საყვარელი საქმიანობა შინ, შვილების მოვლისა და ეზოში ფუსფუსის პარალელურად - გზაპრესი

საყვარელი საქმიანობა შინ, შვილების მოვლისა და ეზოში ფუსფუსის პარალელურად

32 წლის დიზაინერმა ნათია მახათაძემ თბილისში, შინ მოიწყო ის გარემო, სადაც კომფორტულად მუშაობაც შეუძლია და 2 შვილის გაზრდაც. უფროსი სკოლის მოსწავლეა, უმცროსი ბაღში დადის. ბოლო 2 წელია ნათიას ოჯახი კორპუსიდან კერძო სახლში გადასახლდა და როგორც ამბობს, თუ არ ხატავს და ძერწავს, დღის 30 პროცენტს ეზოში ფუსფუსში, დროს ყვავილებისა და მცენარეების დარგვა-გახარებაში ატარებს. მალე იქვე სახელოსნოსაც აიშენებს, სადაც უფრო კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობა ექნება.

4-1700423517.jpg

- სამხატვრო აკადემია ტექსტილის დიზაინის მიმართულებით დავამთავრე. სწავლის დასრულების შემდეგ გავთხოვდი და 2 შვილი მყავს. პროფესიულ საქმიანობას ვაგრძელებ და აქტიურად ვქმნი სხვადასხვა ნამუშევარს. აქვე გეტყვით, რომ წელს, ოქტომბერში სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში ჩემი გობელენი გამოიფინა. სწავლის დამთავრებიდან 9 წლის შემდეგ, ტექტსტილის კათედრიდან ლექტორებმა დამირეკეს და ჩემი სადიპლომი ნამუშევრით მიმიწვიეს, როგორც გამორჩეული კურსდამთავრებული ტექსტილის დიზაინის მიმართულებით. გამოფენაზე შვილებთან ერთად ვიყავი. ეს ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი და სასიხარულო ფაქტი იყო... პირველი ბავშვი რომ შემეძინა, სამსახურს თავი დავანებე. მაშინ ბაღებსა და სკოლებში ხატვისა და არტ-თერაპიის მასწავლებლად ვმუშაობდი. პატარას გასაზრდელად, შინ დავიწყე საქმიანობა. სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი, სადაც ხელნაკეთი ნივთები განვათავსე. თავდაპირველად ეს იყო: მოხატული მაისურები, ჩანთები, ხის ჩარჩოები. პროდუქციას ნელ-ნელა ვამატებდი. თავიდან, მაისურების მოხატვისას, ჩემს ესკიზებს ვაკეთებდი, შემდეგ მუშაობა მომხმარებლების სურვილის გათვალისწინებით განვაგრძე. განსაკუთრებით მეტი მაისურებზე ფიროსმანის, კლიმტის, ვან გოგის ნამუშევრები დამიხატავს. ახლა მოხატული მაისურები აქტუალურია, მაგრამ 6-7 წლის წინ, როცა ეს საქმე დავიწყე, ამ მიმართულებით ბევრი არ მუშაობდა და მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც საქართველოში ეს სიახლე შემოიტანა. რაც შეეხება ჩანთებს, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ჩანთებია, სასურველ მოდელებს ვირჩევ და მათზე ვხატავ. ნახატებს შორის განსაკუთრებულ მოწონებას ყვავილები იმსახურებს, ასევე მეგობრობისა და საქართველოს თემატიკა. ყველაზე ხშირად მაინც ისეთი ჩანთები იქცევს ყურადღებას, სადაც გარკვეული ტექსტია ქართულად დატანილი და ამ ფრაზების შერჩევა, მომხმარებლის სურვილისამებრ ხდება.

6-1700423549.jpg

- პოლიმერულ თიხაზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- 2020 წელს კერამიკულ ფინჯნებზე პოლიმერული თიხით სხვადასხვა დიზაინის ნამუშევრების შექმნა დავიწყე. მალევე იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, მაისურებიც გადაფარა და ჩანთებიც. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია გაზრდილია, თან, პანდემიის პერიოდშიც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამ მასალით მუშაობა, ჩემი ნივთები იმ ყველაფერს შორის, რასაც ვაკეთებ, დღესაც ლიდერობას ინარჩუნებს. ჩემი აზრით, ის მომხმარებელი, ვინც ჩემს ერთ ნამუშევარს იძენს, კმაყოფილი რჩება და ამიტომ, შემდეგშიც არაერთხელ მომმართავს.

3-1700423571.jpg

- ჩემი დაკვირვებით, მათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ჭიქებზე პორტრეტული და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების ფიგურების დამზადება ხშირად უწევთ. თქვენთან რა თემაა ყველაზე მოთხოვნადი?

- მასწავლებელი და ექიმები. ერთხელ კულინარისთვისაც გამაკეთებინეს ფინჯანი. ფოტოს მაწვდიან, რომლის მიხედვითაც ტიპაჟურ თოჯინას ვქმნი, შემდეგ კი ფიგურა ფინჯანზე მაგრდება.

ანა კალანდაძე