ხათუნა ბოკუჩავას დაბრუნება პროფესიაში - როლები, ემოციები და ახალი გატაცება - გზაპრესი

ხათუნა ბოკუჩავას დაბრუნება პროფესიაში - როლები, ემოციები და ახალი გატაცება

"რას გვერჩოდი, რატომ აგვატირე"? - ამ საყვედურს მაყურებლისგან მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა, ბოლო რამდენიმე დღეა, ისმენს. ეს ის შემთხვევაა, როცა საყვედურიც კი სასიამოვნო მოსასმენია, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვინც სერიალის "სიყვარულს მიღმა" მაყურებელია, მისი პერსონაჟის (მარინა) მიმართ გულგრილი ვერ იქნება. წლების წინ, გარდაცვლილად გამოცხადებულ შვილთან შეხვედრის ემოციურმა ეპიზოდმა, მსახიობზეც ძალიან იმოქმედა.

- ქალბატონო ხათუნა, თქვენი თამაშით მაყურებელზე გავლენას აშკარად ახდენთ. დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებს პირველად არ ისმენთ.

- ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მიხარია, ასე თუ ფიქრობთ. ეს სერიალი ძალიან პოპულარულია. გუშინ ქუჩაში ფეხით სიარულმა მომიწია და ძალიან ბევრი ადამიანი გამომელაპარაკა. სკოლასთან რომ ჩავიარე, ბავშვები გამოცვივდნენ, ფოტოების გადაღება მთხოვეს. მეუბნებოდნენ, თქვენი შვილთან შეხვედრის ეპიზოდი რომ გვახსენდება, ახლაც გვეტირებაო. ეს მსახიობისთვის დიდი კომპლიმენტია.

- ამ სერიალში როგორ აღმოჩნდით?

- არანაირი კასტინგი არ გამივლია, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ სერიალს ახალი პერსონაჟი ემატებოდა, პირდაპირ გადაღებაზე დამიბარეს. თავიდან არ ჩანდა, ჩემი გმირის ცხოვრება ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა. არაჩვეულებრივ მსახიობებთან - მარინა ხარჩილავასა და გიგი მიგრიაულთან მიწევს თამაში. ქალბატონი მარინა გენიოსია, უდიდესი პროფესიონალი. ჩემს "შვილს", გიგის გადაღებამდე არ ვიცნობდი, ძალიან უშუალო და თავისუფალი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ კორიფეებთან მაქვს ნათამაშები, ამ მსახიობების პარტნიორობა არის დიდი ბედნიერება.

- შვილთან შეხვედრის, ჩახუტების ძალიან ემოციური ეპიზოდის გადაღებამ, თქვენზე როგორ იმოქმედა?

- ო! ეს სცენა მარტივად სათამაშო არ იყო, ამ ეპიზოდმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, 2 დღე საწოლიდან ვერ ავდექი. ძალიან ვეცადე, მაგრამ გადასაღები მოედნიდან გამოყოლილი ემოცია ვერ მოვიშორე. ასე დამემართა, როდესაც ვითამაშე სპექტაკლში, სადაც ჩემი პერსონაჟი შვილს კლავდა - ესეც ძალიან ემოციური და რთულად გადასატანი აღმოჩნდა. მსგავსი რამ როლის გამო, მეორედ ახლა დამემართა. წარმომიდგენია, რა გზას გადიან, რას უძლებენ ადამიანები, ვის ცხოვრებაშიც მსგავსი ამბავი მართლა ხდება... ჩემი მეგობარი ფეხმძიმედ იყო, საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად რომ წავიდა. იქ იმშობიარა და უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო. მთელი ცხოვრება იცოდა, შვილი მკვდარი ჰყავდა და წლების შემდეგ, სასწაული მოხდა, თურმე გოგონა გაუჩენია და მან საქართველოში ჩამოაკითხა. მათ შორის ისეთი მსგავსება იყო, დნმ-ის აღებაც კი არ იყო საჭირო. მე ეს ადამიანი მახსოვდა ადრეული ბავშვობიდან და იმ გოგონას რომ შევხედე, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დედამისი ახალგაზრდობაში. ჩემი მეგობარი მუხლებზე დაეცა და ღრიალებდა, 2 "სასწრაფოს" მოსვლა დაგვჭირდა.

- სერიალებში თამაშის გამოცდილებაზე რას გვეტყვით?

- "თენდება გვიან", "ოცდამეშვიდე დრაკონი", "ყავა და ლუდი", "ჩემი ცოლის დაქალები"... ესაა სერიალები, რომლებშიც გადამიღეს, მაგრამ ეპიზოდური როლები მქონდა.

