თეკო ჩუბინიძის ტრანსფორმაცია და გადაფასებები
"გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული. შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში... გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე და ისეთ დარტყმებს აყენებს, სამუდამოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს"... - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ თეკო ჩუბინიძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია მეტ-ნაკლებად მაინტერესებს. წლების წინ, ასტროლოგთანაც ვიყავი, მაგრამ ამ სფეროში ზედაპირული ცოდნა უფრო მაქვს, ღრმად ჩახედული არ ვარ.
- "შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში... ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".
- ულმობელი და სასტიკი ადრე უფრო ვიყავი, ახლა - ნაკლებად. ადამიანებს ხომ შეგვიძლია შევცვალოთ, დავხვეწოთ ის, რაც ჩვენში არ მოგვწონს.
- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მის მზერას ხალხი თვალს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობს".
- (იცინის) ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ.
- თავად თუ აცნობიერებთ, გრძნობთ?
- მე ვერ ვგრძნობ.
- ეს რა დროს უფრო ხდება, როცა იმ ადამიანისადმი პოზიტიური განწყობა გაქვთ თუ პირიქით?
- ორივე შემთხვევაში თანაბრად.
- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".
- ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. მქონია რთული პერიოდები, რომლის შესახებაც ახლობლებს მოგვიანებით გაუგიათ.
- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".
- მართლა? მოყვარე რომ მყავს, თანაც ბევრი, ეს ვიცი, მაგრამ მტერიც? "მტერი" ცოტათი გადამეტებული ნათქვამია. ალბათ არიან ადამიანები, არაკეთილისმსურველი რომ ჰქვიათ. სხვათა შორის, ასეთებისგან პატივისცემა მართლაც მიგრძნია, თან არაერთხელ.
- "მორიელი არათუ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. როდესაც გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე გამოცადოს".
- ასეა, როცა გაბრაზებული ვარ, მოჭარბებული ემოცია მაქვს და შემიძლია, საკუთარ თავს ვავნო, ამ ემოციას საკუთარი თავისკენ ვაბრუნებ.
- ეს ცუდი თვისებაა, არა?
- რა თქმა უნდა, ცუდია, მანგრევს.
- ამის შემდეგ, სიმშვიდის მოსაპოვებლად საუკეთესო "წამალი" რა არის?
- საჭიროა, საქმეში ჩაერთოს გონება, ემოციების გამოტოვებით. როდესაც ემოცია ჭარბობს, მასზე კონტროლი აღარ ხდება და ამ დროს, ადამიანმა დაუშვებელი შეცდომებიც კი შეიძლება ჩაიდინოს. როგორც კი რაციონალურად აზროვნებას, საკუთარი თავისადმი შეკითხვების დასმას იწყებ, ხდება პასუხების გაცემა, ემოციების ფონი იკლებს.
- მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის გონებით იღებთ?
- ჩემში ხან ემოცია ჭარბობს, ხან - გონება. მქონდა შემთხვევა, გონებით მიღებული გადაწყვეტილება ვინანე და როცა გულს დავუჯერე, სწორი აღმოჩნდა; პირიქითაც მომხდარა.
- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, ვერც წყენას და შეურაცხყოფას ივიწყებს".
- ნამდვილად ასეა. ძალიან მინდა ხოლმე ვაპატიო და არ გამომდის.
- ვერ ივიწყებთ?
- ვერა. ეს არ ხდება მაშინ, ადამიანი ბოდიშს თუ მოიხდის, სიტუაციაში გავერკვევით და დავილაპარაკებთ. ის ადამიანები, რომლებიც ტკივილს მაყენებენ, ჩემთვის უფერულდებიან. შეიძლება მივესალმო, ვეკონტაქტო, ხშირი ურთიერთობაც მიწევდეს, მაგრამ ნდობა აღარ მაქვს. რაც შეეხება გაწეულ სიკეთეს: ის ადამიანები, ვისაც კი ოდესმე, ჩემდამი მცირე სიკეთე გაუკეთებია, ყოველთვის წინა რიგებში მყავს და მათი მადლიერი ვარ, სულ მახსოვს.
