როგორ ცდილობს "პრაიმ ჰაუსში" შერყეული აურის გაწმენდას სალომე კალანდაძე? - გზაპრესი

როგორ ცდილობს "პრაიმ ჰაუსში" შერყეული აურის გაწმენდას სალომე კალანდაძე?

სალომე კალანდაძე, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო, როგორც უმი ვეგანი, ახლახან რეალითი შოუში - "პრაიმ ჰაუსი" მონაწილეობდა. პროექტის დატოვების შემდეგ სალომეს შევეხმიანეთ და იმ თემებზეც ვესაუბრეთ, რამაც საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩინა...

- სალომე, სად ხარ და როგორ ხარ?

- დედამიწაზე ვარ, უფრო მეტ ჰარმონიაში და ვცდილობ, გავსხივოსნდე (იცინის)... გუდაურში, იოგის გასვლით ტურზე ვიმყოფები, შიმშილობასთან დაკავშირებით, ანუ ვშიმშილობთ და იოგის ვარჯიშებს ვასრულებთ.

- რამდენდღიანი შიმშილობა გქონდათ?

- 100-მდე ადამიანი შევიკრიბეთ. საშუალოდ, 36-40 საათი ვიშიმშილეთ.

- რთული იყო?

- თავად 14-დღიანი შიმშილობა მაქვს "დაპრაქტიკებული", ანუ 14 დღე მხოლოდ წყალს ვსვამდი. ამიტომ ჩემთვის ეს უკვე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასავითაა, თუმცა, როცა პირველად შიმშილობ, ეს გარკვეულ ემოციებს უკავშირდება, თუმცა ადამიანის ორგანიზმი ყველაფერს ეჩვევა... ახლა რთული კი არა, ნელ-ნელა სასიამოვნოც ხდება...

- "პრაიმ ჰაუსიდან" გამოყოლილი სტრესისგან გათავისუფლდი?

- ამ სტრესისგან ასე მალე ვერ გავთავისუფლდები, რადგან ჩემთვის ეს დიდი დისკომფორტი იყო, მაგრამ ხომ გაგიგონიათ - თავი დისკომფორტში უნდა ჩაიგდო და კომფორტის ზონიდან გამოხვიდე, რომ განვითარდეო? მეც ასე ვცდილობ, ყოველდღიურად ახალი თავგადასავლები მოვუძებნო თავს, რომ განვვითარდე. ალბათ, ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იყო. სტრესი და დიდი დისკომფორტი იმისთვის ღირდა, რაც გავაკეთე.

- და მაინც, რეალითი შოუში მონაწილეობას ხომ არ ნანობ?

- არც ერთი წამით! ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ის უპირატესი სიკეთე, რაც ამ პროექტში ჩემმა მონაწილეობამ მოიტანა (ამ 2 თვის განმავლობაში, თუნდაც, 1 ცხოველის გადარჩენა), იმ ენერგიისა და რესურსის გაცემად ღირდა.

- რამდენი ხანია, რაც ვეგანი ხარ?

- 7 წელია, ვეგეტარიანელი ვარ. 4 წლის წინ უმი ვეგანური კვების "დაპრაქტიკება" დავიწყე. საბოლოო ჯამში, მეოთხე წელია, ვეგანი ვარ.

- "პრაიმ ჰაუსის" გარდა, არავეგანებთან ერთად ცხოვრება ბოლოს როდის მოგიხდა?

- არასოდეს. ასეთი განსხვავებული ფასეულობების და შეხედულებების მქონე ადამიანებთან ამ დონის და ასეთი ხშირი კომუნიკაცია ჩემთვის დიდი დისკომფორტია.

- საზოგადოებამ გაგიცნო, როგორც უმი ვეგანი და წარმოდგენა შეექმნა, რომ ყოველთვის თერმულად დაუმუშავებელ, მცენარეულ საკვებს მიირთმევდი...

