"ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება ადამიანის სიყვარული" - გზაპრესი

"ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება ადამიანის სიყვარული"

ვალერი (მარლენ) მარგიანი უკვე 34 წელია, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის მუჟალის საჯარო სკოლის დირექტორია. 24 ოქტომბერს 80 წლის გახდა, თუმცა ასაკს არ ეპუება და სოფელ ლაჰილიდან მუჟალში ფეხით დადის. ალბათ პროფესიონალიზმისა და არაერთი სხვა ღირსების გამოა, რომ კოლეგების დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს.

- ლაჰილში დავიბადე და გავიზარდე. რაც რამ მახსოვს ბავშვობიდან დაწყებული დღემდე, ყველაფერი კარგია, მიუხედავად იმისა, რომ არც მაშინ იყო დალხენილი პერიოდი. გონებამ მაინც მხოლოდ კარგი შემოინახა ჩემი პატარაობიდან. რაც უნდა იყოს, ის პერიოდი ტკბილია გასახსენებლად. 5 დედმამიშვილი ვიზრდებოდით ოჯახში, 4 და ერთი ძმა. მეოთხე გავჩნდი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტ ყურადღებას მაქცევდნენ, როგორც 4 დის ერთ ძმას. ჩემი მშობლები გლეხები იყვნენ, მიწას ამუშავებდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მე სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე და რადგან ძალიან მინდოდა მასწავლებლობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პედაგოგობაზე იმიტომ ვოცნებობდი, რომ ბავშვები მიყვარდა. 53 წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ. ვასწავლიდი ფიზიკას და მათემატიკას. ტექნიკური საგნების პედაგოგები მაღალმთიან რეგიონებში ყოველთვის ჭირს.

- ალბათ დღემდე გახსოვთ მოსწავლეებთან პირველად შეხვედრის ემოციები?

- 26-27 წლის ვიყავი, პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე. ძალიან მიხაროდა ბავშვებთან შეხვედრა. მახსოვს, უნივერსიტეტიდან პრაქტიკები გვქონდა პირველ საშუალო სკოლაში და ორი გაკვეთილი რომ ჩავატარე, დამსწრემ ჩვენს ხელმძღვანელს უთხრა, ამისგან ნამდვილად კარგი პედაგოგი და აღმზრდელი დადგებაო. ალბათ ამიტომ, 7 საცდელი გაკვეთილი უნდა ჩაგვეტარებინა და მეორის მერე უკვე გამათავისუფლეს ამ ვალდებულებისგან. 54 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები. 34 წელია, რაც მუჟალის სკოლის დირექტორი ვარ, მანამდე 20 წელი მასწავლებლად ვიმუშავე ჯერ სკოლა-ინტერნატში, შემდეგ მესტიის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში.

3 წელია გაკვეთილებს აღარ ვატარებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული მიზეზით ცდება. 57 მოსწავლეა დღეს მუჟალის სკოლაში, 3 სოფლიდან დადიან ბავშვები. 1990-იან წლებში 130-ს აღწევდა მათი რაოდენობა, მიგრაციამ გამოიწვია მოსახლეობისგან მთის დაცლა. სხვათა შორის, ბოლო 3 წელია, რაც შობადობამაც მოიმატა და მოსწავლეთა რაოდენობამაც.

- მითხრეს, წლების განმავლობაში მუჟალში ცხენით დადიოდაო. მართლა ასე იყო?

- ლაჰილიდან მუჟალის სკოლამდე 5 კილომეტრია. ადრე ცხენით დავდიოდი, ახლა უკვე ფეხით სიარულს ვამჯობინებ. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, წლებს არ ვუშინდები. მიყვარს ჩემი პროფესია, შაბათ-კვირის მოსვლა მეზარება, რადგან სკოლაში არ მივდივარ და ბავშვებს ვერ ვხედავ. მათ გარეშე მოსაწყენია ყოველდღიურობა. ადამიანი ამ პროფესიას რომ აირჩევს, უნდა ეცადოს ყველა სიტუაციაში მხოლოდ დადებითი წარმოაჩინოს, უარყოფითის გამოსწორებას ეცადოს. თუ ბავშვი არ გიყვარს, პედაგოგადაც ვერ ივარგებ. ჩემი არაერთი მოსწავლე ახლა წარმატებული და კარგი ადამიანია, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, კარგი თაობა გამოვზარდეთ მეც და ჩემმა კოლეგებმაც. მათ შორის გამოვყოფ ერეკლე საღლიანს, ჩემს სათაყვანებელ მოსწავლეს.

