შვილისგან მიღებული კომპლიმენტი და საინტერესო "ცურვა" სხვა სამყაროში - გზაპრესი

შვილისგან მიღებული კომპლიმენტი და საინტერესო "ცურვა" სხვა სამყაროში

არ ახსოვს, რა ასაკში გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი, მაგრამ ახსოვს, სხვა პროფესიაზე სერიოზულად არც არასდროს უფიქრია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მოხვედრას პირველ წარმატებად მიიჩნევს. ჩემი რესპონდენტი მანანა აბრამიშვილი გახლავთ. ის თავად გვიამბობს, რამდენად რთულია იყო სულ სხვადასხვაგვარი, მაგრამ ნამდვილი, რადგან სინამდვილე, მის პროფესიაში მთავარია.

- მსახიობობა მიმზიდველი პროფესია რომ არის, რა ასაკში და როგორ აღმოჩნდა?

- ამ პროფესიისადმი ინტერესი როგორ გამიჩნდა, ვერ ვიხსენებ, ადრეული ბავშვობიდან მხოლოდ ეს სურვილი მქონდა. ვგრძნობდი, ძალიან აქტიური, მრავალფეროვანი, საინტერესო პროფესია იყო, სულ მოქმედებაში, მოძრაობაში ყოფნას მოითხოვდა და ეს მდგომარეობა მიზიდავდა. ბავშვობაში ხომ ყველას ჩვენებური ფიქრები გვაქვს, ჩემი ფანტაზიით სულ სადღაც ვთამაშობდი, ჩემთვის ამ პროფესიას დიდი ხიბლი ჰქონდა. მცირე ხნით დიპლომატობასაც ვფიქრობდი, ეს სურვილი ჩემზე მეტად, ჩემს ოჯახს ჰქონდა. როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, რა თქმა უნდა, მსახიობობის სურვილი ვერაფერმა გადაწონა.

- დღეს გაქვს განცდა, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გააკეთე?

- ხან მაქვს და ხან - არა. სიმღერა მიყვარს და ხანდახან ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ეს მიმართულება ამერჩია. კარგად ვმღერი.

- სცენას მაინც არ შორდები.

- (იცინის) ასე გამოდის.

- თეატრალურში ჩაბარების შემდეგ, ეს პროფესია, ისეთივე მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორც ბავშვობაში წარმოგედგინა?

- უფრო მეტად მომხიბვლელი და მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვობაში სცენაზე თამაში მარტივი მეგონა, სინამდვილეში, რთული პროფესიაა. არაერთხელ მითქვამს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელი უნდა იყოს, რომ თეატრალურის პირველი კურსი გაატარო - იქ იმდენ რამეს იგებ, იმდენად სხვაგვარად აზროვნებას იწყებ, ურთიერთობებში იმდენად გახსნილი ხდები, განსხვავებული ხედვა გიყალიბდება, ჩაკეტილობა (თუ გაქვს) გეხსნება, მეტყველებას სწავლობ, რეალობის სწორად დანახვა და აღქმა, პიროვნული თავისუფლების შეგრძნება სულ სხვაგვარად მოდის. ჩვენ, მსახიობები ხომ ადამიანებზე ვმუშაობთ. როდესაც ამ პროფესიას ვირჩევთ, სულ სხვადასხვაგვარი ადამიანის თამაში გვიწევს და ეს ძალიან საინტერესოა.

- პროფესიაში რა იყო შენი პირველი წარმატება, ეს განცდა როდის მოვიდა?

- კასტინგის გზით რუსთაველის თეატრში მოხვედრა. ეს წარმატება დღემდე გრძელდება. მეც ვვითარდები, თელავის თეატრშიც ვთამაშობ.

- წლებია, სცენაზე აქტიურად თამაშობ, გაქვს გადაღებები, დღეს ამ გამოცდილებით, რა შეგიძლია თქვა, ამ პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის?

- იყო ნამდვილი. როცა ბუნებრივი ხარ, როცა პერსონაჟის განწყობას, იმ ხაზს მიჰყვები, რომელსაც თამაშობ, ეს კარგია. მსახიობი იქვე ფუჭდები, როგორც კი სინამდვილეს კარგავ. იყო ნამდვილი და ბუნებრივი, არ არის ადვილად მისაღწევი. გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი პერიოდი კინოსადმი სხვაგვარი დამოკიდებულება მქონდა, თითქოს არ ვინტერესდებოდი. ვთვლიდი, რომ კინო სხვა რამ იყო, თეატრი - სხვა, ვერ ვიტყვი, რომელი უფრო რთულია ან მარტივი. ახლა როდესაც გადაღებებში აქტიურად ვარ ჩართული, მივხვდი, კამერის წინ მუშაობა აუცილებელიც კი ყოფილა, რომ შენი პროფესია სრულად შეიგრძნო. წლების განმავლობაში სულ თეატრით ვიყავი მოხიბლული, კინოგადაღებებზე საერთოდ არ ვაქტიურობდი. ახლა სერიალში თამაში მომწონს. წლებია, "ჩემი ცოლის დაქალები" პოპულარული სერიალია და რომ დამიძახეს, თავიდან ცოტათი დაძაბული ვიყავი, მაგრამ გადასარევი გუნდია, ერთმანეთზე უკეთესები.

- საკუთარი პერსონაჟი თუ შეგიყვარდა?

- ჩემი პერსონაჟი, ირინე არის ქალი, როგორიც არასდროს ვიქნები. არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც მსახიობს არ გიყვარს, მაგრამ თამაშობ. დიდი გარდასახვები, სახასიათო როლები საინტერესოა.

- ირინე ინტრიგანი ქალია, რამით შეგიძლია გაამართლო?

- მას შეუყვარდა კაცი, რომელიც ნაძირალა აღმოჩნდა, ოჯახი დაანგრია, გამწარებული ადამიანია, ალბათ ბევრ რამეზე წამსვლელიც. არ ვიცავ ჩემს პერსონაჟს, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, მასში რაღაც ისეთი მოვძებნო, როლის ხასიათი ზუსტად დავიჭირო. მისი ყოფილი მეუღლე უარყოფითი პერსონაჟია, უნდა თანხის წართმევით გაამწაროს. მოღალატეს ყველაფერიც უნდა გაუკეთო. ვფიქრობ, ჩემი ირინე და ლაოში (დავით ველიჯანაშვილის პერსონაჟი) ორივე ერთნაირი ადამიანია.

- მაყურებლის რეაქციაზე რას გვეტყვი?

- სოციალურ ქსელში წერენ, ბოროტ ქალს რა კარგად თამაშობს, ყოჩაღო! მაყურებლისთვის ჩემი პერსონაჟი საყვარელი მაინც არ არის. მსგავსი პერსონაჟები ხალხს არ უყვარს. ბიჭები წერენ, ამ ქალს საღოლ! მაგრად მოსთხოვაო (იცინის).

- რეალურ ცხოვრებაში, ოდესმე ვინმეს დაშანტაჟები გიცდია?

- არა, რას ამბობ, რაც შეეხება ფულის თემას, მთელი ცხოვრება სხვებს იქით ვაძლევ ფულს (იცინის). ხომ შეიძლება, შვილმა მშობელს ფული მოსთხოვს, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია?! ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მომხდარა, არ შემიძლია. ჩემს პერსონაჟთან საერთოს ვერაფერს ვპოულობ.

- როგორი პერსონაჟები მეტად გიზიდავს, რომლებიც გგვანან თუ პირიქით?

- არასდროს მიზიდავს ის პერსონაჟი, რომელიც მე მგავს, რომელიც ჩემგან განსხვავებულია, ის მეტად მაინტერესებს. თეატრში მაქვს ასეთი როლები. ფილმებში კი "ნაშას" როლს უფრო მაძლევენ, სულ ვიღაცის ყოფილის ან საყვარლის როლში მხედავენ, არადა, ასეთი ქალები მაღიზიანებს.

- ინტერესით და სიამოვნებით, როგორ პერსონაჟს ითამაშებდი?

- ვითამაშებდი თუნდაც საქმოსან, მაგრამ წესიერ ქალს. დრამატული, ღრმა შინაარსის მატარებელი გმირები მიზიდავს.

- ოდესმე როლზე მიუღებლობის გამო უარი გითქვამს?