- ეს ძალიან სახალისო და პარადოქსული იყო, რადგან სოციალურ ქსელებში, პირად გვერდებზე, არაერთი ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული, როდესაც ვსინჯავ მაგალითად, ვეგანურ ბურგერებს, ფალაფელის ვრაპებს, ხინკალს და ა.შ. უმად კვებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერება და ინფორმირებულობა ძალიან დაბალია - არ იციან, რას ნიშნავს: უმ კვებასაც თავისი დონეები აქვს. მეგაპოლისში ცხოვრებისას, იდეალური უმი კვება წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რადგან ეს გულისხმობს, რომ საკვები სეპარირებულად მიიღო, ყველაფერი ორგანული უნდა იყოს, ანუ პესტიციდებით შეუწამლავი. ასეთი პრინციპი არსებობს: თუკი 97%-ით უმად იკვებები, ეს ნიშნავს, რომ უმად მკვებავი ხარ. მსოფლიოში არ არსებობს უმი ვეგანური კვების ობიექტი, სადაც მაგალითად, მარილს არ იყენებენ, მაგრამ მარილი არის რაფინირებული, თერმულად დამუშავებული, რაც შესაბამისად, სულაც არ არის უმი. ასევე, გამოიყენება ნეკერჩხლის სიროფი, სოიის სოუსი და ა.შ. როდესაც "პრაიმ ჰაუსში" ვეგანური, მაგრამ თერმულად დამუშავებული საკვები გავსინჯე, ამის დამალვის სურვილი რომ მქონოდა, მინიმუმ, გავითვალისწინებდი, ირგვლივ ყველგან კამერები რომ იყო. მონაწილეებმა ეს ისე წარმოაჩინეს, თითქოს რაღაცას ვიტყუებოდი. პარადოქსული იყო. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა მონაწილემ კამერის წინ ბოდიში მოიხდა, ეს ეთერში არ გავიდა. როგორც აღვნიშნე, სოციალურ ქსელში თავად მაქვს გამოქვეყნებული უამრავი ვიდეო, თუ როგორ ვჭამ სოკოს ხინკალს, ვეგანურ სენდვიჩებს... თერმულად დამუშავებულ მცენარეებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, რამდენიმე თვეში ერთხელ ვჭამ, მაგრამ შოუში მინდოდა, ვეგანურ კვებას სხვებიც შესჩვეოდნენ. ყველაზე მეტად ეს მუღამი მქონდა, ამიტომ ვეგანურ კვებაზე 7 კაცი გადავიყვანე. ზოგჯერ განზრახ ვამბობდი, - მოდი, დღეს ვეგანური კერძები მოვამზადოთ-მეთქი. მინდოდა, ისინი ნელ-ნელა წამეხალისებინა...

- შენი რჩეული აუცილებლად ვეგანი უნდა იყოს?

- კეთილი, ემპათიური უნდა იყოს და უნდოდეს, დედამიწაზე რაღაც კარგი გააკეთოს, სანამ ცოცხალია. "ემპათიურში" უეჭველად ვეგანი იგულისხმება, რადგან ეს ნიშნავს, ადამიანი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია, არა მხოლოდ სხვა ადამიანის ადგილას წარმოიდგინოს თავი, არამედ - სხვა სახეობის, ნებისმიერი ცოცხალი არსების. ემპათიურობა ბევრს ნიშნავს.

- შენი ყველაზე უცნაური პაემანი გაიხსენე...

- სულ მეკითხებიან, - არაფერს ჭამ, ყავას და ჩაის არ სვამ, შენსავე რესტორანში ხომ არ დაგპატიჟებო?!. საერთოდ, ძალიან ბევრი ცხოველი მყავს ნაჭამი. პატარა ასაკის ვიყავი, როცა ჩემს (აწ უკვე ყოფილ) მეუღლესთან პირველ პაემანზე 15 ხინკალი შევჭამე. ხომ შეიძლებოდა, გავპრანჭულიყავი, მომრიდებოდა? ეს ყოველთვის სალაპარაკო თემა იყო (იცინის). იუმორით ვიხსენებდით...

