ანა ჯავახიშვილი ახალ ამპლუაში - გზაპრესი

ანა ჯავახიშვილი ახალ ამპლუაში

"...ნინო ანანიაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა და რეფორმები გაატარა, შემდეგ ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სრულიად ახლებურად იყო ყველაფერი, რის გამოც ბავშვები მადლიერები ვიყავით... ყველაფერი ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა და იმ პერიოდში ვერც ვაცნობიერებდი, რა ჯადოსნური სამყაროც იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი უდიდესი სიყვარულით მახსენდება..." - იხსენებს ახალგაზრდა მსახიობი ანა ჯავახიშვილი. იგი თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გულწრფელად გვესაუბრა...

- ხუთი წლის რომ გავხდი, მშობლებს ბალეტზე მიყვანა ვთხოვე და სურვილი მაშინვე შემისრულეს. მადლიერი ვარ, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს. რაც თავი მახსოვს, სულ ამ პროფესიაზე ვოცნებობდი, სცენაზე ყოფნა მსურდა, მსახიობობა კი უფრო 16-17 წლის ასაკში მოვინდომე...

- ბალერინობა რატომ გადაიფიქრეთ?

- მძიმე ტრავმა მივიღე და ამ პროფესიაში ვეღარ დავრჩებოდი... საბედნიეროდ, ძალიან მალე ახალი მიმართულება გამომიჩნდა, რაც სცენაზე ყოფნის საშუალებას მომცემდა და ეს რომ არ მომხდარიყო, ალბათ ძალიან უბედური ვიქნებოდი.

- სცენა, დიდ ვარსკვლავებთან შეხვედრები, ჯადოსნური სამყარო, უმდიდრესი შთაბეჭდილებები ძალიან პატარა ასაკში გამოიარეთ...

- დიახ, ნინო ანანიაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა და რეფორმები გაატარა, შემდეგ ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სრულიად ახლებურად იყო ყველაფერი, რის გამოც ბავშვები ძალიან მადლიერები ვიყავით... ყველაფერი დიდ შრომას მოითხოვდა და იმ პერიოდში ვერც ვაცნობიერებდი, რა ჯადოსნური სამყაროც იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი უდიდესი სიყვარულით მახსენდება...

ამ პროფესიის გამო ყველაფერზე უარის თქმა მიწევდა. ჩემს მეგობრებს ახლაც ეცინებათ, რადგან თხილამურებზე დგომა, ველოსიპედის ტარება, თუნდაც, ნარდის, კარტის თამაშიც არ ვიცი... ისეთი რეჟიმი მქონდა, რომ სულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვიყავით, სკოლიდან ღამით გამოვდიოდით. ქორეოგრაფიული რომ დავამთავრე, შემდეგ მივხვდი, რაღაცებს ჩამორჩენილი ვიყავი.

- საბალეტო სკოლა დაამთავრეთ, ბალერინობა არ მოხერხდა, მაგრამ ის ცოდნა სხვა მიმართულებით გამოგადგათ?

- ძალიან! რაც უფრო ვიზრდები, მით მეტად მადლიერი ვარ. გამომადგა დისციპლინის მხრივ. არაფრით შემიძლია სადმე დავიგვიანო, უპასუხისმგებლოდ მოვიქცე რეპეტიციაზე, გადაღებაზე თუ სხვაგან. ვხვდები, რომ ეს პასუხისმგებლობის გრძნობა ქორეოგრაფიულ სკოლაში სწავლის დამსახურებაა.

პლასტიკის მხრივაც ძალიან გამომადგა. წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ლექტორი გავხდი, კლასიკურ ცეკვას და პლასტიკას ვასწავლი. ვცდილობ, რაც საბალეტო სკოლაში ვისწავლე, სტუდენტებს ყველაფერი გავუზიარო. უმნიშვნელოვანესია მათი პლასტიკა, ხელი, ფეხი ძალიან სწორად განვითარდეს.

- სტუდენტები და თქვენ დაახლოებით ერთი ასაკის ხართ...

- დიახ, ასეა. მათ პირველად რომ ვუთხარი, თქვენი პედაგოგი ვიქნები-მეთქი, მართლაც ძალიან გაუკვირდათ...

- თავად თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრეთ და უკვე სტუდენტობის პერიოდიდან გახდით პოპულარული...

- დიახ, დრამის ფაკულტეტი დავამთავრე... ყველაფერი კარგად აეწყო: ვსწავლობდი და გადაღებებზეც დავდიოდი. სწავლაში ხელი არ მეშლებოდა, თან პრაქტიკას გავდიოდი, რაც უმნიშვნელოვანესია. რაც უნდა კარგად გასწავლონ, ფილმებში, სერიალებში გადაღებებზე ყოფნაა მთავარი. ამისთვისაც მადლიერი ვარ, ყველაფერი რომ იმ ასაკში მოვახერხე.

