ეკა ჩხეიძის მოუსვენარი ბავშვობა და სილამაზის საიდუმლო
უკვე წლებია, რაც მსახიობი ეკა ჩხეიძე ქართულ სცენას ამშვენებს. მას ნამდვილად აქვს ცნობილი ბებიის - მედეა ჩახავას განუმეორებელი ხიბლი და მამის - თემურ ჩხეიძის ელეგანტურობა...
- ალბათ მკითხავთ, მინდოდა თუ არა ბავშვობაში მსახიობობა და მეც გიპასუხებთ - არა! ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავისრულე. ხელი იმან შემიშალა, რომ ქიმია-ბიოლოგიის სწავლა არ მომწონდა. აი, ასე ვთქვი უარი ექიმობაზე. მერე თეატრალურში ჩავაბარე და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი - სწორედ ამან განაპირობა, რომ საბოლოოდ სცენა და მსახიობის კარიერა ავირჩიე.
- როგორი ბავშვი იყო პატარა ეკა ჩხეიძე - ცელქი და მოუსვენარი თუ პირიქით, მშვიდი და დამჯერი?
- ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სახლში შემოსვლა არ მინდოდა და ხან ხიდან გადმოვვარდი, ხან მოტოციკლის ტარებისას დავილეწე... სულ ვცელქობდი, ბიჭებთან ერთად ბურთს ვთამაშობდი და ჩემი საქციელით გოგოს საერთოდ არ ვგავდი. ხომ წარმოგიდგენიათ, რას განიცდიდა დედაჩემი, რომელიც 7 წლიდან მარტო მზრდიდა? მამა ჩემს აღზრდაში არ ერეოდა და ჩემს ცელქობასაც ვერ ხედავდა. არ იფიქროთ, რომ რაღაცას სერიოზულს ვაშავებდი, მაგრამ ძალიან ხულიგანი ბავშვი კი ვიყავი. (იცინის)
- ახლა რაში ვლინდება თქვენი მოუსვენარი ხასიათი?
- იცით, ახლაც სიამოვნებით ვიხულიგნებდი, მაგრამ მერიდება: უკვე დედა ვარ და პატარა ბავშვივით ხომ ვერ მოვიქცევი? იცით, რაში ვლინდება ჩემი ხასიათის ეს თვისება? - ძალიან მიყვარს მანქანები და სწრაფი ტარება. საჭესთან ჯდომა ჩემი სტიქიაა და საშინლად არ მომწონს, როცა მძღოლი სხვაა და მე მის გვერდით ვზივარ. კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ სწრაფად ტარება იმდენად მიყვარს, რომ ამის გამო, სულ ჯარიმას მიწერენ. ხშირად ვხუმრობ, ბიუჯეტს მარტო მე ვეყოფი ჩემი ჯარიმებით-მეთქი.
- როგორ გახსენდებათ პირველი სპექტაკლი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი იყო და რომლის დროსაც მიხვდით, რომ მსახიობობა თქვენი ბედისწერა იყო?
- პირველი, ყველაზე ემოციური როლი მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ "ზაფხულის ღამის სიზმარში" შევასრულე. ეს საოცარი სპექტაკლი თუმანიშვილმა კინომსახიობთა თეატრში დადგა და სწორედ მაშინ მივხვდი, რა დიდი სიამოვნებაა კარგ რეჟისორთან და კარგ პარტნიორებთან ერთად, კარგ პიესაზე მუშაობა. ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი სპექტაკლი, როდესაც მივხვდი, რომ სცენაზე დგომა ჩემი ნამდვილი მოწოდება იყო. ის, რომ მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი გახლდით და მასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა, ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემგან ექიმი არ გამოვა და სხვა რა გზა მაქვს? - თეატრში უნდა დავრჩე და სცენის მტვერი ვისუნთქო.
- თქვენთვის თეატრში მუშაობა უფრო მიმზიდველი და საინტერესოა თუ კინოში?
- ვფიქრობ, რომ ეს ორი, სრულიად განსხვავებული მოვლენაა. კინო იმით არის კარგი, რომ ისტორიას რჩება, შემოსავალიც მეტი მოაქვს და უფრო პოპულარული ხდები, რადგან გაცილებით მეტი მაყურებელი გხედავს. როცა ეკრანებზე ჩანხარ, უფრო მეტი ადამიანი გცნობს. ეს ჩემს თავზეც გამოვცადე: არც კი ვიცი, რამდენი როლი მქონდა თეატრში ნათამაშები, მაგრამ პოპულარული "ჩემი ცოლის დაქალებით" გავხდი. ერთი სერიის შემდეგ ქუჩაში მაჩერებდნენ, მესალმებოდნენ და უკვე ყურადღების ცენტრში ვიყავი. ვერ გეტყვით, სერიალები უფრო მეტს უყვარს თუ მეტი ადამიანი უყურებს, მაგრამ ფაქტია, ცნობადობა სწორედ ამ გზით მოდის. თეატრი და კინო ორი სხვადასხვა სფეროა, სადაც მუშაობის სპეციფიკაც განსხვავებულია. თეატრში, მაყურებელთან ცოცხალი კონტაქტი სულ სხვაა და კამერების წინ თამაში - სულ სხვა.