- პროექტში გაჟღერდა ფრაზა, თითქოს საშაურმის გახსნას აპირებდი. მართალია ეს თუ ხუმრობა იყო?

- მართლა ვაპირებდი. ამის შესახებ პოსტიც კი მიდევს. დასამალი არ არის, პირიქით - მეამაყება, რომ ეს გზა გავიარე. ქართულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სტერეოტიპულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, სადაც თუნდაც, კვებითი ჩვევები ძალიან სტანდარტული იყო. ხორცი, ცხოველური პროდუქტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახლდათ. ის, რომ ადამიანი იცვლება, ჩემთვის ეს პიროვნულ ევოლუციაზე მიუთითებს. ამიტომ სხვა ადამიანშიც ვაფასებ და საკუთარ თავშიც მომწონს, რომ იმავეს არ ვფიქრობ, რასაც 10 წლის წინ ვფიქრობდი, შევიცვალე. გარკვეული შეხედულებები ხომ უნდა განავითარო? ახლა ჩემთვის მიუღებელია ისეთი ბიზნესი, რომელიც ვინმეს ზიანს მოუტანს. მეამაყება, რომ ვეგანურ ბიზნესში ჩემი წვლილი მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით სწორედ ვეგანური ბიზნესები გამოირჩევა.

- საშაურმე რატომ არ გახსენი?

- საშაურმის გახსნა ერთ-ერთ იდეად მქონდა. მერე სხვა ბიზნესი დავიწყე, მარკეტინგის სფეროს უკავშირდებოდა... საერთოდ, კვების ინდუსტრია რენტაბელური არ არის... ახლა ჩემი ბიზნესი "ლაიფ სთაილ სტარტაპი" უფროა - ჩემს ცხოვრების წესზე დაფუძნებული და დამოკიდებულია.

- ჯერ უმი ვეგანი გახდი და მერე გაგიჩნდა უმი ვეგანური კვების ობიექტის გახსნის იდეა თუ პირიქით?

- არა. იდეა იქიდან წამოვიდა, რომ იოგას ტურში ვიყავი, ჩემთვის რაღაცებს ვაღივებდი... ყველა მეკითხებოდა, - ეს ლამაზ-ლამაზი, ფერად-ფერადი ოსპის მარცვლები საიდან მოიტანეო? ყველას რომ გავასინჯე, უბრალოდ, ექსპერიმენტის სახით, "ფეისბუკზე" პოსტი გამოვაქვეყნე. უმად კვებამ ისეთი სიკეთე მომიტანა, რომ მინდოდა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა. რაკი გამოხმაურება მოჰყვა, გადავწყვიტე, მეცადა... მოკლედ, "შემომებიზნესა", რა. რამდენიმე ვლოგში საუბარს ასე ვიწყებ, - დაახლოებით, 4 წლის წინ მე მოვკვდი, მერე კი თავიდან დავიბადე-მეთქი, რაც ნიშნავს, რომ ჩემთვის ეს გარდამტეხი, ფსიქოლოგიურად, მენტალურად მძიმე პერიოდი იყო. ამასთან გამკლავებაში უმი კვება ისე დამეხმარა, რომ არ შემეძლო, გავჩუმებულიყავი და მინიმუმ, მეგობრებისთვის არ მომეყოლა.

dsc-7154-copy-1701016568.jpg

- შიმშილობის პირველი გამოცდილების შესახებაც გვიამბე...

