"ქალს, როგორი ძლიერიც უნდა იყოს, გაფრთხილება სჭირდება" - გზაპრესი

"ქალს, როგორი ძლიერიც უნდა იყოს, გაფრთხილება სჭირდება"

"დიდი ხანია თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გამზრდელი მაინც ბათუმია და ბათუმელს ვეძახი თავს, ასე იქნება ყოველთვის", - მეუბნება ბიზნესმენი მაია დოლიძე. ამ ქალბატონთან შეხვედრის და მასთან გასაუბრების სურვილი მას მერე გამიჩნდა, რაც მასზე გარშემო მყოფებმა მიამბეს: უსაზღვროდ ქველმოქმედი, არაერთი ტაძრის შემწირველი და ნამდვილი ადამიანიაო.

იოლი გზა არ აქვს გავლილი, მაგრამ მაინც, ყველაფრისთვის უფლის მადლიერია. ამბობს, რომ ღმერთის მფარველობას სულ გრძნობდა და ლოცვა აძლიერებდა. არაერთი მოძღვარი საუბრობს მის კეთილ საქმეებზე, თუმცა ამაზე ხმამაღლა, სახალხოდ ლაპარაკი თავად არ სურს, რადგან ფიქრობს, კეთილ საქმეებს არ უხდება აფიშირება.

გარდა იმისა, რომ წლებია, ბიზნესს უძღვება და ამ მხრივ ძალზე წარმატებულია, გაწევრებულია ბიზნესფედერაციაში "ქალები მომავლისთვის", ასევე საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოების წევრია... დანარჩენზე ქალბატონი მაია თავად გვიამბობს...

- ზოგ ქალს ალბათ მხოლოდ პრანჭიაობას დააბერტყავს უფალი, ზოგს კიდევ იმას, რომ ქალისა და მამაკაცის ფუნქცია ერთდროულად შეითავსოს. მხოლოდ ქართულ ლექსიკაში არსებობს სიტყვა "დედაკაცი" და მართლაც, ალბათ მსოფლიოს სხვა არც ერთი ქვეყნის ქალს ისეთი დატვირთვა არა აქვს და არც ისეთი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორიც ქართველს. ჩემი აზრით, ქართველი ქალი განსაკუთრებული და განსხვავებული ფენომენია.

- ასე რატომ ფიქრობთ, თქვენც რთული ცხოვრება გამოიარეთ?

- სირთულის რა გითხრათ... უბრალოდ, ბავშვობიდან ცოტა სხვანაირი ვიყავი. მიყვარდა შრომა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მხრიდან ფუფუნება არ მაკლდა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სტუმარ-მასპინძლობა პირველ ადგილზე იყო. რაჭა ჩემი დედულეთია და ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ოჯახს რაჭველები "დასავლეთში გასასვლელ ჭიშკარს" ეძახდნენ. ასეთ ოჯახსა და გარემოცვაში გაზრდილი ოჯახურ ტრადიციებს ვერ დავარღვევდი და სტუმარ-მასპინძლობა ჩემთვის დღემდე ძალზე ფასეულია.

- შრომა მშობლებმა შეგაყვარეს?

- არა, ეს უფრო თანდაყოლილ მოთხოვნილებას ჰგავდა. მაინტერესებდა სოფლის საქმეები. შრომისმოყვარე და თან, ძალიან ინტერესიანი ვიყავი. მიხარია და მადლობა უფალს, რომ დედაეკლესიის წიაღში ვარ და როცა ვლოცულობ, ყოველთვის შევთხოვ უფალს, შრომის საშუალება და რაც შეიძლება მეტი სიკეთის კეთების უნარი მომცეს. მაშინ ვარ ბედნიერი, თუ ვინმეს რაიმეში დავეხმარები. როცა ამის საშუალება მეძლევა, ის დღე ჩემთვის უბედნიერესია, რადგან სიკეთისა და სიყვარულის გარდა, ადამიანს სხვა რა შეუძლია?..

- ოჯახის წევრებზე მიამბეთ...

