ნანას და ილოს ზღაპარი
32 წლის ნანა აროშიძე ქართველმა საზოგადოებამ მაშინ გაიცნო და შეიყვარა, როცა ის სრულიად მარტო, გაბედული ნაბიჯებით სოფლიდან სოფელში სალაშქროდ დადიოდა და საკუთარ თავგადასავლებს სოციალურ ქსელში გვიზიარებდა. პანდემიის პერიოდში დაწყებულმა ლაშქრობებმა ნანას მომავალი მეუღლე - ილო ლობჟანიძე გააცნო.
- პანდემია დაიწყო თუ არა, მეც დისტანციურად დავიწყე მუშაობა და სწორედ მაშინ მომეცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის საშუალება. თავდაპირველად ჩემს კუთხეს, გურიას დავუბრუნდი. ვინაიდან ჩემი ბავშვობის ოცნება სოფელ-სოფელ მოგზაურობა და საქართველოს ასე გაცნობა იყო, სურვილის ახდენა სვანეთიდან დავიწყე - იქ მარტო წავედი და ერთი თვე დავრჩი. რა თქმა უნდა, სოფლიდან სოფელში გადავდიოდი. ზოგი იქაური მცხოვრები მეუბნებოდა, ბევრ სვანს არ ექნება ასე ძირეულად დათვალიერებული სვანეთი, როგორც შენო... შემდეგ იყო რაჭა.
- მარტო მოგზაურობა მამაცურად ჟღერს. ამ გზაზე ალბათ სირთულეები და გამოწვევებიც იყო.
- ოთხი წლით ადრე, ვიდრე მარტო მოგზაურობას დავიწყებდი, ლაშქრობებში მეგობრებთან ერთად მივდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ ხერხდებოდა, ამან გამოცდილება და სიფრთხილე შემძინა. ჩემს შემთხვევაში, "სოლო ლაშქრობის" გარდა, სირთულე იყო უცხო ადამიანებთან ერთად ავტოსტოპით გადაადგილება. მაგალითად, სვანეთში ძირითადად ფეხით მიწევდა სიარული, მაგრამ ტრანსპორტი რომ დაგჭირდეს, გაგიჭირდება შოვნა, ამიტომ ან თავად უნდა გყავდეს ავტომობილი, ან ავტოსტოპით მოახერხო გადაადგილება. უფრო რთულია, თუ ისეთ ადგილას მოხვდი, სადაც მანქანის გამოჩენის ალბათობა მცირეა. ვცდილობდი ასეთ ადგილებში დღის შუქზე, დაღამებამდე მევლო. თუ ცივ სეზონზე ვმოგზაურობდი, დასარჩენი ადგილი, ძირითადად საოჯახო სასტუმრო წინასწარ მქონდა მოძიებული. აი, სვანეთში კარავი მქონდა წაღებული და მის გასაშლელად ადგილი ექსპრომტადაც ამირჩევია. სვანეთი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ ერთსა და იმავე ადგილს რამდენჯერმე მივბრუნებულვარ. მაგალითად, სოფელ ბეჩოში ყოფნის დროს, უღელტეხილზე გულით მინდოდა ასვლა, მაგრამ კარგი ამინდები არ დაემთხვა, გავაგრძელე გზა და როცა შესაძლებლობა მომეცა, სურვილი ავისრულე.
- ხალხის რეაქცია როგორი იყო, როცა იგებდნენ, რომ მარტო მოგზაურობდი?
- ვფიქრობ, რეაქციები უფრო ამა თუ იმ კუთხეზეა დამოკიდებული. მე განვასხვავებ მთასა და ბარში მცხოვრებთა ხასიათს. როგორც ვთქვი, გურული ვარ და ვფიქრობ, გურულები ძალიან გახსნილები ვართ უცხო ხალხის მიმართ. მთაში მცხოვრები ხალხი უფრო ფრთხილია, იმდენად ახლოს არ უშვებენ სტუმარს, როგორც ჩვენ ან იმერლები. როცა ხალხი იგებდა, რომ ქართველი ვიყავი და თანაც მარტო დავდიოდი სალაშქროდ, ჯერ გაოცებას, მეორე კი სიხარულს გამოხატავდნენ. ბევრ სოფელში ნამდვილად პირველი ქართველი "სოლო მოლაშქრე" გოგო ვიყავი.
- თქვენი მეუღლე ილო ლობჟანიძე რაჭაში გაიცანით, არა?
