"აქ თავს უხერხულად იგრძნობ, სადმე რომ დააგვიანო"
„...მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის თეატრში წამყვან პოზიციაზე მიმიწვიეს, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებ: ჩემს ადგილს ვიმკვიდრებ და მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ჩემს თეატრს, ქვეყანას წარვადგენ საზღვრებს მიღმა“, - ამბობს ქართველი ბალერინა ეკატერინე სურმავა. იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო წლების განმავლობაში, ამჟამად კი გერმანიაში მუშაობს...
- ქალაქ დორტმუნდში ვიმყოფები. აქაური საბალეტო დასიდან მოწვევა მივიღე წამყვან პოზიციაზე. პირველი სეზონია, რაც აქ ვარ, მაგრამ უკვე ძალიან მომწონს. საინტერესო თეატრი, რეპერტუარი, პროცესია...
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?
- როგორც ბალერინა, საქართველოში ჩამოვყალიბდი, 13 წელი თბილისის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი ვიყავი... მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სხვა ინტერესები ჩნდება. მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესია ასაკობრივად შეზღუდულია. სულ რამდენიმე აქტიური წელი გვაქვს, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ, მეტ ქორეოგრაფთან ვიმუშაოთ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ... ჩავთვალე, რომ ცვლილებების დრო იყო. მომინდა საზღვრებს გარეთ გავსულიყავი, უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე გავსულიყავი... ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაც იყო, რადგან ჩემს ქვეყანაში გარკვეული ადგილი მქონდა დამკვიდრებული და უკვე ყველაფერს შეჩვეული გახლდით... მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის თეატრში წამყვან პოზიციაზე მიმიწვიეს, შეიძლება ითქვას, რომ მაინც ყველაფერს თავიდან ვიწყებ.
- შეიძლება ითქვას, რომ კომფორტის ზონა დატოვეთ?
- დიახ, კომფორტის ზონა ნამდვილად დავტოვე უფრო მეტი განვითარებისათვის... გულწრფელად გითხრათ, კმაყოფილი ვარ, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. თავიდან ვღელავდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არა მარტო როგორც მოცეკვავის და არტისტის, არამედ პიროვნული განვითარებსთვისაც საინტერესო პერიოდი მაქვს...
- მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგეძლოთ წასვლა, რატომ აირჩიეთ გერმანია? ენას ფლობთ?
- გერმანულ ენას არ ვფლობ, მაგრამ ვინაიდან თეატრში ძალიან ინტერნაციონალური დასია, სამუშაო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს... თუმცა, ენის შემსწავლელ კურსებზე დავდივარ, ძალიან მინდა გერმანულს დავეუფლო... თავი რომ კომფორტულად, შინაურულად იგრძნო, აუცილებელია იმ ქვეყნის ენას ფლობდე, რომელშიც ცხოვრობ. ეს პატივისცემის გამოხატულებაც არის... რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ავირჩიე გერმანია: პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ძალიან კარგი სამუშაო პირობები აქვთ, ღირსეული ანაზღაურება; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეატრს საინტერესო რეპერტუარი აქვს... ჩვენი თეატრის რეპერტუარი ძირითადად კლასიკური იყო, დორტმუნდის თეატრში კი ნეოკლასიკაც იდგმეbა, რაც ძალიან მაინტერესებდა. ახალი ტექნიკის შესწავლა მიხდება. დღევანდელი წამყვანი ქორეოგრაფების ბალეტი ბევრია რეპერტუარში და წელიც ძალიან დატვირთულია იმ კუთხით, რომ ბევრი საინტერესო პრემიერაა.
- თბილისის თეატრთან აგრძელებთ კავშირს?
- დიახ და მოწვევა თუ იქნება, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვალ. კავშირის გაწყვეტა წარმოუდგენელია, რადგან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ფაქტობრივად, ჩემი სახლია. აქ გავიზარდე, ჩამოვყალიბდი როგორც მოცეკვავე. ჩემი პედაგოგი, ქალბატონი ირა ჯანდიერი რჩევა-დარიგებებს თბილისიდანაც მაძლევს, მუდმივი კონტაქტი გვაქვს.
- თბილისის თეატრში როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება, წამყვანმა ბალერინამ წასვლა რომ გადაწყვიტეთ?
- როდესაც ქალბატონ ნინოს ვუთხარი, გული დასწყდა და არც არის სასიამოვნო, როდესაც არტისტები თეატრს ტოვებენ. თუმცა ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, რადგან ეს ჩემი განვითარებისათვის, ინტერესებისთვის აუცილებელი იყო. ცვლილებები აუცილებელია.
- გასტროლზე ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი...
- შეიძლება ითქვას, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად მთელი მსოფლიო მოვიარე. არაერთ ქვეყანას ვესტუმრეთ, არაერთ პრესტიჟულ სცენაზე ვიცეკვეთ... დღემდე აჟიტირებული ვარ იმ სანახაობებით და შთაბეჭდილებებით, რაც ამ გასტროლებმა მომიტანა... იაპონიის ბევრი ქალაქი მოვიარეთ, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები, ეკვადორშიც კი ვიყავით, სადაც საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გავემგზავრეთ. თბილისის თეატრში ყოფნის პერიოდი ყოველთვის საუკეთესოდ გამახსენდება.
- საქართველოში, თუ არ ვცდები, პოდიუმზეც მოგიხდათ გასვლა...
- დიახ, იყო გარკვეული კოლაბორაციები. ყოველთვის მზად ვარ მსგავსი საინტერესო გამოწვევებისათვის, ექსპერიმენტებისთვის... შემიძლია გითხრათ, რომ გერმანიაში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის შესაძლებლობებია... ერთმანეთისგან განსხვავებული, ბევრი სახის შემოთავაზება მივიღე. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ მიდის.
- გერმანიაში კიდევ არის ვინმე ქართველი საბალეტო სფეროდან?
- დორტმუნდის საბალეტო დასში პირველი ქართველი ბალერინა ვარ. ჩვენთან სპექტაკლებზე გიორგი ფოცხიშვილს ხშირად იწვევენ. იგი ნიდერლანდების თეატრში ცეკვავს და გასულ სეზონზე ქალბატონი ნინოს მოწვევით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზეც იცეკვა „დონ-კიხოტში“...
მინდა გითხრათ, რომ ჩემ გარშემო მყოფებს ჩვენს ქვეყანას შეძლებისდაგვარად ვაცნობ. უკვე ბევრი წავიყვანე ქართულ რესტორანში, ელემენტარული ქართული სიტყვებიც ვასწავლე და შეძლება ითქვას, პატარა ქართულ კუთხეს ვიწყობ.
- თუ გყავთ მოწაფეები?
- იყო გარკვეული შემოთავაზება, მასტერკლასებს ვატარებდით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის ხელსაყრელი არ არის, პედაგოგიურ საქმიანობაზე გადავერთო.
- რა საიდუმლო გაქვთ, მუდამ იდეალურად რომ გამოიყურებით?.. დიეტას იცავთ, ვარჯიშობთ?
- ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის! დიეტას არ ვიცავ და არც არასოდეს დამიცავს. მადლობა ღმერთს, არასოდეს მქონია წონასთან დაკავშირებული პრობლემები. პირიქით, გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი კერძები... მიუხედავად იმისა, რომ ტკბილეული ძალიან მიყვარს, ვცდილობ რაციონში მინიმუმამდე შევამცირო და უფრო მეტი ბოსტნეული, ხილი და წყალი მივიღო... ახლა, რადგან მარტო ვარ, კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ, რას ვიღებ. ასე თუ ისე, სპორტსმენები ვართ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კვება, ენერგიის აღდგენა, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება.
- ჩაცმის სტილი, თქვენი საყვარელი ფერები როგორია?
- ვერ ვიტყვი, რომ მოდის ტენდენციებს მივდევ... უბრალოდ, მაქსიმალურად ვცდილობ, ის სამოსი ვატარო, რომელiც ჩემი აზრით, მიხდება და ჩემთვის კომფორტულია. ყოველდღიურად უფრო სპორტულ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა, ისეთი პროფესია მაქვს, რომ კლასიკური სამოსიც ჩემი გარდერობის განუყოფელი ნაწილია. ძალიან მიყვარს ღია, ნათელი ფერები, პასტელური... შავი და თეთრიც, აუცილებლად...
- რა იყო გერმანიაში თქვენთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა?
