"მარტოხელა მონადირე" ყველაზე ახლოს არის ჩემს პიროვნულ თვისებებთან"
"ეს ძალიან სასიამოვნო იყო, რაღაც მომენტში მთელმა ჩემმა შემოქმედებითმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა", - ასე ეხმაურება საკუთარი ვარსკვლავის გახსნას ცნობილი მსახიობი, ზურა ყიფშიძე. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის წინ, ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი "მეფე ლირი". ზურა ყიფშიძემ ამ სპექტაკლისთვის ორჯერ მიიღო პრემია "მამაკაცის საუკეთესო როლისთვის".
- ალბათ ნორმალურია, თვალწინ ჩაგირბინოს მთელმა ცხოვრებამ, როდესაც რაღაც ეტაპს ამთავრებ და ასე მოხდა ჩემი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზეც. ცოტა კი შემრცხვა, მაგრამ ალბათ, რადგან ასე მოხდა, ე.ი. ვუყვარვარ ჩემს მაყურებელს და მაფასებს.
- ფიქრობთ, რომ თქვენი სამსახიობო მოღვაწეობა უკვე დაასრულეთ?
- როცა "მეფე ლირს" ითამაშებ, ამის მერე რაღა უნდა ქნა? მორჩა!
- "მეფე ლირი" თქვენი მთავარი როლია?
- აბა როგორ?! თუმცა, ყველა როლი, რაც მითამაშია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეულ მათგანში ჩემი სული და გული ჩავდე. "დონჟუანიც" ძალიან მნიშვნელოვანია, "პატარა ქალაქიც" და "საქმეც". კინოც ხომ ძალიან ჩემია, მაგრამ თეატრი განსაკუთრებულია, - შენ ხარ, ცოცხალი ხარ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. კინოში ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაგამონტაჟებენ. თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- რაც შეეხება კინოროლებს...
- რომ არ შემრცხვეს, გოდერძი ჩოხელის "ცოდვის შვილებს" გამოვყოფდი. რატომღაც მერაბ თავაძის "ბრავო, ალბერ ლოლიშ!" ყველამ დაივიწყა. სხვათა შორის, თავიდან არც მე ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლახან თავიდან ვუყურე და ძალიან მომეწონა. ახლა ძალიან კარგ ფილმში ვაპირებ თამაშს, ანა ურუშაძე ამზადებს არაჩვეულებრივ რაღაცას. ჯერ სცენარზე ვმუშაობთ და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.
- შეგიძლიათ დაასახელოთ როლი, რომელიც საკუთარ პიროვნებასთან გააიგივეთ?
- კი, სხვათა შორის! ნებისმიერი როლის თამაშისას ცდილობ, პერსონაჟსა და შენ შორის რაღაც საერთო დაიჭირო ან შენს თავს შეადარო... "მარტოხელა მონადირე" ყველაზე ახლოს არის ჩემს პიროვნულ თვისებებთან. თითქოს ნაცნობი ქარგა იყო.
- საკმაოდ დიდი ოჯახი გყავთ - შვილები, შვილიშვილები... ასევე, უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ... თავს მაინც მარტოსულად მიიჩნევთ?
- სინამდვილეში, ყველა ადამიანი მარტოსულია. სულ რომ ჯარში ცხოვრობდე, რაღაც მომენტებში მაინც მარტო იქნები.
- ალბათ ხალხმრავლობა, ძველი დრო მაინც გენატრებათ, არა?
- მენატრება?! კი, მენატრება! კი, დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მინდა...
- ვარსკვლავის გახსნა შვილიშვილებმაც მოგილოცეს...
- კი, ძალიან საყვარლები იყვნენ. ზოგადად, გამიმართლა შვილიშვილებში, ძალიან კარგები მყვანან. ლენუკას შვილი ჩემს შვილად მიმაჩნია. ფანტასტიკური ბავშვია. რაც უარყოფითი არსებობს მის გარშემო, ნათესაობაში, ყველაფერი აიცილა და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჩვენგანის საუკეთესო ვერსიაა... ნიკოლოზი, ნატალია, ალექსანდრე და ის ორი პატარა "ბაჯაჯღუა", რომლებიც სულ ჩემთან არიან, საოცრად მიყვარან... ადამიანი რომ ბერდება, რაღაცნაირად "ბავშვდება". მიხარია შვილიშვილებთან ურთიერთობა. ჩემს საქმიანობაში რაც უფრო მიაღწევ იმას, რომ ბავშვივით ითამაშებ, შეიძლება მით უფრო საინტერესო იყო. ალექსანდრე დიდი ხნის უნახავი მყავდა და ძალიან მენატრებოდა. ალბათ იცით, ოჯახური პრობლემების გამო სხვაგან რომ ცხოვრობს, დედამისთან ერთად. ის რომ დავინახე ვარსკვლავის გახსნის დღეს, ისე გამიხარდა, ცა გამეხსნა.
- მადლობა ინტერვიუსთვის და კიდევ უამრავი კარგი როლის თამაშს გისურვებთ!
- დიდი მადლობა.
ხათუნა ბახტურიძე