თაზო რთველიაშვილისცხოვრების გარდამტეხი ეტაპები
ახლახან "პრაიმ ჰაუსი" მე-4 სეზონის ყველაზე მშვიდმა, გაწონასწორებულმა მონაწილემ - თაზო რთველიაშვილმა დატოვა, რომელიც მაყურებლებს თავისი იუმორისტული რეპლიკებით ახალისებდა და თამაშის მოულოდნელი სვლებით აოცებდა. გადავწყვიტეთ, თაზო მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...
- პროექტის გარეთ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვარჯიშს, აქტიურ, ჯანსაღად ცხოვრებას ვაგრძელებ. მაქვს რამდენიმე საქმიანი შემოთავაზება... სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურად ჩართვას ვაპირებ...
- რეალითი შოუში მონაწილეობა რა მიზნით გადაწყვიტე?
- უპირველეს ყოვლისა, სულ მაინტერესებდა, ეს როგორ გამომივიდოდა. ასევე, 15 უცნობ ადამიანთან ერთად ცხოვრება ერთგვარი გამოწვევა იყო: მაინტერესებდა, გარემოს როგორ შევეჩვეოდი, როგორ ფიქრობდნენ, აზროვნებდნენ ადამიანები, რამდენად "ახლოს" იყვნენ ჩემს მსოფლმხედველობასთან და ვინც "ახლოს" არ იქნებოდა, როგორ გავუგებდი მათ... სამომავლოდ, ქვეყნის დატოვებას და სხვაგან ცხოვრებას ვგეგმავ. პროექტში გატარებული თვე-ნახევარი, იქ მიღებული გამოცდილება გადაწყვეტილებების მიღებაში ძალიან დამეხმარება.
- რეალითი შოუში მონაწილეობისას, ფაქტობრივად, ვერავინ მოახერხა წონასწორობა დაგეკარგა. დიდი ძალისხმევის ფასად გიჯდებოდა ეს?
- ერთადერთი მონაწილე ვარ, რომელმაც ბოლომდე სიმშვიდე შევინარჩუნე (იღიმის). სიმართლე გითხრა, ცხოვრებაშიც ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, რადგან პანდემიამ და ბოლო რამდენიმე წელმა ცხოვრებაში პრიორიტეტები გადამიხარისხა - რაღაცების გამო აღარც ვღელავ: რასაც ეშველება, ეშველება, რასაც - არა, არა... შესაბამისად, პროექტში არსებული დაძაბულობის, კამათის ნაწილი ნამდვილად ხდებოდა, ნაწილი - შოუს შემადგენელი დეტალი იყო. მიმღებლობა უმაღლეს დონეზე მაქვს განვითარებული. ეს მეხმარებოდა, რომ ძალზე მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, ადეკვატური, ზრდილობანი მონაწილე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, გაბედული მოთამაშე გახლდით: ისეთ მოულოდნელ სვლებს ვახორციელებდი, რის შესახებაც არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ მაყურებლებიც ვერ იფიქრებდნენ, რომ შეიძლებოდა გამეკეთებინა, თუნდაც - ძლიერი მონაწილეების ერთად დასმა აუტსაიდერების სკამებზე, თუმცა პროექტში ყოფნა დიდხანს არ დამცალდა... მოკლედ, რაც იყო, კარგი იყო...
- მანამდე, ვიდრე ცხოვრებაში პრიორიტეტებს გადააფასებდი, როგორი იყავი?
- მანამდე მეგონა, რომ ყველაფერი მაგრად დასახული მქონდა, მიზანთან პირდაპირ მივდიოდი, უცბად კი პანდემია დაიწყო. იმ დროს მივხვდი, რომ კიდევ სხვა რაღაცებზე უნდა მეფიქრა, რადგან უამრავი ადამიანი დავკარგეთ. შეიძლება დღეს ვართ და ხვალ მართლა აღარ ვიყოთ. მაგალითად, პროექტიდან რომ "გამოვვარდი", ამაზე "100 წელი" არ ვინერვიულებ, თუმცა ეს პანდემიამდე რომ მომხდარიყო, შეიძლება მენერვიულა. აი, ეს არის სხვაობა...
- პროფესიით ვინ ხარ, რას საქმიანობ?
- ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მხოლოდ 2 კურსი დავამთავრე. საჭირო ფინანსების უქონლობის გამო, მესამე კურსზე სწავლა ვეღარ გავაგრძელე - მამა დამეღუპა... მუშაობის პატარ-პატარა გამოცდილებები მქონდა: 2 წელი ტელევიზიაში ვიმუშავე, სტუდიის ოპერატორი ვიყავი... შემდეგ, როცა იძულებული გავხდი, მემუშავა, რადგან ცხოვრებისთვის ფინანსები საჭიროა, სამოდელო სააგენტოს მივმართე. პატარ-პატარა შემოთავაზებები, გადაღებები მქონდა. ასევე, ტანსაცმლის ცნობილ ბრენდთან ვიზუალ მერჩენდაიზერის ასისტენტად დავიწყე მუშაობა. პლუს, უკვე ხალხმა რომ გამიცნო, როგორც მოდელი, ბრენდებისგან სხვადასხვა შემოთავაზება მივიღე. ძირითადად, სოციალურ ქსელებში ვაქტიურობდი. მოდელობაზე უარს დღესაც არ ვამბობ.
- ამჟამად, რა არის შენი ძირითადი საქმიანობა?
- "პრაიმ ჰაუსში" შესვლამდე კინოთეატრში ვმუშაობდი. ახლა ცოტა ხანს ვისვენებ. პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით, ჩემს სამსახურთან გარკვეული მოლაპარაკებები მქონდა. ჯერჯერობით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამიტომ ახლა სტაბილური სამსახური არ მაქვს.
- ცოტა რამ შენს ბავშვობაზეც მოგვიყევი...
- განსაკუთრებულად ცელქი, მოუსვენარი ვიყავი. ოინების მოწყობისას არც გოგოს ვინდობდი, არც - ბიჭს (იცინის). ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ როგორც მახასიათებენ, აქტიური გახლდით.
- რა ოცნებები, მიზნები გქონდა? ცხოვრებაზე მაშინდელი შენი წარმოდგენები ამჟამინდელ რეალობას შეესაბამება?
- ჯერ აუცილებლად სკოლაში სწავლის დამთავრება მინდოდა, რადგან მეგონა, ის 12 წელი უსაშველოდ გაწელილი იყო, მაგრამ მერე 12 წელი გავიდა და ახლა ვფიქრობ, რა მინდოდა-მეთქი (იღიმის)? ხანდახან სკოლაც მენატრება... ვფიქრობდი, 22-25 წლისას საკუთარი ავტომობილი მეყოლებოდა, ჩემი სახლი მექნებოდა, მაგრამ ეს ასეთი მარტივიც არ აღმოჩნდა: როცა იზრდები, მერე მეტი პასუხისმგებლობა გმართებს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ - ყველას წინაშე, ვისთანაც კარგი, მეგობრული დამოკიდებულება გაქვს. გიჩნდება ვალდებულებები... ამას გვიან აანალიზებ ადამიანი. ბავშვობაში არავინ გეუბნება, რომ ეს ასე უნდა იყოს. ვფიქრობდი, მარტივი იქნებოდა...
- რა ეტაპს მიიჩნევ შენი ცხოვრების გარდამტეხ პერიოდად?
- პანდემიას და პლუს, 1-2 საუკეთესო მეგობრის დაკარგვას: მოდელობა რომ დავიწყე, ეს საქმიანობა რამდენიმე მათგანისთვის ცოტათი მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ დავემშვიდობე. რა თქმა უნდა, ჩემს გულში არიან, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში - აღარ.
- როგორ შეხვდნენ შენს საქმიანობას ოჯახის წევრები?
- ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერს. იციან, რომ ყველაფერს კარგი შედეგის მისაღებად ვაკეთებ. არასდროს მეუბნებიან, ეს ასე არ გააკეთოო, პირიქით - შეიძლება მათაც არ მოსწონდეთ, მაგრამ ყოველთვის მხარში მიდგანან.
- ქვეყნის დატოვება რატომ გადაწყვიტე?
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ერთმანეთს შევადარე ხალხი, კულტურა... კონკრეტულად, ჯერ იტალიაზე ვფიქრობ. შეიძლება შემდეგ ამერიკაზეც ვიფიქრო, ხალხის გამო: იქ არასდროს განგსჯიან, სულ გიღიმიან... ისე არ ხდება, რომ ფოტოს გამო "დაგაბულინგონ". მოგეხსენებათ, "პრაიმ ჰაუსში" ჩემი ბაყვის გამო როგორი "ჰეითი" "წამოვიდა" (იცინის)... ეს ერთგვარი იუმორი იყო. სხვა ქვეყანაში ასეთი ამბები ზღვაში წვეთია - საერთოდ არავინ განიხილავს. ზოგადად, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები მიყვარს, რომლებიც სტერეოტიპულად არ ფიქრობენ...
