"ფიზიკურად აქტიური ცხოვრება გვეხმარება, თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ" - გზაპრესი

"ფიზიკურად აქტიური ცხოვრება გვეხმარება, თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ"

ლიკა არღვლიანი საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის პრიზიორია მკლავჭიდში. მსოფლიო თასი მოიპოვა ორჭიდში, ასევე საქართველოს ჩემპიონია მასრესლინგში. 3 შვილის დედობა ხელს არ უშლის, იყოს წარმატებული ფიტნესინსტრუქტორი და იზრუნოს სხვა ქალბატონების სილამაზესა და ჯანმრთელობაზეც.

- აფხაზეთიდან ვარ, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის სურვილით ვისწავლე თბილისის მეორე სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელში, მაგრამ დამთავრების შემდეგ ამ პროფესიასთან შეხება არ მქონია - ეს ნამდვილად არ იყო ჩემი მოწოდება. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი ფიზიკურად. შეიძლება ითქვას, ვარჯიში მამამ შემაყვარა, ყოველ დილით ვარჯიშობდა და მეც მისგან ავიღე მაგალითი. ჩემს ბავშვობასა და თინეიჯერობას დაემთხვა ცუდი პერიოდი - ომი, რის გამოც აფხაზეთის დატოვებამ მოგვიწია და რამაც ხელი შეუშალა ჩემს სპორტულ განვითარებას. ვოცნებობდი, კარატე შემესწავლა და 15 წლის ასაკში შევედი წრეზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა წინააღმდეგი იყო. ფიქრობდნენ, რომ სპორტი გოგოს საქმე არ იყო. მოგვიანებით კარატეში ვარჯიში სენსეი კახა კაკაბაძესთან გავაგრძელე. ჩვენს გუნდს წმინდა გიორგის კარატისტთა ჯგუფი ერქვა. სხვათა შორის, 2013 წელს ნიჭიერის ფინალისტებიც გავხდით, მე კი შავი ქამარი მოვიპოვე.

- როგორც ვიცი, შემდეგ გარკვეული პერიოდი პაუზა გქონდათ, ალბათ დაოჯახების გამო...

- დიახ, 21 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ მეყოლა. ორსულობის პერიოდში 50 კილო მოვიმატე, რასაც განვიცდიდი. სარკეში ჩახედვის სურვილი დავკარგე, სახლიდან გასვლაც არ მინდოდა ჭარბი წონის გამო. ექიმის გაფრთხილების მიუხედავად, სახლის პირობებში დავიწყე ვარჯიში. იმ დროს მეცხრე სართულზე ვცხოვრობდი, ბავშვის დაძინების შემდეგ გამოვდიოდი და კიბეზე ვვარჯიშობდი. იმდენად მინდოდა ფორმაში ჩადგომა, რომ ღამეებს ვარჯიშში ვათენებდი. ჩემი შრომის შედეგად 20 კილო დავიკელი. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვაპირებდი გაჩერებას და ვარჯიში სპორტდარბაზში გავაგრძელე. თaვდაჯერებასთან ერთად ნელ-ნელა ცხოვრების ხალისიც მიბრუნდებოდა, დარბაზი და ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. 3 წელი, კვირაში ექვსი დღე ტრენაჟორებით, წონებით და აერობიკით ვიყავი დაკავებული, რის შემდეგაც ფორმაში ჩავდექი და სასურველ შედეგს მივაღწიე. ამას მოჰყვა მეორე ორსულობა, რის გამოც კვლავ ერთწლიანი პაუზა მქონდა. ამჯერად ბავშვის გაჩენიდან მეორე კვირასვე დავიწყე ვარჯიში მსუბუქი ფიზიკური დატვირთვებით, 5 თვეში ფორმაში ჩავდექი. იმ დროს რომელ დარბაზშიც ვვარჯიშობდი, მეპატრონემ, ნუკრი სარალიძემ შენიშნა ჩემი მონდომება და ფიზიკური ძალა, რის შემდეგაც სამჭიდში მომზადება შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მან შემასწავლა ვარჯიშის სწორი ტექნიკა და დარბაზში დამასაქმა. ამის გამო დღემდე მისი მადლიერი ვარ.

მუშაობის პარალელურად, ფიტნესინსტრუქტორის კურსებიც გავიარე. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა და დღემდე ამ პროფესიით ვმუშაობ, ბედნიერი ვარ.

- ვიდრე ახლანდელ საქმიანობაზე გკითხავთ, წარმატებების შესახებ მითხარით, თქვენ ხომ რამდენიმე ჩემპიონატის გამარჯვებული ხართ.

- საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ვარ მკლავჭიდში. მსოფლიოs თასი მოვიპოვე ორჭიდში, ასევე ვარ საქართველოს ჩემპიონი მასრესლინგში. ახლა ფიტნესტრენერი ვარ. ჩემი საქმიანობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

- წარმატებული ფიტნესტრენერი რომ გახდე, ამისთვის რა არის აუცილებელი?

