"იმ შეურაცხყოფების მიღებას და ატანას არ ვაპირებდი"
ახლახან მარტა ბარამიძემ რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსი" დატოვა. რატომ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობა, ხომ არ ნანობს ამ ნაბიჯს და ახლა რას აპირებს? - ამის შესახებ მარტა თავად გვესაუბრება...
- "პრაიმ ჰაუსის" დატოვების შემდეგ, თავს როგორ გრძნობ?
- თავს მართლა ფანტასტიკურად, მშვიდად და რაც მთავარია, თავისუფლად ვგრძნობ.
- რეალითი შოუში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე, შენი მიზანი რა იყო?
- საერთოდ, რამდენჯერაც ეს გადაცემა ვნახე, საექსპერიმენტო სივრცედ აღვიქვი, სადაც საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებით, ერთმანეთისთვის უცხო და ღირებულებებით, ცნობიერებით განსხვავებული ადამიანები ერთ სახლში ცხოვრობენ. დავინტერესდი, ასეთ სიტუაციაში როგორ იცვლებიან თანდათან ადამიანები, ეტაპობრივად და მათზე გარემო რამდენად ახდენს ზემოქმედებას. მინდოდა, ამ ექსპერიმენტის მონაწილე ვყოფილიყავი და გამომეცადა, თუ როგორ იმოქმედებდა ჩემზე გარემო.
- პროექტთან დაკავშირებული შენი მოლოდინი გამართლდა?
- პრინციპში, რასაც ველოდი, გამართლდა, რადგან აღმოჩნდა ისეთი გარემო, რომელიც ადამიანებს საკმაოდ სტრესავს: კონკრეტული შეზღუდვები, ისეთ თემებზე საუბარი, რაზეც ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ მსჯელობა, პოლემიკა მომიწევდა... მაგალითად, 2 ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი - სოფო და ანა დგას და განიხილავს, ვინ ჩაიცვამს ყინულის დედოფლის კაბას. ამასთან დაკავშირებით, სრული სიცხადით მსჯელობა, განხილვა მიმდინარეობს. არის გაურკვევლობა, კონფლიქტი... ვერ წარმომედგინა, თუ საბავშვო ბაღის გარდა, ცხოვრებაში ვნახავდი სიტუაციას, რომელშიც 2 ზრდასრული ადამიანი ამ თემაზე იჩხუბებდა... ის გარემო ისე გაწვრილმანებს, რომ მსგავს სიტუაციებზე გიწევს კამათი. შენი გონება რაღაცნაირი ბურუსითაა მოცული. ამ დროს გინდა, ვინმემ გიჩქმიტოს და გაგაგებინოს, რომ რეალობაში ხარ და ეს ამბავი ნამდვილად ხდება... შოკი მქონდა. იმ გარემოში, დაწვრილმანების და შეზღუდვების ფონზე, ყველაზე იოლია ითამაშო, ხოლო ყველაზე რთული - საკუთარი ღირებულებები შეინარჩუნო. როცა ამ შოუში შედიხარ, აღმოაჩენ, რომ სხვისი ცუდი უნდა გიხაროდეს, რადგან ამის ხარჯზე შენ უფრო კარგი გამოჩნდები. ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც ასე იქცევიან. ფაქტობრივად, "პრაიმ ჰაუსში", ერთ სივრცეში პატარა ცხოვრებაა გადატანილი.
- შეზღუდვები ახსენე. რას გულისხმობ?
- ტექნიკურ ნაწილს: გარე კომუნიკაციის, ტელეფონის გარეშე ყოფნას... საერთოდ, გინდა თუ არა, მაინც გზღუდავს გარემო, სადაც 24 საათი დაკვირვების ქვეშ ხარ, ყველა კუთხეში კამერა გიყურებს... რაღაცნაირად, ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, რომ რეალურად იქ ის იყოს, ვინც სინამდვილეშია. ამ დროს ფიქრი უწევს, ესა თუ ის ნაბიჯი რომ გადადგას, მაყურებლებამდე რა მივა.
- შენი განვლილი, არცთუ ისე დალხენილი ცხოვრების მერე, პროექტში ყოფნისას კიდევ რამემ თუ გაგაოცა?