- რამდენიმე წლის წინ, ერთი ქართველი რეჟისორი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მთავაზობდა ერთ-ერთ მთავარი როლს, ვიქნებოდი ბიზნესვუმენი, საქმიანი ქალი, ოღონდ თამამ სცენაზე თამაშსაც უნდა დავთანხმებულიყავი. რეჟისორს ვთხოვე, ზუსტად აეხსნა რა უნდა გამეკეთებინა, რის შემდეგაც ჩემგან უარი მიიღო. ვუთხარი, გამორიცხულია, ასეთი როლი შევასრულო, სულ რომ ჰოლივუდმა დამიძახოს-მეთქი და წამოვედი. ჩემი პრინციპები მაქვს, რომლებსაც ვერ გადავაბიჯებ. იმ რეჟისორმა სერიალი გადაიღო, მაგრამ იმ თამამი სცენის გარეშე. როგორც ჩანს, სხვა მსახიობებმაც უარი უთხრეს. თეატრშიც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, სპექტაკლის დადგმა უნდოდა, სცენაზე შიშველ კაცებს უნდა ერბინათ თუ რაღაც ამდაგვარი ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩვენი თეატრის ყველა მსახიობმა უარი უთხრა.

- მსახიობი თუ ხარ, ყველანაირი როლის შესრულება უნდა შეგეძლოსო, ალბათ გსმენია. რა ეტყვი ადამინებს, რომლებიც ამ შეხედულებას იზიარებენ?

- ალბათ უნდა შეგეძლოს, მაგრამ ადამიანები ვართ, ყველას ჩვენ-ჩვენი შეხედულება გვაქვს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, უარი შვილების გამო თქვაო, მაგრამ ასე არ არის.

- რის გამო თქვი?

- არავის გამო და არავის გათვალისწინებით, თავად არ შემიძლია და მორჩა.

- პრემიერის შემდეგ, ვინ არის ის ადამიანი, ვის აზრსაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდები?

- ახლა უკვე ეს ადამიანი არის ჩემი შვილი, - თეკლა სულაქველიძე, რომელმაც ჩემი პროფესია აირჩია. ახლახან "პრომეთეს" შემდეგ შემოვიდა ჩემთან და მითხრა: "დე, ჩემი ფავორიტი ხარ!" ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი იყო. თეკლა ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსია. ვიცი, რასაც მეტყვის, მართალი იქნება.

- თეკლას ჩემთან აქვს ნათქვამი, როდესაც სამსახიობოზე ჩაბარება გადაწყვიტა, შენ მისი არჩევანის წინააღმდეგი იყავი.

- ასეა.

- დღეს როდესაც სცენაზე მის წარმატებულ როლებს უყურებ, რა განცდა გაქვს?

- გაოცებული ვარ. მართლა მეგონა და ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია მისი არ იყო. თეკლას ცოტათი ფეთქებადი ხასიათი აქვს, გაქცევა უყვარს. არტისტისთვის ეს არ შეიძლება. თეკლამ ჩემგან, ცხოვრებისგან ისწავლა, რომ არასდროს უნდა დათმოს არც საკუთარი ადგილი, არც როლი და ა.შ. სხვაგვარად წინ ვერ წავა, გაქცევა არ არის გამოსავალი. დღეს თეკლას რომ ვუყურებ, როგორი წარმატებულია, როგორი აქტიურია, ბედნიერი ვარ. ჩემზე მეტი წარმატება აქვს, ვიდრე მე მის ასაკში მქონდა და ძალიან მიხარია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, სხვა პროფესია აერჩია. თეკლამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მართლა კარგი მოსაწავლე იყო. მინდოდა, ისეთი პროფესია აერჩია, ფეხზე მყარად რომ მდგარიყო. თეკლა ჩემგან განსხვავებით ისეთი ადამიანია, რომელსაც უნდა ყველაფერი ისწავლოს, იცოდეს. რეჟისორმა გია ბარაბაძემ შვილივით შეიყვარა, ყველა პროექტზე ასისტენტად ჰყავს, თან იღებს. თეკლა ძალიან შრომისმოყვარე და დაუზარელია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ თეატრში თამაშობს, ჯერ ჩემთან ვერ მოვიყვანე. ამბობს, მე ჯერ არ ვარ მზად იმისთვის, რომ რობერტ სტურუას წინაშე წარვდგეო... რაც შეეხება ჩემს მეორე შვილს - ჩემს ვაჟს ჩვენს პროფესიასთან საერთო არაფერი აქვს - სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. ერთმანეთთან სამივეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- ყოველთვის ასე იყო თუ მათი გარდატეხის ასაკის პერიოდს გარკვეული სირთულეები ახლდა?

- ბიჭთან გარდატეხის ასაკის არანაირი სირთულე არ გაგვივლია, თეკლასთან კი - იყო, კი. ხასიათის მრავალმხრივი ცვლილება ჰქონდა. ურთიერთობა არ დაგვძაბვია. უბრალოდ, ვხვდებოდი, გარდატეხის ასაკი აქვს და რაღაცები უნდა დავთმო-მეთქი.

- მანანა, შესრულებული როლებიდან, რომელი იყო ისეთი, დიდი გავლენა რომ მოახდინა, სხვაგვარად დაგაფიქრა?

- "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე", სადაც ვითამაშე იმ და აქაურ სამყაროს შორის დამაკავშირებელი პერსონაჟი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას, ვინ გამგზავრებულიყო იმ ქვეყნად. ამ როლზე მუშაობა ადვილი არ იყო, ბევრი ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო, სულ კითხვის ნიშნები მქონდა. საბოლოოდ კარგი გამოვიდა, კარგი გამოხმაურება მოჰყვა. გამორჩეულად მიყვარს "გონზაგოს მკვლელობა", ხოლო სპექტაკლში "სადღაც ცისარტყელას მიღმა" მოხუცი, თეატრმცოდნე ქალის როლიც გამორჩეულად მახსოვს. ეს იყო ძალიან რთული, რადგან ერთ დღეში შევედი, მსახიობის შეცვლა მოხდა. მოხუცის გამომეტყველება, აკანკალებული ხმა, კიდევ ბევრი ნიუანსი ერთი რეპეტიციით მარტივი სათამაშო არ იყო. ასევე გამორჩეულად მიყვარს ანა ფროიდის როლი სპექტაკლიდან "სტუმარი", "პრომეთეში" რევოლუციონერ კომუნისტკას ვასრულებ და ესეც მომწონს.

manana-chcd-copy-1702206426.jpg

- როლის შექმნაში რა პროცენტია რეჟისორის და რამდენი მსახობის?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის 50/50-ზე. ყველანაირ გასაღებს რეჟისორი გაწვდის, შენ აცოცხლებ და შენსასაც მატებ.

რობიკო სტურუას სამაგიდო რეპეტიციები არ უყვარს. ჩვენ ახალ სპექტაკლზე მუშაობას სცენაზე ვიწყებთ, კოსტიუმი, გრიმი რომ ემატება, როლის შექმნაში, ხასიათის პოვნაში მეტად გეხმარება და ამის შემდეგ იწყებ საინტერესო "ცურვას" სხვა სამყაროში.

ინტერვიუ უკვე მზად იყო, როცა სერიალში "ჩცდ" პერსონაჟი, რომელსაც მანანა აბრამიშვილი ასახიერებდა, მოკლეს. ეფექტურად შესრულებული სიკვდილის სცენის გამო, მსახიობმა ბევრი კომპლიმენტი მიიღო. მანანას რომ დავუკავშირდით, გამოგვიტყდა, რომ პერსონაჟის სიკვდილმა გული დასწყვიტა...

- სერიალში ჩემი გმირის სიკვდილი ყველასთვის მოულოდნელი იყო. ვფიქრობდი, შეიძლებოდა ეს პერსონაჟი საინტერესოდ განვითარებულიყო, უფრო ინტრიგები "წასულიყო", მაგრამ სცენარისტის გადაწყვეტილება ასეთი გახლდათ და პატივს ვცემ. გული დამწყდა.

საერთოდ, ეკრანთან ყოველთვის ფრთხილად ვიყავი. გადაღებებში მონაწილეობის სურვილი დიდად არ მქონდა ხოლმე. თუ მაინც ვმონაწილეობდი, ეპიზოდურ როლებს ვასრულებდი, ჩვენი თეატრის სპეციფიკის გამო, რადგან რობიკოს არ უყვარს, მსახიობი ეკრანზე "აითქვიფო". ფიქრობს, რომ ეს სცენას ხელს უშლის. ამ წესს მართლა ვიცავდი. მაგალითად, გადაცემებში რომ ვმონაწილეობ, არ მოსწონს. სულ გვეუბნება, - კარგ როლს არ მოგცემთო (იცინის)!.. ირინეს როლი რომ შემომთავაზეს, ვიცოდი, ერთში კი არა, რამდენიმე სერიაში ვიქნებოდი, მაგრამ რა დოზით გაგრძელდებოდა, არავინ იცოდა: სცენარისტი თან წერს, თან - იღებენ. ირინეს სიკვდილი მართლა ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კაცი ქალს ხშირად კლავს, მით უმეტეს - ყოფილ მეუღლეს. ალბათ, სცენარისტი ამ ეპიზოდითაც რეალობასთან გარკვეულ პარალელს ავლებს...

- გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა? თქვენი და დათო ველიჯანაშვილის პერსონაჟების დიალოგები სიძულვილით იყო სავსე...