- რა ასაკში გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით მსახიობი, რით დაგაინტერესათ და მიგიზიდათ ამ პროფესიამ?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და რუსეთში წავედი სასწავლებლად, სამედიცინოზე ჩავაბარე. არდადეგებზე თბილისში რომ დავბრუნდი, მალხაზ ქვრივიშვილი და ბესო ხიდაშელი შემხვდნენ, ჩემი მსახიობობა მალხაზ ქვრივიშვილის "ბრალია". სამედიცინოზე რა გინდა, საბუთები შეაგროვე, წამოდი, თეატრალურში ჩააბარეო, თავად უკვე იქ სწავლობდა. რადგან გამოცდები მაისში ტარდებოდა, მეც ვიფიქრე, რას ვკარგავ, ვცდი-მეთქი და ასე აღმოვჩნდი თეატრალურში. იმ პერიოდში ჩამოყალიბებული არც ვიყავი, რა პროფესია ამერჩია, რა მინდოდა. უფრო ბაღის მასწავლებლობისკენ ვიხრებოდი, რადგან ბავშვები მიყვარდა. მალხაზ ქვრივიშვილმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. ჩვენ მუსიკალურში ერთად ვსწავლობდით და ვმეგობრობდით.

- მერე ეს პროფესია შეგიყვარდათ?

- ყოველთვის მიყვარდა, ჩემს ოჯახში ჯერ ბაბუასთან, მერე დედასთან და მამასთან სულ მოდიოდნენ მსახიობები, რეჟისორები, კინოკრიტიკოსები. ეს სფერო ჩემთვის უცხო არ იყო, სიყვარულიც მქონდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ პროფესიად ამერჩია. როდესაც ეს დღე დადგა და ოჯახში გამოვაცხადე, მსახიობობა მინდა-მეთქი, ბებია გაგიჟდა, - ბოზობას დიპლომი რად უნდაო? იმ წლებში ასე აღიქმებოდა (იცინის). რომ ჩავაბარე და მიშა თუმანიშვილთან მოვხვდი, მერე ბებია ძალიან მგულშემატკივრობდა.

- ვინ იყვნენ მსახიობები, რომლებიც თქვენ გსტუმრობდნენ?

- მამა ვერელი ძალიან კაი ტიპი იყო, რუსეთში ჰქონდა სამედიცინო დამთავრებული, იქ ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც პერიოდულად გვსტუმრობდნენ. ჩვენს ოჯახში ხშირად იყვნენ კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი, დოდო აბაშიძე ბაბუასთან მეგობრობდა. სულ მახსოვს მათი ჟესტიკულაცია, წარმოთქმული სადღეგრძელოები, მანერები... დოდო აბაშიძე ხელში ფიალას რომ დაიჭერდა, ის სუფრები სპექტაკლები იყო.

- კორიფეებთან თამაში ახსენეთ...

- დედაჩემს, ნანა ბოკუჩავას ორი ქართული თეატრის გახსნაში აქვს წვლილი შეტანილი. დმანისის თეატრის გახსნაზე პატრიარქიც ბრძანდებოდა. რა თქმა უნდა, იქ იყო თეატრალური საზოგადოებაც. სცენაზე რუსთაველის, რუსთავის, ახმეტელის და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობები ვიდექით. სხვადასხვა დროს პარტნიორობას ვუწევდი მეღვინეთუხუცესს, გოგი თურქიაშვილს, ზინაიდა კვერენჩხილაძეს, დათო დვალიშვილს, ედიშერ მაღალაშვილს, გია ჯაფარიძეს, კარლო საკანდელიძეს... იქ იყო უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობი გოგა გორგასანიძე. არასდროს დამავიწყდება გოგი გეგეჭკორი, როგორ მგულშემატკივრობდა, კულისებში რომ იდგა, - მიდი, გენაცვალეო, სულ მამხნევებდა. ავტობუსით ერთად მოვდიოდით, მელაპარაკებოდა სცენებზე, ეპიზოდებზე... ისე ლამაზად, ისეთ საჭირო შენიშვნებს მაძლევდა, ამ ადამიანებთან ურთიერთობა პროფესიულად მზრდიდა. მარნეულის თეატრი სპექტაკლით "სამშობლო" გაიხსნა. აქ გენიალურ თენგიზ არჩვაძესთან ერთად ვთამაშობდი, მისი მეუღლის როლს ვასრულებდი. რეპეტიციები ხომ დიდი სკოლა იყო, მაგრამ ადამიანობა, ცხოვრების წესი, ურთიერთობა, ოჯახის შემდეგ, ამ ადამიანებმა მასწავლეს.

- დღეს თეატრში აქტიურად არ თამაშობთ?

- არა, რეჟისორი ვერ მხედავს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2 სპექტაკლი მაქვს ნათამაშები, უმეტესად სახლში ვარ. ერთი პერიოდი თითქოს ყველაფერზე ხელიც ჩავიქნიე, სერიალებს, ტელევიზიებს უარი ვუთხარი. ახლა ამ სერიალიდან რომ დამირეკეს, გვერდით ჩემი შვილი მყავდა. შეთავაზება მანაც მოისმინა და ჩუმად მუშტები მომიღერა, - არ გადამრიო, ახლა უარი არ თქვა, თორემ არ ვიცი, რას გიზამო.

