„მაშინ მანქანები არ იყო, სამსახურში ცხენებშებმული ეტლით დავდიოდი“
ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შევხვედრივარ და ვხვდები, თუმცა, მათ შორის არავინ ყოფილა ერთი საუკუნის. მეტიც, ანტისა ყარაულაშვილი 102 წლისაა, მშვენიერი მოსაუბრე და თბილი ქალბატონი.
- ქალაქ თელავში 1921 წლის 16 მაისს დავიბადე. საბავშვო ბაღში ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა. დილას იატაკზე სათამაშოებს გაგვიშლიდა, ვთამაშობდით, ვცეკვავდით და დავრბოდით, მაგრამ როცა დაიძახებდა: „საუზმე!“ ჩვენ სიმღერას ვიწყებდით: „ერთ-ორ-სამ წუთშიააა, ალაგებულიააა“ (მღერის). ყველა სათამაშოს თავის ადგილს მივუჩენდით. ის ასე გვაჩვევდა წესრიგს... მაშინ პური არ იშოვებოდა და იქ თეთრი პურის მაღალ ნაჭრებს გვაძლევდნენ, რომელზეც თაფლი იყო გადასმული. დღემდე მახსოვს იმ თაფლიანი პურის გემო... პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღსა და სკოლაში ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, სიკვდილის ბოლომდე ვმეგობრობდით. არ უნდა ვიკვეხნიდე, მაგრამ სკოლაში მასწავლებლებს ძალიან მოვწონდი, მოწინავე მოსწავლე ვიყავი და ყოველთვის ჯილდოებს ვიღებდი. სამი და ვიყავით: თინა, რუსუდანი და მე. დედაჩემი ივლიტა ბატიაშვილი, წინანდლელი ქალი, დიასახლისი იყო. მამა იროდიონ ყარაულაშვილი კი სოფელ ვარდისუბნიდან გახლდათ. განათლებული კაცი იყო, ძალიან უყვარდა კითხვა. თელავის სასულიერო სემინარიის შემდეგ, ორი ფაკულტეტი დაამთავრა, მათ შორის ფარმაცევტული. მამაჩემი სოფელ წინანდალში აფთიაქში მუშაობდა. მე რომ დავიბადე, უნდოდა ჩემთვის თამარი დაერქმია. იქვე ერთი კაცი, გრიშა ქვარაია მუშაობდა, რომელიც შემდეგ ჩემი ნათლია გახდა. მას უთქვამს, - შეყვარებული მყავდა, ანტისა, მასთან სიყვარულში არ გამიმართლა და მინდა ვიღაცას მაინც ერქვას ეს სახელიო... სკოლა რომ დავამთავრე, ფილოლოგიურზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი კონკურსი იყო, ამიტომ საბუთები პოლიტექნიკურში შევიტანე, ინჟინერ-ქიმიკოსი გავხდი. სტუდენტობის დროსაც კარგი მეგობრები შემხვდნენ.
- ვინ იყო თქვენი მეუღლე?
- იოსებ ფეიქრიშვილი ღვინის ტექნოლოგი იყო. 1941 წლის მაისში, უმაღლესში ბოლო გამოცდა რომ ჩააბარა, მეორე დღეს ომი დაიწყო და მაშინვე ფრონტზე წავიდა. მაშინ პატარები თხოვდებოდნენ, მე კი 27 წლის ვიყავი და ერთ ოჯახში დამიბარეს, უსათუოდ ვინმე უნდა გაგირიგოთო. იქ რომ მივედი, „კარტს“ თამაშობდნენ. ერთ-ერთი „კარტს“ კი არა, მე მიყურებდა და მაკვირდებოდა. ის ჩემი მომავალი მეუღლე, იოსები იყო. იქიდან რომ წამოვედი, გამომაცილა. მაშინ მითხრა, ძალიან მომეწონე და მამაშენთან მინდა მოსვლაო. ასეც მოიქცა. მამაჩემმა ახედ-დახედა, ყურადღება მის „პაგონებზე“ რომ შეაჩერა, იოსებმა უთხრა: დიახ, ფრონტზე ვიყავი, კაპიტანი ვარო. მამაჩემს იმ დღესვე მოეწონა, მაგრამ დედაჩემმა დაიწუნა, ულვაში არ აქვსო (იცინის). ძალიან მალე სუფრა გამართეს და დავქორწინდით. ჩემი მეუღლე 2001 წელს გარდაიცვალა, 86 წლის ასაკში.
