ვინ არის მარიამი სერიალიდან "მარჯვენა სანაპირო"?
ალბათ "კომედი შოუდან" ბევრს გახსოვთ თიკო ბულია. პატარა, მხიარული გოგონა ახლა უკვე თინეიჯერია და სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" სევდიანი მარიამის როლს ასრულებს...
- მას მერე, რაც კარიერა დავიწყე, დედასთან, მეგობრებთან ნათქვამი მქონდა, რომ ჩემი ოცნება ფილმში ან სერიალში თამაში იყო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისე მოხდა, რომ სკოლაში ვიყავი, როცა დედამ მომწერა - სერიალში შენი გადაღება უნდათო. იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! გადაღებაზე წავედი... რა თქმა უნდა, გადაღების არეალი ჩემთვის ყველანაირად კომფორტის ზონაა. ჯერ ერთ სცენაში გადამიღეს, შემდეგ სცენები ერთმანეთს მიჰყვა და ამჟამად სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" ვთამაშობ.
- თავიდანვე იცოდი, როგორი როლი უნდა შეგესრულებინა?
- პირველი სცენის სცენარი რომ გამომიგზავნეს, არ ვიცოდი, როგორი პერსონაჟი უნდა განმესახიერებინა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მარიამი "მერქვა". ყველაფერი ადგილზე გავარკვიეთ.
- როგორი გოგოა მარიამი?
- ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია: ძალიან მორიდებული, მორცხვი... თითქოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, არავის აწუხებს. თავისებურად სევდიანია. იმასაც აღვნიშნავ, რომ ცოტათი გაჭირვებული ოჯახიდანაა.
- როლი როგორ მოირგე?
- სხვათა შორის, როლის მორგება არ გამიჭირდა, რადგან ყოველთვის წარმომედგინა, ჩემგან განსხვავებული ადამიანის როლს როგორ ვითამაშებდი. სერიალში თამაში ჩემთვის საინტერესო და ახალი გამოწვევაა. თან, სრულიად განსხვავებული პერსონაჟი ამ გამოწვევას მრავალფეროვნებას სძენს. მეგობრებმა, ახლობლებმა მითხრეს, - თითქოს მარიამის როლი არ გიხდებაო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავად ეს უფრო მომწონს, რადგან თითქოს სხვა ადამიანი ვხდები, როცა გადაღებაზე მივდივარ. ჩემთვის ახალი, მრავალფეროვანი და ბევრად სასიამოვნო სამუშაოა.
- საზოგადოებამ იუმორისტული შოუდან გაგიცნო. საინტერესოა, სერიალში სევდიანი როლით გამოჩენისას მაყურებელმა თუ გიცნო?
- საერთოდ, ბოლო დროს ადამიანები ვეღარ მცნობენ მხოლოდ იმის გამო, რომ გავიზარდე და ბევრად სერიოზული ვარ, ვიდრე ბავშვობაში ვიყავი. გარეგნულადაც ცოტათი შევიცვალე და ჩემი ცნობა უჭირთ. მერე, როცა ვეუბნები, ვინც ვარ, არ სჯერათ ხოლმე.
- ამის გამო, გული გწყდება?
- "კომედი შოუს" გამო, თავდაპირველად, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავი, რაც ცოტა არ იყოს, მიკვირდა - ჩემთვის გაუგებარი იყო, სრულიად უცხო ხალხი რატომ მოდიოდა, ფოტოებს მიღებდა, მეხუტებოდა... შემდეგ ამას მივეჩვიე და ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. რთულია, როცა რაღაცას მიეჩვევი, მერე კი - ეს მთავრდება, მაგრამ იმედი მაქვს, სერიალის გამო ჩემი პოპულარობა განახლდება. მგონია, ხალხი სერიალის პერსონაჟით - მარიამით დამიმახსოვრებს და არა - იმ თიკოთი, რომელიც "კომედი შოუში" იყო...
- შენს ეკრანულ პარტნიორს - ალექსანდრა პაიჭაძეს როგორ შეეწყვე?
- ალექსანდრა ჩემი პერსონაჟის ინგლისურის მასწავლებლის და ამასთანავე, მეზობლის როლს ასრულებს. ძირითადად, ალექსანდრას ვიცნობდი, როგორც მოდელს, ცნობილ ადამიანს... სამსახიობო სფეროში თუ გადავიკვეთებოდით, ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან უბრალო და გულთბილი ადამიანია. კომფორტული პარტნიორია.