- რამდენად რთულია მსახიობისთვის ოჯახის და შვილების მოვლა დაძაბულ რეჟიმს შეუთავსოს?
- თუ ვინმე გეხმარება, უფრო ადვილია, მაგრამ თუ ასე არ არის, იძულებული ხარ, დრო მოჰპარო საკუთარ თავს და შენს ოჯახს. როცა მთელი დატვირთვით მუშაობ, ოჯახში ყოფნასაც ვერ ახერხებ, ვერც სახლის საქმეებს ასწრებ, დროის განაწილება გიჭირს და 24 საათი არ გყოფნის, რომ ყველაფერს გასწვდე - ოჯახს, შვილებს, სამსახურს და შენს საქმეს. ამიტომ, დამხმარის გარეშე ყველაფრის მოსწრება წარმოუდგენელია!
- თქვენს ოჯახში როგორ ახერხებთ საქმის და დროის განაწილებას?
- ჩემი მეუღლე თვითონაც ძალიან დაკავებულია - დილიდან საღამომდე შინ არ არის და კარგად იცის, რა დიდი დრო და ენერგია მიაქვს საქმეს, რომელსაც გულით აკეთებ. ის პროფესიით არქიტექტორია და იცის, რომ საქმეს მაქსიმალური დრო, ენერგია თუ არ დაუთმე, არაფერი გამოგივა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ოჯახი გვაქვს და კონფლიქტი ამის თაობაზე არასდროს გვქონია. ერთმანეთს არანაირ ჩარჩოებს და აკრძალვებს არ ვუწესებთ, ყოველთვის თავისუფალი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახში დღემდე გრძელდება: ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს და ვისი აზრიც იმ წუთებში ყველაზე მისაღები და გონივრულია, ის იმარჯვებს.
- ყოველთვის ფორმაში ხართ და ლამაზად გამოიყურებით. რა არის თქვენი სილამაზისა და მომხიბვლელობის საიდუმლო?
- სულაც არა მგონია, რომ ფორმის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. უბრალოდ, ბედს და ჩემს გენეტიკას ვარ მინდობილი. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, მაგრამ ერთ რამეს დავაკვირდი: ნერვიულობა და სტრესი ყველაზე ცუდად მოქმედებს ადამიანის გარეგნულ იერზე. ამიტომ, სულ ვცდილობ და სხვებსაც ვურჩევ, არ ინერვიულონ ისეთ რამეებზე, რასაც ვერ შეცვლიან და ვერაფერს უშველიან. ისედაც ძალიან სტრესულ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ნერვებზე და შესაბამისად, გარეგნობაზეც... სტრესი ჩვენს განწყობაზეც აისახება და ჩვენს თვალებში ნაპერწკლებს აქრობს... ადამიანი, რომელსაც ჩამქრალი თვალები აქვს, ლამაზი ვერ იქნება - მე ასე მგონია, რადგან ასეთი ადამიანი თვითონაც ჩამქრალია და ცუდად გამოიყურება.
- პლასტიკური ქირურგიის და ინიექციების მომხრე ხართ თუ მიგაჩნიათ, რომ სილამაზე ბუნებრივი უნდა იყოს?
- ამ საკითხშიც არ ვარ მეტისმეტად მკაცრი და კატეგორიული. მთავარია, ადამიანი თვითონ გრძნობდეს თავს კომფორტულად და კომპლექსი არ ჰქონდეს. როგორც კი კომპლექსი ჩნდება, მაშინვე უნდა გამოასწორო. მაგალითად: თუ წონის კომპლექსი გაქვს, უნდა დაიკლო; თუ შენი სახის ნაკვთები არ მოგწონს ან ნაოჭები გაგიჩნდა და რაღაც ჩამოგეწელა, რა თქმა უნდა, ჯობია ეს ხარვეზი გამოისწორო; ვიღაცას თავისი მკერდი არ მოსწონს და რომ გაიკეთოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ პლასტიკური ქირურგია ხასიათს გამოგისწორებს და თავდაჯერებულობას შეგმატებს, უნდა გამოიყენო. თუკი ამის მატერიალური შესაძლებლობა და სურვილი გაქვს, რატომაც არა? - აბა, რისთვის არსებობს თანამედროვე მიღწევები, თუ ადამიანმა სასიკეთოდ არ გამოიყენა?!
ხათუნა ჩიგოგიძე