- ცხოვრება კედელს რომ შეგანარცხებს, მერე იწყებ ფიქრს და გამოსავლის ძიებას, რატომ ხდება ეს ყველაფერი და აცნობიერებ, რომ დედამიწა არც ისე სამართლიანი ადგილია. გინდა შენი ადგილი იპოვო... ზუსტად ასეთი პერიოდი მქონდა: ყველაფერზე ყველას ვუსვამდი კითხვას: რატომ, როგორ-მეთქი? თითქოს მსურდა, გამოსავალი მეპოვა. ერთ-ერთი პრაქტიკა შიმშილობა იყო, რომელიც უმ კვებასთან ერთად "დავაპრაქტიკე". ჩემი ინსპირაცია იოგა გახლდათ, რომ კვებას ასეთი დიდი ყურადღება მივაქციე, რადგან რეალურად, შიმშილობის დროს ჩვენი ორგანიზმი ფიზიკურად, მენტალურად იწმინდება და როცა სულიერ პრაქტიკებს (იოგა, მედიტაცია, პრანაიამის სუნთქვები, ციგუნი და ა.შ.) ასრულებ, ამ დროს თითქოს შენი სხეული უფრო "გელაპარაკება" და მგრძნობელობა გეზრდება. იოგებს აქვთ ეკადაში, ანუ სჯერათ, რომ სავსე მთვარიდან და ახალი მთვარიდან მეთერთმეტე დღეს დედამიწაზე მარცვლები, პარკოსნები უარყოფითად იმუხტება და ჯობია, ჩვენი სხეული სუფთა და ცარიელი იყოს. ამ დროს ენერგია ისე ძლიერ მოძრაობს, რომ ორმაგად გვიბრუნდება - კარგი უნდა ვაკეთოთ, რომ კარგი დაგვიბრუნდეს. იოგები სწორედ ამ დროს შიმშილობენ. შიმშილობა პირველად მეგობართან ერთად "დავაპრაქტიკე". მანამდე სხვადასხვა ლიტერატურა წავიკითხე. წინათ მეგონა, რომ ადამიანი 1 დღე თუ იშიმშილებდა, შეიძლებოდა, ცუდად გამხდარიყო, გული წასვლოდა... შემდეგ პოლ ბრეგის "შიმშილობის სასწაული" წავიკითხე, სხვადასხვა ჯგუფში გავწევრდი... მოკლედ, დიდი კვლევა ჩავატარე... დღესდღეობით, ტრენდულიც გახდა ე.წ. შუალედური შიმშილობა, რომელსაც ძირითადად, გასახდომად იყენებენ, მაგრამ რეალურად, შეგიძლია 18-საათიანი შიმშილობით დაიწყო, შემდეგ კი - ეს ხანგრძლივობა გაზარდო, ამას ორგანიზმისთვის უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია. არაერთი ადამიანი გავიცანი, ვინც 40 დღე იშიმშილა. სიმსივნესთან, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მოიშორა, რომლებსაც წლების განმავლობაში მკურნალობდა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, ინფორმაცია კარგად მოვიძიოთ, ფრთხილად ვიყოთ. მსოფლიოში შიმშილისგან ბევრი ადამიანი კვდება. მთავარი შიმშილობა კი არა, შიმშილობიდან სწორად გამოსვლაა, ანუ სწორი კვებითი ჩვევები უნდა ჩამოვიყალიბოთ. მოკლედ, შიმშილობამ, უმად კვებამ, იოგამ სწორ გზაზე დამაყენა.

- შიმშილობიდან "გამოსვლა" როგორ ხდება?

- ამისთვის ერთადერთი სწორი გზა უმი, უხეში, ბოჭკოვანი ხილის და ბოსტნეულის მიღებაა, მაგალითად - სტაფილოს და ვაშლის, რადგან ამ დროს აუტოფაგიის პროცესი იწყება, მიტოქონდრიები უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებს, ანუ ორგანიზმი გაახალგაზრდავდება, ანთებითი პროცესები (ბრონქიტი, ანგინა, გრიპი, გაცივება...) ჩვენი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრება, გონებრივი მუშაობა იდეალური ხდება...

- უმი ვეგანური კვების რეჟიმისას, განსაკუთრებით რომელი კერძი გენატრება?

- შემწვარი კარტოფილი. არ არსებობს არავეგანური კერძი, რომელიც მომნატრებია... იცი, რაც უფრო ნატიფად იკვებები, მგრძნობელობა ბევრად გეზრდება, სხეულიც უფრო განიშნებს და გახვედრებს, რა არის სწორი და რა - არასწორი... დაბოლოს, დედამიწას სიყვარული ატრიალებს - ასე მჯერა. ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი