ნაძვის ნაყოფისგან შექმნილი კედლის დეკორაცია, ანუ "გირჩის თაიგულები"
ორიგინალური და არამასიური ნივთი, განსაკუთრებით იმ ადამიანების ინტერესს იწვევს, ვისაც გამორჩეული საჩუქრის გაკეთება უნდა ან თავად აქვს სურვილი საკუთარი ინტერიერის კედელი "გირჩის თაიგულებით" გააფორმოს. როგორც ვიცი, მსგავს დეკორაციებს საქართველოში მის გარდა არავინ ამზადებს და შესაბამისად, ეს ფაქტიც აღსანიშნავია.
- პროფესიით სასამართლო ექსპერტი ვარ, მაგრამ წლების განმავლობაში გაყიდვების მენეჯერად გახლდით დასაქმებული; შემდეგ ბავშვი გავაჩინე და 3 წელია უკვე აღარ ვმუშაობ. ქსოვა, კერვა და ქარგვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ხელნაკეთი დეკორაციების გაკეთება პანდემიის დროს დავიწყე. შვილის გამო ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ რასაც გამოვნახავ, ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ვუთმობ. "პინტერესტზე" ხელით შექმნილ ნივთებს ყოველთვის ვათვალიერებდი. ერთხელაც ფიცარზე მიმაგრებული დაჭრილი, გაფერადებული გირჩი ვნახე და იდეა დამებადა, დაფად ტოტები შემეკრა და მასზე სხვადასხვა ფერის გადაჭრილი გირჩი ისე დამემაგრებინა, თაიგულის ასოციაცია რომ შექმნილიყო. თბილისში, დიღმის ტყესთან ახლოს ვცხოვრობ. გირჩებს და ტოტებს იქ ვაგროვებ: გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე. მასალა რთულად მოსაპოვებელია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა გირჩი შეკრულია. თუმცა, ამ ეტაპზე მარაგი მაქვს და ეს არ შემაყოვნებს. გირჩი აუცილებლად გაშლილი უნდა იყოს, შემდეგ ის იხერხება, სუფთავდება და აკრილის საღებავით რამდენიმე ფენად იღებება. დაფისთვის ისეთი ჯოხები უნდა შეირჩეს, რომ სიბრტყე სწორი და მყარი გამოვიდეს. დაფას თოკით ვკრავ და ზევიდან გადაჭრილ გირჩებს ისე ვამაგრებ, რომ თაიგულის ეფექტი დატოვოს. ასეთი ნივთები გამძლე და მუდმივია. პირველ ეტაპზე შექმნილ ნივთებს რომ ვუყურებ, არც ფერი შეუცვლიათ და არც სიმყარე დაუკარგავთ, მთავარია, აკრილს წყალი არ მოხვდეს.
თავიდან ეს ნივთები მხოლოდ მე მქონდა, მერე მეგობრებსაც ვაჩუქე. მათ მირჩიეს, სოციალურ ქსელში გვერდი გამეკეთებინა და რასაც შევქმნიდი, განმეთავსებინა. ასეც მოვიქეცი. დეკორაციებმა მალევე მიიქცია ყურადღება. ამ ხნის განმავლობაში 2 გოგონა ყველაზე მეტად აქტიურობს, ისინი ჩემს ნივთებს სასაჩუქრედ ხშირად იძენენ და ამბობენ, რომ ძალიან ორიგინალური საჩუქარია. მაქვს როგორც მზა დეკორაცია, ისე მიწევს დამკვეთის სურვილის მიხედვით ფერების შერჩევაც. როგორც დავაკვირდი, დეკორაციებს ძირითადად სამზარეულოსა და მისაღების კედლებზე კიდებენ. ერთი გოგონაა, რომელიც კოტეჯებს აქირავებს. ის ხშირად ყიდულობს სხვადასხვა ფერის გირჩის თაიგულს. კედლები ხისა და აგურის კომბინაციითაა შექმნილი და ამგვარ ინტერიერს ძალიან უხდება. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად მწვანისა და ყვითლის კომბინაცია მომწონს, ამ ორი ფერის თაიგული იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მასალა მრავალფეროვანი ნივთების შექმნის საშუალებას არ მაძლევს, თუმცა, სხვა რაღაცებსაც ვაკეთებ, კერძოდ, ნაძვის ხის დეკორაციებს. ნაძვის ხის სათამაშოებს მუყაოთი და ძაფით ვამზადებ. ისევ გირჩის დეკორაციებს რომ მივუბრუნდეთ, გეტყვით, რომ ამ ბოლო 3 წლის მანძილზე, დაახლოებით 100 ასეთი ნივთი მაქვს გაკეთებული და ამდენივე - გაყიდული. ალბათ, ბევრი არ არის, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობას სიამოვნებით ვაგრძელებ.
ანა კალანდაძე