- თავად ამ სერიალს არ უყურებდით?

- არა. საერთოდ ტელევიზორს არ ვუყურებ. დედა რომ გარდამეცვალა, დეპრესიაში ვიყავი და ჯერ კიდევ ვარ, ამ სერიალს გამოვყავარ ცოტათი, მინდა ფორმაში ვიყო.

- შეიძლება ეს როლი თქვენს პროფესიაში დაბრუნებად ჩავთვალოთ?

- შეიძლება ასეც ითქვას.

- ახალი როლებისთვის, გამოწვევებისთვის მზად ხართ?

- დიახ, ახლა მზად ვარ, თეატრი უფრო მიყვარს.

- მსახიობები ამას ხშირად ამბობენ, თქვენთვის რა ხიბლი აქვს თეატრს?

- იქ ცხოვრობ, იქ შეგიძლია შეასწორო შენი შეცდომები, ყველა სპექტაკლს ერთნაირად ვერ თამაშობ. მიშა თუმანიშვილი ამბობდა, კინო წებო და მაკრატელიაო. როლში რომ ხარ შესული და უეცრად დაგიძახებენ: "შეჩერდი", ეს ძალიან რთულია, მერე ისევ თავიდან უნდა დაიჭირო ის ემოცია. თეატრში პირიქითაა, მიდიხარ და "ბანაობ", თავით ეშვები. თეატრში შენს როლს თავად ძერწავ, სულს თავად უდგამ, იქ ყველა როლი შენი შვილია. კინოსა და თეატრს შორის დიდი განსხვავებაა. თეატრი სულ სხვა ხელოვნებაა და კინო - სხვა.

- დღეს გადასაღებ მოედანს მიღმა, თქვენი ცხოვრება როგორია?

- ერთი გოგონა მყავს და სიძე, რომელსაც შვილისგან არ ვასხვავებ. მყავს ერთი შვილიშვილი. როცა ერთად ვართ, ყოველთვის ძალიან ვხალისობთ, მეორე შვილიშვილს იანვრის დასაწყისში ველოდები. 23 ნოემბერს 60 წლის ვხდები.

- როგორ სიმბოლურად დაემთხვა, ეს ინტერვიუ 23 ნოემბრის ნომერში გამოვა.

- მართლა? ე.ი. დაბადების დღეს ამ ფორმით მომილოცავთ.

394683169-309473005177310-1904607009701595437-n-copy-1701016858.jpg

- აუცილებლად!

- ბოლო წლებში მიწის ენერგეტიკა ძალიან მიზიდავს. შევიკრიბეთ მეგობრები და ვაკეთებთ პატარა ბოსტანს, სხვადასხვა კულტურა ოჯახში გამოსაყენებლად რომ მოვიყვანოთ. ვაკეში სახლი მქონდა, რომელიც გავყიდე და გლდანში (უკაცრავად გლდანჰეტენში), გიორგიწმინდაში ვიყიდე კერძო სახლი, სადაც ვცხოვრობ ბედნიერად ყვავილებთან, ჩიტებთან, ძაღლებთან, კატებთან ერთად. მყავს კარგი მეზობლები, ვუვლი ბოსტანს... აი, ასეთია დღეს ჩემი ცხოვრება, ამით ვხალისობ, ეს განტვირთვის საშუალებაა. იცით, მიწა როგორ ენერგიას მაძლევს? დილით ყვავილებს რომ ვრწყავ, მთელი დღე ენერგიულად ვარ. ახლა, სანამ თქვენ დამირეკავდით, ყვავილები ორანჟერიაში დავაბინავე; ვეფერებოდი, ისეთი ლამაზები გახდნენ. შევისწავლე და ახლაც ვსწავლობ, თითოეულ ყვავილს თავისებური მოვლა უნდა.

- დაბოლოს, გკითხავთ, როგორია თქვენი შვილის რეაქცია, როცა ეკრანზე გიყურებთ?

- ერთ სერიას ერთად ვუყურეთ, შვილთან შეხვედრის ეპიზოდის ნახვისას, ჩემს სიძეს და გოგოსაც ცრემლები წამოუვიდათ. მე რომ ვწუწუნებ, ნეტავ ასე მეთამაშა, ეს რატომ არ გამახსენდა, ჩემი შვილი მეტყვის ხოლმე, - კარგი, რა ხათუნა, შენ სულ ეგრე ნუ იცი, ყველაფერი კარგი იყოო. დედა რომ ცოცხალი მყავდეს, ის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო და დარწმუნებული ვარ, კარგ რჩევებს მომცემდა. შვილიშვილი წლის და 10 თვის არის. ეკრანზე რომ დამინახა, გაგიჟდა. ვერაფრით ახსნა, ტელევიზორშიც და მის გვერდითაც ერთდროულად როგორ ვიყავი?..

P.S. ჟურნალის "გზა" რედაქციის სახელით ქალბატონ ხათუნას დაბადების დღეს ვულოცავთ. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბევრ როლს და საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე