ანგელოზები წლის სიმბოლოებით და მრავალფეროვანი თაიგული თმაზე
პოლიმერული თიხისგან შექმნილი ბევრი ხელნაკეთი ნივთი მინახავს, თუმცა, ალბათ მსგავსი დახვეწილი პროდუქცია იშვიათია. ფიგურები, რომლებიც მანქანის სარკეებზე დასაკიდად ან ნაძვის ხის სათამაშოებად გამოიყენება, იმდენად მრავალფეროვანი და დადებითი აურის მქონეა, შერჩევა გაგიჭირდება, ხოლო სამაჯურების, გულსაბნევებისა და თმის სამაგრების საოცარი ფერები ცალკე აღნიშვნის ღირსია. ეს და კიდევ სხვა ნივთები თვითნასწავლი დიზაინერის, გვანცა ხუციშვილის ნახელავია.
- აღმოსავლეთმცოდნე, არაბისტი ვარ. ეს არჩევანი სპონტანურად გავაკეთე, თუმცა აღმოსავლური სამყარო ყოველთვის მაინტერესებდა. სამწუხაროდ, პროფესიით არ მიმუშავია, რამდენიმე წელი ბანკში გავატარე. ორი შვილი მყავს. მეორე შვილი რომ შემეძინა, ბანკში სამუშაოდ აღარ დავბრუნდი. იმ დროს ერთ-ერთ საიტზე პოლიმერული თიხა აღმოვაჩინე. ფერადმა, პლასტილინივით მასალამ ძალიან დამაინტერესა. მანამდე, ისევე როგორც ყველა ბავშვს, პლასტილინით მეც მიძერწია და კარგადაც გამომდიოდა. ბაბუაჩემი, ოთარ ხუციშვილი მოქანდაკე იყო და ალბათ მისი ნიჭი გამომყვა. სამწუხაროდ, ბაბუა რომ გარდაიცვალა, პატარა ვიყავი და ის მუშაობის პროცესში არ მინახავს, თუმცა, მისი ნივთები შინ დღესაც გვაქვს.
- პოლიმერული თიხის ნივთებს შორის რა იყო პირველი და მერე როგორ გააგრძელეთ საქმიანობა?
- პოლიმერულ თიხაზე მუშაობა რომ დავიწყე, თავიდანვე კარგად გამომივიდა. ჩემი შექმნილი ნივთები სხვებმაც რომ ნახეს, მირჩიეს, მათი რეალიზება დამეწყო. 2017 წლიდან სოციალურ ქსელში გვერდი გავაკეთე, თუმცა მანამდე 1 წლით ადრე უკვე ვმუშაობდი პოლიმერულ თიხაზე და ნივთებს ვქმნიდი საჩუქრად ჩემთვის და სხვებისთვის. პირველად რაც გავაკეთე, თმის სამაგრები იყო, რომლებიც დღესაც აქტუალურია. თოჯინების კეთება პანდემიის დროს დავიწყე, მაშინ პირბადიანი ანგელოზების ფიგურები დავამზადე. ყველას ძალიან მოეწონა და დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ ყოველ ახალ წელს ანგელოზებსა და ნაძვის ხის სათამაშოებს ვამზადებ, წლის განმავლობაში კი - ისეთ ფიგურებს, რომლებიც მანქანის სარკეზე დასაკიდებლადაა განკუთვნილი.
- 2024 დრაკონის წელია და უკვე მზად გაქვთ შესაბამისი ფიგურები...
- დიახ, ანგელოზებს ხელში მწვანე დრაკონი უჭირავთ. ასეთ ფიგურებზე მოთხოვნა და ინტერესი დიდია. საახალწლო ნივთებზე სამზადისს უკვე ზაფხულში ვიწყებ. იმ დროს თბილისიდან ბორჯომში მივდივარ და საშემოდგომოდ ნივთების ნაწილი ან დეტალები მაინც მაქვს მზად. ვფიქრობ, 2024 წლის სიმბოლო დრაკონი ძალიან საყვარელი გამოვიდა.
- თმის სამაგრებზე კონკრეტული ყვავილებია თუ მათ თქვენი ფანტაზიით ქმნით?
- რეალურ ყვავილებსაც ვიყენებ და ჩემი დიზაინით გამოგონილსაც. ასე ხდება, თუ ჩანაფიქრში რამე კონკრეტული ყვავილების კომპოზიცია მაქვს ან გამჭვირვალე მცენარის გაკეთებას ვგეგმავ. ფერებს ხელით ვაზავებ, რადგან მსგავსი თიხის ფერები არ არსებობს. ამიტომ ძალიან ბევრი ფერი, რომელსაც მეტალის სამაგრისძირიან აქსესუარებში ვიყენებ, 3-4 თიხის ნაზავის შედეგად მიიღება. ერთი და იმავეს გაკეთება არ მიყვარს, ყოველთვის მირჩევნია, ახალ-ახალი ვაკეთო. ამიტომაც არ მიყვარს შეკვეთა, რადგან ფაქტობრივად, ვერც ფერს ვიმეორებ და ვერც ყვავილების ფორმას. ასე რომ, მხოლოდ ტონალობის მიხედვით შემიძლია მსურველებს შესაბამისი აქსესუარი დავუმზადო. ინტერესი სეზონურად იცვლება: გაზაფხულზე ღია ვარდისფერი, ცისფერია აქტუალური, ზაფხულში - ჭრელი, შემოდგომაზე ყავისფერი ტონალობა, ხოლო ზამთარში - რაც შეიძლება ცივი ფერები და მეც, რასაკვირველია, ამ ტენდენციას ვითვალისწინებ. ამ ხნის განმავლობაში პოლიმერული თიხა ძალიან შემიყვარდა და თუ მომავალში ყველაფერი ასევე გაგრძელდება, ალბათ ამ სფეროში კიდევ დიდხანს ვიქნები.
- საახალწლოდ ბევრი ცდილობს ორიგინალური საჩუქრის შერჩევას?
- წინასაახალწლო პერიოდი ყველაზე დატვირთულია. ნივთი 30 დეკემბერსაც დამიმზადებია და 31-ში გამიგზავნია. ასე ხშირად მომხდარა და ადამიანებს რომ არ ვაწყენინო, უარს ვერ ვეუბნები.
- თავად რამდენად გიყვართ ახალი წლის დღესასწაული? ალბათ ნაძვის ხე თქვენივე შექმნილი ნივთებით გაქვთ მორთული...
- ახალი წელი ჩემს დაბადების დღეზე მეტად მიყვარს. რაც შეეხება ჩემს ნაძვის ხეს, ის ჩემი ბავშვობის დროინდელი შუშის სათამაშოებითა და ჩემი ხელით დამზადებული ნივთებით არის "გადატენილი". პატარაა და ერთ ტოტზე 10 სათამაშო მაინც კიდია. წელს რამდენიმე ახალი ნივთი ჩემი ნაძვის ხისთვის უკვე მზად მაქვს, თუმცა სადღა უნდა დავკიდო, ეგ აღარ ვიცი (იღიმის).
ანა კალანდაძე