გიგი დედალამაზიშვილის იღბალი, რისკი და აღიარება
"როცა ყოველ ნაბიჯზე პოპულარობას ვგრძნობდი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, ამ მდგომარეობამ რაღაც პერიოდი ცოტათი ჩამკეტა კიდეც; ზოგჯერ მერჩივნა, ქუჩაში არავის ვეცნე", - ამბობს მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი. რის გამო ეკამათება ხშირად მეუღლე, ვინ აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე, რამდენად ხშირად უმართლებს და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1986 წლის 1-ლი აპრილი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ღიმილი. სულ ვიღიმი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ 1 დღით მინდოდა.
- რატომ, იმ 1 დღეს რა მოხდა?
- ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ ეს საქმე არ გამომდიოდა. ერთ დღეს სასწაული მოხდა, გოლი გავიტანე და გავიხარე. მეორე დღეს მოედანზე რომ მივედი და ისევ არაფერი გამომივიდა, ფეხბურთელობაზე ხელი ჩავიქნიე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...მხიარული ადამიანიაო. ვინც კარგად მიცნობს, მან იცის, მხიარულთან ერთად ზოგჯერ სევდიანიც ვარ, ძალიან მოწყენილიც. ასეთი ცვალებადი ხასიათი მაქვს.
- სხვისთვის ცუდი განწყობა რომ არ გეჩვენებინა, მხიარული ბიჭის როლი გითამაშია?
- არასდროს.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ ნაკლები მენერვიულა. რაც მისატანია გულთან და რაც - არა, ყველაფერს განვიცდი, ვღელავ.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ეს განცდა მაშინ მოვიდა, როდესაც ტაქსის მძღოლმა მიცნო. ეს ძალიან უცნაური, მაგრამ სასიამოვნო განცდა იყო. 2008 წელი გახლდათ, მანამდე ჩემი მსმენელი მხოლოდ ახლობლების ვიწრო წრე იყო და ამ დღეს მივხვდი, სხვა ცხოვრება იწყებოდა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს კარგი ოჯახი და მეგობრები. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვაძლიერებთ.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვვარჯიშობდე. მთელი ცხოვრება მინდა სპორტული და ჯანმრთელი ვიყო, ბევრჯერ დამიწყია ვარჯიში, მერე თავი დამინებებია, მაგრამ ეს სურვილი ჩემს ცხოვრებას შლეიფად მოსდევს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ვცდილობ, ცხოვრებას იუმორით შევხედო.
- რთული მდგომარეობიდან იუმორს გამოუყვანიხარ?
- კი, ძირითადად სულ ასე ხდება. ჩემი ცხოვრება იუმორის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჩემში ეს თვისება ძალიან მომწონს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ფეთქებადი ხასიათი მაქვს, რომელსაც მერე ძალიან ვნანობ. ამ მიმართულებით საკუთარ თავზე სულ ვმუშაობ.
- შედეგი არ გაქვს?
- ნაწილობრივ, მუშაობა ჯერ კიდევ მჭირდება.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რაღაც რომ მთავრდება და კარი იხურება, ამ დროს აუცილებლად იხსნება სხვა კარი, მთავარია, ჩვენ ამის დანახვა შევძლოთ. წლების განმავლობაში ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა მიფიქრია, რაღაც დასრულდა. აღარ მეგონა, ახალი შანსი თუ მომეცემოდა და ეს იმდენჯერ მოხდა რომ... ახლა, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც მე მინდა, სულ ვფიქრობ, რომ ეს დასასრული არ არის. მთავარია, ადამიანი სულ რაღაცის გაკეთებას ცდილობდე. თუ არაფერს გააკეთებ და სახლში დაჯდები, სასურველ ცხოვრებას ლანგრით არავინ მოგართმევს.
- პატიება შემიძლია...
- ...მარტივად, ბოღმა არ ვარ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...სენტიმენტები მაწვება ხოლმე. ჩემი შვილები გაიზრდებიან, მე და ჩემი ცოლი ასაკში შევალთ... სულ ვცდილობ ვიყო აქ, რეალურ დროში და ვიფიქრო დღევანდელ დღეზე.
- პესიმისტი ხომ არ ხარ?
- ცოტათი, როგორც ყველა ადამიანი, მაგრამ მაინც ვცდილობ, პოზიტიურად ვიფიქრო, მომავლის იმედი მქონდეს.
- ვიბნევი...
- ...როცა მაქებენ. ამ დაბნეულობას თან დიდი სიხარულიც ახლავს, მაგრამ სიხარულზე ძლიერი უხერხულობის განცდაა.
- ვნანობ...
