგადოების წინაშე უნდა მომხდარიყო. მანამდე ცხოვრების აქტიური სტილი არ მქონია... ამ პროექტმა ჩემს ძალებში დამარწმუნა, დიდი გამოცდილება მომცა, თვითშეფასება ამიმაღლა.

- ყველაზე უკეთ რა საქმე გამოგდის?

- საქმის რა გითხრათ, მაგრამ კულინარიაში რაღაც-რაღაცები გამომდის, თუმცა "პრაიმ ჰაუსში" არც ერთი კერძი არ მომიმზადებია... რაიმე თანდაყოლილი ნიჭი დიდად არ მაქვს. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ შემეძლო, რომანი დამეწერა, მაგრამ სიზარმაცემ მძლია...

- რომანის დაწერაზე ნიკოსთან შეხვედრამდე ფიქრობდი?..

- კი, ბავშვობიდან... შინაგანად მგონია, რომ შემიძლია კარგი რომანი დავწერო. ამ საქმეს დაჯდომა, მობილიზება, სიმშვიდე სჭირდება. ამ ქაოსში რა გავაკეთო?! ჩემს გონებაში იმდენი რაღაც ტრიალებს, რომ ახლა რომანი კი არა, შეიძლება ელემენტარული რამეც ვერ დავწერო...

- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- არა, ეს ძალიან ადამიანური გრძნობაა და ფსიქიკურ აშლილობასთან არანაირ კავშირში არ აქვს.

- ეს გრძნობა შენზე როგორ ზეგავლენას ახდენს?

- მამშვიდებს, მაბალანსებს... ზოგი ფიქრობს, მეორე ნახევარი საჭირო არ არის, რომ სრულფასოვნად ბედნიერი იყო, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, ყველა ადამიანი არის ნახევარი, თუ ის შეყვარებული არ არის. ამიტომ ვფიქრობ, სიყვარული მავსებს და "ერთიანობაში მოვყავარ".

- საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ყოფილხარ?

- ვყოფილვარ. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. დღესაც ვფიქრობ, რომ ჩემს გარეგნობაში გარკვეულ დეტალებს შევცვლიდი, თუმცა ნიკო მეწინააღმდეგება. მეუბნება, რომ არაფერი არ უნდა შევიცვალო, მაგრამ ხომ იცი, გამჩენი რომ არ გასვენებს ადამიანს, არა (იღიმის)? საერთოდ, გარეგნობასთან დაკავშირებით, ცვლილებებისკენ მიდრეკილი ვარ: სულ მინდა რაღაც შევცვალო, გავაუმჯობესო... ისე ვარ აზარტში შესული, მეშინია, ჩემი ინდივიდუალური სახე არ დავკარგო. რაღაც ცვლილებებს ნელ-ნელა ვეპარები...

- ახლა რისი შეცვლა გინდა, რაშიც ნიკო გეწინააღმდეგება?

- მაგალითად, სახის ოვალის გამოკვეთა მინდა... რინოპლასტიკა მსურდა და გავიკეთე კიდეც. "აწყობილს" რომ მეძახდნენ, რეალურად, მაშინ მხოლოდ ცხვირი მქონდა "გაკეთებული", მერე უკვე ტუჩის ფილერი გავიკეთე, ახლა - ნიკაპის კორექცია, ბუნებრივი შემავსებლით. შეიძლება, სახის ოვალის გამოკვეთაც გავრისკო... "აწყობილის" თქმა ჩემზე ზეგავლენას არ ახდენს: ლამაზი ქალი ლამაზი ქალია და მნიშვნელობა არ აქვს, ამ სილამაზემდე რა ჩარევით მივიდა...

- ადამიანთან პირადად შეხვედრისას, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- ტუჩ-კბილი, საუბრის მანერა, მიმიკა...

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?

- არ მინდა, ჩემი თავი ინტერნეტის გარეშე წარმოვიდგინო... უინტერნეტოდ შემიძლია, მხოლოდ ის პერიოდი გავძლო, როცა სახლს ვალაგებ ან ბავშვს ვამეცადინებ.

- 1 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევ?

- შავს. მამის გარდაცვალების შემდეგ, შავი ცოტათი შემძულდა, რადგან სულ ისე მეცვა, როგორც მგლოვიარეს შეეფერება... შემდეგ შავის მიმართ პროტესტის ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ვარდისფერი, თეთრი სამოსის ჩაცმა დავიწყე... ახლა შავი ისევ მიყვარს. მიმაჩნია, რომ ამ ფერის სამოსში გამოწყობილი უფრო ეშხიანი ვარ. ჩემს გარდერობში ბევრი შავი, ნაცრისფერი და ყავისფერი ტანსაცმელია. "მყვირალა" ფერები არ მიყვარს.

- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- იდეალური ურთიერთობა არ მქონია. სმა უყვარდა. გითხარით კიდეც, - ჩემს წარსულში არ დავბრუნდებოდი-მეთქი, რადგან ისეთი ბავშვობა არ მქონია, როგორიც ჩემი აზრით, ნებისმიერ პატარას უნდა ჰქონდეს. ჩემს ოჯახში სულ კონფლიქტი, ჩხუბი იყო. ჩემი ძირითადი საფიქრალი ის გახლდათ, რომ სკოლიდან დაბრუნებულს მამა შინ ფხიზელი დამხვედროდა... ფხიზელი მამა საერთოდ სხვანაირი იყო: ალალი, დიდი გულის პატრონი, უბოროტო... ეს ჩვენს ბავშვობის დროინდელ რეალობას ვერ ანეიტრალებდა, რადგან კვირაში რამდენიმე დღე მაინც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

- კონფლიქტური ოჯახისგან თავის დასაღწევად, გოგონებს გათხოვება გამოსავლად მიაჩნდათ. შენს შემთხვევაში, როგორ იყო საქმე?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემს პირველ ქმარს უსიყვარულოდ მივთხოვდი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი მაინც ის იყო, რომ კონფლიქტურ ოჯახურ გარემოს გავრიდებოდი...

img-9319-copy-1699861547.jpg

- ზრდასრულობისას მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ვერ ვპატიობდი ბავშვობის ტრავმებს, რაც გადავიტანე, დედაჩემთან დამოკიდებულებას... რაღაცნაირად, ნაწილობრივ დედაჩემის დაავადებას იმას ვუკავშირებდი, რომ მამა დედას ხშირად ანერვიულებდა... ამიტომ მამასთან დისტანციური ურთიერთობა მქონდა. ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ისე გარდაიცვალა, მისთვის ვერ მოვახერხე მეთქვა, - ყველაფერი გაპატიე-მეთქი.

- დედა თავს როგორ გრძნობს?

- მკურნალობს, საფრანგეთშია... უბრალოდ, სიმსივნე გარდამავალია: ხან რომელ ორგანოზე ჩნდება, ხან - რომელზე... ამ ეტაპზე, მკურნალობას ექვემდებარება.

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ალბათ - გულწრფელობა და მიმტევებლობა. უბრალოდ, ეს მამაჩემთან ვერ შევძელი... ახლო ადამიანებისთვის პატიება უფრო მიჭირს, სხვებთან კი მიმარტივდება...

ეთო ყორღანაშვილი