"20 წლის ოცნება ამიხდა..." - გზაპრესი

"20 წლის ოცნება ამიხდა..."

"კარიკატურა რომ დახატო აუცილებელია ანატომიის სრულყოფილი ცოდნა; რათა სწორად დაანგრიო ფიგურა, სასურველია კარგი გრაფიკული ან ფერწერული ხელი, სისწრაფე, ასევე აუცილებელია იუმორის მოზღვავებული ნიჭი და რაც ყველაზე მთავარია, დიდი მონდომება", - მხატვარ-კარიკატურისტი კემო გამოფენაზე, მის მიზნებზე, ნამუშევრებზე, ბავშვების საყვარელ პერსონაჟზე – ჟოზეზე, ლოს-ანჯელესში კარიკატურისტების კონკურსში გამარჯვებასა და სხვა გეგმებზე გვესაუბრა.

- ცოტა ხნის წინ საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კარიკატურისტებმა ძალიან საინტერესო გამოფენა მოაწყვეთ, სადაც ქართველ მხატვრებთან ერთად თქვენი უცხოელი კოლეგების ნამუშევრებიც წარმოადგინეთ. ვის ეკუთვნის იდეა და როგორ მოხერხდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გაერთიანება ამ ერთი იდეის გარშემო - დაგეხატათ ძველი თბილისი ისე, რომ ისინი აქ ნამყოფებიც კი არ არიან და ქალაქი არ უნახავთ? რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება და ხორცშესხმა?

- პირველ რიგში, მივესალმები თქვენს მკითხველს. რადგანაც პროექტის განხორციელება თბილისის მერიის ხელშეწყობით მოხდა, თემაც თბილისის გარშემო უნდა ყოფილიყო და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, მეგობარ მხატვრებს შეესრულებინათ კარიკატურული ნამუშევრები ძველი თბილისის სხვადასხვა თემაზე. ასევე, შევეხმიანე ჩემს უცხოელ კოლეგებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ასეთ საინტერესო გამოფენაში. რთული იყო მათთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ყარაჩოხელები, კინტოები, მექისეები და სხვა. გამოფენის ორგანიზებაში ზალიკო სულაკაური და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დამეხმარა... ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ექსპოზიციის მასპინძლობისთვის.

1-adgili-isca-1702813612.jpg

- როგორ მოგეწონა მათი თვალით დანახული კარიკატურული თბილისი?

- უცხოელი მხატვრების ჩართულობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მართლაც საინტერესოდ წარმოაჩინეს საქართველო და უშუალოდ თბილისი. ქართველები კი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მარტივად აუღებდნენ ალღოს ჩვენს თემას.

- რომელს გამოარჩევდი?

- თითქმის ყველას. მაგალითად: ჩემმა გერმანელმა კოლეგამ - მარიონ შტეინმა დახატა მექისე აქლემები ძალიან სასაცილო პოზებში; ფრანგმა კოლეგამ - ბრუნო ტესიმ ძველი თბილისური ტიპაჟები; ბრაზილიელმა ემერსონ ბოკამ შეასრულა ნიკო ფიროსმანის კარიკატურა; ამერიკელმა მენიმ - მოხუცი ბებია, რომლის ზურგზე დაშენებულია თბილისი; იტალიელმა მარციო მარიანიმ გამთლიანებულ საქართველოს რუკაze დახატა ქართველი ქალი, ირგვლივ ვაზი, ხინკალი და ბევრი ქართული დეტალი. ასევე, ნიკალა ღვინის ჭიქით ხელში... ყველა ძალიან განსხვავებული და საინტერესო იყო.

- ქართველებიდან ვინ მონაწილეობდა?

- გამოფენაში 15-მდე ქართველი მხატვარი იყო ჩართული. ვიყავით მოქმედი კარიკატურისტები, ასევე საკმაოდ ძლიერი მოყვარულებიც, ფერმწერები, ილუსტრატორები.

zhoze-1702813626.jpg

- თავად რა ნამუშევარი წარმოადგინე?

