"არც შეშინებულები ვართ და არც გადაღლილები, გამარჯვებამდე ან სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ"
მაშინ, როდესაც დასავლური მედია უკრაინასთან დაკავშირებით არმაგედონის სურათს ხატავს - უკრაინას დამარცხებას, ზელენსკის პუტინთან დაზავებას, ევროპას კი მიწის პირისაგან აღგვას უწინასწარმეტყველებს, ფრონტის ხაზიდან დამაიმედებელი ამბები მოდის. "რუსებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროდან 15 კმ-ის სიღრმეში მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ტერიტორია და 14 დეკემბრამდე სიღრმეში გადავიდნენ. მე ვფიქრობ, ისინი უკვე ელოდებიან, რომ ჩვენ მასიურ შტურმს, ჯარების მასობრივ გადასროლას დავიწყებთ, ოპერატიულ პლაცდარმს თითქმის ეს მანძილი სჭირდება - 15 კმ-მდე, რათა მანევრირების საშუალება შეიქმნას. ამ აზრს ისიც მიმყარებს, რომ 14 დეკემბერს, თუ არ ვცდები, პუტინს წლის ბოლო კონფერენცია აქვს და რა თქმა უნდა, სათანადოდ "მივულოცავთ". დღეს უკვე კარგი საარტილერიო წვდომა გაგვიჩნდა გენიჩინსკი-მელიტოპოლის ტრასაზე კონტროლის დამყარებისთვის (ჰაიმარსმა კარგად იმუშავა), მარჯვენა სანაპიროდან, სადღაც ბერისლავის რაიონიდან", - ასეთი შინაარსის სატატუსი დადო საკუთარ "ფეისბუკ"-გვერდზე, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ 11 დეკემბერს.
რაც შეეხება ამერიკულ და ევროპულ მედიას, იქ განგაშის ზარები მას შემდეგ ჩართეს, რაც აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნდა სტატია, რომლის სათაურია: "პუტინი გამარჯვებასთან ახლოსაა, ევროპას უკვე უნდა ეშინოდეს". ეშინიათ თუ არა უკრაინელებს და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლ ქართველებს, როგორია მათი განწყობები და მოლოდინები? - ამის შესახებ ვანო ნადირაძე გვიამბობს.
- შეშინებულები და გადაღლილები რუსები არიან. სიმართლე გითხრათ, ამ ზამთარს განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, პოზიციური ბრძოლები გაგრძელდება, ძირითადად არტილერია იმუშავებს, შეტევა არც ჩვენი მხრიდან იგეგმება და დარწმუნებული ვარ, არც რუსები აპირებენ რაიმეს. ერთადერთი, სადაც ამინდებიდან გამომდინარე რაიმე ცვლილებაა მოსალოდნელი, ეს სამხრეთის მიმართულებაა და გვაქვს კიდეც კარგი შედეგები. უკვე დღეებს ვითვლი, რუსები როდის დაიხევენ 25-30 კილომეტრით.
- რამდენი ხანია, რაც უკრაინაში ხართ და რა არის თქვენი ბრძოლის მოტივი?
- 2014 წლიდან უკრაინაში ვარ, მანამდეც რუსების წინააღმდეგ ვიბრძოდი.
- სად?
- საქართველოში, შესაბამისი სამსახურიდან. ჩემი სამშობლოს დასაცავად ჯერ კიდევ 1992 წელს ავიღე იარაღი და არც მერე გავჩერებულვარ. 2007 წელს ჩატარებული კოდორის სპეცოპერაციის შემდეგ ჩემზე ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ საკუთარ თავზე საუბარი არც მიყვარს და არც მაწყობს ყველაფრის გასაჯაროება. ჩემი კარიერა სპეცრაზმ "ალფადან" დაიწყო.
- თქვენ თქვით, რომ უკრაინაში 2014 წელს ჩამოხვედით. იმ პერიოდში თქვენს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, მხარდაჭერა არ უნდა ჰქონოდა.
