ნინო ჭელიძე: "მეგონა მოვკვდებოდი და საკუთარ თავს ვდარაჯობდი, რომ არ ჩამძინებოდა“ - გზაპრესი

ნინო ჭელიძე: "მეგონა მოვკვდებოდი და საკუთარ თავს ვდარაჯობდი, რომ არ ჩამძინებოდა“

„პროფესიული გადაწვა" - ეს სიტყვები თითქოს არც ისე პრობლემურად ჟღერს, მაგრამ სერიოზული თემაა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ისაუბრონ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს სტიგმა არ არის. საბჭოთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა აგებული იყო ადამიანის განრიდებასა და ჩაკეტვაზე. მაშინაც იცოდნენ, რომ ეს პრობლემები არსებობდა, მაგრამ პაციენტები უჩინარი ადამიანები იყვნენ, ეს სირცხვილად ითვლებოდა, მალავდნენ ოჯახის წევრებს, რადგანაც მერე ვიღაც იტყოდა, ამ ოჯახში გიჟიაო და სხვა დედმამიშვილები ვერ გათხოვდებოდნენ ან ცოლს ვერ მოიყვანდნენ. ასევე ითვლებოდა, რომ ეს ღმერთის სასჯელი იყო...“ - ამბობს ფოტოჟურნალისტი ნინო ჭელიძე, რომელმაც მრავალი მიმართულებით მიაღწია წარმატებას. ნინო არ მალავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა...

- ბავშვობაში გადატანილი ტრავმა კვალს ტოვებსო და მძიმე 90-იანი წლების გათვალისწინებით, ბევრის გადატანა მოგიხდათ?..

- 90-იან წლები, როგორც უმრავლესობამ, მეც ისე გავატარე: სხვისი ტანსაცმელი მეცვა, სხვისი წიგნებით ვსწავლობდი და ვუფრთხილდები, რადგან ვიცოდი, მერე კიდევ სხვისთვის უნდა მიმეცა; რასაც ვშოულობდით, იმას ვჭამდით. ხშირად მქონია შემთხვევა, სკოლიდან მოსულს და მშიერს, მაცივარი ცარიელი დამხვედრია. ხეხილიანი ეზო მქონდა და გავსულვარ ეზოში, რომ მწიფე ხილი მომეძებნა. ჩემს თაობას დღემდე მოჰყვება ის დამღა, რაც მაშინ მივიღეთ. ეს თუ დამუშავებული არ გაქვს ფსიქოლოგთან, ძალიან რთულია წარმატების მიღწევა, რადგანაც სულ გვესმოდა, რომ კეთილდღეობასა და კარგად ცხოვრებაზე კი არ უნდა გვეოცნება, არამედ მთავარი იყო, მშივრები არ ვყოფილიყავით და რომ კარგად მხოლოდ ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც იპარავდა, ისინი კი კარგი ადამიანები არ იყვნენ. ავტომატურად, კეთილდღეობა ასოცირდებოდა ცუდ ადამიანებთან და კანონის დარღვევით ნაშოვნ ფულთან. მეორე მხრივ, სიღარიბე უსაფრთხო ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. იმ დროს ყოველდღე მესმოდა, რომ ვიღაც დააყაჩაღეს, აწამეს, რაღაც მოჰპარეს და ასეთ გარემოში გიჩნდება აზრი, რომ ფული არის ცუდი, რადგანაც ვიღაც შემოგივარდება და დაგაუთოებს, ხოლო თუ არაფერი გაგაჩნია, უსაფრთხოდ იქნები. ამავე დროს, სკოლებში, რელიგიის მასწავლებლად ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური ადამიანები ეწყობოდნენ და ისინი გვიქადაგებდნენ: მთავარია იმქვეყნიური ცხოვრება და არა აქაური კეთილდღეობაო. წარმოიდგინეთ, ბავშვს და მოზარდს როცა ამას ეუბნები, მან რა დასკვნა უნდა გააკეთოს?!. ამიტომ აქვს ჩემი თაობის ნაწილს საარსებო ფულზე მეტის გამომუშავების და ბალანსირებულად კვების პრობლემა. პატარაობისას ეს უნარები ჩვენ არავინ გამოგვიმუშავა, ყველა გადარჩენისთვის ვიბრძოდით.

- თქვენ წარმატებებს ნამდვილად მიაღწიეთ. ეს დიდი შრომის შედეგად შეძელით?..

- ჩემი აზრით, არანაირი წარმატების საიდუმლო არ არსებობს. წარმატება მოაქვს მიზანზე ორიენტირებულ შრომას. როდესაც მე და ჩემი თაობა კარიერისკენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მუდამ გვესმოდა, რომ "ვინმე" უნდა გვყოლოდა ან "ვინმეს" შვილი უნდა ვყოფილიყავით. ალბათ, ბევრი დაიჩაგრა ამის გამო. მაშინ კორუფციაც მიღებული ამბავი იყო.

ერთი ბიზნესმენი ამბობდა, რომ ყველას განსხვავებული სასტარტო მდგომარეობა აქვს: ზოგი ქალაქში ცხოვრობს, ზოგი სოფლად, ზოგს მამა ჰყავს ბიზნესმენი, ზოგს კარგი განათლება აქვს. ყველა განსხვავებული პოზიციიდან ვიწყებთ, მაგრამ მთავარია დაწყება.

