ვინ ჩაუდგა სათავეში ანსამბლს "რუსთავი" - გზაპრესი

ვინ ჩაუდგა სათავეში ანსამბლს "რუსთავი"

2023 წლის 9 ოქტომბერს ანსამბლის "რუსთავი" სამხატვრო ხელმძღვანელად დავით შანიძე დაინიშნა. აღნიშნული ანსამბლი 1968 წელს, ანზორ ერქომაიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა. თავიდან "რუსთავი" მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა, მაგრამ იმავე წელს ვოკალისტებს მოცეკვავეთა გუნდიც შეუერთდა. პროფესიონალთა წყალობით, მრავალი წლის განმავლობაში "რუსთავი" წარმატებული ბრენდის სახელს ინარჩუნებს. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის წარსულზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, მუსიკოს დავით შანიძეს სამუშაო სივრცეში ვესტუმრეთ.

- ბატონო დავით, რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები და რას გეგმავთ სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში?

- როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს, მე მეკუთვნის როგორც შემოქმედებითი (სიმღერა, ცეკვა, ინსტრუმენტალური მუსიკა) მიმართულების, ისე ადმინისტრაციული საქმის მართვა. სამწუხაროდ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ანსამბლის "რუსთავი" მომღერალთა გუნდის რამდენიმე ძალიან კარგ მუსიკოსთან დამშვიდობებამ მომიწია. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რაც იყო, ჩემი ხედვით, იმას უბრალოდ ვერ გავაგრძელებდი. ანსამბლის რამდენიმე წევრი შევცვალე. ჩემი სტრატეგია იყო, ასაკით შედარებით ახალგაზრდები მომეყვანა და ასეც გავაკეთე.

- ეს პროცესი უმტკივნეულო არ იქნებოდა...

- მათთვის ძალიან რთული იყო, თუმცა, ჩემთვისაც არანაკლებად... დღეს ანსამბლი 12 წევრისგან შედგება. მიხარია, რომ რამინ მიქაბერიძე მოვიყვანე, ცნობილი ლოტბარის, დიდი ვარსკვლავის - რამინ მიქაბერიძის შვილი. რამინიკო ჩემთვის აღმოჩენა იყო და სასიხარულო ამბავია, რომ დღეს "რუსთავს" რამინ მიქაბერიძე ისევ ჰყავს. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ანსამბლი ანზორ ერქომაიშვილმა 1968 წელს შექმნა. საერთოდ, ამ კაცის ხელით, მისი მადლითა და ჯანმრთელობის ფასად, უამრავი რამ არის აშენებული, ბევრია სათქმელი და ალბათ ლაპარაკი რომ დავიწყოთ, რამდენიმე დღე ვერ დავასრულებთ. ახლა, აქაც რომ ვზივარ, ანზორ ერქომაიშვილის დამსახურებაა.

- თქვენი აზრით, ანზორ ერქომაიშვილი როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს? დღეს მის პოზიციაზე ხართ...

- "მართვეში" გავიზარდე. თუ არ ვცდები, აღზრდილებს შორის პირველი ვიყავი, ვისაც მუშაობა დამაწყებინა და მოსამზადებელი ჯგუფი ჩამაბარა. მაშინ 16-17 წლის ვიქნებოდი. ამ კუთხით ჩემ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. რამდენიმე ბავშვი ვიყავით, ვისაც "მართვეს" კონცერტებზე (უცხოეთსა და საქართველოშიც), გვადირიჟორებდა. არსებობს კადრები, სადაც ჩვენთან, ანუ "მართვესთან" ერთად ჰამლეტ გონაშვილი მღერის და მე ვდირიჟორობ. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, დაახლოებით 13 წლის. ალბათ იყო ჩემში რაღაც დირიჟორის, ლოტბარის, ხელმძღვანელის თვისებები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ანზორი იმდენად დიდი და საოცარი კაცი გახლდათ, რომ პატარა ბავშვში ამას ხედავდა. ის არა მხოლოდ მე, ყველას სწვდებოდა, ბავშვები რაიონებიდან ჩამოჰყავდა და ხელს უწყობდა. მის სულს მადლობას ვუხდი იმ ყველაფრის გამო, რაც დაგვიტოვა... მოვასწარი, რომ შენდობა ვთხოვე. ახალგაზრდა ვიყავი, როცა მასთან ერთად "მართვეს" ხელმძღვანელობა შემომთავაზა. მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. 1991-1992 წლებში ანსამბლი "გეორგიკა" შევქმენი. ალბათ ვაწყენინე, როცა "მართვეს" ხელმძღვანელობაზე უარი ვუთხარი. ეს დაუდგრომელი სისხლისა და ახალგაზრდული ჟინის გამო მოხდა, როცა ფიქრობ, რომ აუცილებლად რაღაც შენი უნდა გააკეთო. თუმცა, როგორც ყოველთვის, აქაც გამოჩნდა მისი დიდსულოვნება და მისტიკური ხასიათი...