- ძალიან ბევრი რაღაც არ მაოცებს, მაგრამ მაკვირვებს ის, ადამიანებს საკუთარი ცხოვრება არ აქვთ, სხვისაზე არიან "გადართულები"; მიკვირს ისიც, თუ როგორ შეუძლიათ ბოროტული ქმედებები ჩაიდინონ?! ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, რომ კონკრეტული ჯგუფები მომართული იყვნენ, სოციალურ ქსელებში ჩემ მიმართ "ჰეითი" წამოსულიყო. მათ არანაირი საბაბი, კონკრეტული არგუმენტირებული მაგალითი არ ჰქონიათ, რის გამოც შეიძლებოდა, ჩემზე "ცუდი ადამიანი" ან ის სიტყვები ეთქვათ, რასაც ამბობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ანგარიშებით წერდნენ, ამ ანგარიშებს ხომ რეალური ადამიანი მართავს, არა? როგორ შეიძლება, ასეთი დიდი ბოროტება ატარო გულით, გააზრებულად ცუდი დაუწერო ადამიანს და არა მხოლოდ პროექტში, პროექტს გარეთაც ცხოვრება დაუნგრიო?! ყველაზე ცუდი და მიუღებელი საქციელია, როცა პროექტში ხარ და შეგიძლია, გარეთ ეს ყველაფერი შეცვალო, სათამაშოდ მსგავსი ტაქტიკა არ გამოიყენო, მაგრამ ამას უბრალოდ არ აკეთებ. ჩემთვის ეს ძალიან არაჰუმანური საქციელია.
- მონაწილეობას ხომ არ ნანობ?
- არა, რადგან იმ ექსპერიმენტის შედეგად ის მივიღე, რაც მინდოდა; იმას დავაკვირდი, რაზე დაკვირვებაც მსურდა და ის შედეგი მივიღე, რასაც ვფიქრობდი. სინანულის განცდა ნამდვილად არ მაქვს.
- პროექტის მონაწილეებს შორის არიან ადამიანები, ვისთან მეგობრობასაც გააგრძელებ?
- იყვნენ ადამიანები, ვისთანაც პროექტის ფარგლებში როგორც შეიძლებოდა, მეგობრული ურთიერთობა მქონოდა, თუმცა "პრაიმ ჰაუსში" მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ რასაც გარეთ 1 კვირა თუ თვე სჭირდება, იქ რამდენიმე საათში ხდება. ადამიანების ცვლილებაც ვნახე და არ მინდა, არსებული მოცემულობის საფუძველზე გიპასუხოთ, რამდენიმე დღეში კი, როცა ეს ინტერვიუ უკვე დაბეჭდილი იქნება, ჩემ მიერ დასახელებულ ადამიანს ისეთი უმსგავსო საქციელები ჰქონდეს ჩადენილი, რომ ჩემი სიტყვების უკან წაღება მომიხდეს.
- პროექტში იყო ადამიანი, ვის მიმართაც მეგობრული დამოკიდებულება გქონდა, თუმცა ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა?
- არ შეცვლილა, თუმცა რაღაცები არ მომეწონა... თავიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მე და კახაბერს. ამას თავადაც აღნიშნავდა და ვერ გავიგე, რამ შეცვალა ეს ადამიანი, თამაში რა კუთხით დაიწყო, პროექტში რა გეგმით დაბრუნდა. მისი დაბრუნება ყველაზე მეტად მე და თაიას გაგვიხარდა, მან კი ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, არც აცია, არც აცხელა და "ლაიქ-დისლაიქის" ცერემონიაზე ისეთი რაღაც მითხრა, ყბა ჩამომივარდა. როცა ამბობ, რომ ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა გაქვს და მას "განსაკუთრებულს" უწოდებ, შემდეგ კი - როცა ყველა იმ ადამიანს მიადგება და ურტყამს, შენც ამ სიტუაციას არ უნდა დაელოდო, წიხლი არ უნდა ჩასცხო "დისლაიქის" სახით. მანამდეც შეეძლო მეგობრულად აეხსნა, თუ რამე ასახსნელი და გასარკვევი ჰქონდა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ასახსნელიც არაფერი იყო, სრულიად უარგუმენტო საუბარი მოვისმინე...
- გარკვეული ეპიზოდების ნახვის მერე, პროექტში შენს მონაწილეობას როგორ აფასებ? "მაყურებლის თვალით" რამე სხვაგვარად ხომ არ გამოჩნდა?
- მოგეხსენებათ, პროექტიდან პარასკეობით გამოვდიოდით. დრო არ მქონდა, რომ კვირის განმავლობაში დაგროვებული ეპიზოდები მენახა, მაგრამ ზედაპირულად ნანახი მაქვს. კი, "მაყურებლის თვალით" სხვაგვარად გამოჩნდა... მე ცოტათი სხვა მიდგომები მქონდა. ვცდილობდი, თავიანთი საქციელის გამო, მონაწილეები კამერების წინ არ დამეკნინებინა, სათქმელი ჩუმად მეთქვა, რომ ამას დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა, ცუდად არ გამოჩენილიყო... შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციაში მაყურებლების ნაწილმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ მონაწილესთან საუბარს იმიტომ ვასრულებდი, რომ არგუმენტი არ მქონდა, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა: რომელი ზრდასრული, ჩამოყალიბებული, განვითარებული ადამიანი, ვინც უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს სცემს პატივს და შემდეგ - სხვებს, გააგრძელებს საუბარს მასთან, ვინც სრულიად უარგუმენტოდ, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახის და დიალოგის წარმართვა ასე სურს?! ჩემთვის ეს ჯანსაღი დიალოგი არ არის. ასეთ დროს საუბარს ვწყვეტდი, რადგან შეურაცხყოფების მიღებას და ატანას არ ვაპირებდი.
