„ვცდილობ ქალაქის ხმაურს გავერიდო, სულ წყნარ ადგილს ვეძებ“
2023 წელს, რუსთაველის ეროვნული თეატრის 145-ე სეზონი „მიჯაჭვული პრომეთე“ - ეპიზოდი პირველის პრემიერით გაიხსნა. მალევე მაყურებელს ძველი ბერძნული პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლის უკვე მეორე ნაწილი წარუდგინეს. მოგვიანებით, რეჟისორმა რობერტ სტურუამ მათი გაერთიანება გადაწყვიტა და 3 დეკემბერს თეატრში მისულმა საზოგადოებამ ორმოქმედებიანი ტრაგიკული ფანტაზია, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ იხილა. კლდეზე მიჯაჭვული ტიტანის როლს ლევან ხურცია ასრულებს, რომელსაც რთული მისია დაეკისრა. აღნიშნული პერსონაჟის განსახიერება, ამ ეტაპზე, მის სამსახიობო კარიერაში შეიძლება ყველაზე გამოკვეთილ და მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვალოს.
- ლევან, 18 წელია რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ და ამდენივე წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ინტერვიუ ჩაგვიწერია და ერთგან ამბობ, თეატრში მისული, სპექტაკლის წინ, 10 წუთით ვიძინებ, ხოლო სპექტაკლის დასრულების შემდეგ კათხა ლუდს ვსვამო. დღესაც ასეა, თუ რამე შეიცვალა?
- სპექტაკლის წინ 10 წუთით ძილი დარჩა, მაგრამ კათხა ლუდი აღარ არის. უბრალოდ, ლუდის დალევის სურვილი გაქრა (იღიმის).
- ახალ სპექტაკლზე ვისაუბროთ. რამდენი ხნის წინ დაიწყეთ „მიჯაჭვულ პრომეთეზე“ მუშაობა?
- ერთი წელი გავიდა, რაც სპექტაკლზე ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. თავდაპირველად ბატონ რობერტს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა, გვინდოდა ერთ მოქმედებაში მოყოლილი ამბავი ყოფილიყო, მაგრამ პროცესში მივხვდით, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სათქმელი ბევრია. ეს ჩვ.წ.აღ-მდე არსებული პიესა არ ბერდება და იმდენად ბევრი რამ ემთხვევა თანამედროვეობას, რომ მივხვდით, ყველაფერი საათ-ნახევარში ვერ ჩაეტეოდა. ამიტომ სპექტაკლის დადგმა ორ ნაწილად გადაწყდა, მერე ესეც შეუძლებელი გვეჩვენა და მივედით დასკვნამდე, რომ ტრილოგიად ვაქციოთ. პირველი და მეორე ეპიზოდის პრემიერა ცალ-ცალკე უკვე იყო, ახლა გაერთიანებული ვერსიის პრემიერაც გაიმართა და ვნახოთ, მესამეზე მუშაობას გავაგრძელებთ თუ არა... რაც შეეხება რეპეტიციებს, ტკბილ-მწარე გამოდგა, რადგან ბევრი ქარტეხილი, კამათი და მსჯელობა ახლდა. პრომეთეს გმირიც, ჩამოყალიბებული ხასიათის მატარებელი არ არის, კრებითი სახეა. ფაქტობრივად, ადამიანი მისი ძალისხმევითა და საქციელით მოვიდა დღემდე. აქედან გამომდინარე, რთული იყო ამ არსების ხასიათის მიგნება და ძებნა-ძებნამ ბევრი დრო წაიღო. ბოლოს იქამდე მივედით, რომ აქ არავითარი გამომსახველობითი მხარე საჭირო არ იყო, არამედ მთავარია მისი სულიერი და შინაგანი სამყაროს გარეთ გამოტანა. მარტივი არ არის, ასეთ ბუმბერაზ და საოცარ ენერგიას ჩასწვდე, თუმცა, ვეცადეთ მიგვეღწია იმისთვის, რომ პრომეთეში არსებული კაცობრიობის უდიდესი სიყვარული წინა პლანზე წამოგვეწია... პირველი და მეორე ეპიზოდი თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ მას საერთო ენერგია, ვიზუალი და სათქმელი აერთიანებს. მაყურებლის სურვილი იყო, ორივე ეპიზოდი გაერთიანებული ეხილა და ასეც მოხდა. ვნახოთ, ეს ექსპერიმენტი როგორ გაამართლებს.
- შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის თეატრში შესრულებული მრავალი როლიდან, პრომეთეს განსახიერება, თავისი ფიზიკური დატვირთვით თუ პერსონაჟის მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, შენთვის ყველაზე რთული გამოდგა?
- რთული კი არა, წარმოუდგენელი სირთულისაა. სპექტაკლის ბოლოს რომ ფიზიკურად აბსოლუტურად ვნადგურდები, ამას ლაპარაკიც არ უნდა, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, - პარტერში ბატონი რობერტი რომ არ მჯდარიყო, ეს უდიდესი ძალის, გამოცდილებისა და ცოდნის ადამიანი, ვფიქრობ, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. როლი შედგა თუ არა, ეს არ ვიცი; ვერც იმას ვიტყვი, კმაყოფილი ვარ-მეთქი, თუმცა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, თუ რამე გამოვიდა, ამ ყველაფერში ბატონ რობერტს ლომის წვლილი მიუძღვის.
- ბოლო პერიოდში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ სტურუას სპექტაკლები და სტილი, დღეს ისე აქტუალური აღარ არის, როგორც სხვა არაერთ თეატრში განხორციელებული დადგმები, სადაც შოუს ტიპის ელემენტები მრავლადაა. ამ თემაზე მინდა შენი აზრი მოვისმინო...
- მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია თეატრში ვარ, ამ სპექტაკლიდან გამომდინარე, ბატონ რობერტთან აქტიური ყოველდღიური ურთიერთობა და რეპეტიციები დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე. რასაც ვაკვირდები, ის სულ ახალს ეძებს; სურს არსებულ დროს გაუსწროს და არასოდეს ცდილობს სტანდარტებში ჩაჯდეს. ყოველთვის ნოვატორი იყო და ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, ქართულ თეატრალურ სივრცეში, ამ კუთხით, ის დღესაც ნოვატორია. რაც შეეხება შოუს ელემენტებს, ბატონი რობერტის სპექტაკლებში სანახაობა ყოველთვის იყო და რუსთაველის თეატრი ამითაც გამოირჩეოდა, მაგრამ ჩემი აზრით, დღევანდელ შოუებს სწორედ ის ცხოვრებისეული სიტკბო და სიმწარე აკლია, რომლის წარმოჩენასაც თავის სპექტაკლებში ბატონი რობერტი სულ ახერხებს; მას შეუძლია ერთდროულად გატიროს და გაცინოს.
- მესმის, მაგრამ რობერტ სტურუას სპექტაკლებს სჭირდება დაფიქრება, გააზრება, ხოლო სპექტაკლში ჩადებულ მინიშნებებს - ამოცნობა. ჩაღრმავება კი ბევრს არ სურს ან უბრალოდ, ვერ ახერხებს...
- კი, რა თქმა უნდა, სწორედ ამას ვამბობ და საუბარი აქეთ მიმყავს. თეატრი არ შეიძლება იყოს მხოლოდ შოუ - მივედი, გავერთე და წავედი. თეატრი ყოველთვის ერის თვითშეგნების ამაღლებას ემსახურებოდა. თუ დღეს მან ეს ფუნქცია დაკარგა, სპექტაკლზე მისულმა მაყურებელმა ყოფითი პრობლემები, მანკიერი მხარეები თუ დადებითი თვისებები ვერ აღმოაჩინა, მაშინ აქტუალობას დაკარგავს. თეატრი ამა თუ იმ სპექტაკლით ცდილობს, ადამიანს ეს ყველაფერი დაანახვოს და დააფიქროს. უთხრას, თუ რა არის ბოროტება და რა - სიკეთე. „მიჯაჭვულ პრომეთეში“ ერთ-ერთი გმირი, ანუ ჩვენი ძვირფასი მეგობარი გოგა ბარბაქაძე მაყურებელს ასეთი ფრაზით მიმართავს: თქვენ მოხვედით იმისთვის, რომ ამ წარმოდგენას უყუროთ, თქვენვე გადაწყვიტეთ, აქ ნიჭიერებაა, უნიჭობა თუ საერთოდ რა ხდება, მაგრამ თქვენ ამის უნარი არ გაქვთ. სამწუხაროდ, დღეს რატომღაც დაიკარგა ნიჭიერებაც და სხვა ფასეულობებიც. ყველა მღერის, ყველა ცეკვავს, ყველა პურს აცხობს, ყველა სახლს აშენებს, ანუ ყველამ ყველაფერი იცის და ყველა სფეროში პროფესორია, მაგრამ რეალურად ქაოსში აღმოვჩნდით. პროფესიულად შეიძლება მხოლოდ შენი საქმე იცოდე და არა ყველაფერი. შეიძლება ქართველი ხალხი ნიჭიერები ვართ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით?!
- გეთანხმები, ასეა, მაგრამ ეს ერთი მხრივ სოციალურმა პრობლემებმაც მოიტანა, ადამიანები ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და თავის გატანის მიზნით, სხვადასხვა პროფესიას და საქმეს ეჭიდებიან...
- გეთანხმები, ეს ყოფამ და ცხოვრებამ მოიტანა, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხელოვნებაზე: თეატრზე, კინოზე, სიმღერაზე, მხატვრობაზე, პოეზიაზე, აქ სხვა საკითხია. როცა შენ დიდი დოზით, თუნდაც სატელევიზიო სივრციდან მოგეწოდება მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული მასალა, ბევრჯერ უგემოვნო იუმორიც, სიმღერაც და გესმის დამახინჯებული მეტყველება, მერე აკადემიურ თეატრში რომ მოდიხარ, გესმის გამართული ქართული თუ მოძრაობა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი დაფიქრებას მოითხოვს. აკადემიურ თეატრში მხოლოდ ტაშიტუშს თუ ეძებ, ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ მისვლა სწორი ნაბიჯი არ იყო. კი, დარი-დური და ტაშიტუში კარგია, მასაც თავისი ადგილი და დოზა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იმ რაოდენობით ისმის და ყველაფრიდან გადმოედინება, რომ უკვე გადამეტებულია. დღეს ყველაფერს შოუ ჰქვია, მაგრამ სანახაობის დადგმა-კეთებას სჭირდება უდიდესი გემოვნება და ნიჭიერება. თუ მას პროფესიონალიზმი აკლია, შედეგად ქაოსს ვიღებთ და ამაზე გული მწყდება... ყველამ და პირველ რიგში, ტელევიზიებმა მაყურებლის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, მეტი ინტელექტუალური მასალა და შემეცნებითი გადაცემა შესთავაზონ.
- პრომეთეს როლზე მუშაობამ „სიყვარულს მიღმაში“ შენი პერსონაჟი „შეიწირა“? სერიალს ამიტომ გამოეთიშე თუ სცენარის მიხედვით, ასე იყო ჩაფიქრებული?
- არა, ასე დაემთხვა. მგონი, ახლა მეოთხე სეზონია და მიმდინარე სეზონში, სერიალის მიხედვით, ჩემი გმირი საქართველოდან წასულია. ასე რომ, ის ცალსახად პრომეთეს და რეპეტიციებს არ შეეწირა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სპექტაკლზე მუშაობას იმდენი დრო მიჰქონდა, გამორიცხული იყო, მონაწილეობა სხვა რამეში მიმეღო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, უბრალოდ ასე დაემთხვა. მანამდე და არც მაშინ, როცა სერიალში ვთამაშობდი, ხანდახან თუ მოვკრავდი თვალს, თორემ ისე არ ვუყურებდი, რადგან დიდად არ მიყვარს საკუთარი უნიჭობის ყურება, ეს ცოტა რთულია (იცინის).
- ასე ფიქრობ? თავს ასე აფასებ?
