"აქ ბიჭები საკუთარი სისხლით საქართველოს ისტორიას წერენ..."
უკრაინაში გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის ქართველი მებრძოლი მირო ვანაძე უკრაინის პატრიარქმა დააჯილდოვა. "ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის დღეს უკრაინის დასაცავად სიმამაცისა და თავგანწირვისთვის ჯილდოს მიღება კიევის პატრიარქისგან", - დაწერა სოციალურ ქსელში მირომ. ის გურიის ულამაზეს სოფელ ნასაკირალში ჩასახლებული ეკომიგრანტის ოჯახიდან გახლავთ. ბათუმში დაწყებული სპორტული კარიერა უკრაინაში გააგრძელა. ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ქართველი სპორტსმენი ხუთწლიანი წარმატებული კარიერის და ზედიზედ მოგებული ბრძოლების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. თუმცა გადაწყვიტა დარჩენილიყო და ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ქართველების სახელით, უკრაინელების მხარდამხარ ებრძოლა. ასე აღმოჩნდა "ქართულ ლეგიონში".
მირო ვანაძე:
- ძალიან გახარებული ვარ, გიორგობა დღეს უდიდესი სიხარული მეწვია, პატრიარქის ჯილდო ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის. უკრაინაში 7 წლის წინ ჩამოვედი. საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი, 2016 წელს მსოფლიოს უნივერსიადაზე ვიჭიდავე და მერე ტრავმის გამო დავანებე თავი. უკრაინაში იმისთვის წავედი, რომ შერეულ ორთაბრძოლებში (mma) მევარჯიშა. იმ დროისთვის სპორტის ეს სახეობა პოპულარული არ იყო. 9 პროფესიული ორთაბრძოლა მოვიგე mma-ში და WGFC ვერსიით გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. ახლა პარალელურად კიევში, ნაციონალურ უნივერსიტეტში ფიზკულტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ, სამხედრო ინსტრუქტორი და თავდაცვის აკადემიის სერჟანტი ვარ.
- როგორც ვიცი, ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინელებს ჰუმანიტარული თვალსაზრისით ეხმარებოდით, მოსახლეობას პურს ურიგებდით.
- დიახ. მე პროფესიით სამხედრო არ ვარ, არც ჯარი მაქვს გავლილი, შესაბამისად, ომი რომ დაიწყო, მეგობრებთან ერთად პურს ვაცხობდი და ვარიგებდი, ვმონაწილეობდი მოსახლეობის ევაკუაციაში და ა.შ. შემდეგ ქართველმა ბიჭებმა მოხალისეთა ჯგუფი შევკარით და კიევის მარცხენა სანაპიროს, ანუ ჩვენი საცხოვრებელი რაიონის დაცვა დავიწყეთ დივერსანტებისგან. მერე, რუსული არმია რომ მოუახლოვდა კიევს, სამხედრო ორგანიზაცია "კარპატსკი სიჩის" რიგებში ჩავეწერე, მოხალისედ. ჯამბულათ ხოფერიაც ჩემთან ერთად იყო. დღემდე ვერ მომინელებია მისი სიკვდილი. უახლოესი მეგობრები ვიყავით, ორი წელი ერთად ვცხოვრობდით კიევში, ნაქირავებ ბინაში. პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა სამშობლო. ირპენისა და ბუჩას მიმართულებით ვიბრძოდით. ერთი წელია უკვე, რაც "ქართულ ლეგიონში" ვირიცხები.
- ცოტა ხნის წინ "ქართულმა ლეგიონმაც" დაკარგა ორი პროფესიონალი მებრძოლი...
- კი, რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილის გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის. ორივე გამოცდილი, პროფესიონალი სამხედრო და რაც მთავარია, ძალიან მაგარი ადამიანი იყო. "ქართულმა ლეგიონმა" მათი სახით დიდი დანაკლისი განიცადა. ცოტა უფრო ადრე, ზაქრო შუბითიძე დავკარგეთ. ის მე-4 ჯგუფის მეთაური იყო. ყველა მათგანის მიზანი და ოცნება ერთი გახლდათ - რუსეთის დამარცხება უკრაინაში და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში. დღემდე მაქვს შენახული ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი ოპერაციიდან კიევში დაბრუნებისას მე და ჯაბა ხოფერიამ გადავიღეთ. ვიდეოში ჯაბა მღერის: "აფხაზეთი საქართველო არის" და მე ვეკითხები, - ჯაბა, აქედან აფხაზეთში წავალთ-მეთქი? მპასუხობს, - "აფხაზეთი საქართველო არის". ჩვენ აქ საქართველოსთვისაც ვიბრძვით. გვჯერა, რომ რუსეთის დამარცხების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები უკრაინაშია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემ გვერდით მებრძოლი ამერიკელები, პოლონელები, ესპანელები თუ სხვა ერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსოფლიომ თავი უნდა დააღწიოს რუსულ ბნელ ძალას. რუსეთი მსოფლიოს მშვიდ ცხოვრებასა და განვითარებაში უშლის ხელს, ყველას აშანტაჟებს და ემუქრება თავისი ატომური იარაღით. ეს ხომ ოდესმე უნდა დასრულდეს! ვისაც მშვიდობა და განვითარება უნდა, რუსეთის დამარცხებისთვის იბრძვის.
- მთელი ორი წელი "ქართული ლეგიონი" უდანაკარგოდ იბრძოდა. როგორ გგონიათ, რა მოხდა ახლა?
- სამწუხაროდ, ყველაფრის თქმა არ შემიძლია. ზოგჯერ ძალიან მაგარი პროფესიონალებიც ვერ ახერხებენ თავის გადარჩენას. ეს ომია და ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ ბრძოლის ველზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ქართული ლეგიონი" უკრაინაში დიდი უცხოური შენაერთია. ამ დროისთვის, ჩვენთან 300-მდე მებრძოლი ირიცხება. უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან, რომლებსაც სწორედ რუსებთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ. მათ შორის ბევრია აფხაზეთში ნაბრძოლი ვეტერანი. მაგალითად, ჩვენი მეთაური, რომელიც ნამდვილად გმირია.
- მას შემდეგ, რაც უკრაინული კონტრშეტევა ჩავარდა, როგორია ქართველი და ზოგადად მებრძოლების განწყობა?
- ვინ თქვა, რომ კონტრშეტევა ჩავარდა?
- უკრაინული არმიის გენერალმა, ვალერი ზალუჟნიმ.
- გენერალი ზალუჟნის ეს განაცხადი, ჩვენ ისეთი ინტერპრეტაციით არ გაგვიგია, როგორც საქართველოში ან თუნდაც, დასავლეთში გაიგეს მედიის წარმომადგენლებმა. კონტრშეტევა შენელებულია, რადგან რუსებს ძალიან დიდი ტერიტორია აქვთ დანაღმული. უკრაინა უფრთხილდება თავის ჯარისკაცებს, იმთავითვე ცდილობდა და ახლაც ცდილობს, მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალური შედეგები მიიღოს. შესაბამისად, დანაღმულ ველზე არავინ გაგვიშვებს და გარდაუვალი, უაზრო სიკვდილისთვის არ გაგვწირავენ. ჩვენ ძველებური შემართება გვაქვს - უკრაინამ გაიმარჯვა ხერსონში, კიევში, ხარკოვში, ახლაც ინტენსიური ბრძოლა მიდის... უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! ამის მარტო ჩვენ კი არა, მებრძოლებს, ზოგადად მთელ უკრაინელ ერს სჯერა. როგორც არასდროს. ისეთი ერთსულოვნები არიან. ამ ხალხს საოცარი იდეოლოგია აქვს, ძალიან მოტივირებულები არიან და ასეთი შემართებით, რას არ გააკეთებ ადამიანი. დასავლეთის მხარდაჭერასაც ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, რუსეთი მალე ჩამოიშლება.
- დღეის მდგომარეობით რუსებს ორი ქართველი ტყვე ჰყავთ - გიორგი შუბითიძე და გიორგი გოგლიძე, მათ შესახებ ხომ არაფერი იცით?
- რაღაც ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ თქმა არ შემიძლია. უკრაინული მხარე მუშაობს და ჩვენი ლეგიონის შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ბიჭები საკუთარ ოჯახებს ცოცხლები და უვნებლები დაუბრუნდნენ.
- რას გვეტყვით თქვენი ოჯახის შესახებ?
- ვერაფერს, გარდა იმისა, რომ ძალიან მენატრებიან.
- რატომ?
- შეიძლება არაკეთილგანწყობილი ადამიანების სამიზნეები გახდნენ. არა მხოლოდ ქართველი, არამედ უკრაინელი პრორუსი კოლაბორაციონისტების მხრიდან არაერთი მუქარა მაქვს მიღებული. მე არაფრის მეშინია, სიკვდილს ყოველდღე ვუყურებ თვალებში, მაგრამ...
- შეგიძლიათ გაიხსენოთ მომენტი, როდესაც სიკვდილს ცხადად ჩახედეთ თვალებში?
- მართლა სულ ასეთი მომენტებისგან შედგება აქ ჩვენი ცხოვრება. ყველაზე ცუდი მოულოდნელობაა. ერთხელ ირპენში ვიყავით, ჩვენს პოზიციებს მსხვილკალიბრიანი იარაღით რომ შემოუტიეს და ძალიან ახლოს მოვიდნენ... სიკვდილის იმდენად არა, პოზიციების დაკარგვის უფრო შემეშინდა.
- ქართველების ერთი ნაწილის კრიტიკული დამოკიდებულება გულს გტკენთ?
- რა თქმა უნდა, გული მტკივა. ჩემზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ აქ ქართველი ბიჭები საკუთარი სისხლით საქართველოს ისტორიას წერენ. უკრაინელები მათ თავგანწირვას ხედავენ და აფასებენ კიდეც. მე არავისზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ დრო მოვა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
- ე.ი. სტიმულს არ კარგავთ.
- არა, ეს გამორიცხულია. სხვათა შორის, უკრაინელების დაფასება დიდ სტიმულს გვაძლევს. აქ ბიჭები არიან, რომლებსაც ყველაფერი პირადი გვერდზე აქვთ გადადებული, ზოგმა აწყობილი ბიზნესი მიატოვა, ზოგმა წარმატებული კარიერია, მაგალითად, რამაზ ფეტელავამ და ბექა ლომაშვილმა, ორივემ წარმატებული კარიერა მიატოვეს. რამაზმა 19 წელი იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი პენსიაში გასვლამდე. ბექა კი ჯერ ქართულ არმიაში მსახურობდა, მერე ფრანგულ ლეგიონში გადავიდა, მაგრამ როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, ყველაფერი მიატოვა. ასეთმა ბიჭებმა არ გაიტეხეს გული და სისხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს, მიზანს არ უღალატეს. როგორ ვთქვა, მაინც არავინ არაფერს მიფასებს-მეთქი და ჩამოვყარო ხელები? მით უფრო, რომ უკრაინელები ძალიან აფასებენ ჩვენს ბრძოლას.
- საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?
- აუცილებლად. ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთი და ცხინვალია დასაბრუნებელი.
ხათუნა ბახტურიძე