ხელით მოხატული საახალწლო ნივთები
საახალწლო ატრიბუტიკიდან, რომელსაც ის ამზადებს, პირველად ხელით მოხატული ნაძვის ხის ბურთები ვნახე და ვიფიქრე, რომ პროფესიით მხატვარი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა. თუმცა, წელიწადის სხვა დროს, ინტერიერის ისეთ დეკორაციებს ხატავს, როგორიცაა: სარკეები, საათები, ბოთლები და ა.შ. გარდა ამისა, მუშაობს როგორც ინტერიერის დიზაინერი და სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
ნატალია შალიკაშვილი:
- სამხატვრო აკადემია დავამთავრე, თეატრის მხატვარ-დეკორატორი ვარ. ჩემი პროფესიით, რამდენიმე ფილმსა და სპექტაკლზე მაქვს ნამუშევარი. სხვადასხვა საახალწლო ნივთი და წინასადღესასწაულო ფუსფუსი ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში, ყოველ ახალ წელს დედასთან ერთად, ახალ ნივთს ვამზადებდით და ნაძვის ხეს შევმატებდით ხოლმე, მათ შორის იმ ფიგურასაც, რისი წელიც მოდიოდა. თან, ისე დაემთხვა, რომ ჩემი სახელი "ნატალია" იტალიურად თურმე "ახალ წელს" ნიშნავს. მოკლედ, ეს დღესასწაული განსაკუთრებით მიყვარს და საახალწლო განწყობას ძალიან ადრე ვიქმნი. შემოდგომის დასაწყისიდან ვიწყებ საახალწლო თემაზე მუშაობას. ჩემთვის ყოველთვის ვაკეთებდი სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს, ვხატავდი, ისინი ბევრს მოსწონდა. რაც შეეხება საახალწლო ნივთებს, ერთ-ერთი ნაძვის ხის ბურთი საჩუქრად გავგზავნე. ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სისტემატური ხასიათი მიმეცა. 2016 წელს სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი, სადაც პროდუქციის განთავსება დავიწყე. მას შემდეგ ბევრი აქტიური გულშემატკივარი მყავს და ყოველწლიურად ცდილობენ, საკოლექციოდ თითო ნივთი მაინც შეიძინონ.
- ნაძვის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს დღეს უკვე ბევრი ამზადებს, მაგრამ მათ შორის იშვიათია ხელით მოხატული ბურთები. ხომ ასეა?
- დიახ. ყოველთვის ვათვალიერებ სხვების ნამუშევრებს და ვცდილობ, ცოტა განსხვავებული ნივთები გავაკეთო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბურთების ხელით მოხატვა. ნახატების ძირითადი თემა ოჯახია. სხვათა შორის, პანდემიის პერიოდში მომხმარებლის სურვილი იყო ბურთებზე ოჯახები ყოფილიყო, რაც სათამაშოებს კიდევ უფრო მეტ სითბოს ანიჭებდა. ზოგი ფიგურებს თავისი ოჯახის წევრებს ამსგავსებდა და მეც წინა პლანზე ეს თემატიკა წამოვწიე, რაც ხალხსაც განსაკუთრებულად მოსწონს და მეც დიდ სიამოვნებას მგვრის.
- საახალწლოდ ეპოქსიდის ნივთები და დათოვლილი თოჯინებიც დაგიმზადებიათ...
- ეპოქსიდზე მუშაობა ჩემი ბოლო პერიოდის გატაცებაა. საინტერესო მასალაა და შედეგიც მომწონს. ჯერჯერობით ამ მასალით მხოლოდ საახალწლო ფიგურები გავაკეთე: ფიფქები, ირემი, ანგელოზები, დათოვლილი სახლი, მათ შორის 2024 წლის სიმბოლო დრაკონები. თუმცა, ეპოქსიდთან დაკავშირებით, სხვა გეგმებიც მაქვს... რაც შეეხება თოჯინებს, შეზღუდული რაოდენობითაა. გამოყენებულია სხვადასხვა შერეული მასალა, მაგრამ ისევე როგორც ყველა დეტალი, ტანსაცმელიც ძირითადად ხელით მაქვს მოქსოვილი. ამ თოვლში ამოგანგლულ, ხელში გუნდებიანი ბავშვების ფოტოებს სოციალურ ქსელში რომ ვათავსებ, მათ სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟებად აღიქვამენ, ზღაპრებს თხზავენ და სახელებსაც არქმევენ. ეს პროცესი მსიამოვნებს. გარდა ამისა, მაქვს ნაძვის ხის სათამაშო ფარშავანგები, რომელიც კერამიკისა და ბუმბულის მასალით იქმნება. ასევე ანგელოზები, რომლის დასამზადებლად პაპიე-მაშეს ტექნიკა გამოვიყენე. ახალი წლის დღესასწაული რომ ამოიწურება, მუშაობას სხვადასხვა პროექტზე გავაგრძელებ. ბევრი იდეა მაქვს.
ანა კალანდაძე