- თქვენი მომავალი მეუღლე ფრონტზე იყო, თქვენ სად გაატარეთ ის წლები? მეორე მსოფლიო ომის დაწყება-დასრულება როგორ გაიგეთ და ამ ამბავს როგორ შეხვდით?
- ომი რომ დაიწყო, ეს თბილისში გავიგე. ინსტიტუტში მივდიოდი, ნახაზები მიმქონდა. ზემელზე ჩამოვედი, სადაც ხალხი იყო შეგროვილი. ომის დაწყება რადიოდან გვაუწყეს. მახსოვს, ყველა როგორ დავიბენით... ომის პერიოდში თბილისში მამაჩემი თელავიდან პროდუქტს მიგზავნიდა და მეზობლებს ვუნაწილებდი. ლორს რომ მოვხარშავდი და ეზოში სუნი დადგებოდა, მის ნახარშს, წვენს მთხოვდნენ. იმ ნახარშში ხორცს ჩავუჭრიდი და მეზობლებს ბავშვებთან ისე ვატანდი. მახსოვს, განგაშის სიგნალი რომ ირთვებოდა და თვითმფრინავი გადაიფრენდა, ფანჯრებზე ფარდებს ვაფარებდით, ბინიდან სინათლე რომ არ გასულიყო. ომის დაწყებისას ინსტიტუტიდან ბიჭები ჯარში წაიყვანეს. კასპში პრაქტიკებზე რომ ჩავედი, ჯერ დიპლომი აღებული არ მქონდა, იქვე ინჟინრად დამტოვეს. ცემენტის ქარხნის ლაბორატორიაში ვმუშაობდი. ჩემი ინსტიტუტის ამხანაგიც იქვე დატოვეს, ბიჭები რომ არ იყვნენ, სხვა გზა არ იყო, ინჟინრები სჭირდებოდათ. ომი რომ დასრულდა, თელავში ვიყავი. კასპში მუშაობისას ბრმა ნაწლავის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი. სამსახურში ვთქვი, თელავში ოპერაციის გასაკეთებლად უნდა წავიდე-მეთქი და თანამშრომლების სიმცირის გამო ძლივს გამიშვეს. ოპერაციის დღედ 9 მაისი ჩაინიშნა. საავადმყოფოში საოპერაციოდ მომამზადეს, როცა ომის დასრულება გამოცხადდა. რა დროს ჩემი ოპერაცია იყო?! ტანზე ხალათი შემოვიცვი და იქვე საავადმყოფოსთან, ბიძაჩემთან გავიქეცი. დიდი სიხარული იყო ქუჩებში, ხალხი ცეკვავდა. მერე მალევე გავიკეთე ის გადადებული ოპერაცია. ეგ ერთადერთი ქირურგიული ჩარევა იყო, სხვა მხრივ ჯანმრთელი ვარ.
- თბილისში სანამ ჩამოხვიდოდით, თავდაპირველად ახალდაოჯახებული სად ცხოვრობდით?
- 17 წელი თელავში ვცხოვრობდით. მაშინ მანქანები არ იყო, სამსახურში ცხენებშებმული ეტლით დავდიოდი. მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი შეგვეძინა: თამრიკო, ნინო და ლევანი. ჩემმა უფროსმა შვილმა თამრიკომ სკოლა თელავში, ოქროს მედალზე დაამთავრა. ჩემი მეუღლე მეცნიერ-მუშაკი იყო. მევენახეობის ინსტიტუტში განყოფილება რომ გაუხსნეს, თბილისში გადმოვედით. თელავში „ხიდმშენში“ ნორმადარად ვმუშაობდი, კარგი თანამდებობა მქონდა და ასეთივე ხალხიც გარშემო. მუშაობას ადრე, 8 საათზე ვიწყებდი. სულ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვატარებდი. მეზობლები ბრაზობდნენ, - სამსახურში რომ მიდიხარ, დილაადრიან შენი ფეხსაცმლის კაკუნი გვაღვიძებსო (იღიმის). იმ დროს ფეხსაცმელს ძირითადად ვიკერავდით, ქუდებსაც. მთელი ცხოვრება ისეთი მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი მეცვა, თითქმის თითის წვერებზე ვიდექი, მაგრამ როცა ეჩვევი, მერე ვეღარ გრძნობ, მაღალი გაცვია თუ დაბალი.
