ავთო მარგველაშვილის ამერიკული ცხოვრება, გეგმები და პროექტები - გზაპრესი

ავთო მარგველაშვილის ამერიკული ცხოვრება, გეგმები და პროექტები

„ვისარგებლე თაროზე დიპლომივით შემოგდებული ვიზით (ცხრა წელიწადში მეორედ), ყურად ვიღე ამერიკიდან წამოსული სხვადასხვა შემოთავაზება, „ჩანთაში ჩავალაგე“ მთელი ჩემი 35-წლიანი გამოცდილება და ნიუ-იორკში „გავადინე ზღართანი“, - ამბობს იუმორისტი ავთო მარგველაშვილი და საკუთარი ამერიკული ცხოვრების, ნოსტალგიური და ცრემლიან-ღიმილიანი პროექტების შესახებ მოგვითხრობს.

- ავთო, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პირველი თაობის წევრი ხარ, ქართული იუმორის „ჰორიზონტზე“ რომელ წელს გამოჩნდი?

- პირველი შეხვედრა 1988 წელს ვითამაშე, ანუ ქართული „მან-სან-კანის" ერთ-ერთი „ადამი“ გახლავართ.

- და „ევა“?

- სხვათა შორის, იუმორის მაშინდელ სცენაზე „ადამები“ ბევრად ვჭარბობდით „ევებს“. ასევე ვარ 1998 წლის საქართველოს ჩემპიონი (გუნდი „პიკასოს ბიჭები“) და ვიყავი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში. ასევე სხვადასხვა წელს გახლდით საქართველოს ნაკრები გუნდის სცენარისტი - გუნდის, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობდა.

- ალბათ ამიტომ შეგარქვეს „იუმორის მამები“.

- იყო ასეთიც,.. გვიხარია, რომ „მრავალშვილიანი მამები“ ვართ: ჩვენი გაზრდილები, ანუ „შვილები“, „შვილიშვილები“ და „შვილთაშვილები“ დღეს ზეპოპულარული ვარსკვლავები არიან. ალბათ, არ ვიყავით მთლად ცუდი მამები.

- პრესაში როგორ მოხვდი?

- 1999-2002 წლებში, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იუმორისტული საინფორმაციო პროგრამის - „მაცინეს“ შემდეგ, რომელსაც შემოქმედებით გაერთიანება „პიკასოს ბიჭებთან“ ერთად ვაკეთებდი, აღმოვჩნდი პრესაში. ეს მოხდა ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და პოეტის, ჩემი უფროსი მეგობრის, ქალბატონ მაია კახიძის რჩევით, რომელიც წლებიs ganmavlobaSi აქტიურად თანამშრომლობდა რამდენიმე ცნობილ რედაქციასთან. გადავწყვიტე, ბედი ბეჭდვით მედიაში მეცადა. როგორი სილაღითა და სარკაზმითაც წერ მაყურებლისთვის, ზუსტად ისე წერე მკითხველისთვის და წაგიკითხავენო, - მითხრა მაია კახიძემ და შეიძლება ითქვას, კინწისკვრით შემაგდო პრესაში. მოკლედ, გადავწყვიტე, სანახაობრივი, ანუ სასცენო და სატელევიზიო იუმორიდან საკითხავ იუმორზე „გადავფორმატებულიყავი“ და ასე შევრჩი პრესას, უდიპლომო ჟურნალისტი კორესპონდენტად. ეს იყო გაზეთები: „ექო“, „კვირის პალიტრა“, ჟურნალები: „რეიტინგი“, „მაესტრო“, „სტერეო“, „ახალი ჟურნალი“ და დღეს ჩემი მასპინძელი ჟურნალი „გზა“, რომელშიც ყველაზე დიდხანს ვწერდი (2002-2008 წწ.). ვწერდი როგორც პოლიტიკურ სატირას, ასევე სოციალური იუმორს; ვწერდი ტელევიზიებზე, მინისტრებზე, პრეზიდენტებზე, დეპუტატებზე, მაგრამ ყოველთვის ვწერდი ხალხისთვის და ხალხის სათქმელს...

2003-დან 2020 წლამდე "რუსთავი 2"-ზე 18-წლიანი მუშაობა და „ცხოვრება“ იყო ყველაზე რთული, დინამიკური, ნაყოფიერი და მდიდარი პრაქტიკა ჩემს კარიერაში. „ღამის შოუ“, „ვანოს შოუ“, „ნიკა არაბიძის შოუ“, "კომედი შოუ“, „ქლაბ შოუ“ „თქვენი შოუ“, „გააცინე და მოიგე“, პლუს კომედი არხის პროექტები, სერიალები... ამ გადაცემებმა იუმორის ეპოქა შექმნეს, ქართული სატელევიზიო იუმორის ისტორია დაწერეს.