- და უარი როგორ უთხარით? ეს ეპიზოდი უფრო დაწვრილებით რომ გაიხსენოთ.

- მე ვერ გავბედე, დედაჩემმა უთხრა, - უარის თქმას აპირებს და უძნელდებაო. მერე რაღაც პერიოდი, ანზორს სირცხვილისგან ვერ ვნახულობდი. "გეორგიკასაც" ვერ ვღალატობდი. 20 წლის ბიჭები ვიყავით და ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა. სხვათა შორის, ცოტა რაღაცები რომ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ანზორი მოვიწვიეთ. მეტი მუშაობა გჭირდებათ, მაგრამ გააგრძელეთო, - ასე გვითხრა. სიტყვა "გააგრძელეთ" ჩვენთვის დამაიმედებელი გამოდგა. მერე რამინ მასწავლებელიც მიგვყავდა რეპეტიციებზე და კონსულტაციების მხრივ, ისიც ძალიან დაგვეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ანზორს ჩემი უარი ეწყინა, ბოლომდე მაინც მხარში მედგა.

- თქვენ სხვადასხვა პროექტსაც ახორციელებდით. თქვენს კონცერტებზე დადიოდა?

- დიახ, მოდიოდა. "გეორგიკას" დიდ კონცერტებს სულ ესწრებოდა. ერთხელ საბერძნეთშიც კი იყო, "ეგარის" კონცერტზე, თავის მეუღლესთან, ქალბატონ ლალისთან ერთად. მოსწონდა "შინის" თანამედროვე მიმართულებაც და მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენს ფესვებს არ სწყდებოდა, მთელი ცხოვრება არქივში იჯდა, ძველ ჩანაწერებს აცოცხლებდა და ანზორისთვის ეს მისტიკური ამბავი იყო, ახალ, თანამედროვე წამოწყებებსაც ყოველთვის დადებითად ხვდებოდა.

368721613-742709891024606-6375198604112408339-n-copy-1700465814.jpg

- დღეს, ისე როგორც არასდროს, ახალ თაობაში ქართული სიმღერის დაუფლების მსურველთა დიდი ნაკადია და შესაბამისად, ბევრი ანსამბლია შექმნილი. თქვენი აზრით, ფოლკლორისადმი ასეთი მზარდი ინტერესი რამ მოიტანა?

- რამ მოიტანა და... ანზორ ერქომაიშვილმა და "მისთანებმა" ამ თემის დიდი პოპულარიზაცია მოახდინეს. ის და შემდეგ მისი მოსწავლეები გალობის კუთხითაც ბევრს მუშაობდნენ. უამრავმა ბავშვმა სიმღერა-გალობაც ადრეული ასაკიდან დაიწყო. სუფთა მარკეტინგული კუთხით რომ შევხედოთ, მაშინ გუნდების საშუალებით ბავშვები საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ. იმ დროს ჩაკეტილი, კომუნისტური სივრციდან ადამიანებს გასვლის შესაძლებლობა რომ ეძლეოდათ, ამ საქმეს ესეც გარკვეულ რეკლამას უკეთებდა. მესამე კლასში ვიყავი, როცა "ფეერგეში" გახლდით, 1989 წელს იაპონიაში. ერთია სიმღერის სიყვარული, რომელიც თავს გაყვარებს, მაგრამ სანამ ამას ბოლომდე გაიაზრებ, მანამდე ჩვენმა წინა თაობებმა სწორად იმუშავეს მის პოპულარიზაციასა და რეკლამირებაზე...

- ეს 20-40 წლის წინ, მაგრამ დღეს, როცა საზღვრები ჩაკეტილი არ არის, როცა ახალგაზრდებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე თუნდაც თქვენს თაობას ჰქონდა, ახლა რატომ არის ეს ინტერესი გაზრდილი? შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უკვე წინა თაობების მიერ ფოლკლორის რეკლამირების გამოა? ანუ შედეგს ახლა ვიმკით?

- დიახ, უკვე შედეგია. გაჩნდა ბევრი ლოტბარი, "მართვედან", "ბიჭებიდან" და სხვა ანსამბლებიდან აღზრდილები. პოპულარული გახდა სუფრასთან, ქორწილში თუ დღეობებზე სიმღერა, გიტარის თანხლებით თუ მის გარეშე. დღეს არავის დასცინიან ქართული სიმღერის გამო, პირიქით. მახსოვს, ბავშვობაში სკოლაში ჩხუბი მომსვლია, ხელით შეხებამდეც მივსულვართ სიმღერის გამო, რატომ დამცინით-მეთქი? ახლა სიმღერა კარგ ტონად ითვლება, ამასობაში ერიც ინტელექტუალურად გაიზარდა, გაკეთდა ფოლკლორის ცენტრი, სკოლებში გუნდები გაჩნდა, 9 აპრილის შემდეგ ეროვნული სული გაღვივდა და ა.შ. საბოლოო ჯამში, მრავალმა კომპონენტმა ერთად იმოქმედა და ერი მიხვდა, რომ უმდიდრესი საგანძურის პატრონია და ჩვენს მარგალიტებს უნდა მივხედოთ.