- მართალი ხართ, მაშინ უკრაინას პრორუსი პრეზიდენტი რუსეთის სასარგებლოდ თამაშობდა, მედვედჩუკთან ერთად. იცით, რომ მედვედჩუკი ახლა დაჭერილია სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. მე მაინც გადავწყვიტე, რომ უნდა მებრძოლა, რადგან ჯერ ერთი, აფხაზეთში ნაომარი კაცი ვარ და რუსების ჯინი მჭირდა, მეორეც, ჩემს უკრაინელ ძმებს დავუდექი გვერდში საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
- რას იტყვით დღეს თქვენ გვერდით მებრძოლ ქართველებზე?
- ჩემ გვერდით ნარჩევი ქართველი ბიჭები არიან, შესაბამისი მომზადებითა და გამოცდილებით. ყველა მათგანს სხვადასხვა მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ბიჭები მოტივირებულები არიან იბრძოლონ სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. მათი ბრძოლის მიზანი სამშობლოა. უკრაინაში საქართველოს სახელით იბრძვიან. იციან, რომ საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. აქ უნდა დავამარცხოთ სისხლიანი რუსული იმპერია, რომ საქართველოში "გამოსეირნების" სურვილი და შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ.
- პირველად რუსეთ-უკრაინის ორწლიანი ომის პერიოდში, რუსებს ქართველი ტყვეები ჰყავთ. ამასთან, ბოლო პერიოდში, ერთიმეორის მიყოლებით ოთხი ქართველი დაიღუპა. რა არის ამის მიზეზი, რა ხდება ახლა განსაკუთრებული?
- ეს მხოლოდ სამწუხარო დამთხვევაა. ომია და გააზრებული გვაქვს, რომ შეიძლება ნებისმიერის სიცოცხლე ნებისმიერ დროს დასრულდეს.
- ბოლო პერიოდში დაღუპული ბიჭებიდან, რომელიმეს თუ იცნობდით?
- ორი "ქართული ლეგიონიდან" იყო, ორი ბატალიონ "თბილისელებიდან". ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. სამწუხაროდ, არც ერთს არ ვიცნობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, ეს ბიჭები გმირები არიან.
- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ამბავი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა?
- ერთადერთი ქართველი ვარ, რომელიც უკრაინულ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაყოფი - "დონბასი". დაწყებული შიროკინოდან, ყველგან მაქვს ნაბრძოლი და არც კი ვიცი, რომელი ამბავი გავიხსენო. შიროკინოსა და ლუგანსკში განსაკუთრებულად რთული მისიები მაქვს შესრულებული. რაც ახლა მახსენდება, ეს ირპენია... 8 ქართველი მახლდა, წარმოუდგენლად მამაცურად იბრძოლეს. ისეთ ვითარებაში ვიყავით, რომ არ გვეგონა, ცოცხლები თუ გამოვაღწევდით. დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმ 8 ქართველის დამსახურებით, ცოცხლები და თან გამარჯვებულებიც გამოვედით.
- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ბევრი უცხოელი იბრძვის, ორი დიდი ინტერნაციონალური ბატალიონი მოქმედებს, უკრაინელებისთვის ქართველები განსაკუთრებული თანამებრძოლები არიან.
- კი, ეს ასეა. ბატალიონი და ბრიგადა არ არსებობს, ქართული ჯგუფი რომ არ იყოს მოწინავე პოზიციაზე. ჩვენი ბიჭები ნამდვილად გამორჩეული მეომრები არიან. სადაც ქართველები არიან, ის დანაყოფი ყოველთვის გამოირჩევა. სამწუხარო ის არის, რომ უცხოელ მებრძოლებს შორის მსხვერპლიც ყველაზე დიდი ჩვენ გვაქვს. ბრძოლაში ძალიან თავდაუზოგავები არიან ჩვენი ბიჭები, უკან დახევა არ იციან.
- კიდევ ერთი სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ქართველ მებრძოლებს შორის ხშირია დაპირისპირება.