- რა ვიცი, საერთოდ არ მიყვარს ეკრანზე საკუთარი თავის ყურება, თუ კონკრეტულად რამე მაინტერესებს, მხოლოდ მაშინ, თორემ სხვა შემთხვევაში ვთვლი, რომ რაღაცების გაკეთება ბევრად უკეთ შეიძლებოდა. ახლა სეზონის ბოლოს, ეს კაცი, ანუ ჩემი პერსონაჟი საქართველოში ბრუნდება და მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- ძალიან კარგი. ალბათ, სერიალის მაყურებლისთვის ეს ინფორმაცია სასიხარულო იქნება. შოუს, გადაცემის წამყვანობა, გახმოვანება - თეატრის გარდა, ეს ყველაფერი შენs ცხოვრებაში კიდევ არის?
- კარგა ხანია გახმოვანებას ცოტა მოვწყდი და თეატრს მეტი დრო დავუთმე. წლები რომ გავიდა, ვუყურებ, ირგვლივ რაც ხდება და უფრო მომინდა თეატრში ვიყო, ჩემი როლებით, გმირებით სცენიდან ვისაუბრო იმაზე, რაც მაწუხებს. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, გამომდის-მეთქი, მაგრამ ცდა დავიწყე. ასე რომ, ბევრ რამეს ჩამოვშორდი. არ ვიცი, ეს დრომ მოიტანა თუ ყველაფერი ერთნაირი იყო და მომბეზრდა, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა.
- მუხათწყაროში სახლს იშენებდით, შენი ხელით აკეთებდი ბევრ რამეს. მშენებლობა ახლა რა ფაზაშია?
- თითქმის ბოლოში გავედი. ყველაფერს სწორედ ჩემი ხელით რომ ვაკეთებდი, დროის უქონლობის გამო, მშენებლობა დიდი ხნით გაიჭიმა. თბილისშიც შევიძინეთ საცხოვრებელი ბინა და მისი რემონტის გამო, მუხათწყაროში სამუშაო პროცესი გარკვეული პერიოდი შევაჩერეთ. ისე გამოვიდა, ორ რემონტს მოვეჭიდე. სამწუხაროდ, დღევანდელ ცხოვრებაში ორი ფართობის კეთილმოწყობა არ გამოდის, მაგრამ მივყვებით ნელ-ნელა. მომავალში ეზოში ხეხილსაც დავრგავ. ძალიან მიყვარს მიწა და მასთან მუშაობა. ალბათ ამ ეტაპზე რომ გადავინაცვლებ, სულ იქ ვიქნები და თვალს ვეღარავინ მომკრავს.
- მშენებლობისას რა აითვისე? რას დაეუფლე?
- ყველაფერი: შედუღება, ლესვა, ფასადის კეთება, სანტექნიკა. შინ თუ რამე დაზიანდება, ხელოსანს აღარ ვურეკავ. აბსოლუტურად ყველა ხელსაწყო მაქვს: ბეტონის ამრევით დაწყებული, პატარა ქანჩებით დამთავრებული. ადამიანები სადმე რომ მიდიან, ტანსაცმელს ყიდულობენ, მე კი ხელსაწყოებს დავეძებ... სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ საქმეში ვარ ჩართული, სადმე დაჯდომასა და გართობაზე უარს ვამბობ. სულ ვცდილობ, მეგობრები და ის ხალხი, ვინც მიყვარს, მუხათწყაროში მოვიდნენ, რადგან იქ უფრო დიდი ხალისი მაქვს. „პრომეთეზე“ მუშაობის დროს, წელიწადზე მეტი, ის მეგობრები, ვინც თეატრის შიდა სამზარეულოს არ იცნობენ, რომ მირეკავენ, თავიდან 2 წუთი ტელეფონს ყურიდან ვიშორებ, რადგან იქიდან ლანძღვა-გინება მესმის და მერე სიყვარულის ახsნა იწყება. ამ საყვედურების გამო ვერც გაამტყუნებ, რადგან მათ არ იციან, როლზე მუშაობის დროს რა ხდება. შეიძლება ფიზიკურად რაღაც მომენტში მოიცალო, მაგრამ აზრობრივად, სულიერად სულ პერსონაჟზე ფიქრობ და გონებით თეატრში ხარ. ასე თუ არ იცხოვრე, სხვანაირად არ გამოდის. დიდი მსახიობები, რომლებმაც ეპოქები შექმნეს, როცა ამბობდნენ, თეატრი საკუთარ თავზე მეტად უნდა გიყვარდესო, ეს ახალგაზრდობაში ცოტა არ მესმოდა, საამისოდ გამოცდილება არ მყოფნიდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თურმე ასე ყოფილა, თეატრი თუ ბუნებრივად საკუთარ თავზე მეტად არ შეგიყვარდა, ის ყველაფერი, რისთვისაც შრომობ, შედეგს არ მოიტანს.