- თქვენი აზრით, პედაგოგისთვის რა არის მთავარი ჯილდო?

- მთავარი ჯილდო ბავშვის სიყვარულია. მისგან რომ გრძნობ პატივისცემას და სიყვარულს, ამაზე სასიამოვნო არაფერია. დღეს რომ მხვდებიან და თავდახრით მესალმებიან, აი, ეს არის დიდი ჯილდო.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის მართვისას? რა სირთულეების დაძლევა გიწევთ დირექტორებსა და მასწავლებლებს?

- წინააღმდეგობები და პრობლემები ყველა საქმეშია, მაგრამ შენი პროფესია თუ გიყვარს და გაინტერესებს, აფასებ კოლექტიურობას და კოლეგებს, მაშინ ბევრად იოლია დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულება. მაგალითად, მე ამ ხნის განმავლობაში არა მგონია, ვინმეს აუგად ეხსენებინა ჩემი სახელი. კოლეგიალობა ძალზე მნიშვნელოვანია.

- ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღეს პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც სწავლის დაბალი მოტივაცია აქვთ. როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა?

- ვისაც მოტივაცია დაბალი აქვს, ის მასწავლებელი სკოლაში არც უნდა ასწავლიდეს. ვამაყობ, რომ ჩემი სკოლის პედაგოგებს არ აკლიათ მოტივაცია, ეს არის მთავარი. დღეს მოსწავლეებს ზედმეტი თავისუფლება მისცეს, პედაგოგებს კი პირიქით - ჩამოართვეს ყველაფრის უფლება, რაც საერთო ჯამში ცუდად მოქმედებს სკოლის აღსაზრდელებზე. არც ის მიმაჩნია სწორად, საატესტატო გამოცდები რომ მოიხსნა. ამ გამოცდებისთვის მაინც ემზადებოდნენ და სწავლობდნენ ბავშვები. ახლა მე-12 კლასში უკვე ვეღარ აკავებ სკოლაში. უმჯობესია, საშუალო საფეხური სპეციალიზებული იყოს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ეროვნულია თანამედროვე განათლების სისტემა?

- უფრო მეტად ეროვნული ნიშა უნდა ჰქონდეს სკოლას, მომავალი თაობა თავისი ქვეყნისა და ერის მოყვარულად რომ აღიზარდოს. ადრე ამას ოჯახებში ასწავლიდნენ, ახლა იქაც აკლიათ ამის სწავლება და საზოგადოებაშიც.

- ოჯახის შესახებ რას გვეტყვით, ვისთან ერთად ცხოვრობთ სოფელში?

- ერთი სანუკვარი დაღა მყავს ცოცხალი, უმცროსი და ორივე ერთად ვცხოვრობთ. მე და ჩემმა მეუღლემ 5 შვილი გავზარდეთ, ერთი ავტოავარიაში დაგვეღუპა. 8 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. ერთი წლის წინ, სამწუხაროდ, მეუღლეც გარდამეცვალა. ძალიან რთული ყოფილა... ისიც სვანი იყო, სიყვარულით შევუღლდით და 55 წელი გავატარეთ ერთად.

წარსულზე რომ ვფიქრობ, გული არაფერზე მწყდება, რადგან ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება ადამიანის სიყვარული. ამით ნამდვილად მდიდარი კაცი ვიყავი. ერთადერთი, რასაც ვინატრებდი, ეს ჩემი შვილებისა და შვილიშვილების კარგად ყოფნაა და რაც მთავარია, მშვიდობა ჩემს საქართველოში!

ნინო ჯავახიშვილი