- როგორც ყველა სფეროში, აქაც საკუთარი საქმის სიყვარულია უმთავრესი. როდესაც ტრენერი ხარ, მომხმარებელთან ისეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს, როგორსაც შენ ისურვებდი ტრენერისგან. რა თქმა უნდა, აუცილებელია სწორი ვარჯიშის ცოდნა და ყურადღების გამოჩენა მომხმარებელთან. უნდა გქონდეს უნარი, ადამიანს ვარჯიში შეაყვარო და ის არასდროს დაივიწყებს ამას. პირადად ამის უამრავი მაგალითი მაქვს. წლების წინ ვისაც ვავარჯიშებდი, მათგან ზოგი ტრენერი გახდა, ზოგიც სპორტს გაჰყვა და პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბდა.

ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ ადამიანებს ჯანსაღ ცხოვრებას, ვარჯიშს ვაყვარებ; ასევე, ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ფორმები არ აკმაყოფილებს, ვაძლევ მოტივაციას და შედეგის მიღწევაში ვეხმარები.

- ძირითადად, ვინ მოდის თქვენთან? ქალბატონები ჭარბობენ თუ მამაკაცები?

- სურვილი მამაკაცებისგანაც არის და ქალბატონებისგანაც, მაგრამ მე ქალბატონებს ვავარჯიშებ, რადგან ჩემთვის ასე უფრო კომფორტულია.

- როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად - ამის შესახებ ფიტნესინსტრუქტორები ბევრ რჩევას იძლევიან სოცქსელების საშუალებით, რამაც ზოგს ჯანმრთელობის პრობლემაც კი შეუქმნა. რას იტყვით ამის შესახებ და საერთოდ, რას ნიშნავს სწორად ვარჯიში, რამდენად მნიშვნელოვანია ის ნებისმიერი ჩვენგანისთვის?

- სოცქსელებში მართლაც ბევრი არაზუსტი ინფორმაციაა წონის დაკლებასთან დაკავშირებით. სწრაფად დაკლება არ არის მიზანშეწონილი და ჯანსაღი, რადგან ჯანმრთელობა უარესდება. წონის სწრაფი კლება ნიშნავს კვირაში 1 კილოზე მეტის დაკლებას. სწრაფმა კლებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კუნთური მასის შემცირება, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობა და მეტაბოლიზმის შემცირება. სწრაფად დაკლებული კილოგრამები ისევე სწრაფად ანაზღაურდება. ყველაზე ჯანსაღი და უსაფრთხო წონაში ნელ-ნელა კლებაა, ანუ კვირაში 0.5-დან 1 კგ-მდე. წონის ნელი კლების შემთხვევაში უფრო ადვილია მისი ხანგრძლივად შენარჩუნება. ეს გვეხმარება სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში, ასევე ჯანმრთელობის რისკებსაც ამცირებს.

ვარჯიში მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფიზიკურად აქტიური ცხოვრება გვეხმარება, თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ, უკეთ ვიაზროვნოთ, უფრო ენერგიულები და შრომისუნარიანები გავხდეთ. სათანადო კვებასთან ერთად, ვარჯიში წონის გაკონტროლებაშიც გვეხმარება. კვირაში სამი დღე ვარჯიში სრულიად საკმარისია და ყველა ასაკის ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო.

401339900-1113040699875527-567259706726491335-n-copy-1702206620.jpg

- ანუ ფორმების შეცვლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი?

- ფორმების შეცვლა ასაკში ძალიან რთულია, ამას თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, ხოლო ახალგაზრდებში ფორმების ცვლა შედარებით მარტივადაა შესაძლებელი. ამიტომ არ უნდა დაგეზაროთ ფიზიკური აქტივობა.

3 შვილის დედა ვარ და მსიამოვნებს, რომ უამრავ კომპლიმენტს ვიღებ გარეგნობასთან დაკავშირებით, ქალბატონებისგანაც და მამაკაცებისგანაც.

ვინც არ ვარჯიშობს, დამიჯერეთ, დიდ სიამოვნებას კარგავს. ვარჯიში არა მარტო ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ, არამედ თaვდაჯერებულობასაც შეგმატებთ. მთავარია პირველი ნაბიჯის გადადგმა და როდესაც შეიგრძნობთ, თუ რა კარგია სიზარმაცის დაძლევა, ამას ყოველთვის დიდი სიამოვნებით გააკეთებთ. ბევრის პრობლემაა დროის უქონლობა, რის გამოც ვარჯიშისთვის ვერ იცლიან. მათ ვურჩევ, საკუთარი თავისთვის გამოყონ სულ რაღაც ერთი საათი. თუ გინდათ ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება, მაშინ აუცილებელია ჯანსაღი კვება და ვარჯიში.

ნინო ჯავახიშვილი