- კოსმეტიკიდან რას იყენებდით ყველაზე ხშირად?
- პომადის მეტი არაფერი მიხმარია და მკვებავი - ალოეს შემცველობით.
- თქვენს ცხოვრებას თვალს რომ გადაავლებთ, რას ფიქრობთ, რომელი იყო ყველაზე ბედნიერი წლები?
- ყველა ეტაპი თითქმის ერთნაირად ბედნიერი იყო. კარგი და თბილი დედ-მამა მყავდა, ასეთივე დები, ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით. გავთხოვდი და ქმარიც კარგი შემხვდა, შვილებიც კარგები არიან. სამი შვილი და 5 შვილიშვილი მყავს: ირაკლი, ეკა, თამარი, იოსები და ნიკოლოზი. შვილთაშვილი კი 2: სოფი და ელენე. ტყუპია და გერმანიაში ცხოვრობენ. კარგად მახსენდება ის წლები, როცა ჩემს მეუღლეს აფხაზეთში დავყავდი და ბიჭვინთაში ვისვენებდით. ასე რომ, ცუდს ვერაფერს ვიტყვი.
- ლიტერატურა და თეატრი გამორჩეულად გყვარებიათ. იმ დროს სპექტაკლზე დასასწრებად გამორჩეულად ემზადებოდნენ, იპრანჭებოდნენ...
- არა, ბევრჯერ სპექტაკლზე ბამბაზიის კაბითაც შევსულვარ. პალტოს რომ გავიხდიდი, შემრცხვებოდა ხოლმე, ამ კაბით რატომ მოვედი-მეთქი (იღიმის). მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის გამორჩეული იყო და იქ ხშირად დავდიოდი. მსახიობებიდან: ეროსი, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე ძალიან მიყვარდა. მე და ზაქარიაძე ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. თეატრში რომ მიდიოდა, ვიცოდი, სახლიდან როდის უნდა გამოსულიყო, მეც იმ დროს სტუდენტი გამოვიდოდი და უკან მივყვებოდი. ერთხელ, ქუჩაში კაცს მანქანა დაეჯახა. ზაქარიაძემ მაშინ მოიხედა და იმ დროს დავინახე ყველაზე კარგად. მაშინ მოსკოვის ქუჩის 13 ნომერში ვცხოვრობდი. ჩემს მეზობელ ჩიტოლა ჩხეიძესთან მისი მეგობარი, სპარტაკ ბაღაშვილი მოდიოდა და კარგად მახსოვს ეს მსახიობიც. მაღალი, სიმპათიური კაცი იყო. ერთხელ ჟორა შავგულიძე ახმეტელის ბაზარში ვნახე, ხელზე შარვალი ჰქონდა გადაკიდებული და ყიდდა. ეგეთი გაჭირვების ხანა იყო...
- რეპრესიები თქვენს ოჯახს ხომ არ შეხებია?
- არა, მაგრამ ჩვენს მეგობარ ოჯახს შეეხო, სახლიდან გამოასახლეს. დედაჩემი საჭმელს ჩანთაში ჩაგვილაგებდა და არავის რომ არ დავენახეთ ისე, მათთან მიგვქონდა, ჩუმად ვაწვდიდით.
- მაგიდაზე წიგნები გიწყვიათ. რას კითხულობთ ყველაზე ხშირად და რას უყურებთ ხოლმე?
- კითხვა დღემდე მიყვარს. ჩემი გოგონები ახალს რასაც მომიტანენ, ყველა წიგნს ვეცნობი. ბოლო წლებში „ვეფხისტყაოსანი“ სამჯერ წავიკითხე. ზოგიერთი მონაკვეთი ზეპირად ვიცი. ძალიან მიყვარს ილია, ვაჟა და მიხეილ ჯავახიშვილი. ფილმებიც მიყვარს, განსაკუთრებით ქართული. თურქული სერიალები არანაირად, მაგას რა მაყურებინებს?! ქართული ფილმებიდან გამორჩეულად „რაც გინახავს, ვეღარ ნახავს“ მიყვარს და ხშირადაც ვუყურებ.