- "მორიელი გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე და ისეთ დარტყმებს აყენებს, სამუდამოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".
- პასუხის გაცემის სურვილი მქონია. ზოგჯერ ისეთი პასუხიც გამიცია, თავად მომხდარი ამბისთვის გადაუჭარბებია. ამ ამბის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, შეცდომა გავითვალისწინო და დავფიქრდე, საერთოდ ღირს თუ არა პასუხის გაცემა.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვოთ, რომელ სიტყვას იტყვით?
- (პაუზის შემდეგ) "მებრძოლი".
- ასტროლოგები თვლიან, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".
- (იცინის) იმდენი ტრანსფორმაცია გავიარე, რომ... შეუპოვარი ვარ.
- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია, ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის".
- გლობალურად თუ განვიხილავთ, ასეა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, დავთრგუნულვარ, ადამიანებს ეს მოუხერხებიათ და ტკივილიც მოუყენებიათ. ისეთი სიტუაციებიდან გამოსვლა მომიხერხებია, თავადაც გამკვირვებია, ეს როგორ შევძელი-მეთქი?..
- "სახალხოდ საკუთარი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია".
- ასეა. არ მინდა, ჩემი ემოციები ყველასთვის "გაშიშვლდეს". ის, რასაც მე ვგრძნობ, ძალიან პირადია და ყველასთან გასაზიარებელი არ არის.
- "თავდაჯერებული და ამაყია, საკუთარი თავის ფასი კარგად იცის. ურთიერთობაში ინიციატივას არასდროს იჩენს".
- ძირითადად თავს ვიკავებ. უფრო დაკვირვება მჩვევია. დრო მჭირდება ნდომის მოსაპოვებლად.
- "მორიელები "ჯადოქრები" არიან, ისინი თავიანთ გულის სწორს მეექვსე გრძნობის წყალობით, დანახვისთანავე ცნობენ".
- მქონია ეს მომენტი, ძალიან კარგი გრძნობაა, მაგრამ ასახსნელად რთულია.
- "საოცარი შორსმჭვრეტელობის წყალობით, ადამიანებს გამჭოლად ხედავს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".
- ეს არის ჩემში ყველაზე ძლიერად გამოხატული. ნეგატიურს, პოზიტიურს სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც კი ვგრძნობ. შეიძლება ვიღაც გვერდით მომიჯდეს და არ მესიამოვნოს, მაგრამ ვერ ავხსნა, რატომ გამიჩნდა ეს განცდა. შეიძლება მოხდეს პირიქითაც. ამის მიხედვითაც კი შეიძლება დავმეგობრდე ან არ დავმეგობრდე ადამიანთან.
- ეს საჭირო უნარია, არა?
- მე მიმართლებს, ამ უნარის წყალობით სწორ შედეგზე გავდივარ. მქონდა შემთხვევა, ადამიანში ეჭვი შემეპარა, მაგრამ მასთან მეგობრობა მაინც დავიწყე და ჩემი წინათგრძნობა მალე გამართლდა.
- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი".
- არ ვიცი (იცინის)... უთქვამთ, სანამ გაგიცნობდით, ცივი და უკარება გვეგონეო.
- "მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული, ტრაბახისკენ მიდრეკილება".
- ეს ტყუილია, მითები კი არა, რასაც ვაკეთებ, იმაზეც არ ვლაპარაკობ. მერიდება, მეუხერხულება.
- "ღრმად სწამს, რომ ყოველთვის მართალია და მასზე კარგად არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს".
- ბავშვობაში ჩემს სიმართლეს უალტერნატივოდ განვიხილავდი. მერე ბევრ რამეს მივხვდი, ჩემში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ ასაკმა და გამოცდილებამ მასწავლა, ემოციას გონებამ გაუსწრო.
- "ის ბოლომდე არავის ენდობა, საკუთარი თავის გარდა".
- ასეა, ადამიანმა ჩემი ნდობა უნდა მოიპოვოს. ნდობის ფაქტორი ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. ადამიანი პირველივე ნახვისას, სხვაზე ჭორაობას რომ იწყებს, ის ჩემთვის სანდო არ არის.