- გამოფენის ორგანიზატორობა არც ისე მარტივია, აქედან გამომდინარე, ბოლო დღეს მომიწია ჩემს ნამუშევარზე მუშაობამ. დავხატე თბილისელი ხოხობი გოგირდის აბაზანის მიღებისას, მეხუთე საუკუნეში, ისრით ხელში (იცინის)...

- როგორც გამოფენაზე ვიხილე, შენი და ნინი ჯოხაძის შვილის - ანანო კემულარიას ნამუშევარიც იყო წარმოდგენილი. მასზეც რომ გვიამბო, რომელი მიმდინარეობითაა გატაცებული?

- დიახ, 13 წლის ანანო, რომელიც არაერთგზის გამარჯვებულია ლოკალურ კონკურსებში, ამ გამოფენაში ჩავრთე. ის ყველაზე პატარა მონაწილე იყო და ვარდების მთაზე მდგომი ფიროსმანი დახატა ხელგაწვდილი მისი მუზისკენ - "აქტრისა" მარგარიტასკენ, რომელიც რკალისებურ მთვარეზე დგას. ანანო ზურა სულაკაურის მოსწავლეა, ზალიკოს ტყუპისცალი ძმის.

- სულ ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კარიკატურისტების კონკურსში გაიმარჯვე და პირველი ადგილის მფლობელი გახდი. ამის შესახებ გვიამბე. ვინ დაგიკავშირდა, როგორ გაგზავნე შენი ნამუშევარი და რა კრიტერიუმებით მოხდა შერჩევა? ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა იქ ქართველმა კარიკატურისტმა გაიმარჯვა, ხომ?

- დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ექსკლუზივია შენს ინტერვიუში. ჩემს გამარჯვებაზე აქამდე არავინ შემხმიანებია, სამწუხაროდ... იქიდან დავიწყებ, რომ 20 წლის ოცნება ამიხდა. ისქას ფესტივალი ამერიკაში ტარდება. ძნელია ადგილზე ჩასვლა და მონაწილეობა, თუმცა ბოლო წლებში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ დისტანციურად გაგზავნო ნახატები და ისე შეძლო ისქას დახურულ კონკურსში მონაწილეობა. ორჯერ მქონდა მეორე და მესამე ადგილი აღებული, მაგრამ პირველი ადგილი წელს, ოქტომბერში მომანიჭეს. დავხატე ამერიკელი კარიკატურისტი, რომელსაც უყვარს ბაყაყები და ისინი შინაური ცხოველებივით ჰყავს სახლში. მე კი თვითონ ის დავხატე ბაყაყის ფორმით, რამაც მომიტანა გამარჯვება.

ძალიან სასიხარულოა, როდესაც დიდი ხნის ოცნებას აიხდენ. იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა, ადგილზეც დავესწრო ამ გრანდიოზულ ფესტივალს, რომელიც პლანეტაზე ნომერი პირველია. გარდა ამისა, წელს რამდენიმე წარმატება მოვუტანე ჩემს ქვეყანას. გრანდიოზული კონკურსი ჩაატარა ეგვიპტის კარიკატურის მუზეუმმა, სადაც 257 მხატვრიდან ოთხეულში მოვხვდი. პირველი ადგილის გამოცხადება, სამწუხაროდ, ღაზაში ომის გამო შეჩერდა. ასევე ვიყავი ორ ფესტივალზე რუმინეთსა და იზმირში (აქ მე და ზალიკო ერთად), ეს ყოველივე კი საკუთარი ქვეყნის წარმოჩენაა საერთაშორისო ასპარეზზე.

- ქართველ ბავშვებში ძალიან პოპულარულია „ჟირაფი ჟოზე“, რომლის იდეის ავტორი გიორგი მარშანიაა, შენ კი - პერსონაჟის შემქმნელი. სულ ახლახან, საზოგადოებამ შეიტყო, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჟოზეს ამერიკაში „გამგზავრებაზე“. როგორ განვითარდა ეს ყველაფერი და როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია? გვიამბე, როგორ დაიბადა ჟოზე გლდანში?

- ჟოზე ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე გახლავართ გუნდის მთავარი მხატვარი. თავიდან მეგობრობით დაიწყო ყველაფერი, მე და გიორგიმ სხვადასხვა პროექტში მოვსინჯეთ ძალები და ბოლოს მივედით ასეთ მხიარულ, საყვარელ საბავშვო პერსონაჟთან. პირველი ჟოზე გლდანში, ჩემს ძველ სახლში მოვხაზეთ, ერთად ვაძლევდით ფორმას, ბევრს ვჩხუბობდით (იცინის) და ბევრ რამეშიც ვთანხმდებოდით, ეს ხომ სამუშაოს ნაწილია. მას მერე პროექტმა დიდი გზა გამოიარა, რადგანაც კონკრეტული დონორი არ ჰყავს, ძნელია დაბრკოლებებთან გამკლავება და წლების განმავლობაში პროექტის თვითმყოფადობა. უდიდესი შრომა აქვს ჩადებული გიორგის და ირაკლი ნადირაძეს, ჩვენი პროექტის მენეჯერს და რა თქმა უნდა, გუნდს.

chemi-xoxobi-1702813639.jpg

- ელოდით, რომ ეს პროექტი ასეთი წარმატებული გამოდგებოდა?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. სწორი საგანმანათლებლო ხაზის გაყოლით, კარგი მუსიკით და ლამაზი არტით ჟოზემ შეძლო ბევრი პატარის გულის დაპყრობა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ნებისმიერმა ქართველმა პატარამ იცის ჟოზე, უყვარს და ბევრი რამ აქვთ ნასწავლი უნებურად. ბავშვებს, ბაღიდან სკოლაში გადასვლისას აქვთ ცოდნა ფერებზე, მარტივ მათემატიკაზე, ანბანზე, სასარგებლო კვებასა და კიდევ ბევრ საჭირო უნარებზე, რაც ყოველდღიურობაში გამოადგებათ.

- შენი აზრით, ამერიკელ ბავშვებს როგორ მოეწონებათ? ჟოზე ჩოხით იყო ძალიან მაგარი. რა არის მისი წარმატების „საიდუმლო“? როგორ განვითარდება მისი შემდგომი ამბები?

- ჟოზეს გაამერიკელების იდეაზე როცა გავიგე, ძალიან გამიხარდა. ქართული ბაზარი, მსოფლიოსთან შედარებით, ძალიან პატარაა და შესაბამისად, თუ ჟოზე სხვაგანაც ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც ჩვენთან არის, ძალიან კარგი იქნება მათთვისაც და ჩვენთვის - ორმაგად.

- სხვა თემებზეც ვისაუბროთ. წლებია ამ სფეროში ხარ და საზოგადოებამ შენ თავიდანვე გაგიცნო, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ თავის დამკვიდრება. შენს შემთხვევაში რამ განაპირობა ეს წარმატება და როგორ ფიქრობ, ზოგადად, მხატვრის პროფესია რამდენად დაფასებულია საქართველოში?

- საქართველოში უამრავი მხატვარია და კარიკატურისტი - თითზე ჩამოსათვლელი, ძალიან დაუფასებელი პროფესია მხვდა წილად, სამწუხაროდ. რთული და ეკლიანი გზის გავლამ მომიწია სრულიად მარტოს, თუმცა ბევრმა მუშაობამ, აქტიურობამ და მრავალ განსხვავებულ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებამ სწორად იმუშავა და მე დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ საყვარელი საქმით ვცხოვრობ და შემოსავალიც აქედან მაქვს. ძალიან მძიმე პერიოდებიც მქონდა, მაგრამ პრობლემას გამოწვევად ვიღებ.

- როდის გაგიტაცა მხატვრობამ სერიოზულად და კერძოდ, კარიკატურის ხატვამ?