კარგად მახსენდება სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" გადაღებები... იმ პერიოდში თეატრალურ უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით, ჯგუფელები ვიყავით მე და გიორგი ტაბიძე... გიოს მეგობრებსაც ჩვენი კურსელები თამაშობდნენ და სულ ვამბობდი, უნივერსიტეტიდან პირდაპირ სერიალში გადავედით-მეთქი...

- სერიალმა ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელიც შეგძინათ...

- დიახ, ისეთი სერიალია, რომელსაც მთელი საქართველო უყურებს. ამის წყალობით ყველგან გვცნობდნენ, ყველა თბილად და დადებითად იყო განწყობილი, რაც ძალიან მახარებდა. არავისგან მოდიოდა ნეგატიური ენერგია, ცუდი კომენტარები...

- გარკვეული დოზით პოლიტიკაშიც ხომ არ აღმოჩნდით, პარტიის მხარდასაჭერ კლიპს ვგულისხმობ...

- უბრალოდ, კლიპის კასტინგზე ვიყავი, სადაც მეც ამიყვანეს და მერე არ ვიცი, რა როგორ იქნა აღქმული, პოლიტიკაში გამოვჩნდი თუ არა. მე მხოლოდ ჩემი სამსახიობო მოვალეობა შევასრულე... ძალიან კარგად მახსოვს ამ კლიპის პრემიერა, გადაღებები იმდენად საინტერესო იყო, რომ ცხრა დღეში მთელი საქართველო მოვიარეთ...

- მოგზაურობა თუ გიყვართ და რა მოგონებები გაქვთ ამ მხრივ?

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს და გამიმართლა, როდესაც ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" გამოვიდა, პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა... კანის შემდეგ ფილმი ბევრ კინოფესტივალზე გავიდა, მთელი ჯგუფი ყველგან ერთად წასვლას ვერ ვასწრებდით, ნაწილებად დავიყავით და ზოგი ერთ, ზოგი მეორე ქვეყანაში მიდიოდა. მოკლედ, საშუალება მომეცა, რამდენიმე ქვეყანაში წავსულიყავი და როგორც მსახიობს, ფილმი წარმედგინა.

ვიყავით საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ლატვიაში, ამერიკაში... მე იაპონიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ჯგუფი იყო... ყველაზე შთამბეჭდავი გახლდათ ამერიკა, ნიუ-იორკი და ესპანეთი, სადაც პატარა, ძალიან ლამაზ ქალაქში ჩავედით. პრემიერამაც სასიამოვნოდ ჩაიარა და საერთოდ, ატმოსფერო იყო ძალიან დასამახსოვრებელი... იტალიასა და ლატვიაში ფილმის პრემიერაზე ქართველი სტუდენტები მოვიდნენ. იქ ჩვენების ნახვა ძალიან სასიამოვნო, ემოციური იყო.

- თუ არ ვცდები, "ჩემი ცოლის დაქალების" შემდეგაც ბევრგან გამოჩნდით...

- "ჩემი ცოლის დაქალები" ძალიან რეზონანსული იყო და სხვებზე ამდენად ვერ ვიტყოდი, მაგრამ ფილმებში, სერიალებში ვმონაწილეობდი. მაგალითად, "იდეალური დედა", "ჩვენი პირველი სერიალი"... რასაკვირველია, ჩემს პროფესიაში ჩავარდნები არის. პატარა ქვეყანაა და შეიძლება ბევრი გადაღება, როლი არ იყოს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, პროფესიას ბოლომდე არ მოვწყდე.

- დღეს ახალგაზრდა მსახიობისთვის რამდენად ხელსაყრელი გარემოა საქართველოში?

- ძალიან რთულია... ეროვნული კინოცენტრი წელიწადში ალბათ ხუთიოდე ფილმს აფინანსებს. ტელევიზიით სულ გადის რაღაც სერიალი და ყველა ამ სერიალში რომ მოხვდე, რაც შეუძლებელია, მაინც ძალიან ცოტა დატვირთვაა... წელიწადში ერთი ფილმი და რაღაც სერიალებში დაკავება, მსახიობისთვის არ არის საკმარისი, რომ განვითარდეს. ახალგაზრდას პრაქტიკა და სამუშაო სჭირდება.

- როგორც პედაგოგმა, თქვენს თავში რა ახალი უნარები აღმოაჩინეთ?

