რაში ეხმარება განო გერლიანს სერიული მკვლელების შესახებ პოდკასტების მოსმენა?
ასაკი: 20 წლის.
ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში - "სიყვარულს მიღმა". ასევე, გადაღებულია გერმანულ-ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში. ხშირად აქვს სარეკლამო გადაღებებიც...
ჰობი: ძერწვა და ქსოვა.
ცხოვრების დევიზი: "იყავი კეთილი და სამყაროც კეთილი იქნება შენ მიმართ".
- განო, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?
- სარკესთან დიდხანს თუ ვდგავარ, ვაკვირდები, დედას უფრო მეტად ვგავარ თუ მამას. ჩემი დილემა ეს არის ხოლმე (იღიმის). ორივეს ძალიან ვგავარ.
- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?
- მე და ჩემი ქმარი საჭმელად ვიყავით გასულები. ხილ-ბოსტნეულის მაღაზიიდან, უცნობმა მოხუცმა ქალმა ხელი დამიქნია. მივხვდი: ამ ადამიანს არ ვიცნობ, ხელს რატომ მიქნევს? ალბათ, სერიალში მნახა და მიცნო-მეთქი. ძალიან საყვარლობა იყო. მერე მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი (იღიმის).
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- როგორ არა?! თუნდაც - ახლა, როცა პალესტინა-ისრაელის ომის კადრებს ვუყურებ და ვხვდები, თავად ვერაფერს შევცვლი, მართლა ვფიქრობ, რომ რეალურად, სარგებელი არ მომაქვს. უბრალოდ ვარ და ამ ყველაფერს ვუყურებ...
- ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?
- ჩემი ქმარი, ოჯახი და საკუთარი თავი.
- ბავშვობაში შენი მომავალი როგორი წარმოგედგინა? დღევანდელ რეალობას შეესაბამება?
- წარმომედგინა, რომ მსახიობი ვიქნებოდი - ამაზე სულ ვოცნებობდი, ოღონდ - მეგონა, რომ ეს სხვანაირად მოხდებოდა, როგორც ამერიკულ ფილმებშია: მსახიობები არანორმალურად ცნობილები არიან, პაპარაცების გარემოცვაში... ჩვენთან ასე არ ხდება... ჩემი მომავალიც უფრო "ამერიკულად" წარმომედგინა. სხვა მხრივ, თითქმის იგივეა...
- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?
- შეიძლება ითქვას, რომ ამ წინადადების განმარტება ვარ. საკუთარ თავში ეჭვი ისე მეპარება, როგორც არავისში. თუ რაღაც ძალიან მომეწონა, მაგალითად - ძერწვა და პირველივე ჯერზე საოცრება ვერ შევქმენი, მგონია, ჩემზე უნიჭო და ცუდი არავინაა. ვფიქრობ, ყველას ჩემზე უკეთ გამოუვიდოდა...
- საყვარელ ფილმში რომელ მსახიობს ჩაანაცვლებდი?
- Eyes Wide Shut-ში - ნიკოლ კიდმანს. ვერ ვიტყვი, მეც ისევე კარგად ვითამაშებდი თუ არა, როგორც ნიკოლ კიდმანი თამაშობს, მაგრამ ფილმი ძალიან მაგარია! განა საკუთარ თავს პერსონაჟთან ვაიგივებ? არა, უბრალოდ, ფილმის გმირი ბევრ რამეში "არსაიდან" ეხვევა... ყველა იმ ემოციის გამოცდა მაინტერესებს, რაც ნიკოლმა განიცადა...
- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
- შავს ან მწვანეს. მგონია, ტყისფერ მწვანეზე ლამაზი არ არსებობს...
- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?
- სამართლიანობა და ერთგულება.
- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?
- ალბათ, როდესაც იმას მივაღწევ, რომ ჩემს სიტყვას დიდი მნიშვნელობა ექნება, იმ პრობლემების შესახებ ბევრს ვილაპარაკებ, რაზეც ახლა არ ან ვერ ვლაპარაკობთ.
- ეჭვიანი ხარ?
- კი, ძალიან, მაგრამ თან - არ ვარ (იცინის). შეიძლება ძალიან ეჭვიანს გამეღვიძოს, მეორე დღეს კი - გამეცინოს, ამაზე საერთოდ რატომ ვიეჭვიანე-მეთქი?! შეიძლება საერთოდ არც გამოვხატო, რომ ვიეჭვიანე, მაგრამ გულში "მჭამდეს", რომ რაღაც ძალიან არ მესიამოვნა...
- მეუღლე თუა ეჭვიანია?