- დიახ, რაჭაში მოგზაურობისას, თევრეშოში გავიცანი. ჩემს მასპინძელთან ერთად მთებში უნდა ავსულიყავი, მაგრამ წვიმიანი ამინდები დამემთხვა. მაშინ ვუთხარი მასპინძელს, საინტერესო ადამიანი ან თუნდაც ფერმერი თუ გეგულება, მანახე-მეთქი და იმანაც ილოსთან მიმიყვანა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თევრეშო რაჭის ბოლოს არის, იმის იქით უკვე არავინ ცხოვრობს. ჩემი გაკვირვება აქედან დაიწყო: თევრეშოში, ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილზე, სრულიად მარტო ცხოვრობდა ბიჭი, რომელიც დიდი ფერმისა და ბევრი საქმის მიუხედავად, ბედნიერი იყო, თვალები უბრწყინავდა. ილოსთან დაახლოებით 10 წუთი გავჩერდით და ყველაზე ცხადად გონებამ მისი გაბრწყინებული თვალები შეინახა. იმავე საღამოს ილომ "ინსტაგრამზე" დამამატა... რაჭის შემდეგ, ზამთარში სვანეთში დავბრუნდი, ამჯერად სამუშაოდ. ამ ხნის განმავლობაში, მე და ილო ისე ვიყავით, როგორც შორეული ნაცნობები, ერთმანეთს მხოლოდ დღესასწაულებს ან დაბადების დღეს რომ ულოცავ.
- როგორც ვიცი, თქვენი მეორე შეხვედრაც მოულოდნელად დაიგეგმა...
- ილო მეორედ 25 იანვარს ვნახე. სვანეთიდან ჯერ ზუგდიდში უნდა ჩავსულიყავი მიკროავტობუსით, შემდეგ თბილისში. თუმცა, იმ დღეს მიკროავტობუსი არ წავიდა. მომიწია ავტოსტოპით წავსულიყავი. ისე მოხდა, რომ ქუთაისში მიმავალ ხალხს დავემგზავრე. პარალელურად, ილოს ვწერდი და ისე აღმოჩნდა, რომ იმ დღეს ისიც ქუთაისში იყო, მანქანა უნდა ეყიდა. ილო ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა, ვინაიდან ფერმას მარტო უვლის, იშვიათად ჩამოდის ქალაქში და ის დღე სწორედ იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა. სანამ თბილისისკენ გამოვემგზავრებოდი, ილო ნახევარი საათით ვნახე. უბრალოდ ვისაუბრეთ და სულ ეს იყო. იმ დღის შემდეგ, უფრო აქტიური მიმოწერა გვქონდა სოციალურ ქსელში, უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი, ერთ თვეში კი ისე მოხდა, რომ სვანეთიდან პირდაპირ რაჭაში წამიყვანა ილომ და 8 მარტს ოჯახი შევქმენით.
- ვიცი, რომ ძირითადად სოფელ ღებში ცხოვრობთ, მაგრამ ხშირად ახსენებთ თევრეშოს. რა ადგილია თევრეშო და წელიწადის რა დროს ატარებთ იქ?
- თევრეშო საზაფხულო საძოვრებია, ადრე მგონი სოფლის სტატუსიც ჰქონდა. თევრეშოს მუდმივი მცხოვრები არ ჰყავს. ერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელსაც ორი ადამიანი მონაცვლეობით ზედამხედველობს. ზაფხულში, ვისაც საქონელი ჰყავს, ყველა თევრეშოში მიდის. მთელი ზაფხული ქოხებში ცხოვრობენ, დენის და ინტერნეტის გარეშე. ზამთარში თევრეშოში რომ დარჩე, სახლი უნდა გქონდეს, რადგან იქ ღებზე დიდი და ცივი ზამთარი იცის. ღებსა და თევრეშოს შორის მანძილი დაახლოებით 4-5 კილომეტრია. თევრეშოში ილო ყველაზე ახალგაზრდა კაცი იყო, ვინც დიდ ფერმას უძღვებოდა, ახლა კი ყველაზე ახალგაზრდა ფერმერი ცოლ-ქმარი მე და ილო ვართ.
- როგორია ნანას და ილოს ერთი დღე?
- ჩვენი დღის გეგმა სეზონზეა დამოკიდებული. მაგალითად ახლა, ზამთარში, დაახლოებით 10 საათზე ილო თავის საქმეს იწყებს: საქონელს აჭმევს, უვლის, წყლის დასალევად გარეთ გამოჰყავს, ბოსელს აწესრიგებს და ეს ყველაფერი დღეში ორჯერ, დილას და საღამოს უნდა გააკეთოს. ჩვენი ფერმა მრავალფეროვანია. გვყავს: ძროხები, ხბოები, ქათმები, ბატები, ცხენი, ლეკვები. მოკლედ, ბევრნი არიან და ამიტომ ორი ბოსელი გვაქვს. გურიაში მამაჩემი შეშას ზამთარშიც აპობდა, მთაში კი ყველაფერს შემოდგომაზე ვაკეთებთ და ზამთარში ვისვენებთ. მე მაგალითად, ზამთარში მხოლოდ სახლის საქმეებით ვარ დაკავებული, თუმცა ილოსაც ვეხმარები ხოლმე. ზაფხულში, თევრეშოში ყოფნისას, საქმე უფრო მეტია, ძროხები კარგად იწველებიან და ყველს ვყიდით, როგორც ადგილზე, ასევე ყოველკვირეულად ვგზავნით თბილისში. ასე ვთქვათ, მცირე ბიზნესი გვაქვს.
- თქვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სოფელში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა რთული არ იყო?
- მთელი ცხოვრება თბილისში არ გამიტარებია. დავიბადე და გავიზარდე ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. მაშინ იქ რთული პირობები იყო, არ გვქონდა კარგი გზა, მასწავლებელთან მისასვლელად შვიდ კილომეტრს გავდიოდი. სოფელში ცხოვრების სირთულე ჩემთვის უცხო არ არის. ცხადია, მთაში უფრო რთულია, რადგან იქ ზამთარი უფრო ხანგრძლივი და მკაცრია. ოჯახი რომ არ შემექმნა, გურიაში, ჩემს სოფელში ვაპირებდი დაბრუნებას. ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემს მსგავსად, სოფელში უნდათ ცხოვრება და მათ სულ ვაძლევ რჩევას. თუ დიდი ხანია ან საერთოდ არ უცხოვრიათ სოფელში, ასე უცებ ნუ გადმოცხოვრდებიან. ჯობია წავიდნენ ნათესავთან ან უბრალოდ საკუთარი თვალით ნახონ, როგორია სოფელში ცხოვრება, რამდენად გაუძლებენ სირთულეებს, თვითონაც ცოტ-ცოტა ჩაერთონ სამუშაოში და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. ერთბაშად რადიკალური ცვლილება ყველასთვის რთული იქნება.
- "ინსტაგრამზე" ათიათასობით, ხოლო "ტიკტოკზე" ასი ათასზე მეტი მიმდევარი გყავთ. რა ხდის თქვენს ბლოგებს წარმატებულს?
- გეტყვით იმას, რასაც ხალხი ხშირად მეუბნება. ჩემი ბლოგები ძირითადად სოფლის ცხოვრებას შეეხება, ბუნებას, ცხოველებს, ჩემი და ილოს ყოველდღიურობას. ეს ყველაფერი ზოგს ბავშვობას ახსენებს, ზოგს განვლილ ტკბილ წლებს. ჩემი ბლოგები ხალხისთვის სხვადასხვა ემოციის მომტანია, ყველასთვის თავისებურად ახლობელი და ნოსტალგიური. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ემიგრანტებიც მიყურებენ. ძალიან ბევრ ქართველს, ვისაც სოფელი და ბავშვობა ენატრება, ტკბილ მოგონებებს ვუღვიძებ. ყოველდღიურად ბევრ ფოტო და ვიდეომასალას ვიღებ, ვთანამშრომლობ სხვა მცირე ბიზნესებთან და კონკრეტულად მათთვისაც ვქმნი მასალებს, ეს ჩემთვის ერთგვარი სამსახური და დიდი პასუხისმგებლობაა.
- ერთხელ ახსენეთ, რომ ყველაფერი, რაც ისწავლეთ და გამოცადეთ, ბლოგერობაში გეხმარებათ.
- დიახ, ბიზნესადმინისტრირება მაქვს დამთავრებული, განხრა - ბუღალტერია. 4-5 წელი უფროსკლასელებს და მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველებს ვასწავლიდი უნარების მათემატიკას, ხალხს მოსწონს ჩემი გადმოცემის უნარი. 7 წელი ბუღალტერიის მიმართულებით ვმუშაობდი, მათ შორის, პანდემიის დროსაც. ამჟამად მარკეტინგით ვარ დაინტერესებული და ვსწავლობ როგორ შევფუთო რეკლამა, როგორ დავამუშაო ვიდეო და ფოტო, ვცდილობ ხალხის ფსიქოლოგია შევისწავლო - რა აინტერესებთ, რა მოსწონთ ან აღიზიანებთ. სანამ ბლოგერობას დავიწყებდი, რამდენიმე კურსი გავიარე ბლოგის მართვასთან დაკავშირებით. ამჟამად კი მე და ილოს ერთი მიზანი გვაქვს, თევრეშოში სახლი და ფერმა ავაშენოთ. მინდა ჩემს ეზოში ბევრი ცხოველი, ფრინველი და მცენარე იყოს. ძალიან მიყვარს მიწასთან მუშაობა და ჩემი ლამაზი, კოხტა ბოსტანის ქონის სურვილიც მაქვს.
მარიამ მერლანი