- როგორ ფიქრობ, მეოთხე სეზონში ვინ გაიმარჯვებს?
- გაიმარჯვებს ადამიანი, რომელიც მოტივირებულია, რომ სხვას ბევრი შეცდომა მოუვიდეს, ბევრჯერ დაუცდეს ფეხი, მის ხარჯზე კი თავად გამოჩნდეს კარგი...
- პროექტში დარჩენა გინდოდა?
- სურვილი მქონდა. როგორც აღვნიშნე, მეგობრულად, ადამიანურად ვცდილობდი, ყველასთვის მიმეთითებინა იმ შეცდომებზე, რასაც უშვებდნენ - რა ჩანდა გარედან ცუდად, ამ ყველაფერს მაყურებელი როგორ აღიქვამდა... ეს ყველაფერი ცუდად შემომიტრიალდა. ერთადერთი მიზანი მქონდა, დავბრუნებულიყავი და მათთვის ყველაფერი ისევე საჯაროდ მეთქვა, როგორც თავად იქცეოდნენ - არავინ არავის ზოგავდა... მერე საკუთარ თავს ვკითხე, - შენც კარგი ტიპი ხარ, სამართლიანობას და მეგობრობას სად ეძებდი-მეთქი?..
- ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც გკითხავ: როგორც მივხვდი, ქუდები ძალიან გიყვარს, არა?
- ვგიჟდები, ვაფრენ!.. ყველას ეშინია - ვაიმე, ეს გოგო არ გამელოტდესო (იცინის)!.. სასაცილო კომენტარებს მიწერდნენ, - რა არის, სულ ქუდი რომ ახურავს. თავი დაუბანელი ხომ არ აქვსო?.. არა, თავი დაბანილი მაქვს. სისუფთავეზე, თავის მოვლაზე ვგიჟდები. უბრალოდ, ქუდები ძალიან მიყვარს და მეკომფორტულება.
- ბავშვობიდან ასეა თუ?..
- ქუდების მიმართ ასეთი განსაკუთრებული სიყვარული 17-18 წლიდან დამეწყო. შეიძლება ჩემს გარდერობში 20-30-მდე ქუდი დაითვალო (იცინის)...
- მარტა, ახლა რას აპირებ, შენი გეგმები როგორია?
- პროექტში ყოფნისას ძილი ისე დამაკლდა, ვცდილობ ძალები სრულად აღვიდგინო - ჯერ გამოძინების პროცესში ვარ... ამ ეტაპზე დიდი გეგმები მაქვს: სამზარეულოში ვბრუნდები. ეს "სამზარეულოში დაბრუნება" მხოლოდ კულისებში ყოფნა არ იქნება - გარკვეული გეგმები იმასაც უკავშირდება, რომ საჯაროდ გამოვჩნდე... კიდევ რომელიმე პროექტში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ. სამზარეულოდანაც შემეცნებითი სახის "ლაივებით" შემოვუერთდები მაყურებლებს - ვეცდები, ბევრი საინტერესო და სახალისო ინფორმაცია მივაწოდო... კიდევ, ბავშვებისთვის კულინარიული სკოლის გახსნა მსურს...
- წარმატებას გისურვებ!.. ბიკო ბირბიჩაძესთან, ვინც ძალადობაში საჯაროდ ამხილე, დაკავშირებულ გახმაურებულ საკითხთან დაკავშირებით რა ხდება?
- ზუსტად გუშინ გამომძიებელს ვესაუბრე. ეს ამბავი უცნაურად იწელება. ამიტომ გადავწყვიტე, ვინც შემეძლება, აქტიურად ჩავრთო ამ ამბებში, უფრო მეტი ხმაური რომ გამოიწვიოს, რადგან სამწუხაროდ, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, სამართალი პურს არ ჭამს, თუ ძალიან არ იხმაურე. ახლა განცხადების შეტანას ვაპირებ, "დაზარალებულის" სტატუსი რომ მომცენ. ამ საქმეში ჩართვა სახალხო დამცველს სურს. როგორც კი ჩაერთვება, ვფიქრობ, მერე გაცილებით დიდი ამბავი ატყდება...
ეთო ყორღანაშვილი