"გთხოვთ, პერსონაჟთან ნუ გამაიგივებთ" - გზაპრესი

"გთხოვთ, პერსონაჟთან ნუ გამაიგივებთ"

"მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. სძულს მარცხი, თუმცა ბუნებით მშვიდია. მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება. მოსიყვარულეა. ვინმეს თუ შეიყვარებს, სამუდამოდ, მაგრამ შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს. ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მოქმედებს, ვიდრე - გონებით", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ ანანო მგალობლიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ძალიან ვინტერესდები, ჩემი ნიშნის პროგნოზსაც სულ ვეცნობი.

- პირადი რუკა შედგენილი გაქვს?

- რა თქმა უნდა, ეს წლების წინ გავაკეთე. ასტროლოგების მჯერა, ჩემს შემთხვევაში მათი პროგნოზი ხშირად მართლდება. რამე რომ არ გამომრჩეს, პირადი რუკიდან რაღაცები ამოწერილიც კი მაქვს.

- "მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება".

- ზუსტად ასეა. ამ ცვლილებების დროს, საკუთარ თავს არაერთხელ დავკვირებივარ. დღეს რაღაცას ძალიან რომ ვნერვიულობ და ცვლილებაზე მძაფრი რეაქცია მაქვს, გათენდება მეორე დღე და ის თემა შესაძლოა ჩემთვის მნიშვნელოვანი საერთოდ აღარ იყოს; მეტიც, ვერ ვიგებდე, წინადღეს რა მანერვიულებდა. შეიძლება ჩემში ეს "გარდასახვა" 2 საათშიც კი მოხდეს.

- "ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია, ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ვეთანხმები. ეს უმეტესად პირადი პრობლემებიდან გამომდინარე ხდება. არ ვარ ის ადამიანი, ვინც რთული პერიოდების დროს, ემოციას სხვას უზიარებს, სხვას სთხოვს დახმარებას. ამ დროს გარედან მართლა ძლიერი ვჩანვარ, სხვის თვალში ყოჩაღად გამოვიყურები, თუმცა შიგნით ჩემში რა ხდება, ეს სხვა თემაა.

- რა ხდება?

- ამ დროს ვხვდები, რომ ბავშვივით დაუცველი ვარ.

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- ვერ ვიტყვი, რომ მელანქოლია დიდი დოზით არის ჩემს ხასიათში, მელანქოლიის ტყვეობაში შეიძლება მცირე ხნით ვიყო, ეს პერიოდი დიდხანს არ მიგრძელდება, დეპრესიულიც არ ვარ. ამ მდგომარეობას თუ დავნებდი, ვიცი, მერე თავს უფრო ცუდად ვიგრძნობ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, როგორმე გადავიტანო და რაც შეიძლება მალე, სხვა საქმეზე ვკონცენტრირდე.

- "მას შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ თავად არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- ესაა ჩემი ზუსტი დახასიათება.

- ძალიან ახლობელ ადამიანებთანაც კი არ "იხსნები"?

- არასდროს. არ მახსენდება, მესაუბროს.

- ბავშვობიდან ასეთი ხარ თუ დრომ და გამოცდილებამ გასწავლა, რომ ასე სჯობს?

- ადრეული ასაკიდან ეს თვისება მაქვს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ბავშვობის ამბავი იყო, მეგონა, მერიდებოდა, მაგრამ დღემდე მომყვება ეს ხასიათი და არა მგონია, შევიცვალო. სხვას მოვუსმენ, მხარში ამოვუდგები, რჩევა-დარიგებას მივცემ, მაგრამ ჩემი პირადი ამბები ყოველთვის ბოლომდე ჩაკეტილი მაქვს. სულ ვცდილობ, ნებისმიერ პრობლემას დამოუკიდებლად გავუმკლავდე.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- ჩემს შემთხვევაში პირიქითაა, გონებით უფრო ხშირად ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, კარგი ინტუიცია მაქვს. მხოლოდ ინტუიციას მივენდო, არ დავფიქრდე და ისე ვიმოქმედო, - ეს გამორიცხულია. მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი ვარ.