- "თაზოს ბაყვის" თემა როგორ დაიწყო, შეგიძლია, გვითხრა?
- ძირითადად, პროექტში ყველას ფორმალურად აცვია. გიორგი პაპავა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი დადიოდა, ანა - კაბაში გამოპრანჭული, ბიჭები - ჯინსის შარვლებში, მე კი სახლურად - შორტი, წინდები, "ჩუსტები" და მაისური მეცვა. რომ მოვეკალით, იქ შარვალ-კოსტიუმში ვერ გამოვიპრანჭებოდი. კამათის დროს თაიამ ასეთი ფრაზა გააჟღერა: თაზო რას აკეთებს იმის გარდა, რომ ბაყვი უჩანსო?.. ჰოდა, რადგან ბაყვი ასე დაინახა, ვიფიქრე, ბარემ მეც იუმორისტულად გავაგრძელებ-მეთქი. მეგონა, მაყურებელი ამას ნამდვილად მიიღებდა. "პრაიმ ჰაუსის" ეპიზოდებს ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, მართლა სასაცილო, იუმორისტული იყო, ვიდრე ის, რასაც ახლა ვხედავთ: აგრესია, ზეწოლა, გინება და ა.შ. მაყურებელმა ვერ დააფასა, რაც ჰქონდა: ახლა ბევრი მწერს - დაბრუნდი, ამათ ყურებას შენ და შენი ბაყვი გვირჩევნიაო (იცინის).
- საერთოდ, ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?
- თავისუფალი სტილი მომწონს, იშვიათად - არაორდინარული, ექსტრავაგანტური. თავს კომფორტულად ვგრძნობ სამოსში, რომელიც გემოვნებიან, პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი... როცა საჭიროა, კლასიკურადაც ვიმოსები, მაგრამ - ჩემეული დეტალებით.
- არის ისეთი რამ, რისი თქმაც, ჩვენებაც გინდოდა პროექტში ყოფნისას, მაგრამ ვერ მოასწარი?
- კი. იუმორის უფრო ფართო მასშტაბით ჩვენება მინდოდა...
- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- ჩემი ძმა, დედა (დედაჩემი გავაფრთხილე, ცუდ კომენტარებს არ უპასუხო-მეთქი), მეგობრები: ნათია, თამუნა, თათია და მარიამი, ასევე - "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე ვიკი, რა თქმა უნდა. ეს ადამიანები ცხოვრებაშიც ჩემ გვერდით არიან, თუმცა ასეც რომ არ იყოს, საკუთარი თავი უკვე ვიპოვე და ვიცი, სულ რომ ყველა ჩემს წინააღმდეგ განეწყოს, ღმერთი მაინც შემაძლებინებს გავაკეთო ის, რაც მინდა.
- მიზანი დასახული გაქვს. რა მიმართულებით გსურს, განვითარდე?
- ძირითადად, კონტენტის შექმნა, ფოტოების გადაღება, ვიდეორედაქტირება, მონტაჟი გამომდის... მინდა ეს მიმართულება უფრო პროფესიულად შევისწავლო. საქართველოში ისეთი კურსები ვერ მოვიძიე, როგორიც მჭირდება და მაინტერესებს. საზღვარგარეთ მეტი შესაძლებლობა მექნება, ამ მიმართულებით რომ განვვითარდე - რამდენიმე ბრენდი ჩავიბარო, ლამაზი, ესთეტიკური და საინტერესო კონტენტი გავუკეთო.
- ახლა გვითხარი, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- სიმშვიდეა. ვიცი, ბევრს აინტერესებს, დაკავებული ვარ თუ თავისუფალი? ამიტომ გეტყვით, რომ თავისუფალი ვარ. ამ საკითხზე სერიოზულად ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რადგან ჩემთვის ძალიან "სწორი" ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც სამომავლოდ ურთიერთობას გადავწყვეტ. ჰორიზონტზე ჯერ ასეთი არავინ ჩანს...
- გვითხარი, როგორი უნდა იყოს?
- მინიმუმ, ჩემთვის მოტივატორი უნდა იყოს. რასაც გავაკეთებ, შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ბოლომდე ჩემ გვერდით იყოს, მამხნევებდეს... ჩემი საუკეთესო მხარდამჭერი უნდა გახდეს.
- დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდა?
- ჩემს გულშემატკივრებს მოვიკითხავ, რომლებიც ზუსტად ვიცი, რეალური ადამიანები არიან და არა - "ნაყიდები" და "კლიკერები", რის შესახებაც პროექტში საუბრობდნენ და ახლაც საუბრობენ ხოლმე...
ეთო ყორღანაშვილი