ვის ენდობა ყველაზე მეტად იაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია ქართულ პოლიტიკაში 2015 წლიდან გამოჩნდა: ის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პოლიტიკური ძალის - "გირჩის" ლიდერია და საქართველოს პარლამენტშიც ამ პარტიის სიით მოხვდა. პარლამენტში გამოსვლისას, ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია, თავის მოსაზრებებს არგუმენტებით იცავს და როგორც თავად ამბობს, "ცდილობს, ყოველთვის ადეკვატური იყოს". იაგო ხვიჩია პოლიტიკისგან განყენებულ თემებზე გულახდილად გვესაუბრა.
- ბავშვობაში თუ ოცნებობდით, რომ პარლამენტარი გამხდარიყავით?
- არასოდეს... ბავშვობის წლები ფეხბურთს მივუძღვენი და მხოლოდ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. სკოლა ისე დავამთავრე, სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია, მაგრამ ბოლოს, მაინც სხვა გზა ავირჩიე. ალბათ არ მქონდა ისეთი ნიჭი, რომ ჩემი საოცნებო მიზნებისთვის მიმეღწია, თანაც, 1990-იანი წლების მარტვილსა და სამეგრელოში ნამდვილად არ იყო ისეთი გარემო, რომ დიდ ფეხბურთზე სერიოზულად გეოცნება. 90-იანი წლების ბავშვი ვარ და ის წლები მეც ისე ცუდად მახსენდება, როგორც სხვებს. მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში დავიბადე და დიდიჭყონის საშუალო სკოლა დავამთავრე. მამაჩემი, იური ხვიჩია ამ სკოლის დირექტორი იყო, ხოლო დედა - ლუნა ჯგერენაია პედაგოგი. ისინი ახლაც სკოლაში არიან და ბავშვებს ასწავლიან.
- მასწავლებლების შვილი თუ იყავით, ალბათ, ცელქობას ვერ მოახერხებდით.
- როგორ არა, მაინც ვახერხებდი! იმდენად მოუსვენარი ვიყავი, რომ ხან ხელი მქონდა მოტეხილი, ხან - ფეხი, ერთხელ ფეხის მყესებიც კი დავიწყვიტე. "ცელქი, ოღონდ, კუბში!" - ამბობდა ჩემზე დედა, რომელიც მათემატიკოსია და ყველაფერს ციფრებით აფასებს. იმდენად მოუსვენარი ვიყავი, სკოლაში ყველა მასწავლებელი ჩემს მოჭკვიანებას ცდილობდა, მაგრამ მე მაინც სულ რაღაც შარში ვეხვეოდი. ჩემი მშობლები საბჭოთა მასწავლებლები იყვნენ და დედაჩემს სჯეროდა, რომ შვილებთან "მკაცრი ხელი" აუცილებელია. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, მიხვდა, რომ სიმკაცრე ჩემზე არ ჭრიდა და თავი უნდა დაენებებინა, მით უმეტეს, რომ კარგად ვსწავლობდი და ამ მხრივ, ჩემთან სასაყვედურო არაფერი ჰქონდა. უბრალოდ, მიხვდა, რომ ცელქობის გარეშე ვერ ვისწავლიდი - ყველაფერს თამაშით ვსწავლობდი და წიგნსაც რომ ვკითხულობდი, ჩემს წარმოდგენაში, პერსონაჟებიც მოთამაშეები იყვნენ.
- ფეხბურთის სიყვარულის გამო პროფესიის არჩევა გაგიჭირდათ?
- კი, ასე იყო, ბოლომდე არ ვიცოდი, სად უნდა ჩამებარებინა. მართალია, მშობლებს სურდათ, ექიმი ვყოფილიყავი, ეს ჩვენს მხარეში ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცოდი, რომ ექიმი არ გავხდებოდი. ამიტომ, უნივერსიტეტში საბუთები რომ შემქონდა, მაშინ გადავწყვიტე, იურიდიულ ფაკულტეტზე შემეტანა. თსუ-ში 1999 წელს ჩავაბარე, როცა ჯერ კიდევ შევარდნაძის დრო იყო და 2004 წელს დავამთავრე. ასეთი არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ ყოველთვის მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით, ისტორია და ლიტერატურა. ალბათ, ჩემი მომავალიც ამან განსაზღვრა.