- დედა გარდაცვლილია, მამა ცოცხალი მყავს, ვაჟა დოლიძე ძლიერი გურული კაცია. ერთი ძმა მყავდა, ბესო დოლიძე, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა. ის სამხედრო პირი იყო, სხვადასხვა რაიონის სამხედრო კომისარი, ავი სენისგან გარდაიცვალა... მყავს ერთი შვილი, ისიც რაჭველი, თამაზ დოხნაძე და არაჩვეულებრივი, უკეთილშობილესი რძალი ეკატერინე ოძელაშვილი, რომელმაც 5 შვილიშვილი მაჩუქა. საოცარი გოგოა, ჩვენ დედაშვილური ურთიერთობა უფრო გვაქვს და ხშირად ვამბობ: ჯერ ეკაა და მერე ჩემი შვილი-მეთქი.

- ძლიერ ქალს მხოლოდ ერთი შვილი გყავთ. რა არის ამის მიზეზი?

- ძალიან პატარა ვიყავი, მომავალმა მეუღლემ რომ მომიტაცა. საერთოდ არ ვიცნობდი. რაჭიდან მომიტაცეს და სვანეთში გადამმალეს. მაშინ 16 წლის გახლდით... რაღაც პერიოდის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით და ამიტომაც მყავს ერთი შვილი.

- მას მერე ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრიათ?

- იცით, შვილზე ზრუნვა ყოველთვის უპირატესი იყო ჩემთვის და საერთოდაც, ყველაფერი უფლის ნებაა, ალბათ ასე იყო საჭირო... უფალმა ჩემში ალბათ ის ძალა დაინახა, რომ მარტო შევძლებდი არცთუ ისე იოლ ცხოვრებასთან გამკლავებას.

- 16 წლისა განათლების მიღებას ვერ მოასწრებდით...

- როცა მომიტაცეს, მაშინ უკვე პირველ კურსზე ვიყავი. მუსიკალური განათლება მივიღე... ოჯახის დანგრევის შემდეგ დავეუფლე თურქულ ენას და სწორედ ამის წყალობით მოვხვდი ბიზნესში, რომლის ფერხულშიც 1994 წლიდან ჩავერთე.

- ბიზნესის დაწყება იოლი არ არის. შეგიძლიათ მიამბოთ თქვენი გამოცდილების შესახებ?

- ვმუშაობდი პურპროდუქტების კორპორაციაში, საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილებაში, თურქოლოგად. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში პურის, ფქვილის, ხორბლის პრობლემა იყო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომწოდებელი თურქეთი გახლდათ... თბილისში პირველი დიდი სუპერმარკეტი იხსნებოდა და ახლობლებმა მომმართეს თხოვნით, - თურქეთში აღმოვაჩინეთ კომპანია, რომელიც დიდ სამაცივრე დანადგარებს აწარმოებს და იქნებ გამოგვყვე, რომ არაფერში მოვტყუვდეთო. გვერდით ენის მცოდნე სჭირდებოდათ. აქედან დაიწყო ყველაფერი. ახლობლებს უარი ვერ ვუთხარი და მოსალაპარაკებლად გავყევი. ყველაფერმა იმდენად კარგად ჩაიარა, რომ თურქული კომპანიის ხელმძღვანელმა მითხრა, - ვისურვებდით, თქვენნაირი წარმომადგენელი გვყავდეს საქართველოში და იმედია, უარს არ გვეტყვითო. თავი შევიკავე, რადგან მშობლების თანხმობის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი.

- მშობლებისგან თანხმობა მიიღეთ?

- რა თქმა უნდა. იმ ფირმის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, შინ გვესტუმრა და ჩემს მშობლებს გაეცნო. უთხრა: სადაც ჩემი შვილები დაიძინებენ, იქ იქნება თქვენი შვილიც; რასაც ჩემები შეჭამენ, იმას შეჭამს და ა.შ. ერთი კვირით უნდა წავიყვანოთ, დეტალებში კარგად რომ გაერკვესო. დათანხმდნენ. ერთი კვირა მართლაც კომპანიის პრეზიდენტის ოჯახში ვცხოვრობდი, მათ როგორც შვილი, ისე მიმიღეს. ჩემთვის მოულოდნელი და ახალი ხილი იყო სამაცივრე დანადგარები, ზოგადად ბიზნესის სფერო და ხომ უნდა გავრკვეულიყავი ყველაფერში?! ამის მერე ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე საქმის აწყობა. მახსოვს, საქართველოში რომ დავბრუნდი, ქუჩა-ქუჩა დავდიოდით, კატალოგებს ვაგროვებდი. ახლა უკვე გარკვეული ნიშა გვაქვს შექმნილი ქართულ ბაზარზე და წარმოვადგენთ სერიოზულ კომპანიებს. ბევრი საინტერესო ობიექტია ჩვენ მიერ დამონტაჟებული: დიდი სუპერმარკეტები, ნაყინის მწარმოებელი ქარხნები... მუდამ ვცდილობ, წესრიგიანად და პასუხისმგებლობით მოვეკიდო ყველა საქმეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები და კეთილსინდისიერება. ვცდილობთ, ჩვენთან ურთიერთობით მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი დარჩეს და უფლის წყალობით, აქამდე უკმაყოფილო კლიენტი არც გვყოლია.

- თურქეთში რომ წახვედით, სადაც ბიზნესიდეა შემოგთავაზეს, ეს გამართლება იყო?

- რაც ხდება და რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ეს უფლის წყალობაა, მის გარეშე ამქვეყნად არაფერი მოხდება.

- ბავშვობაშიც ასეთი მორწმუნე იყავით?

- იმ დროს, როცა მე ბავშვი ვიყავი, ეკლესიაში შესვლაც კი იკრძალებოდა და ჩუმად ვიპარებოდით, ჩუმად ვანთებდით სანთელს. ეკლესიური ცხოვრება ყოველთვის ინტერესს იწვევდა ჩემში.

- მოძღვრის ყოლის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- სადღაც 2000 წლიდან, ისევ ცხოვრებიდან გამომდინარე... მოდუნების უფლება არასდროს მიმიცია თავისთვის, რადგან ვფიქრობდი, რომ შვილი ღირსეულად უნდა აღმეზარდა. კი, ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ და მაქსიმალურად მეხმარებოდნენ, მაგრამ ვიცოდი, დედაშვილობაში უპირველესად მშობელს არ უნდა შეეშალოს არაფერი. მერე ცხოვრებაში ისეთი ეტაპი დგება, როცა ადამიანი იმ შეგნებამდე მიდიხარ, რომ უფალია ყველაფერი. ის მაძლევს ძალას.

- როგორი დედა ხართ? შვილთან ურთიერთობისას სიმკაცრეს იჩენდით?

- ძალიან მოყვასი, მაგრამ მომთხოვნი დედა ვარ. ჩვენ შორის 17 წელია განსხვავება და შეიძლება ითქვას, რომ და-ძმაც ვართ, დედა-შვილიც, მეგობრებიც. ხანდახან ისე მომექცევა, ასაკით ჩემზე უფროსიც კი მგონია, უკან რომ მოვიხედავ და ჩემი ცხოვრების გზას გავხედავ, თვალზე კურცხალი მომადგება ხოლმე.

- ეს სიხარულისაა თუ უფრო - სევდის?

- ეს ვერ გავარკვიე (იცინის)... ალბათ ორივესი ერთად, მაგრამ უფრო - სევდის.

- არის რაიმე ისეთი, რასაც ნანობთ?..

- არა, არაფერს ვნანობ. უბრალოდ, ძლიერი ქალიც კი ქალია და ზოგჯერ სისუსტე შემეპარება ხოლმე. ასეთ დროს ლოცვა მშველის. ეს არის სულისა და გულის მალამო, ყველაფრის იმედი.

- როგორი ბებია ხართ?

- ეს ჩემს შვილიშვილებს უნდა ჰკითხოთ (იღიმის). გიორგი 15 წლისაა, მაიკო - 9-ის, დემეტრე - 8-ის, ანდრია 6-ის და მარიამი 8 თვის. მათი შემყურე დედამიწაზე კი არ დავდივარ, დავფრინავ. უფლის წყალობით ალბათ შევძლებ, ჩემი შვილიშვილები გაიზარდონ ღვთისმოშიშებად, სულით, გულით ნამდვილ, ღირსეულ ქართველებად.

378143151-6596691303778232-8855349727051173138-n-copy-1702816459.jpg

- შეგიძლიათ ამ მხრივ რაიმე რჩევა მისცეთ ახალბედა დედებს, ბებიებს?..

- რჩევას ვერავის მივცემ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, ბავშვი დაბადებიდან უნდა მიეჩვიოს სითბოსა და ურთიერთობას. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ შვილებს, შვილიშვილებს. დღეს ადამიანური ურთიერთობები თითქოს გაცივდა და ამის გამო გული მწყდება. ჩემს ახალგაზრდობაში არც მობილური იყო და არც ამდენი საშუალება საკონტაქტოდ, მაგრამ ერთმანეთზე მაინც ლამის ყველაფერი ვიცოდით. ახლა წინასწარ უნდა შეუთანხმდე ადამიანს შეხვედრაზე, ყველა დაკავებულია. შეიძლება ძველმოდურები ვართ და ახალ თაობას ახალი ხედვა აქვს, მაგრამ ძველებურ რეალურ ურთიერთობებს ეს ახალი და გაცივებული, ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებული ურთიერთობები ვერ აჯობებს.