- თქვენი პედაგოგისა და ხელმძღვანელის თვისებებიდან, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მძაფრად და რა გინდათ მისი დამოკიდებულებებიდან თუ ქცევებიდან თქვენც გააგრძელოთ?

- ანზორს თავის საქმის მიმართ უსერიოზულესი დამოკიდებულება ჰქონდა და ცდილობდა ყველას გათვალისწინებას, ხელშეწყობას, მხარში დგომას. ის ამ მხრივაც სასწაული ადამიანი იყო. ანზორისგან უდიდესი სითბო მახსოვს, მაგრამ მას ვერ გაუბედავდი იმას, რაც შეიძლება სხვა პედაგოგისთვის გეთქვა. გაბრაზების დროს წამოწითლდებოდა, ერთ სიტყვას იტყოდა ან მაქსიმუმი ის ყოფილა, რომ გაბრაზების დროს რეპეტიციიდან გადიოდა. თუმცა, ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორჯერ მახსოვს. თავშეკავების უნარს ფლობდა და არ მახსოვს სხვა ცუდად მოეხსენიებინოს. საქმის მიმართ შეუვალი, საოცრად კაცთმოყვარე იყო... არ ვიპრანჭები და ვიტყვი, მეც ასეთი ვარ, ადამიანს ვერ შევარჩენ საქმის მიმართ ზერელე დამოკიდებულებას და ჭორაობას. ბავშვებთან, უფროსებთან მიმუშავია და გარკვეული გამოცდილება მაქვს. მგონია, რაც გავაკეთე, ცუდად არ გამიკეთებია და ალბათ, აქაც ამიტომ დამიძახეს. იმედი მაქვს მოვახერხებ, რომ ამ კოლექტივში ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ჯანსაღი ურთიერთობები იყოს. ხელოვანებს სჭირთ და უყვართ ერთმანეთზე ზურგს უკან ლაპარაკი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. მე პირდაპირ თქმას ვამჯობინებ. როგორი მაგარი შემსრულებელიც უნდა იყოს, ამ დამოკიდებულების გამო ძალიან მკაცრად მოვიქცევი და ანსამბლიდან გავუშვებ, რადგან ვფიქრობ, ერთმანეთის სიყვარულის გარეშე სიმღერა არ გამოვა.

- დასასრულს, ისიც ვთქვათ, როგორ აქვს "რუსთავს" უახლოესი თვეები გაწერილი?

- ცეკვის მიმართულებით რაც უკვე დაგეგმილი იყო, იმას მივყვებით, თუმცა ამ ეტაპზე რამე მასშტაბურს არ ვაპირებთ. ახალ წელს წარვდგებით პატარა პროგრამით. მომავალი წლის თებერვალში გასტროლებს ვგეგმავთ იაპონიაში, მაისში ამერიკაში, შემდეგ ბალტიისპირა ქვეყნებში... უბრალოდ, ახლა მაქსიმალურად ვეცდები ცოტა ხანს "ჩავყვინთოთ", რომ შემდეგ ისეთი რეჟიმითა და წესრიგით ვიმუშაოთ, როგორც "რუსთავს" ეკადრება და მინდა საგაზაფხულოდ დიდი კონცერტი მოვაწყოთ. რამდენად მოვასწრებთ, არ ვიცი, რთულია. ამ კოლექტივს ანზორის სახით დიდი საყრდენი გამოეცალა. ბუნებრივია, ამან ყველაზე იმოქმედა, მაგრამ "რუსთავი" არის "რუსთავი", ის ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას. მეც დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ვარ საქმეში ჩართული.

367363022-362942069412050-4632922361929246579-n-copy-1700465803.jpg

- ჯერ ცოტა დროა გასული, მაგრამ როგორი ხელმძღვანელი ხართ? თავს როგორ შეაფასებთ?

- ამ მოკლე ხანში რა ხმებიც მომდის, ამბობენ, კარგი ხელმძღვანელიაო (იღიმის). თუმცა, ვისთანაც მომიწია და მომიწევს დამშვიდობება, შეიძლება მათთვის ცუდი ხელმძღვანელი ვიყო.

- კიდევ აპირებთ სიმღერის ანსამბლის დღევანდელი წევრების სხვებით ჩანაცვლებას?

- მომღერლების კუთხით მივედით იმ შემადგენლობამდე, რაც მინდოდა. ერთ ან მაქსიმუმ ორ კაცს კიდევ შევმატებ: ერთ "მეორე ხმას" და ერთი "ბანს" მივიღებ. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოვიდნენ. ოცნება ამისრულდა. "რუსთავმა" უნდა შეინარჩუნოს თავის ჟღერადობა და თავის გზას არ უნდა გადაუხვიოს, მაგრამ ვფიქრობ, ახალგაზრდებთან ერთად, საკმაოდ "ღონიერი" ანსამბლი შედგება.

ანა კალანდაძე