- თქვენი გადაცემის თემატიკაც ისტორიის სიყვარულმა ხომ არ განსაზღვრა?
- ჩემი ინტერესი საქართველოს ისტორიის მიმართ სხვა პროექტებშიც გამოვლინდა და იმ გადაცემაშიც, რომელსაც "საქართველოს დაბადება" ჰქვია. ეს გადაცემა თავიდან ინტერნეტით გადიოდა და ასე გახდა პოპულარული. მერე ტელევიზიებმა წაიღეს.
- როგორი სტილის გოგონები მოგწონთ?
- ამის თქმა ძნელია. შეიძლება შენი გემოვნებისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი მოგეწონოს და შეგიყვარდეს - ამას როგორ განსაზღვრავ? რაც შეეხება შეყვარებულობის პერიოდს: რაღაც ასაკში შეყვარებული ყველა ხდება, მაგრამ მე ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობდი და ვცდილობ, ადეკვატური ვიყო.
- რადგან ფეხბურთი გიყვართ, გკითხავთ ხვიჩა კვარაცხელიაზე. თქვენი აზრით, როგორ გახდა ასე პოპულარული ეს თითქოს უბრალო და თანაც, ძალიან ახალგაზრდა ბიჭი?
- იმით, რომ ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. წარმატება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ოჯახში ხარ გაზრდილი ან ვინ არიან შენი მშობლები... თუ ადამიანს დიდი ნიჭი აქვს და შრომისმოყვარეა, ის ყველაფერს შეძლებს. ხვიჩას არ ვიცნობ, მაგრამ მის ბიოგრაფიას რომ ვეცნობი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები - მთავარი ადამიანის ნიჭი კი არა, შრომისმოყვარეობაა.
- ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტად, ვინ მოგწონთ?
- მესის ფანი ვარ. ვიღაცას პელე უყვარს, ვიღაცას - მარადონა, მაგრამ მესის ტრიუმფი ჩემ თვალწინ მოხდა და მის წინსვლას საკუთარი თვალით ვაკვირდებოდი, ამიტომ, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელია.
- რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
- ნებისმიერ თავისუფალ წუთს ფეხბურთს ვუყურებ, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, კარგი განტვირთვაა. მიზეზთა გამო, მე ვეღარ ვთამაშობ, მაგრამ ყველა სერიოზულ თამაშს სიამოვნებით ვადევნებ თვალს. ჩემთვის ახლაც ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება საფეხბურთო სამყაროში.
- თავისუფალ დროს პოლიტიკურ გადაცემებს თუ უყურებთ?
- არა, რადგან პოლიტიკური გადაცემების მოსმენას, ისევ ფეხბურთის ყურება მირჩევნია. ჩემს კოლეგებს პარლამენტში ყოველდღე ვუსმენ, თანაც, დიდი ხანია მათ ვიცნობ და წინასწარ ვიცი, ვინ რას იტყვის. ინფორმაციას სხვა გზებითაც ვეცნობი, ამიტომ თავისუფალ დროს პოლიტიკური გადაცემების ყურება ნამდვილად არ მიზიდავს.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ ის, რის გამოც "გირჩს" ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ: რომ არასწორი გეზი გაქვთ არჩეული და არასწორ ნარკოპოლიტიკას ემხრობით...
- ვინც ამის გამო გვსაყვედურობს, არასწორი გეზი სწორედ მას აქვს არჩეული, ჩვენ კი ცამდე მართლები ვართ. რატომ? - წლების განმავლობაში მოვითხოვდით, რომ ადამიანები, რომლებიც მარიხუანას ეწევიან, არ დაეჭირათ და ოჯახისთვის არ მოეწყვიტათ. ჩემი აზრით, ეს მორალურად გამართლებული, სწორი აზრია და ამის საწინააღმდეგო მოსაზრებაა დიდი ბოროტება!
- მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა ჯანმრთელობას ანგრევს და აზიანებს?
- იცით, ჩვენი პარტია არ არის იმგვარი ხალხით დაკომპლექტებული, რომელიც სხვებს რაღაცას უკრძალავს ან უბრძანებს. "გირჩი" არავის მოუწოდებს, რომ მაწონი ჭამოს ან აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს - ეს ჩვენი საქმე არ არის. უბრალოდ, ვუხსნით და ვეუბნებით, რა არის სწორი და რა - არა. ვინ რას დალევს ან მოსწევს, ეს მისი გადასაწყვეტია. თავისი სხეული ადამიანს ეკუთვნის და უფლება აქვს, როგორც უნდა, ისე მოექცეს. ადამიანები ხან სწორად იქცევიან, ხან არასწორად და მერე თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთან არავინ მოსულა მარიხუანას ბიზნესიდან და არ უთქვამს, ჩვენს პროდუქციას რეკლამა გაუწიეთო. უბრალოდ, ჩვენ გვწამს, რომ ციხე მხოლოდ მოძალადეებისთვისაა და იქ ისეთი ხალხი უნდა იჯდეს, ვინც სხვაზე იძალადა.
- რას უპასუხებდით იმ ხალხს, ვინც ამტკიცებს, რომ "გირჩის" წევრები ახალგაზრდებს ჯარისგან თავის დახსნაში ეხმარებიან?
- რაც შეეხება ჯარის საკითხს: იქ არ უნდა მსახურობდეს ის, ვისაც ეს საქმე არ მოსწონს. როგორც ჟურნალისტი არ უნდა გახდეს ის, ვისაც ეს საქმე არ მოსწონს, პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ის, ვისაც ეს არ მოსწონს... ეს იგივეა, მე რომ ახლა სადმე გამიშვან და ბუღალტრად მამუშაონ - რატომ უნდა ვაკეთო საქმე, რომელიც არ მიყვარს, როცა არსებობს ვიღაც, ვისაც ეს საქმე მოსწონს და ჩემზე ხარისხიანად გააკეთებს? ასეა ჯარის შემთხვევაშიც. ჯარისკაცებს ამ კრიტერიუმით უნდა ვარჩევდეთ და ყველა, ვისაც 18 წელი შეუსრულდა, სამხედრო სამსახურში არ უნდა გავუშვათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს სულ სხვა ინტერესები აქვს, ზოგი პაციფისტია, ზოგი კი საერთოდ შეუსაბამოა ჯართან და ავტომატთან. ეს იქ მყოფი ჯარისკაცებისთვისაც პრობლემაა: როცა შენ გვერდით დგას ადამიანი, რომელიც დეზერტირობაზე ოცნებობს, შენც ყველანაირი მოტივაცია და ინტერესი გეკარგება... ჩვენ გვინდოდა, ადამიანის თავისუფლება დაცული ყოფილიყო და მის არჩევანს პატივისცემით მოვქცეოდით... იმედი მაქვს, რომ მომავალში ადამიანები ამ ყველაფერს სწორად გაიგებენ. მართალია, ახლა ჩვენი ბევრს არ ესმის, მაგრამ არა უშავს - ასეთ რეაქციას თავიდანვე შეგუებული ვიყავით.
- დაბოლოს, ვინ არის ადამიანი, რომელსაც თქვენი ყველაზე კარგად ესმის და ყოველთვის თქვენ გვერდითაა?
- ჩემი ერთადერთი ძმა - ლაშა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია. ის ჩემი ერთგული მეგობარიცაა და თანამოაზრეც, რომელსაც ყოველთვის ვენდობოდი და ვენდობი!
ხათუნა ჩიგოგიძე