- საინფორმაციო გადაცემებს თვალს თუ ადევნებთ?
- დიახ, დღის ბოლოს ყოველთვის. შეიძლება ამ ხნის ქალს საინფორმაციო გადაცემა კიდევ აინტერესებდეს? მაგრამ მინდა ვიცოდე, ქვეყანაში რა ხდება. კომპიუტერთან ზოგიერთი რამის გაკეთება მეც შემიძლია. ირაკლი „სკაიპით“ რომ მირეკავს, მარტოც რომ ვიყო, ვპასუხობ და ვსაუბრობთ ხოლმე. ჩემი პატარა ტელეფონიც მაქვს, დარეკვაც შემიძლია და ზარის მიღებაც. მარტო რომ დავჯდები, ვკითხულობ და წიგნი მელაპარაკება ან რამეს ვუყურებ. ასე ვერთობი.
- პატარა ბლოკნოტი გქონიათ, რომელსაც მუდამ თან ატარებთ. მასში მეგობრების ტელეფონის ნომრები გიწერიათ?
- არა, მაშინ ტელეფონები არ იყო. 1939 წლიდან მაქვს ბლოკნოტი რკინის ყდით, არ მახსოვს რისთვის შევიძინე. მასში ამხანაგების ლექსები, მისამართები მაქვს ჩაწერილი. მიწერია ვინ სად სწავლობდა, რომელ პროფესიას ეუფლებოდა. დღეს აღარავინ შემორჩა ჩემი ხნის, თორემ როგორც გითხარით, მეგობრული კლასი გვქონდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით.
- თქვენს სანათესავოსა და წინაპრებს შორის, 100 წელი ვინმეს შესრულებია?
- არა. ჩემი და თინა 82 წლის გარდაიცვალა. ტუბერკულოზი დაემართა, მოსკოვში ოპერაცია გაუკეთეს და ნეკნი ამოაჭრეს. მას შემდეგ დიდხანს იცოცხლა და ფიზიკურადაც აქტიური იყო. ჩემი და რუსუდანი კი 96 წლისა გარდაიცვალა. ამავე ასაკში იყო დედაჩემიც.
- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო?
- არ ვიცი, რამდენად არის ეს საიდუმლო, მაგრამ მამაჩემი ყოველ ზაფხულს პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში გვატარებინებდა. ყოველ საღამოს ალაზნის პირას გავყავდით. ქვებზე წყალი თბებოდა და იქ გვაბანავებდა. შინ რომ ვბრუნდებოდით, აუცილებლად 1 ჭიქა მაწონს გვაჭმევდა. ძროხა გვყავდა და დედა მაწონს თვითონ ადედებდა... მამაჩემი აფთიაქარ-პროვიზორი კი იყო, მაგრამ წამალს არ გვაძლევდა. ასე გავზარდე ჩემი შვილებიც. ზედმეტი წამალი არ არის საჭირო. თუმცა, თებერვალში აუცილებლად ჭიის წამალს გვასმევდა, ჭიამ მაგ დროს იცის გამრავლებაო. გვეჯავრებოდა იმის გადაყლაპვა და ზოგჯერ მაგიდის ქვეშ ვმალავდით... ფულის ყადრს როგორ გვასწავლიდა, იცით? მაშინ აბები არ იყო. აფთიაქში ფხვნილებს რეცეპტის ქაღალდზე ყრიდა და ჩვენ თავს ვუკრავდით, ვეხმარებოდით. თითო გამზადებულ წამალზე 2 კაპიკს გვაძლევდა. იმ ფულს სკოლის წიგნებისთვის ვაგროვებდით. დღესდღეობით, დილით რომ ავდგები და მოვწესრიგდები, მერე რომ არ ვივარჯიშო, არ შემიძლია. შხაპს რომ ვიღებდი, ბოლოს აუცილებლად ცივ წყალს გადავივლებდი ხოლმე. ზოგჯერ ახლაც ასე ვაკეთებ, თუ ჩემი შვილი ნინო არ მიყურებს (იღიმის). ცივ წყალს რომ გადაივლებ, მაშინვე გამოცოცხლდები! მერე უკვე შვილი საუზმეს მახვედრებს. ფაფა არ მიყვარს, მაგრამ მინდა თუ არა, უნდა შევჭამო (იღიმის). ტკბილი ძალიან მიყვარს, მაგრამ წონა უნდა ვაკონტროლო და ვიცი, ბევრი არ უნდა მომივიდეს. ზაფხულს თელავში ვატარებ, ეზოში დავდივარ. იქ ძველი, მამაპაპისეული სახლი მაქვს და გვიან შემოდგომამდე იქ ვრჩები. წელს კარგი ამინდი რომ იყო, ალავერდში წასვლა მომინდა. ძალიან გამიხარდა, ალავერდი კიდევ ერთხელ რომ ვნახე. თბილისში კი კორპუსში ვცხოვრობ და ეზოში ვერ ჩავდივარ, სკვერი ცოტა შორსაა და იქამდე ბევრი მანქანა შემხვდება. აივანზე გავდივარ და იქიდან ქუჩაში ვიყურები ხოლმე.
- ახალ თაობას რომ აკვირდებით, დღევანდელი ახალგაზრდობის რა მოგწონთ და რა არა?
- ჩაცმულობა არ მომწონს. გოგონები სახლიდან ტიტვლები გამოდიან. თბილისში ისე ვულგარულად აცვიათ, ასე ჩაცმა ზღვაზეც კი სირცხვილი მგონია. თუმცა, არიან კარგი ახალგაზრდები, განა არ არიან?! ღმერთმა ნუ ქნას, ასე არ იყოს. სამწუხაროდ, ახალგაზრდობას ვერ ვაკვირდები და არც ბევრი კონტაქტი მაქვს, თორემ ამ თემაზე მეტს გეტყოდით.
- თქვენი გავლილი 102 წლიდან, ყველაზე გამორჩეულად რომელი დაბადების დღე გახსოვთ?
- 90 წლის რომ გავხდი, ჩემი შვილიშვილები - ირაკლი და ეკა სპეციალურად ამ დღისთვის გერმანიიდან ჩამოვიდნენ და ძალიან გამახარეს. 100 წლის რომ გავხდი, პანდემია დაემთხვა. იმ პერიოდში ყველაზე ხშირად ბალეტს ვუყურებდი, სპექტაკლებს ნიკა ცისკარიძის მონაწილეობით.
- თქვენი ოჯახის წევრები კერავენ, ვინტაჟური ქსოვილებისგან სხვადასხვა ნივთს ქმნიან. შვილებს ჭრა-კერვა თქვენ ხომ არ ასწავლეთ?
- დედაჩემი ივლიტა მკერავი ქალი იყო, ჩვენც გვიკერავდა და სხვებსაც. მას ჩემთვის კერვა სპეციალურად არ უსწავლებია, ალბათ მის ყურებაში რაღაც ავითვისე. მამას უნდოდა, ყველაფერი მცოდნოდა. ერთხელ მაღაზიაში წამიყვანა, მატერია აარჩიე და სარაფანი შეიკერეო. ვიყიდეთ, შინ მოვიტანეთ და მამამ მითხრა, - აბა, სანამ დედაშენი მოვა, შეკერეო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ის აღარ მახსოვს, იმ სარაფანს ვატარებდი თუ არა (იღიმის). შემდეგ წლებში, მე რომ ვკერავდი, ჩემი შვილები - თამრიკო და ნინო თვალს მადევნებდნენ, მერე თავად ჟურნალების თარგებიდან კერავდნენ და ახლაც ეხერხებათ ხელსაქმე.
- ერთ-ერთ შვილთან, ნინოსთან ერთად ცხოვრობთ. შინ მარტო რომ რჩებით, რაზე ფიქრობთ, რაზე ოცნებობთ?
- ჩემი ოცნება მხოლოდ ისაა, რომ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, ყველა ჯანმრთელი მყავდეს! სხვა არაფერი მინდა.
ანა კალანდაძე