- შენ გარშემო მყოფ თანატოლებს თუ აქვთ მსგავსი პრობლემები, რაც მარიამს? როგორც სერიალში ირკვევა, ქირის გადაუხდელობის გამო, ბინის მეპატრონე მარიამის ოჯახს ბინის დატოვებას სთხოვს...
- ჩემ გარშემო ეს პრობლემა დიდად არავის აქვს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მარიამს ხასიათით ჰგვანან - მშვიდები, მორიდებულები არიან... მაგალითად, ჩემი და ზუსტად ასეთია: მორიდებულია, თითქმის არასდროს ლაპარაკობს. ჩემგან აბსოლუტურად განსხვავდება. ხასიათით მარიამს ჩემს დასთან ვაიგივებ, რაც ცოტა არ იყოს, როლის შესრულებაში მეხმარება.
- როცა "კომედი შოუს" მსახიობი იყავი, მითხარი, რომ გადასაღებ მოედანზე მხიარულობდი, ერთობოდი... ახლა რა ხდება გადასაღებ მოედანზე?
- ახლა რამდენადაც მხიარული გარემოა, იმდენადვე საპასუხისმგებლო და სერიოზულია. თან, იქ ისე აღარ ვარ, როგორც პატარა თიკო...
- გადამღები ჯგუფისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?
- ახლა უფრო მეტად ზრდასრული ადამიანივით მექცევიან, ვიდრე - წინათ. ძირითადად, პატარა თიკოს ვიხსენებთ. ოპერატორები, ვინც სერიალზე მუშაობენ, "კომედი ქიდსშიც" მიღებდნენ. ახლა მეხუმრებიან, - როგორი პატარა იყავიო, ნოსტალგია აწვებათ (იღიმის).
- თავად როგორი განცდა გაქვს, როცა ძველ, შენი მონაწილეობით გადაღებულ სკეტჩებს უყურებ?
- სხვებთან ერთად არასდროს ვუყურებ. თავდაპირველად მიხაროდა, რომ ეკრანზე ვჩანდი, მაგრამ ახლობლების გარემოცვაში მყოფს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს - თითქოს თავს უხერხულად ვგრძნობ. ამიტომ ჩემი მონაწილეობით გადაღებულ სკეტჩებს მხოლოდ მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ. თვითკრიტიკის უნარი უზომოდ "მერთვება": საკუთარ თავს ვეუბნები, შეგეძლო, უკეთ გემოძრავა, როლი უკეთესად შეგესრულებინა-მეთქი. კი, საკუთარ თავს ვაკრიტიკებ. არ მინდა, ამპარტავნებაში ჩამითვალოთ, მაგრამ მეამაყება, რომ 7 წლისამ ოცნება ავიხდინე. ნოსტალგიაც მაქვს, როცა ეს მახსენდება და გულში სევდაც, თითქოს ის პატარა თიკო მენატრება. შინაგანად ჩემში პატარა თიკოს კვალი ცოტათი მაინც დარჩა.
- სერიალში შენს მონაწილეობას როგორ აფასებ?
- საკუთარ თავს სულ ვაკრიტიკებ. თუმცა, ეს ახალი გამოწვევაა და როგორ ცუდადაც არ უნდა ვითამაშო, საკუთარ თავს მოტივაცია უნდა მივცე, - არა უშავს, სერიალია, შენთვის პირველი იყო-მეთქი...
- გადაღებებსა და სკოლაში სწავლას ერთმანეთს როგორ უთავსებ?
- ბავშვობიდანვე სკოლა ხელს ძალიან მიწყობს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, გადაღების გამო, ვერ მიმეცადინია და სკოლაში ვერ წავსულვარ, თუმცა შემდეგ, გაცდენილს მეცადინეობით ვანაზღაურებ... გადამღები გუნდიც ხელს მიწყობს - ძირითადად, გადაღებები გაკვეთილების დასრულების მერე მაქვს...
- პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებული გეგმები ხომ არ შეიცვალე?
- ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ მსახიობობა ჩემი მომავალი პროფესიაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბევრი რაღაცის კეთება მინდა, რაც ერთმანეთთან კავშირში საერთოდ არაა. მაგალითად, მედიცინაც ძალიან მაინტერესებს... თუ თეატრალურზე კი არა, სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარე, მსახიობი მაინც ყოველთვის ვიქნები. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი საქმის კეთება არ მინდა - მრავალფეროვან ცხოვრებას ვგეგმავ. თავისთავად, მსახიობობა მრავალფეროვანია, მაგრამ მსურს, სხვა მიმართულებითაც განვვითარდე...
ეთო ყორღანაშვილი