- უარყოფითი როლის თამაში რთულია. მთავარია, ეკრანზე ეს ბუნებრივად ჩანდა. მხოლოდ იმაზე ორიენტირებული ვიყავი, რომ სადმე სიყალბე არ გამპაროდა, რადგან რაც ხასიათში საერთოდ არ გაქვს, იმის განსახიერება რთულია (იღიმის). გადასაღებ მოედანზე ძალიან კარგი სიტუაცია იყო. განსაკუთრებით, სიკვდილის სცენა რომ გადავიღეთ, ყველასგან დიდი ოვაციები მივიღე. სცენაზე უფრო მარტივია, "მოკვდე", ვიდრე კინოში, რადგან ეკრანზე ოდნავ ზედმეტი რამე რომ გააკეთო, მორჩა, დაღუპული ხარ! მგონი, ზღვარი დავიცავი. სერიის ეთერში გასვლიდან 1 დღეში უკვე კარგი გამოხმაურება მივიღე.

- საინტერესოა, ბატონმა რობერტმა თუ ნახა ეს ეპიზოდები...

- არა, არა, რობერტი სერიალებს არც უყურებს. მისი რეპეტიცია და სპექტაკლი ხვალ გვაქვს და ვნახოთ (იცინის)... ჯერჯერობით, მისგან არანაირი კომენტარი არ მიმიღია, მაგრამ თეატრში, ვინც სერიალი ნახა, ყველას ძალიან მოეწონა. გული დასწყდათ, რომ ჩემი პერსონაჟი მოკვდა, თან - ასე მალე...

- სერიალში მონაწილეობისას მსახიობებს პოპულარობა ემატებათ ხოლმე. ამანაც ხომ არ მოახდინა ზეგავლენა, რომ სერიალში თამაში მოგეწონათ?

- ეს ყველა მსახიობზე მოქმედებს, მაგრამ ჩემთვის მუშაობის პროცესი ისეთი კარგი იყო, რომ გადაღების დღეები უკვე მენატრება. არის შემთხვევა, როცა გადაღება არ გსიამოვნებს და ერთი სული გაქვს, დამთავრდეს. "ჩემი ცოლის დაქალებზე" მუშაობისას ასე არ ყოფილა - საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა ყველაფერში იგრძნობოდა... დათო ველიჯანაშვილი გენიალური მსახიობია, მაგრამ თავად მისი პერსონაჟი ხალხს არ უყვარს. წერდნენ - არ გვინდა ეს ლაოში, ამაზე დროს ნუ კარგავთო. ხალხისგან უარყოფით რეაქციას ამის გამო მეც ველოდი, მაგრამ ჩემს პერსონაჟზე ასეთი არაფერი დაუწერიათ. ახლა ლაოში ისეთი ბოროტი აღმოჩნდა, რომ ალბათ, მაყურებლები "მიწაში ჩადებენ" (იცინის)!.. საერთოდ, როცა თეატრსა თუ კინოში თამაშობ, მსახიობს სულ გინდა, რომ ხალხმა დადებითად მიგიღოს, უყვარდე. მსახიობებს არასოდეს გვაქვს ამოცანა, რომ ისეთი როლი შევასრულოთ, მაყურებელთა ანტიპათია გამოვიწვიოთ, თუმცა როცა უარყოფით პერსონაჟს კარგად თამაშობ, ესეც კარგია.

400366873-6868188213220619-8049551269183726118-n-copy-1702206412.jpg

- ხალხისგან დადებით დამოკიდებულებას გრძნობთ?

- კომენტარებს ყოველთვის ვკითხულობ. ჩემ შესახებ წერდნენ - ეს გოგო რა მაგრად თამაშობდა, ისე გააქრეს, შექებაც ვერ მოვასწარით... ჩიკაც რა კარგი იყო! სცენარისტმა ყველა კარგი ქალი რატომ მოკლაო (იცინის)?! ვიღაცამ დაწერა - ეს საქართველოა. არ იცი, რომ მაგარ ქალებს არ ახარებენო?..

- ეკრანზე სიკვდილის სცენა პირველად ითამაშეთ?

- კი, პირველი იყო. ახლახან, იუნკრების შესახებ მინი-სერიალში ვითამაშე: დედის როლში ვარ, რომელსაც შვილის სიკვდილის ამბავს აცნობებენ. ეკრანზე ჯერ არ გასულა. როგორც ვიცი, ეგეც კარგი გამოვიდა...

თამუნა კვინიკაძე

ეთო ყორღანაშვილი