- "თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია, რამეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ასეა, ჩემთვის მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს, იძულების მომენტი აგრესიას იწვევს.

- "მოსიყვარულეა. ვინმეს თუ შეიყვარებს, სამუდამოდ, მაგრამ შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს".

- რომ გითხრა, ძალიან თბილი ვარ და ამ სითბოს გამოვხატავ-მეთქი, მთლად ასეც არ არის. ერთგული ნამდვილად ვარ. ადამიანს თუ შევიყვარებ, მართლა მთელი გრძნობით, მაგრამ ჯერ არ გამომიცდია, როგორი მტერი შეიძლება ვიყო. მგონია, საყვარელი ადამიანი გულს თუ მატკენს, არ ვაპატიებ. სასტიკი მტრობა ალბათ უფრო საყვარელი ადამიანის მიმართ შეიძლება განიცადო. არა მგონია, მეგობრებზე ეს ემოცია ვრცელდებოდეს. მეგობარი დამიკარგავს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის მტრებად არ ვქცეულვართ.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- გეთანხმები. ისეთი ქმედება ჩამიდენია, რომელიც თავად დამხმარებია დამშვიდებაში. გააჩნია შურისძიებას რას ვეძახით. ზოგჯერ ვიღაცის ჯინაზეც ხომ ვმოქმედებთ ხოლმე. ამ დროს თითქოს შინაგან მოთხოვნას იკმაყოფილებ და მერე სიმშვიდე გეუფლება.

- "პერიოდულად აქვს განცდა, რომ მისი ძალიან ცოტას ესმის".

- ეს განცდა უფრო ბავშვობის წლებში მქონდა, ახლა - ნაკლებად.

- "უყვარს ფულის შეგროვება".

- მართალია, აუცილებლად უნდა მქონდეს თანხა გადანახული. ესეც სიმშვიდისთვის მჭირდება.

- "ხშირად უსაფუძვლო შიშები ახასიათებს".

- იშვიათად, მაგრამ მაქვს ხოლმე, უეცრად შეიძლება ავფორიაქდე, ცუდ ფიქრებს ჩავუღრმავდე, მაგრამ სულ ვცდილობ, მაქსიმალურად მალე გავთავისუფლდე ამ ფიქრებისგან.

- "კირჩხიბის სახე სარკეა, სადაც ყველა მისი განწყობაა ასახული".

- ყოველთვის ასე არ არის, შემიძლია ნიღაბიც მოვირგო და ჩემს განწყობას ვერც ვერავინ მიხვდეს.

- "ბრწყინვალე ინტუიცია აქვს. თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის".

- მნიშვნელოვანი ამბების წინ შეგრძნებები ხშირად მქონია.

- "ის საკუთარ შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს უფრო უჯერებს, ვიდრე - ფაქტებს, საკუთარ თუ სხვის გამოცდილებას".

- ყოველთვის მნიშვნელოვანია რას ვგრძნობ. დაკვირვების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეტად ამართლებს.

- დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავს თუ შუა გზაზე მიტოვება გჩვევია?

- შეიძლება დამეზაროს, აღარ დამაინტერესოს და მივატოვო, ეს თვისება მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ კარგია. მგონი, ეს ჩემი ცვალებადი ხასიათის დამსახურებაა.

- "სძულს მარცხი, თუმცა ბუნებით მშვიდია".

- წარუმატებელი ნაბიჯის შემდეგ, სიმშვიდეს ყოველთვის ვინარჩუნებ.

- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია".

- ძალიან მიზანდასახული არ ვარ, დინებას უფრო ხშირად მივყვები. რაც შეეხება დედამიწის გადაბრუნებას, ალბათ შევძლებ, ჯერ ეს მომენტი არ დამდგომია. ისეთი მნიშვნელოვანი მიზანი არ მქონია, დედამიწა რომ გადამებრუნებინა.

- "მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული".

- ფრთხილი ვარ, რისკზე წასვლა არ მიყვარს. მირჩევნია, მომავალში შესაძლო უსიამოვნებისგან ყოველთვის დაზღვეული ვიყო.

- "პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია".

- ნაწილობრივ დაგეთანხმები. ეჭვიანი არ ვარ, ეს მცირე დოზით შეიძლება გამოვავლინო.

- "თავგადასავლების მოყვარეა, რაც მის ცხოვრებაზე ხშირად უარყოფითად აისახება".

- თავგადასავლების მოყვარე წლების წინ უფრო ვიყავი, სანამ შვილი მეყოლებოდა და მეტი თავისუფალი დრო მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაზე, რაიმე ფორმით, ცუდად აისახა.

- "მას ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს".

- ეს უნარი მეტ-ნაკლებად მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამომდგომია და დადებითი გავლენა მოუხდენია.

- "თუ მას არასწორად მოექცევი, არასდროს გაპატიებს".

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა, რადგან ბევრჯერ მიპატიებია.

- თავად პატიება ხშირად გითხოვია?

- იშვიათად. როცა ვაანალიზებ, რომ შემეშალა, ამის აღიარება არც საკუთარ თავთან მიჭირს და არც სხვასთან.

- ეგოისტი ხარ?

- არა.

- "საზოგადოებას უჭირს გველთან ურთიერთობა, რადგან საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა".

- ტყუილია, საზოგადოებასთან ურთიერთობა არ მიჭირს და არც საზოგადოებას უჭირს ჩემთან ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეს არავისგან მსმენია.

398051681-313303784794232-3420888778996381225-n-1701796860.jpg

- ანანო, სერიალში "სიყვარულს მიღმა", შენი პერსონაჟის (ქეთი) ხაზი ასე საინტერესოდ თუ განვითარდებოდა, რამდენად ელოდი?

- სერიალში ქეთის გამოჩენისთანავე მაყურებლისთვის რთული მისახვედრი არ იყო, რომ მას რომანი ექნებოდა თაზო გახარიას გმირთან. რაღაც დროს მეგონა, რომ ქეთის მიმართ მაყურებელი მკაცრი არ იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, ზოგიერთს ძალიან უჭირს, მე და ჩემი პერსონაჟი ერთმანეთისგან გაგვმიჯნონ. ჰგონიათ, ცხოვრებაში მეც ქეთისნაირი ვარ. სოციალურ ქსელში, უამრავ მსგავსი შინაარსის კომენტარს წაიკითხავ.

- შენ და თაზო სერიალში შეხვედრამდეც მეგობრობდით, არა? ამ მომენტმა თქვენი პარტნიორობა გააადვილა?

- ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. რა თქმა უნდა, როცა ადამიანს იცნობ, მისი პარტნიორობა უფრო ადვილია. მე და თაზოს ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს, საერთო წრე გვაქვს. საოცარი გოგოა ელენე ჩარკვიანი (ელენეს როლის შემსრულებელი), მიუხედავად ასაკისა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩამოყალიბებული მსახიობია, ძალიან ნიჭიერი ბავშვია.

- რას ეტყვი მაყურებელს?

- ჩემი ცხოვრება მაქვს და გთხოვთ, პერსონაჟთან ნუ გამაიგივებთ.

- საინტერესოა, როგორც ქეთი, რას ეტყოდი?

- თავად ქეთის მსგავსად შეიძლება არ მოვქცეულიყავი, უფრო სხვაგვარი გზა ამერჩია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ პერსონაჟის ძალიან კარგად მესმის, ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის. არავისთვის ცუდი არ უნდა. შეიძლება ფაქტი ცუდია, მაგრამ ქეთი ბოროტი არ არის, კობა მართლა გულით უყვარს... 12 წელი აღარ ჰყავდა ნანახი მისი მეგობარი მარიამი და ამ ხნის განმავლობაში ადამიანს რომ აღარ ნახავ, კომუნიკაციაც არ გექნება, არა მგონია, კიდევ მეგობრები გერქვათ. ქეთის გასამართლებელი ფაქტები ნამდვილად აქვს.

- რატომ ვერ მიიღო ის მაყურებელმა?

- ვიცი, მსგავსი რამ რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, მაგრამ მაყურებელი მის მიმართ ზედმეტად მკაცრია. მე ქეთის ვგულშემატკივრობ.

თამუნა კვინიკაძე