- დღეს არის ეს ტენდენცია, რომ ბევრი ადამიანი თბილისს გაერიდა, ქალაქგარეთ გადასახლდა. შენც ეს ხომ არ გაქვს გეგმაში?
- ეს ტენდენცია ახლა დაიწყო და მე ჯერ კიდევ 7 წლის წინ დავიწყე ქალაქიდან „გადასახლება“, უბრალოდ, ჯერ ვერ „გადავსახლდი“ (იღიმის)... ზოგადად, ევროპის დიდი ქალაქების მოსახლეობას ყოველთვის უყვარდა ქალაქგარეთ ყოფნა და ცხოვრება. ქალაქში გასართობად და საქმის გამო ჩამოდიან, თორემ დაბინძურებულ ჰაერში, ხმაურსა და საგიჟეთში ყოფნას, ქალაქგარეთ ყოფნა სჯობს. ამას მეც სიამოვნებით ვაკეთებ. ვცდილობ ხმაურს გავერიდო და სულ წყნარ ადგილებს ვეძებ.
- დაბოლოს, გკითხავ, სანამ მსახიობი გახდებოდი, ექიმობა გსურდა. გიფიქრია, ასე რომ მომხდარიყო, როგორი ექიმი იქნებოდი?
- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ზოგადად საქმეში ძალიან პედანტი ვარ, სახლშიც და თეატრშიც ამას ვცდილობ, სულ იდეალურისკენ მაქვს სწრაფვა. პლუს, უპასუხისმგებლო არ ვარ.
- ნამდვილად, ამას გიდასტურებ...
- აქედან გამომდინარე, თუ სამედიცინო სფეროში საქმეს ხელს მოვკიდებდი, რაღაც მიმართულებით მაინც, ალბათ ძალიან ძლიერი ვიქნებოდი (იღიმის). ყოველ შემთხვევაში პროფესიულ დონეზე ყველანაირად შევისწავლიდი, მაგრამ ამავდროულად ნურავინ იტყვის, რომ ექიმს, იურისტს, არქიტექტორს ან სხვა პროფესიის წარმომადგენელს მხოლოდ პროფესიული ცოდნა სჭირდება და ნიჭიერება არა. ღვთისგან ბოძებული, განსაკუთრებული უნარი ნებისმიერ პროფესიას სჭირდება, რომელიც შემდეგ შეძენილ პროფესიულ ცოდნას იმ ფერებსა და შტრიხებს სძენს, რომელიც გამორჩეულს გხდის. ვფიქრობ, ამის გარეშე შეუძლებელია. მურმან ჯინორიას აქვს ნათქვამი, ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი უნდა იყოო. ასეა, ჩვეულებრივობა არაფერში ვარგა, ყველაფერში არაჩვეულებრივი უნდა იყო (იღიმის).
„ესქილემ პრომეთეს სამი პიესა მიუძღვნა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ ერთმა, „მიჯაჭვულმა პრომეთემ“ მოაღწია. ესქილეს ამ პიესაში, ადამიანი კაცობრიობის გადასარჩენად იბრძვის. ზევსმა პრომეთე დასაჯა, ის კი მაინც, პრინციპულად აგრძელებს ბრძოლას და თავის გმირულ საქციელს. არ ნებდება, ყველა დაბრკოლებას უძლებს. დღესდღეობით, როდესაც ასე მკვეთრად შეიცვალა სამყარო, დიქტატურა მოულოდნელად აღზევდა და ცდილობს ადამიანები დაიმონოს, ძალიან ძვირფასია ამ მითოლოგიური გმირის სახელი. ღმერთს სურს ჭკუა ასწავლოს ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად გათამამდნენ და თავად თავი ღმერთები ჰგონიათ. სხვათა შორის, ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ დღეს მსოფლიოში ვხედავთ...“ - რობერტ სტურუა.
ანა კალანდაძე