„ექიმი უნდა გამოვიდე და ყველას დავეხმარები" - გზაპრესი

„ექიმი უნდა გამოვიდე და ყველას დავეხმარები"

4 წლის ვუნდერკინდი გურო მელქაძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვისაც მისი ერთი ვიდეო მაინც უნახავს, აღფრთოვანებას ვერ ფარავს, მის მიმართ უდიდეს სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს. გურომ 2 წლის ასაკში თავისით ისწავლა წერა-კითხვა, იცის უცხო ენები, გეოგრაფია, უდიდესი მათემატიკური ციფრები, ჭადრაკის თამაში და ა.შ. მისი საყვარელი წიგნი იაკობ გოგებაშვილის "დედა ენაა". შემეცნებით სიახლეებს მუდმივად ეცნობა და დედასაც ათასგვარი საინტერესო კითხვით მიმართავს...

ჩვენ გუროს დედას - ლიკა მამაგეიშვილი-მელქაძეს დავუკავშირდით და გუროსთან ინტერვიუ მისი დახმარებით ჩავწერეთ.

- მოგესალმები, ჭკვიანო და საყვარელო გურო, როგორ ხარ?

- კარგად ვარ.

- მალე ახალი წელი მოვა, როგორ აპირებ აღნიშნო ეს ლამაზი დღესასწაული?

- დედასთან და მამასთან ერთად, სასეირნოდ უნდა წავიდე და ნაძვის ხე გავშალოთ, პატარა ბურთებს ჩამოვკიდებ და თავზე ვარსკვლავს დავადებ.

- რა საჩუქარს ელი თოვლის ბაბუსგან?

- ახალი პაზლები მინდა.

- წერილი დაუწერე?

- არ დამიწერია, მაგრამ მერე დავუწერ.

- თუ გახსოვს, რამდენი წლის იყავი, როცა წერა-კითხვა ისწავლე?

- 2 წლის ვიყავი. ჩემით ვისწავლე.

- პირველად რა წაიკითხე?

- "დედა ენა", იაკობ გოგებაშვილის დაწერილია.

- რომელია შენი საყვარელი საბავშვო წიგნი?

- "დედა ენა".

- რომელია შენი საყვარელი მულტფილმი და საბავშვო ფილმი?

- "ვინი პუჰი" და "დინოკო".

- საყვარელი პერსონაჟი?

- ჟირაფი ჟოზე, ეგ მიყვარს ყველაზე მეტად.

- ყველაზე მეტად რა მოგწონს, მაგალითად, მათემატიკა თუ გეოგრაფია?

- გეოგრაფია, რადგან რუკაზე მეცადინეობა, ქვეყნების აღმოჩენა მიყვარს.

- რომელია შენი საყვარელი ქალაქი?

- ქუთაისი.

- ქუთაისში ყველაზე მეტად რა გიყვარს?

- ხეები და ბუნება (მართლაც ასეა, უზომოდ უყვარს, ყველა ხეს ეფერება, - აღნიშნავს ლიკა, გუროს დედა).

- ბერლინი მოგეწონა? იქ რით ერთობოდი?

- მომეწონა, კი. ვთამაშობდი ხოლმე, ვსეირნობდი.

- ყველაზე ლამაზი დროშა რომელ ქვეყანას აქვს?

- საქართველოს.

- ინგლისურად და გერმანულად ვის ესაუბრები ხოლმე?

- ლიკაკოს (დედას).

- გურო, რისი დახატვა გიყვარს ყველაზე მეტად?

- სახლის, ცის და ყვავილების.

- სიმღერა და ცეკვა თუ გიყვარს?

- კი, ძალიან მიყვარს.

- რომელია შენი საყვარელი სიმღერა?

- „მაყვალს უგავს თვალები“. კიდევ, საქართველოს ჰიმნი - „ჩემი ხატია სამშობლო“.

- ბაღში თუ დადიხარ?

- ხანდახან.

- ვინ არიან შენი მეგობრები?

- მათე, ანდრია, გიგი, თომა და ყველა.

- გურო, ვიცით, რომ ცხოველებიც ძალიან გიყვარს და ემეგობრები, საკვებითაც უმასპინძლდები ხოლმე. რომელია შენი საყვარელი ცხოველი?

- ჯინჯერი, ბოუნა და ხრუტუნა - ფისოებია.

- ყველაზე ხშირად რისი თამაში გიყვარს?

- ჭადრაკის და დროშების ლოტოსი.

- შენს საყვარელ სათამაშოს რა ჰქვია?

- „ვილლი“ რომ არის, ეგ. ყველა სათამაშო მიყვარს.

- გურო, ვუნდერკინდი რას ნიშნავს?

- ჭკვიანი ბავშვი რომ არის.