- ისიც ეჭვიანია, ოღონდ - ცოტა უფრო ნაკლებად...
- ადამიანთან პირადად შეხვედრისას, მისი გარეგნობის რომელი დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?
- თვალები. ადამიანს რომ ველაპარაკები, პირველად თვალებში ვუყურებ. მგონია, პიროვნების შესახებ თვალებს ბევრის თქმა შეუძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც ლამაზი თვალები აქვს, სანდოა. უბრალოდ, ვიღაცას სხვანაირი სანდომიანი თვალები აქვს, ვიღაცას - სხვანაირი...
- შენი კომფორტის ზონა რა არის?
- ჩემი კომფორტის ზონა საღამოს იწყება, როცა სახლში ვარ: დღის განმავლობაში რაღაც მნიშვნელოვანს რომ გავაკეთებ და საკუთარი თავით კმაყოფილი შინ ვარ, მე და ჩემი ქმარი ერთად სერიალს ვუყურებთ ან თუნდაც, უბრალოდ ვზივარ, მეუღლე კი - "ფლეისთეიშენს" თამაშობს... ჩემთვის ხალხმრავლობა კომფორტის ზონა არ არის.
- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?
- ზარმაცი ვარ. იმას ვგულისხმობ, რომ როცა ვიცი, რაღაცის გასაკეთებლად დრო 1 თვე მაქვს, ალბათ, ბოლო 2 კვირაში გავაკეთებ. მაგალითად, მეგობრის სახლიდან ტანსაცმლის წაღება 2 თვის წინ შემეძლო, მაგრამ დრო ისე გავწელე, რომ 2 დღის წინ წავიღე (იცინის). არის წვრილმანი საკითხები, რაზეც ვერ ვნერვიულობ.
- მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდები?
- პოდკასტებს ვუსმენ ხოლმე. მოსმენისას უნდა ჩამეძინოს... ეს მშველის.
- რა ტიპის პოდკასტებს უსმენ?
- "ჰორორ" პოდკასტების მოსმენა მიყვარს, სერიული მკვლელების შესახებ. მათი ფსიქოლოგია მაინტერესებს
- საინტერესოა, ამ ფონზე რომ ჩაგეძინება...
- (იცინის) ცუდი არაფერი მესიზმრება ხოლმე.
- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?
- იუმორის გრძნობით: ხუმრობას მარტივად იღებს, თავისუფალია თუ დაძაბული...
- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავ?
- ალბათ, ჩემ გარშემო თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, თუნდაც - ჯანმრთელობის, რის მოგვარებასაც დიდი თანხა სჭირდება, მოვუგვარებდი, დარჩენილ თანხას კი მოგზაურობისთვის გამოვიყენებდი.
- საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი დიდი სიამოვნებით?
- ალბათ, საფრანგეთსა და ამერიკაში - ნიუ-იორკში ან ლოს-ანჯელესში. ნიუ-იორკი ჩემი ბავშვობის ოცნებაა, სადაც მინდა ვიყო და თითოეული დეტალი თავს გადამხდეს, თუნდაც - ყავა დავლიო ნიუ-იორკში. ლოს-ანჯელესში სულ კარგი ამინდია. ამის გამო, მუდამ ბედნიერი ვიქნებოდი... საფრანგეთში ცოტა ხნით მაინც აუცილებლად ვიცხოვრებდი, რადგან იქ რაღაც სხვანაირი სიყვარულია...
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
- გარკვეულ ასაკამდე კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მერე რაღაცნაირად, სკოლა გადამიყვარდა. რადგან ჩვენი სახლიდან ძალიან შორს იყო, წასვლაც მეზარებდა. სამწუხაროდ, ხშირად ვაცდენდი. ახლა რომ ვუფიქრდები, თითქოს სკოლა მაინც მიყვარს, მაგრამ ალბათ, სკოლასთან დაკავშირებული მოგონებები უფრო... სავარაუდოდ, ბედნიერი ახლაც არ ვიქნებოდი, დილით რომ ვიღვიძებდე და სკოლაში მივდიოდე.
- მსახიობობის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?
- ქსოვა. ალბათ, ეს საქმე უკეთ რომ ვისწავლო და მეტი დრო დავუთმო, მეტად მეყვარება.
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- სამართლიანობა. ბავშვობაში, როცა ვიცოდი, რომ ჩემი წარმატებით, ჩემი თითოეული ნაბიჯით დედა იამაყებდა და იტყოდა, - კარგი საქციელიაო, მეგონა, რომ სხვის აზრს მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა, რადგან ჩემთვის ყველაზე სამართლიანი დედა იყო.
ეთო ყორღანაშვილი