- არაფერიც! იმ ქართველებს შორის, ვინც წინ ხაზზეა, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით და ერთმანეთთან ჩახუტებულები ვართ. ვინც კიევში ზის, ისინი ჩვენი მეგობრები ვერ იქნებიან. ფორმიანი კაცის კიევში ჯდომა არასწორად მიმაჩნია, რადგან ბრძოლა კიევიდან 800 კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს. იმ ქართველებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან, უკრაინელები ხელისგულზე ატარებენ, სულში ისვამენ. ჩემზე არ არის საუბარი, 52 წლის კაცი ვარ, რაღა დროს ჩემი გმირობაა. ჩემი შვილის ტოლი ბიჭები იბრძვიან ჩემ გვერდით, მგლებივით არიან. ძალიან მინდა ამ ბავშვების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს. გიორგი ფარცვანია მყავს, რომელსაც ირპენის ბრძოლაში უკან ვერ დავახევინე. ძალიან ცუდია, რომ "ალტ ინფო" და მსგავსი პროპაგანდისტული მედია ამ გმირებზე ათას საძაგლობას ავრცელებს. ამას კიდევ ვინ ჩივის, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული ჩვენს წინააღმდეგ. პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ხალხი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
- სისხლის სამართლის საქმე თქვენს წინააღმდეგაც არის აღძრული.
- რა თქმა უნდა, მე როგორ გამომტოვებდნენ?!
- ამის გამო თქვენი ოჯახი საფრთხეში ხომ არ არის?
- მე ორი ისეთი მაგარი ბიჭი მყავს, მათ ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ვაჟკაცებად და კარგ ქართველებად გავზარდე. არაფრის მეშინია, შვილების იმედი მაქვს.
- შვილებმა წინააღმდეგობა არ გაგიწიეს, როდესაც უკრაინაში წასვლა გადაწყვიტეთ?
- არა, პირიქით, მხარი დამიჭირეს, ფინანსურადაც კი მეხმარებიან. შენ კარგად იბრძოლე, ჩვენ აქედან არაფერს მოგაკლებთო, - ასე მეუბნებიან. დედაჩემიც კი შეგუებულია იმ აზრს, რომ მე რუსების წინააღმდეგ ყველგან უნდა ვიბრძოლო.
- სამხედრო ანალიტიკოსები და პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ ომი შესაძლოა წლების განმავლობაში გაიწელოს. თქვენ ბოლომდე აპირებთ ბრძოლას?
- აუცილებლად! არ მჯერა იმის, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები შეძლებენ, ქვეყანა რუსეთს გამოჰგლიჯონ ხელიდან. ერთადერთი, ახლა იმის იმედი მაქვს, რომ რუსეთი აქ დამარცხდება და ჩემი ქვეყანაც ასე გადარჩება, ამის შემდეგ გამოჩნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები. ამიტომ მზად ვარ, გამარჯვებამდე ან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო.
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორ წარმოგიდგენიათ?
- დასუსტებული რუსეთი სეპარატისტებს ვეღარ დაუჭერს მხარს, ამიტომ თუ ბრძოლა იქნება საჭირო, ვიბრძოლებთ კიდეც.
- უკრაინიდან როგორ ჩანს ახლა საქართველოში არსებული ვითარება?
- ძალიან ცუდად. რაც ყველაზე მეტად მადარდებს, ის არის, რომ სრულიად მოშლილია ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება. ეს ხელისუფლება არსებული ვითარების შესაცვლელად რომ არაფერს გააკეთებს, ეს უკვე ცხადია. ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა რომ მოვა, ქართულ არმიაში დიდი რეორგანიზაცია იქნება ჩასატარებელი. ქართველებს ძალიან მაგარი მეომრები გვყავს, არ შეიძლება ასეთი გმირების ქვეყანაში სამაგალითო არმია არ იყოს.
- დაბოლოს, როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს, მცირედ მაინც თუ ემზადებით?
- ძალიან ჩვეულებრივად, თითქოს არც არაფერი ხდება. დარწმუნებული ვარ, "ვალანტიორები" ტკბილეულს არ მოგვაკლებენ, ერთმანეთს მივულოცავთ და ეგ იქნება, ჩვენთან არც დალევა შეიძლება და არც მოდუნება. ერთადერთი, რისთვისაც ვემზადებით, ეს დრონების გაფრენაა რუსეთისკენ.
- ყველაფრის მიუხედავად, ალბათ სურვილებს მაინც ჩაიფიქრებთ.
- აუცილებლად! დიდი ხანია ერთი სურვილი მაქვს და ძალიან მინდა, რომ ასრულდეს! შარშანაც ეს ჩავიფიქრე და წელსაც ამას ვაპირებ - ეს სახმელეთო საზღვარია საქართველოსა და უკრაინას შორის.
- ღმერთმა გისმინოთ!
ხათუნა ბახტურიძე