- "მას აქვს უნარი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".
- ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ სხვებისგან მსმენია, - ქარიზმა, სცენური მიმზიდველობა გაქვს, რომელიც ადამიანებს აღაფრთოვანებსო.
- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რას იტყვის ხალხი?
- ადრე ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა, ბევრი რამ არ გამიკეთებია ამის გამო, ახლა კი ეს მეორეხარისხოვანია. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე, ბევრი რამ გადავაფასე, ბევრ რამეზე აზრი შემეცვალა. წლების წინ, ბევრ რამეში ვიზღუდებოდი, ჩემი შემოქმედებითი პოტენციალიც კი შეზღუდული მქონდა.
- თამამ როლებზე, შემოთავაზებებზე უარი გითქვამთ?
- მითქვამს, თან არაერთხელ. დღეს ამ გონებით, ალბათ, სხვაგვარად მოვიქცეოდი.
- თეკო, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" თქვენი პერსონაჟი, მარი ბევრ შეცდომას უშვებს. თავად როგორ აფასებთ მის ქცევებს?
- ამ პერსონაჟს თავიდანვე ეტყობოდა, როგორიც იქნებოდა. კიდევ უარესიც თუ არ გააკეთა, მკადრებელი ნამდვილად არის. შეიძლება რაღაცას მიხვდეს, შეიძლება კისერიც მოიტეხოს ან დარჩეს ასეთად. მარისნაირები ხომ ცხოვრობენ ჩვენ გვერდით. შეიძლება ამ ქალში რაღაც გარდატეხაც მოხდეს.
- თქვენს შემთხვევაშიც ხომ არ ხდება მაყურებლის მხრიდან პერსონაჟთან გაიგივება? მარის ქცევების გამო, ხომ არ გსაყვედურობენ?
- მარტივად რომ ვთქვა, მსაყვედურობენ და უხეშად რომ ვთქვა, - მწყევლიან, ბოლო სერიებში - განსაკუთრებით. ახლობლებმა სქრინები ჩამიგდეს, ქალები საკუთარ დედამთილებთან როგორ მაიგივებენ. დავფიქრდი, რამდენად მტკივნეული ცხოვრება აქვთ გავლილი. იწერებიან, - ჩემს დედამთილს ჰგავხარ, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვიო. ამ ფაქტს, როგორც მსახიობი, თუ შევხედავ, არ უნდა გავბრაზდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შევძელი და მაყურებელში ემოცია გამოვიწიე. აი, როგორც უბრალოდ ადამიანმა რომ შევხედო, რთულია. უცნობი პიროვნების ასე დაუნდობლად ლანძღვა როგორ შეიძლება?! ზოგიერთი ჩემს ცხოვრებასაც კი შეეხო. ამან დამაფიქრა.
- რეალურ ცხოვრებაში, მართლაც სადედამთილო ხართ. ამ ამპლუაში საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენიათ?
- ამაზე კი არ მიფიქრია... მეგობრული დედამთილი ვიქნები, ასე მგონია. რა დროს დგება ადამიანებს შორის სწორი კომუნიკაცია? როდესაც მიმღებლები არიან, როდესაც გიყვარს შენი შვილი და მის არჩევანს პატივს სცემ. რატომ ან რა უფლებით შეიძლება ვიყო გაბრაზებული?
- რა დროს შეიძლება ჩაერიოთ შვილის ცხოვრებაში?
- როდესაც ეგოისტი ხარ. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც: როდესაც მას რაღაც ცუდი ელის და თავად ვერ ხვდება. სხვა შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომ შვილები ჩვენი საკუთრებები კი არა, დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. აზრს თუ გვკითხავენ, უნდა დაველაპარაკოთ. არასოდეს თქვა არასოდესო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავინ იცის, ვინ რას მოიმოქმედებს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ. ცხოვრებაში გარანტიები არ არსებობს. მომავალში რა მოხდება, ეგეც არავინ იცის. მივცეთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც არჩევანის საშუალება. ვენდოთ, გვიყვარდეს და პატივი ვცეთ მათ არჩევანს!
თამუნა კვინიკაძე