- პედაგოგობა ძალიან რთული ყოფილა. ადრე ვერც წარმოვიდგენდი, ამდენი ენერგია თუ სჭირდებოდა. ჩემმა პედაგოგმა, არაჩვეულებრივმა ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ მითხრა, - შენ თვითონ მიხვდები, რა რთულიაო და მართლაც, პირველივე ორ ლექციაზე გავიაზრე, რომ ფიზიკურად, გონებრივად უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. გინდა ყველამ ზუსტად გაიგოს რასაც ამბობ, ზუსტად ისე გააკეთოს და ამას დიდი ენერგია მიაქვს. თუმცა, როცა სტუდენტს რაღაც კარგად გამოსდის, ეს უკვე ყველანაირ დაღლას აბათილებს და ორმაგად ბედნიერი ვხდები. ვაცნობიერებ, რომ ასე მე ვასწავლე და სიხარული უკან მიბრუნდება. ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს. ჯერ დასაწყისია და რთულია, მეც ნელ-ნელა ფორმაში ჩავდგები და ვისწავლი ენერგია სწორად როგორ გადავანაწილო...

- როგორ დაახასიათებთ თქვენს სტუდენტებს, როგორი თაობაა?

- ძალიან, ძალიან კარგები არიან. მონდომებულები, ნიჭიერები, სახასიათო, რაც მსახიობისთის მთავარია. ლექციას არასოდეს აცდენენ და ეს მისასალმებელია. ხომ ძალიან ცოტა დრო გავიდა - 4 წელი, რაც უნივერსიტეტში სწავლა დავამთავრე, მაგრამ ჩვენს დროს ხშირი იყო ლექციების გაცდენა. ყველა ძალიან მოწესრიგებულია, საკითხს სერიოზულად უყურებენ.

- პირად ცხოვრებაზე, თქვენს ახალშექმნილ ოჯახზე რას გვეტყვით?

- დიახ, წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ქორწილი მქონდა. ბედნიერად და შეხმატკბილებულად ვწევთ იმ უღელს, რასაც ოჯახური თანაცხოვრება ჰქვია. დროს ოჯახსაც ვუთმობ და საქმეშიც მაქსიმალურად ვიხარჯები.

image0-copy-1699861694.jpg

- როგორ უვლით თავს? ჩემთვის სულ იდეალურად გამოიყურებით...

- დიდი მადლობა! განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ და მეც ისევე ვუვლი თავს, როგორც ყველა. ვცდილობ ვივარჯიშო, როცა საჭიროა მეტად დავიხარჯო და სახლის საქმეებსაც რომ ვაკეთებ, ვხვდები, კალორიები როგორ იწვება. წონას მუდმივად არ ვაკონტროლებ, მაგრამ უნებურად ასე გამოდის.

- მალე სპექტაკლში გიხილავთ...

- დიახ, ახლა "ჯიბის თეატრის" დასი სპექტაკლზე ვმუშაობთ, რომლის პრემიერაც აბრეშუმის ქარხანაში გაიმართება...

"სიმარტოვე" - 90-იან წლებში დაიწერა და დაიდგა კიდეც. ამის მიუხედავად, იგი დღესაც ადაპტირებადი და აქტუალურია. ეს პიესა არის ხელოვან ცოლ-ქმარზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, უყვართ ერთმანეთი, მაგრამ საოცარ სიმარტოვეს განიცდიან. ავტორი იყენებს სოციალურ პრობლემებს სიდუხჭირეს, როგორც აპრიორს ურთიერთობის გაუბრალოებისა და გაფერმკრთალების. პიესა საინტერესოა თავისი ეგზისტენციალური გადაწყვეტით. სცენაზე ცოლ-ქმართან ერთად ცხოვრობენ მათი ფიქრები. მწერლის სურვილი იყო ფიქრები ყოფილიყვნენ მოქმედი არტისტები და არა ხმის ჩანაწერი. ეს ფიქრები გამოყენებულია როგორც ქვეტექსტები. ამ ხერხით ეს პიესა არ დადგმულა არსად. ნაწარმოებში კარგად ჩანს, სოციალური პრობლემები როგორ აფერმკრთალებს სიყვარულს: მწერალ კაცს არ შეუძლია საკუთარი შემოქმედებით არჩინოს ოჯახი. ხელოვან ცოლს, რომელიც მუშაობს და მცირედი ხელფასი აქვს, მუდმივად უწევს მშობლებისგან ისესხოს ფული. ამ სიდუხჭირის ფონზე ჩნდება კონფლიქტი, რომელიც მიდის ოჯახის დაშლამდე, მაგრამ სიყვარულის ენერგია მუდმივად აერთიანებთ. პრობლემა კი ის არის, რომ ადამიანები არ ლაპარაკობენ იმაზე, რაზეც ფიქრობენ. და კიდევ, ნოემბერში ერთი ფილმის გადაღებაც გვაქვს, ამისთვის ვემზადები...

მანანა გაბრიჭიძე