- მომწონს, რომ თავიანთ ენას ძალიან აფასებენ, ქვეყანას უვლიან. აქ მყოფ ბევრ უცხოელთან მაქვს კონტაქტი და vinc ორი წელია გერმანიაშიa, რაღაც დონეზე გერმანული ენა უკვე იციან - ეს ქვეყნის პატივისცემის დიდი გამოხატულებაა... ისეთი რეალობის წინაშე გაყენებენ, გინდა თუ არა, უნდა ისწავლო. მგონია, რომ ქართველებს ეს თვისება გვაკლია.
რაც შეეხება პუნქტუალობას, სისუფთავეს და წესრიგს, გერმანიაზე ეს იმდენად საყოველთაოდ ცნობილია, ამაზე საუბარიც კი ზედმეტი მგონია. ყველაფერი იმდენად საათივით არის აწყობილი, თავს უხერხულად იგრძნობ, სადმე რომ დააგვიანო, არაკულტურულად მოიქცე. აქ ადამიანი უკეთესობისკენ იცვლები.
მოწესრიგებული, კომფორტული და საკუთარ ხალხზე ორიენტირებული ქვეყანაა. განსაკუთრებით მომწონს, რომ დასვენების დღე მართლაც დასვენებისაა. დიდ პატივს სცემენ საკუთარ თავს, მოქალაქეებს.
- და მაინც ოჯახისგან შორს, მარტო ყოფნა არ გაგიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა... ოჯახთან, მეგობრებთან სიახლოვე უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული პირველი თვეები იყო, მაგრამ ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს საყვარელ ადამიანებთან. თანაც, გერმანია არც ისე შორსაა და ზოგჯერ ჩამოსვლასაც ვახერხებ. თანდათან ყველაფერს ვეგუები.
- საქართველოს სხვადასხვა კუთხეს რამდენად იცნობთ?
- წარმოშობით სამეგრელოდან ვარ და არ ყოფილა ზაფხული, სამეგრელოში რომ არ ჩავსულიყავი. ძალიან მიყვარს იქაურობა. შეიძლება ითქვას, რომ მეგრული კარგად ვიცი. ამით ვამაყობ და სურვილი მაქვს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვფლობდე... რაც შეეხება საქართველოს სხვა კუთხეებს, ჩვენი ქვეყანა ძალიან მიყვარს, პატრიოტი ვარ და შეძლებისდაგვარად სულ ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი მენახა. ჩემი სამომავლო გეგმებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის გაცნობას უკავშირდება. ყველაფერი წინ არის.
- გერმანიაში ქართულ ემიგრაციასთან გაქვთ კონტაქტი?
- ჯერჯერობით არა, რადგან მაინც ახალი ჩამოსული ვარ და ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა. ჩვენი თეატრის ყოფილი მოცეკვავე გერმანიაში ცხოვრობს და აქ ერთმანეთს დავუკავშირდით. ქართულ რესტორანშიც გავიცანი ქართველები და სამომავლოდ უფრო მეტ თანამემამულესთან ვაპირებ კონტაქტს.
- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან ბევრი წავიდა საზღვარგარეთ?
- დიახ, ბევრი წავიდა და ბევრი უცხოელიც მოვიდა. როგორც მსოფლიოს ყველა თეატრში, იქაც იგივე ხდება... ყველას ინდივიდუალური არჩევანია, რას გადაწყვეტს. ზოგი ერთ ადგილზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, გარემოს ეგუება და არსად წასვლის სურვილი არ აქვს. მე მაგალითად, პირიქით ვარ და სულ ვცდილობ, ჩენი პროფესიისთვის შეზღუდული წლები მაქსიმალურად გამოვიყენო.
- ბალერინების საპენსიო ასაკმა ხომ გადაიწია?
- დიახ, თუ ბალერინა ფორმაშია, რამდენ ხანსაც სურს, იცეკვებს, მაგრამ ფიზიოლოგია მაინც თავისას შვრება და 40 წლის ასაკში რაღაცები იცვლება... კონკრეტულ ასაკში პროფესიულ საქმიანობას ასრულებ, მაგრამ რაღაც ახალი იწყება და ზუსტად ეგ არის საინტერესო, რომ ყველაფერს თავისი დრო, სილამაზე აქვს.
მანანა გაბრიჭიძე