- 2004 წელი იყო, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, გამოცხადდა პოლიტიკური კარიკატურების კონკურსი და შემთხვევით ჩავერთე. მონაწილეობდნენ ზალიკო და გურიჩა (ფოტომონტაჟებით), ეს იყო ჩემი პირველი შეხება კარიკატურებთან, მერე უფრო სერიოზულად დავინტერესდი და აქტიურად ჩავერთე პრესის საქმიანობაში, შემდეგ ტელევიზიებშიც... ბევრ გამოცემასთან ვთანამშრომლობდი და მიხაროდა, რომ სტუდენტს ხელფასი, ჰონორარები მქონდა და თან კარგი პრაქტიკაც იყო.

- კარიკატურის რომელი სკოლის მიმდევრად თვლი შენს თავს? როგორ შეიძლება გაარჩიო, რომელი ქვეყნის წარმომადგენლის შეიძლება იყოს ესა თუ ის კარიკატურული ნამუშევარი?

- მსოფლიოში ბევრი საინტერესო მიმდინარეობაა. სამწუხაროდ, საქართველოში კარიკატურის სკოლა არ გვაქვს, ამიტომ ინტერნეტის მასიურად შემოსვლა დაემთხვა ჩემს ამ ინტერესს და გავეცანი მაშინდელი უდიდესი კარიკატურისტების ნამუშევრებს, ეს სრული შოკი იყო. ვნახე ფრანგული, ესპანური, ამერიკული სკოლები... ყველას თავისი განსხვავებული ხელწერა აქვს. მაშინ ვერც კი გავიაზრებდი, რომ იმ ბუმბერაზ მხატვრებს მომავალში პირადად დავუმეგობრდებოდი. ალბათ, საერთო ჯამში, ყველა სკოლა არის ჩემი მასწავლებელი, განსაკუთრებით, ამერიკული სტილი მიყვარს, ყველაზე უტრირებული ნაკვთებით და თავისუფალი ხედვით.

- კარიკატურის ხატვას იუმორის გრძნობა სჭირდება, სათქმელისა და დანახულის სწორად გადმოცემა, რომ ადრესატმაც ადეკვატურად მიიღოს, მოეწონოს და არ გაღიზიანდეს. რთულია ამ ზღვარზე სიარული? იმ ხასიათის, მიმიკების „დაჭერა“ ადამიანში, რასაც შემდეგ ფურცელზე გადაიტან...

- ამას ყოველთვის ვამბობ, რომ კარიკატურის ხატვისას აუცილებელია ანატომიის სრულყოფილი ცოდნა; სწორად რომ დაანგრიო ფიგურა, სასურველია კარგი გრაფიკული ან ფერწერული ხელი, სისწრაფე; აუცილებელია იუმორის მოზღვავებული ნიჭი და რაც ყველაზე მთავარია, დიდი მონდომება. კარიკატურის სწავლას აკადემიური სრულყოფილი განათლების მიღების შემდეგ, სჭირდება ზედა საფეხურზე გადასვლა და დამატებითი უნარების შეძენა. ურთულესი მიმდინარეობაა. გეხსომებათ ძველი გამონათქვამი, "ხელოვნება ხელოვნებისათვის, თუ ხალხისთვის?!" მე ვპასუხობ: ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ხელოვნებას და ხალხმა უნდა დააფასოს ის.

italieli-marcio-mariani-1702813685.jpg

- კემო, როგორია შენი გეგმები?

- მინდა ჩემი მეოთხე პერსონალური გამოფენა გავმართო, სადაც განახლებულ, ძალიან სასაცილო ნახატებს წარმოვადგენ; ასევე, გრანდიოზული საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება მსურს საქართველოში, სადაც უამრავი უცხოელი მეგობარი კარიკატურისტი სიხარულით ჩამოვა და ამით მოხდება ჩვენი ქვეყნის დამეგობრება და უფრო მყარად შესვლა იმ დიდ ოჯახში, სადაც ჯერ პიონერებად ვითვლებით.

თამთა დადეშელი