- შენ როგორი ხარ?

- ვუნდერკინდი.

- რას გეუბნებიან ხოლმე, როგორი ბიჭია გუროო?

- ლამაზი ხარო, ჭკვიანი ხარო.

- გიხარია, როცა გაქებენ?

- კი...

- ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეს, დედას რას უყიდდი? მამას? დაიკოებს?

- დედას - კაბებს, მამას - ჟილეტს, დაიკოებს - წიგნებს. ბევრი ფული რომ მქონდეს, მოხუცებს და ბავშვებს დავეხმარებოდი.

- რა კეთილი ხარ. ოჯახთან ერთად სად დადიხარ ხოლმე?

- ეკლესიაში, მოწამეთაში დავდივარ და კიდევ, სასეირნოდ.

- რას ინატრებდი ახლა ყველაზე მეტად?

- გოგაკოს (მამის ჩამოსვლას, რომელიც ემიგრაციაშია).

- რაზე ოცნებობ?

- ექიმი რომ გამოვიდე და ყველას დავეხმარები.

- რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებსაც შენ ძალიან უყვარხარ და ახლა ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?

- გამარჯობა. გკოცნით. მიყვარხართ.

guro-mshoblebi-1702817567.jpg

ლიკა მელქაძე, გუროს დედა:

- გურო თვითნასწავლია, ეს მისი გონების უნიკალური ფენომენია. ჩვენ არ ვტვირთავთ! ნუთუ ნორმალურად მოაზროვნე რომელიმე დედა აიძულებს შვილს, რომ ამ ასაკში ისწავლოს მისთვის არასაჭირო ამდენი ინფორმაცია? პედაგოგი ვარ და კარგად ვიცი ბავშვების შესაძლებლობები. ასობით ბავშვი მომიმზადებია ინგლისურში. გურომდე გავზარდე შვილები და ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა. დღეს წარჩინებული, საამაყო სტუდენტები არიან. გურო ფენომენია, ის უფლის საჩუქარია. გაიზრდება და როცა ყველაფერს გაიაზრებს, თავად გადაწყვეტს, სად, როგორ და რანაირად გამოიყენოს უნიკალური ნიჭი, სამშობლოს საკეთილდღეოდ, პირველ რიგში.

ბავშვი რომ არ გადაიტვირთოს, თავისი განრიგი აქვს: საღამოს 10-დან დილის 10-მდე სძინავს, დილით ერთ საათს მოწესრიგებას ვუთმობთ, მერე მიგვყავს სასეირნოდ ქუთაისის ულამაზეს ბუნებაში, რათა მაქსიმალურად ეზიაროს ღირებულს სამყაროში. 3 საათზე იძინებს 2 საათით. მერე იკვებება და ერთი საათით ისევ გარეთ გადის.

ინდიგო ბავშვები ჰიპერაქტიურები არიან, შესაბამისად, გუროს უზღვავი ენერგია აქვს, სულ თამაშობს, აქტიურია, ძიებაშია. მისთვის საინტერესოს წამიერად ისრუტავს, ამით ბედნიერია, ეს სიამოვნებას ანიჭებს.

თანატოლებზე გიჟდება, იდეალურად ერთობა. უამრავი სათამაშო აქვს (შეამჩნევდით ვიდეოებში). არასდროს ატარებს დროს კომპიუტერთან ან მობილურთან. მხოლოდ რეალობაში, მშობლების ყურადღებით ნებივრობს. შემდეგ მოდის საღამო, მიირთმევს საჭმელს და მომზადებაშიც მეხმარება, მერე მიდის ჭადრაკზე, თავისივე უდიდესი სურვილით. საღამოს კვლავ სეირნობა დაძინებამდე, მერე საყვარელ ფისოებთან თამაში, აბაზანა და ძილი.

შუალედში თუ აღმოვაჩინე, რომ რაღაც ახალი იცის, განცვიფრებული ვთხოვ ვიდეოს ჩაწერას. თუ დამთანხმდა, ვწერთ, თუ არა, როცა თავად იტყვის, მაშინ. ჩაწერას მაქსიმუმ ათი წუთი მიაქვს.

მინდა ყველას უღრმესი მადლობა ვუთხრა სიყვარულისთვის. კეთილო ადამიანებო, თქვენ ყველანი ჩვენი დიდი ოჯახი ხართ უკვე. ჩვენ ხომ ერთად ვაკვირდებით და ვხარობთ გურამიკოს ტკბილი თვალებით, გონიერებით და უფლისგან ბოძებული თვითნაბადი ნიჭით. გვიყვარხართ და მადლობას გიხდით თითოეული თბილი სიტყვისთვის. იზეიმოს ნიჭმა საქართველოში, უკეთესი მომავლისთვის!

თამთა დადეშელი