ჩემი ცხოვრების გზამ და სხვა წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩამიტარა. ვიტყოდი, გარემოც არც ისე კეთილგანწყობილია იმ ქალების მიმართ, ვინც მიზანს ისახავს. ამ აზროვნებას ხშირად ხელს უწყობს ოჯახი, სოციალური ნორმები და რეალურ ცხოვრებაში უთანასწორობა... ასევე, ბარიერია წარუმატებლობის შიში. ქალების შემთხვევაში ამას ემატება სოციალური განსჯის შიში - რად გინდოდა ამ საქმის დაწყება. ჯობდა შვილი გაგეზარდა, ოჯახისთვის მიგეხედა... შეიძლება ხელი შეგიშალოს თვით წარმატების შიშმაც კი - მნიშვნელოვანი ცვლილებების და სოციალური გაკიცხვის შიში, როდესაც ამბიციურ კარიერისტ ქალად გთვლიან, რაც ფარულად გულისხმობს, რომ შენ ვერ იქნები კარგი დედა, ცოლი ან შვილი.

კიდევ ერთი დიდი ბარიერია სუსტი მხარდამჭერი გარემო. ბოლო წლებში კი გამოჩნდნენ ორგანიზაციები, არის სახელმწიფო პროექტებიც, რომლის ფარგლებშიც ქალთა გაძლიერებას ცდილობენ, მაგრამ როგორც კი ვინმე ჩათვლის, რომ რაღაც შეგეშალა ან საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებებთან თანხვედრაში არ მოდის შენი ქმედება ან აზრი, იწყება ფსიქოლოგიური ტერორი, დაუსრულებელი კრიტიკა და ხშირად, ამ გაკიცხვის აქტიური მონაწილეები თავად ქალები არიან...

ქალებს, ვისაც აქვთ მიზნები, ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, კიდევ უფრო დიდსა და მასშტაბურზე იოცნებეთ, რადგანაც ადამიანის პოტენციალს საზღვრები არ აქვს.

- როდის და როგორ იჩინა თავი ჯანმრთელობის პრობლემებმა? როგორ ვლინდებოდა, როგორ ებრძოდით და საბოლოოდ, დაამარცხეთ თუ ჯერ კიდევ ვერ?..

- პირველად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას მაშინ შევეხე, როდესაც ერთდროულად 5 პროექტი მქონდა სამართავი. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ლოგინიდან ვერ ავდექი, საამისოდ ძალა არ მეყო. მიჭირდა დაძინება და მეტიც, გამიჩნდა აზრი, რომ თუ დავიძინებდი, ვეღარ გავიღვიძებდა და საკუთარ თავს ვდარაჯობდი, რომ არ ჩამძინებოდა, რამაც ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

ასე ვიყავი რამდენიმე დღე, მაგრამ მერე საჯაროდ დავწერე ჩემი პრობლემის შესახებ და ვითხოვე სპეციალისტის დახმარება. ეს ყოფილა "პროფესიული გადაწვა". თითქოს არც ისე პრობლემურად ჟღერს, მაგრამ ეს სერიოზული თემაა... როდესაც მენტალური ჯანმრთელობის პროექტში ჩავერთე, მივხვდი, რომ ეს საკითხი ნებისმიერი სოციალური ფენის, განათლების, ასაკის ადამიანს შეიძლება შეეხოს.

დღემდე შემორჩენილია სტიგმა, არადა, ამ დროს ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი. უკვე არის უფასო მომსახურება, "ცხელი ხაზი", პროგრამები, როცა შეგიძლია ადრეულ პერიოდზე საკუთარ თავს დაეხმარო.

რაც შეეხება "პროფესიულ გადაწვას", საზღვარგარეთ ამ თემას კომპანიებში დიდ ყურადღებას აქცევენ. ე.წ. BUღNOUთ - ეს არის სინდრომი, ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური აშლილობა, რომელიც წარმოიქმნება სამსახურში მუდმივი სტრესის გამო, რაც მერე პროდუქტიულობის დაქვეითებას იწვევს. ამ სინდრომის მქონე ადამიანი იმედგაცრუებულ მდგომარეობაშია და უკიდურესად დაღლილია. სხვათა შორის, ეს ემართებათ სტუდენტებსაც და მოსწავლეებსაც. BUღNOUთ-ის მთავარი საფრთხე არის ის, რომ თავის დროზე არაღმოჩენა იწვევს მძიმე კლინიკურ ფორმაში გადასვლას. ამ ეტაპზე ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დეპრესიული აშლილობა, შფოთვა ან აპათია.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ „პროფესიული გადაწვის“ ფენომენი თითქოს მოულოდნელად და მწვავედ იჩენს თავს, მაგრამ რეალურად, მისი მომწიფება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს. მაგალითად: როცა ადამიანი უჩივის ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვას, გადაღლილობას და სტრესს. მე ამ ნიშნებს სამწუხაროდ, ყურადღება არ მივაქციე და შეუსვენებელი მუშაობა განვაგრძე. ზოგადად, პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო გზა მათი პრევენციაა. ამ დროს უმჯობესია გადატვირთული სამუშაო რეჟიმის დროს, სხვას ვთხოვოთ დახმარება შესასრულებელ საქმეებში. უნდა მოწესრიგდეს დღის რეჟიმი. ასევე მნიშვნელოვანია ძილი და დასვენება, სწორი კვების რეჟიმი. ყველას წარმატებას და მშვიდ გარემოში ცხოვრებას გისურვებთ!

მანანა გაბრიჭიძე