- ...არაფერს. ის, რაც მოხდა, ალბათ უნდა მომხდარიყო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...იქ, სადაც ვარ, თავს კარგად ვგრძნობ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ბევრ რამეს. უსამართლობას, საქმის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ვერ ვიტან. ადამიანების უხეშობა არ მიყვარს.
- მეზარება...
- ...ყველანაირი საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას არ მანიჭებს. სამაგიეროდ არ მეზარება ჩემი საქმე.
- სიყვარული ეს...
- ...არის მდგომარეობა, რომლის ახსნაც რთულია. სიყვარულია, როცა კონკრეტული ადამიანის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, როცა ყველაფერს მასთან აკავშირებ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...12 წლის ვიყავი და ძალიან მრცხვენოდა იმ გოგოსთვის რომ მეთქვა. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა დაურეკა, ვითომ მე ვიყავი და უთხრა, - გიგი ვარ, ძალიან მიყვარხარო. იმ გოგომ ხმაზე იცნო, გიგი არ ხარო, უხერხული სიტუაცია შეიქმნა.
- მაკვირვებს...
- ...ბევრი რამ ამ სამყაროში. საერთოდ სამყარო მაკვირვებს, როგორც არის მოწყობილი, ბევრი რამ არის ამოუხსნელი.
- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...
- ...ჩემმა შვილებმა.
- ვრისკავ...
- ...ყოველი ახალი სიმღერა და სიახლე შემოქმედებაში რისკი და ავანტიურაა. არა მხოლოდ საქმეში, ცხოვრებაშიც ხშირად ვრისკავ. მომავლის იმედი მაქვს და როცა ვრისკავ, უფრო კარგზე ვფიქრობ, ვიდრე - ცუდზე. ამის გამო მე და ჩემს ცოლს კამათი ხშირად გვაქვს.
- მთავარია, რისკზე წასვლა მერე სანანებელი არ გაგიხდეს.
- არა, ასეთი რამ არ ხდება.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...სიზარმაცეა.
- მეშინია...
- ...პანიკური შიში არ მაქვს. ახლობლებს ცუდი არაფერი დაემართოთ, ამის ყველაზე მეტად მეშინია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რატომ არ გვირეკავ, რატომ არ გვნახულობო? ვაღიარებ, მთლად ყურადღებიანი ადამიანიც არ ვარ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ინგლისური ენა ისე კარგად, როგორც მინდა, რომ ვიცოდე.
- ვიტყუები...
- ...ხშირად. ტყუილი არის ხოლმე საჭირო, ადამიანებს გული რომ არ ეტკინოთ. სიმართლის თქმა ყოველთვის კი არ არის აუცილებელი. ზოგჯერ პატარა ტყუილიც კი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...ვერაფერს ვიხსენებ ისეთს, რომ მნდომოდა და ვერ გამებედა. ექსტრიმის მოყვარული არ ვარ, ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს. ვერასდროს გავბედავ პარაშუტით გადმოხტომას, რადგან არ მომწონს, ასეთი რამეების მეშინია.
- ჩემი ყველაზე დიდი სტიმული...
- ...ჩემი ოჯახია.
- მიმართლებს...
- ...ხშირად, იღბლიანი ვარ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...არ მინდა ბევრი ფული, ალბათ პრობლემებს მოიტანდა. იმასაც ამბობენ, დიდი ფული ადამიანს ცვლისო და არ ვიცი, მერე როგორი ვიქნებოდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...გამორიცხულია, საკუთარ პრინციპებს ვუღალატო.
- თავისუფლება...
- ...ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის, ერთი "რეცეპტი" არ არსებობს. ძალიან ძნელია თქვა, თავისუფალი ადამიანი ვარო. პირადად მე, რაშიც შეზღუდული ვარ, ეს ჩემი არჩევანია და ეს ვალდებულებები მსიამოვნებს. მთავარია ადამიანს ჰქონდეს იმის თავისუფლება, აიღოს თუ არა საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები. მე არჩევანის საშუალება ყოველთვის მქონდა და მაქვს.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ძილი მშველის, ვცდილობ დავიძინო.
- ნერვიულობის ფონზე დაძინების პრობლემა არ გაქვს?
- არა. თავისებური ნერვიულობა და ღელვა ახლავს კონცერტების დღეს. ამ დროს ჩემთვის აუცილებელია, ცოტა ხნით ადრე, 15 წუთით მაინც დავიძინო.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...წლების წინ სხვაგან რომ ვსწავლობდი და თეატრალურში ჩაბარება მომინდა, დედამ მითხრა, ყოველთვის სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე არ სცადო და მერე მთელი ცხოვრება ინანოო. მაშინ მოსმენილი ეს ფრაზა, სულ გონებაში მიტრიალებს და ხშირად მახსენდება.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მიყვარხართ! იმედია, დრო ტყუილად არ დაკარგეთ (იცინის).
თამუნა კვინიკაძე