- ახალგაზრდა მშობლების დიდი ნაწილი იძულებულია, საზღვრებს მიღმა წავიდეს სამუშაოდ, რათა შვილების ელემენტარულით უზრუნველყოფა შეძლონ...

- ეს ჩვენი, ქართველების უდიდესი სატკივარია. ასე მგონია, ეს ხალხი დავკარგეთ, ემიგრანტები უკან აღარ დაბრუნდებიან და საქართველო ქართველებისგან დაცარიელდება... იცით, სოფელში, რაიონში მუშახელს ვერ ვპოულობ. ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს იქაურობა, თოხი და ბარი, ბაღი და ბოსტანი არ უნდა. ჰოდა, როცა ასე ხდება, მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, უცხოტომელი რომ დაისაკუთრებს ჩვენს მადლიან მიწას. ცოტა ამბიციური ერი ვართ და შრომაც გვეთაკილება თითქოს. არადა, ამის გარეშე არაფერი გამოვა... თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანს შრომა უნდა დაუფასდეს - ხშირ შემთხვევაში ესაა მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში მუშაობაზე უარის თქმა რომ უწევთ და სხვაგან გარბიან... ეს საკითხი მისახედია...

- ქალბატონო მაია, ვიცი, რომ ქველმოქმედებით ხართ დაკავებული...

- ამაზე საუბარი არ მსურს. სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო, აქცენტის გაკეთება არ ღირს...

- და მაინც, რა არის ადამიანისთვის ქველმოქმედება?

- ადამიანს თუ შინაგანად არ გიყვარს მოყვასი და გაცემა, მაშინ რანაირი ადამიანი ხარ? ეს სახელის გამო კი არ უნდა აკეთო, არამედ შინაგანად უნდა გსურდეს. გასაჭირში მყოფი ადამიანი არასდროს უნდა დავივიწყოთ და თუ მატერიალურად ვერ შევძლებთ, მის წამოყენებას კეთილი სიტყვით მაინც უნდა შევეცადოთ - ეს არის ჩვენი ადამიანური მოვალეობა...

- ვიდრე მატერიალურად ფეხზე მყარად დადგებოდით, ვინმე დაგხმარებიათ?

- როგორ არა. მახსოვს, ერთ კომპანიასთან რომ უნდა დამეწყო თანამშრომლობა, მისმა პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლის და ყველაფრის ადგილზე შეფასების სურვილი გამოთქვა. დაპატიჟება კი მინდოდა, მაგრამ მაშინ საქართველოში არც შუქი გვქონდა, არც სითბო... ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ანა დარბაისელმა 300 დოლარი მაჩუქა, - გამოგადგება. ჩამოვიდეს ის კაცი და სადმე ვახშამზე მაინც დაპატიჟებო. ეს სიკეთე სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. მაშინ ის თანხა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- რას ნიშნავს ქალისთვის, როცა დასაქმებულია და ფეხზე მყარად დგას?

- როცა ქალი ძლიერია, მისი ოჯახიც ფესვებგამაგრებულია თითქოს... ოღონდ, აქვე ვიტყვი, ეს სიძლიერე ამპარტავნებაში არ უნდა გადაგივიდეს.

- ალბათ რთულია ოქროს შუალედის დაცვა... ამპარტავნება ხომ ადამიანური სისუსტეა...

- სულაც არ არის ძნელი, დარჩე იმ ადამიანად, ვინც იყავი. აღმავლობა არასდროს გამაკვირვებს, რადგან გასაჭირიც მინახავს. უფალი თავმდაბლობას გვასწავლის, ამპარტავნება კი ერთ-ერთ უდიდეს ცოდვად ითვლება.

- ალბათ ბევრი ჯილდო მიგიღიათ. თუ შვილისა და შვილიშვილების ყოლას არ ჩავთვლით, თქვენთვის ყველაზე ფასეული ცხოვრებისეული ჯილდო რა არის?

- მადლიერი მომხმარებლების არსებობაა ჩემთვის დიდი ჯილდო... და ყველაზე დიდი ჯილდო იქნება, უფლის წიაღში ვიყო...

- მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა - კიდევ რა არის წარმატების მისაღწევად აუცილებელი?

- სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში დასაქმების თვალსაზრისით ქალებს დიდი არჩევანი არა აქვთ და რთულია წარმატების ფორმულაზე საუბარიც... ჩემი აზრით, ქალს, როგორი ძლიერიც უნდა იყოს, გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ ცხოვრება არ გვაძლევს ამის საშუალებას. ისე კი, ქართველ ქალს მამაცობის არ უნდა გაუკვირდეს და სირთულეების არ შეეშინდეს, ისეთი წინაპრები გვყავდა. ერთადერთი, რაც შეიძლება ყველას ვურჩიო, არის ის, რომ ცხოვრებას არ დაუჩოქონ და გამოსავალს აუცილებლად იპოვიან. მიზანს შრომისმოყვარეობითა და კეთილსინდისიერებით უნდა მივაღწიოთ, სხვაგვარად ჩვენს წარმატებას ფასი არ ექნება...

- ხართ ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრი...

- დიახ, "ქალები მომავლისთვის" ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და მას ძალიან საინტერესო ქალბატონი ნინა კობახიძე ხელმძღვანელობს. ეს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ ქალებს ხელი მოუმართონ... ასევე ვარ საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოების წევრი, რომელიც საქართველოში სიწმინდეებს უვლის, ბევრი მადლიანი საქმე აქვთ გაკეთებული. ქალბატონი ქეთევან ჭუბაბრიას ხელმძღვანელობით, თუკი რამ სიწმინდეა საქართველოში, დაწყებული 13 ასურელი მამის საფლავით, ცდილობენ ყველაფერს მოუარონ, ბევრი წმინდანის საფლავი მოაწყვეს. ახლახან წმინდა ქეთევანის უძვირფასესი ხატი დავაწერინეთ, რომელიც ინდოეთში გაგზავნეს... მეც ვცდილობ ავყვე ამ კარგ, მადლიან ქალბატონებს...

360132810-3079031025564073-7925167087361593461-n-copy-1702816444.jpg

- არის რაიმე, რასაც თქვენს ცხოვრებაში შეცვლიდით, ამის შანსი რომ მოგეცეთ?

- არაფერს შევცვლიდი, რადგან ვფიქრობ, ადამიანს ყოველი დაბრკოლება აძლიერებს... ბავშვობიდან მინდოდა რაღაც ჩემი შემექმნა, ჩემი ნიშა მქონოდა, დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფოდი და ალბათ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო... ბევრჯერ მიგემია დაუმსახურებელი ტკივილი, მაგრამ ეს ტკივილებიც ხომ უფალთან გვაახლოებს! ტკივილი რომ არ იყოს, სიხარულის ფასს ვერ გავიგებდი. მიხარია, რომ დღეს გარშემო მყავს ერთგული ადამიანები და ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც მართლა მილამაზებენ ცხოვრებას და ერთადერთი სურვილი მაქვს, მინდა ერთმანეთის გვერდში დგომით დიდხანს გავიხაროთ...

- დაბოლოს, წმინდა მაიას ფრესკაზეც მიამბეთ, რომელსაც ძალიან დიდხანს ეძებდით...

- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი სიწმინდე მაქვს მოლოცვილი. ერთმა დედაომ მითხრა, რომ არსებობდა წმინდა მაიას ფრესკა, მაგრამ არ იცოდა, სად. დიდხანს ვცდილობდი მიმეკვლია და ბოლოს აღმოვაჩინე გურიაში, ულამაზესი აჭის ხეობაში, მერვე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის კედელზე. ძალიან გამიხარდა, რომ დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვე და ახლა ვცდილობ, შეძლებისდაგვარად ხშირად მივეახლო ამ ჩემთვის მნიშვნელოვან და საყვარელ წმინდანის ფრესკას, რომლის სახელსაც ვატარებ...

სხვათა შორის, ჩემებმა სახელი მაია წყნეთელის სიყვარულით შემირჩიეს. ცხონებული ლეილა აბაშიძე ჩემზე ამბობდა, - ჩემი ნათლულია. მაია თუ გვერდით გახლავს, ჯენტლმენი აღარაა საჭიროო (იღიმის). ვცდილობ, გავამართლო ეს სახელი და როგორ გამომდის, მხოლოდ უფალმა იცის...

ლიკა ქაჯაია