- ანუ „იუმორის მამობა“ უფრო აღმატებულ ხარისხში აიყვანე.

- ჩვენ არა, მაყურებელმა, ხალხმა აიყვანა. მთავარი ხალხია!

- შეიძლება ითქვას, რომ იუმორში საბავშვო სეგმენტიც თქვენ აითვისეთ.

- ასე გამოდის. 2013 წლიდან იუმორის სამყარო ბავშვებისთვისაც გავხსენით: ჯერ საბავშვო იუმორისტული პროექტი „კომედი ქიდსი“ განხორციელდა, შემდეგ კი „საქანელა“. მე ამ პროექტების რედაქტორი ვიყავი. ძალიან საინტერესოა ბავშვური ენით ბავშვური ყურისთვის წერა. პრინციპში, ამას ახლაც ვაგრძელებ.

- ავთო, თავად მიხვედი მთავარ თემამდე: როგორ მოხვდი ამერიკაში?

- „აგვისტოდან აქა ვზივარ!“ იცი? რაღაც ეტაპი დგება ადამიანის ტვინ-გონებაში, როცა ხვდები, რომ შენი საქმე რუტინად იქცა და რასაც აკეთებ, თვითონ შენთვის შემოქმედება აღარ არის; კი ბატონო, ჩარხივით ჭრი ამ სცენარებს, აწყობ სკეტჩებს, მონოლოგებს, წერ სიმღერების ტექსტებს, მაგრამ უკვე იცი, რას აკეთებ და როგორ აკეთო. როგორ პროდუქტს მიიღებ, ისიც იცი!.. და შემოქმედებითი აზარტი სადაა ამ დროს?! თუ მარადიულად არ ცდილობ, საკუთარ თავთან რაღაც ახალი შესაძლებლობის დამტკიცებას, აბა, განვითარება რას ნიშნავს?! იმას ნიშნავს, რომ ახალი სისხლი გინდა, ახალი ჟანგბადი გჭირდება, სხვა გარემო, უცხო აუდიტორია. აღარც იმ ასაკში ვარ, რომ სამომავლო გეგმების შესრულებას ლოდინის მორიგი ათწლეული შევწირო. ამიტომ ვისარგებლე თაროზე დიპლომივით შემოგდებული ვიზით (ცხრა წელიწადში მეორედ), ყურად ვიღე ამერიკიდან წამოსული სხვადასხვა შემოთავაზება, „ჩანთაში ჩავალაგე“ მთელი ჩემი 35-წლიანი გამოცდილება და ნიუ-იორკში „გავადინე ზღართანი“.

404330312-307053632202671-7447671615441995833-n-copy-1702205470.jpg

- ამჟამად რას საქმიანობ?

- რადგან ბავშვებთან მუშაობა ვახსენე, ამით დავიწყებ: ნიუ-იორკში არსებობს ამერიკის ქართული ემიგრაციისთვის, ნოვატორული შემოქმედებითი იდეებით კარგად ცნობილი კომპანია „ქართული გენი“, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ქალბატონი ნინო იმედაძე. „ქართული გენი“ მართლაც ქართულ ეროვნულ საქმეს აკეთებს ამერიკაში. მან ნიუ-იორკში დააარსა პირველი ქართული თოჯინების თეატრი და მისი სპექტაკლები წარმატებით მოგზაურობს შტატიდან შტატში. გარდა ამისა, განხორციელდა საბავშვო პროექტი „შინ“, რომელიც მაყურებელს აცნობს პატარა ემიგრანტებს. ისინი ჰყვებიან საკუთარ თავზე, საქართველოზე, ამერიკაზე, მათ ფანტაზიებზე. ბავშვები გრძნობენ იმ სიყვარულს, რომლითაც ისინი საქართველოს უყვარს. ეს არის უსაშველოდ თბილი, ნოსტალგიური და ცრემლიან-ღიმილიანი პროექტი. კიდევ ერთი ეროვნული პროექტი, რომელშიც ნინომ თანამშრომლობა შემომთავაზა, ეს არის ამერიკაში პირველი ქართული პროექტი თინეიჯერებისთვის „Georgian Teens“, რომელიც შტატებში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს აცნობს წარმატებულ და ცნობილ ადამიანებს. ისმენენ მათ გამოცდილებას, შეცდომებს, წარმატების ფორმულას, კურიოზებს, ბავშვობის დროინდელ თავგადასავლებს და იღებენ კეთილ, სწორ რჩევებს; იგებენ ბევრ სიახლეს საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობის, ქართული კულტურის და მათი სამშობლოს უნიკალურობის შესახებ. ამ მოზარდებთან მუშაობა და გადაცემისთვის მათი მომზადება, ჩემთვის დიახაც რომ ახალი ჟანგბადი იყო. მოვწყდი კომპიუტერს და პარტნიორებთან ცოცხალ ურთიერთობაში შევედი. საოცარი მოზარდები არიან; ამერიკელი ქართველები არიან და მათთან საუბარში გრძნობ, რომ საქართველო ძალიან უყვართ და ამ სიყვარულით დაკმაყოფილების დეფიციტი აქვთ. ახლახან სტუმრად გვყავდა ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე საბა, რომელმაც საოცრად ერუდირებული, სულიერად ამაღლებული და ღიმილიანი საღამო გვაჩუქა. „ქართულმა გენმა“ სცენარისტობაც შემომთავაზა. ასე რომ, 6 იანვარს მანჰეტენზე „ქართული გენი“ გამართავს საბავშვო საშობაo-საახალწლო მუსიკალურ სპექტაკლს „ზღაპარ LAND 11:59 PM“, ქართველი მსახიობებისა და ბავშვების მონაწილეობით. ეს ჩემი სცენარული დებიუტია ამერიკაში. პრესის ჟურნალისტობის შემოთავაზებაც მქონდა: ეს არის ემიგრანტული მედიაგამოცემა ჟურნალი „მამული ამერიკაში“ (რედაქტორი მანუჩარ კაჭახიძე), რომელსაც სიამოვნებით გავუწოდე თანამშრომლობის ხელი. ახალი აზარტით დავწერ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებზე და მათ მონატრებულ ადამიანებზე. თითოეული ასეთი პროექტი ახალი, უხილავი ხიდია საქართველოსა და „ამ საქართველოს“ შორის და ამ ხიდს რაც მეტი „ზურგი შეებიჯგება“, მით უფრო კარგად იგრძნობენ თავს ქართველები ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც. იმის გარდა, რომ გრძელი სადღეგრძელოებით ტრაბახი გვიყვარს ხოლმე, მართლა ბევრი გვაქვს საამაყო. ამის სწორი და ხარისხიანი მიწოდებაა საჭირო. პიარი და კიდევ ასჯერ, სწორი პიარი!.. უამრავი ეროვნების, კულტურის, მრწამსის, ტრადიციებისა და მენტალობის მქონე ამერიკელი ხალხი, კიდევ ერთ კარგ სიახლეს როგორმე მიიღებს და ქართულ უნიკალურობასაც შეაფასებს.

აქ არაერთი წარმატებული, კრეატიული გუნდი მუშაობს ცალკეული სტუდიებისა და შემოქმედებითი ცენტრების სახით. უამრავი ნიჭიერი, საინტერესო და წარმატებული ხელოვანია. ბევრი საინტერესო პროექტის გეგმა მაქვს, ასეთი გუნდების ერთობლივი პარტნიორული მუშაობის ფორმატში, მჯერა, მათაც ექნებათ. ჰოდა, შედეგიც ერთობლივად დავდოთ ქართული დიასპორისა და საქართველოს სახელით. აბა, „ძალა ერთობაშია“ რატომ დავაწერეთ გერბს? მოკლეა და იოლი დასაწერია?! ამ გაერთიანებას კი მოჰყვება ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობა და ქართული ხელოვნებისა და ტალანტის ჰარმონიული ინტეგრირება ამერიკულ საზოგადოებაში და ჩვენც ბევრს ვისწავლით.

დაბოლოს, ვახო ბიჭიკაშვილი მოვიტოვე, რომელიც უკვე ერთი წელია ნიუ-იორკშია და ძალიან საინტერესო იუთუბ-პროდუქტს ქმნის საკუთარ არხზე „GEO-PRODUCTION“. გაგვიჩნდა იდეა, 18-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ისევ ხომ არ გვეთანამშრომლა კრეატიული დუეტის სახით. ასე დაიბადა იდეა „ღამის შოუს“ ფორმატის აპოლიტიკური(!), იუმორისტული, ნოსტალგიური შოუს გაკეთებისა. პროექტი აქტიური მზადების პროცესშია. დანარჩენი კონკრეტიკის „გაყიდვის“ პრეროგატივას ვახოს დავუტოვებ. ასე რომ, „შესაძლებლობების განხორციელების ქვეყანაში“ შევეცდებით „განვხორციელდეთ“ და სხვებიც „განვახორციელოთ“. მიყვარხარ, საქართველო!!!

- წარმატებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე