"აღმოაჩინეს, რომ თანხა ერთ-ერთ დამლაგებელს აუღია" - გზაპრესი

"აღმოაჩინეს, რომ თანხა ერთ-ერთ დამლაგებელს აუღია"

ნინი ზერეკიძეს საზოგადოება "ნიკოს შოუდან" იცნობს. ნინი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილების დაგროვება მოასწრო. დიდი ხანია, საკუთარ თავს ფინანსურად თავად უზრუნველყოფს და დედასაც ეხმარება...

- მუშაობა 15 წლისამ დავიწყე. რომ გითხრათ, ფულის მნიშვნელობა პირველი ხელფასის აღებისთანავე გავაცნობიერე-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ჯერ პატარა გახლდით და ფულის ყადრი არ ვიცოდი: ყველაფერში ვხარჯავდი, უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის შენახვაზე არ ვფიქრობდი... დაახლოებით 17 წლისა მივხვდი, რომ ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა გავუფრთხილდეთ - შეიძლება სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვან რამეში დაგვჭირდეს. გავაცნობიერე, რომ ისე აღარ უნდა დამეხარჯა, როგორც 15 წლისა ვხარჯავდი, რადგან ფული ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმაში დამეხმარებოდა...

- შენს ცხოვრებაში რამე კონკრეტული ფაქტი მოხდა, რამაც მიგახვედრა?

- 16 წლისას ახალი ტელეფონი მინდოდა. მაშინ უკვე საკუთარი შემოსავალი მქონდა, მაგრამ რატომღაც, სულ დედაჩემს შევყურებდი, - მეგონა, ტელეფონი შვილისთვის მშობელს უნდა ეყიდა... 17 წლის რომ გავხდი, გავაანალიზე - დედამ ტელეფონი რატომ უნდა მიყიდოს, როცა საკუთარი შემოსავალი მაქვს? შემიძლია გამომუშავებული თანხა სისულელეებში არ დავხარჯო, მოვაგროვო და შემდეგ, სასურველი ტელეფონი თავად ვიყიდო-მეთქი... მერე უკვე ფულს მუდმივად აღარ ვხარჯავდი, ვინახავდი, რაღაცას ვიკლებდი... ფულის შენახვის იმუნიტეტი გამომიმუშავდა და სასურველi ტელეფონიც შევიძინე.

- შენი პირველი სამსახური რა იყო და მუშაობა რა მიზნით დაიწყე?

- კვების ერთ-ერთ ქსელურ ობიექტში მოლარე-კონსულტანტი გახლდით. 15 წლის ბავშვისთვის საკმაოდ კარგი ანაზღაურება მქონდა... მუშაობის დაწყების მიზანს რაც შეეხება: მინდოდა საკუთარი შემოსავალი მქონოდა და თან ვფიქრობდი, სამსახურის დაწყება დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან იქ მარტო, ახლობლების გარეშე ვიქნებოდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მარტოს მომიხდებოდა, გასამრჯელოს საკუთარი შრომით მივიღებდი. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი იყო. 15 წლიდან დღემდე ისე მოვდივარ, რომ ყველაფერი საკუთარი მაქვს. რა თქმა უნდა, დედაჩემის და ახლობლების აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ ვცდილობ, ფინანსურად აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვიყო.

- ნინი, 15 წლის მოსწავლემ სამსახური როგორ მოიძიე?

- დედაჩემის წყალობით. ჩემი მომავალი უფროსები დედაჩემის ნაცნობები იყვნენ... ზაფხულის პერიოდში ვმუშაობდი. რთული იყო, რადგან ბევრი რამის გაკეთება მიწევდა, მაგრამ ამავდროულად, ჩემთვის ძალიან განმავითარებელი იყო: მასწავლა დამოუკიდებლად მუშაობა, სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება... უამრავ ადამიანთან კონტაქტი მიწევდა, რაც მერე უკვე სხვადასხვა სფეროში მუშაობისას დამეხმარა... როგორც აღვნიშნე, ზაფხულში ვმუშაობდი. უფროსი ჩემი მუშაობით ისეთი კმაყოფილი იყო, რომ შემდეგ, როცა სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო, შემომთავაზა - მხოლოდ შაბათ-კვირას მემუშავა... მერე, როცა აბიტურიენტობის პერიოდი დაიწყო, ამ სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ მუშაობა სხვაგან დავიწყე, რადგან უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, რომ თვის ბოლოს ჩემ მიერ გამომუშავებული თანხა მიმეღო და სურვილისამებრ დამეხარჯა, რომ სხვაგვარ რეალობას ვერ შევეგუე. ამიტომ გასართობ ცენტრში, წამყვან-ანიმატორად მოვეწყვე. თითქმის მთელი აბიტურიენტობის პერიოდში, მეცადინეობის მერე, ვმუშაობდი ხოლმე, რადგან თავისუფალი გრაფიკი გვქონდა. ფაქტობრივად, სულ ან ვსწავლობდი, ან - ვმუშაობდი.

- გასართობ ცენტრში როგორ მოხვდი?

- პირველი სამსახურიდან წამოსული რომ მივხვდი, უმუშევრობას ვეღარ ვუძლებდი, ინტერნეტში ვაკანსიის მოძიება დავიწყე. განცხადება ვნახე, რომ ერთ-ერთ გასართობ ცენტრს ანიმატორი სჭირდებოდა. ჩამოთვლილ მოვალეობებს გავეცანი - ნამდვილად შემესაბამებოდა. მენეჯერს დავუკავშირდი, გასაუბრებაზე მივედი... როგორც მითხრეს, პირველივე დღიდან ჩემში ნაპერწკალი დაინახეს. ზუსტად ეგ ნაპერწკალია, რომელმაც აქამდე მომიყვანა (იღიმის)... მოკლედ, დაახლოებით 2 კვირაში წამყვანი-ანიმატორი გავხდი. საახალწლო ღონისძიებებს, დაბადების დღის წვეულებებს ვუძღვებოდი... დიდი გამოცდილება მივიღე. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა დაბადების დღის წვეულებაზე დინამიკი არ მუშაობდა, მაგრამ საღამო ისე წამიყვანია, ბავშვის მშობელს ვერ უგრძნია, რომ სიმღერა ჩართული არ იყო... ნელ-ნელა მოლარე-კონსულტანტობიდან გასართობ ცენტრამდე დავხვეწე უნარი, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი რთულ სიტუაციებში.

- პროფესიის არჩევისას რა გაითვალისწინე?

- ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა ამიტომ მინდოდა. ამჟამად, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ. საერთოდ, არც ერთ სამსახურში ჩემთვის ხელფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია - ყოველთვის მსურდა, სხვადასხვა საკითხში გამოცდილება ამემაღლებინა, თუნდაც - გასართობ ცენტრში მუშაობისას, სადაც ხალხთან კომუნიკაცია მიწევდა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს... ახლაც, როცა უნივერსიტეტში მუშაობა დავიწყე, ხელფასი პრიორიტეტული არ ყოფილა, რადგან პროფესიული მიმართულებით გამოცდილებას ვიმაღლებ. ამ თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის დიდი მიღწევაა. სიმართლე გითხრათ, ხელფასი საერთოდ რომ არ დაენიშნათ, პრობლემა არ მექნებოდა, რადგან მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. ეს ჩემი პროფესიაა. როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელ პროფესიასაც სწავლობ და გამოცდილებას იმაღლებ, ძალიან კარგია. ვიცი, სამომავლოდ უნივერსიტეტში მუშაობა, აქ მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგება.

- დღესდღეობით, შენი შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?

- უნივერსიტეტი, სადაც პიარ-მენეჯერად ვმუშაობ, შემდეგ უკვე - ტელევიზია, სადაც "ნიკოს შოუს" სცენარისტი და თანაწამყვანი ვარ.

- შემოსავლის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავ?

- ძირითადად, ჩემივე სწავლის საფასურს ვიხდი. ასევე, დედას ვეხმარები... რა თანხაც მრჩება, თავის მოვლისთვის ვიყენებ, გოგონებს ბევრი რამ გვჭირდება (იღიმის)...

- ფინანსური კრიზისები შეგქმნია?

- კი. ყოფილა სიტუაციები, როცა ხელფასი ამიღია, მაგრამ მთლიანი თანხა გადამიდვია (საკუთარი მანქანის ყიდვა მინდოდა და ვაგროვებდი) ან დედაჩემისთვის მიმიცია, როცა კონკრეტულ საკითხში დახმარება სჭირდებოდა. მთელი თვე უხელფასოდ გამიტარებია. ასეთ შემთხვევაში, რაღაცებზე უარის თქმა უფრო მეტად მიწევდა, უფრო თავშეკავებული ვიყავი... ჩემს ცხოვრებაში, მსგავსი ეპიზოდები ახლაც ხდება.

- ანუ გონიერი მხარჯველი ხარ?

- კი ბატონო. სიმართლე გითხრათ, თანხის ისეთ რამეში დახარჯვა მიყვარს, რაც გამომადგება. წვრილმანებში დიდი თანხის დახარჯვა არ მომწონს. მირჩევნია, რაღაცები მოვიკლო, მერე კი - თუნდაც ახალი ტელეფონი ვიყიდო ან ავტომობილის შესაძენად, თანხა გადავდო ან - სახლის რემონტისთვის გამოვიყენო...

- ოდესმე "სივი" გაგიგზავნია?

- ერთადერთხელ, ჩემს უნივერსიტეტში გავგზავნე და პიარ-მენეჯერად ამიყვანეს (იღიმის).

- მშობლებს ფული ბოლოს როდის სთხოვე?

- გუშინ. მინდოდა, დედას ჩემთვის 5 ლარი ჩაერიცხა, რომ ბარათით 250 ლარი გამომეტანა (იცინის). სხვა შემთხვევები არ მახსენდება, რადგან ძირითადად, თავად ვურიცხავ, თანხა თუ აკლდება. ახლა სახლში რემონტს ვაკეთებთ. დედას თუ თანხა აკლდება, უარს არასდროს ვეუბნები. მირჩევნია, თავად მოვიკლო და ის საქმე გავაკეთო, რომელიც ყველას გამოადგება.

- თანხა სესხად თუ აგიღია ან შენგან თუ უსესხიათ?

- ბევრჯერ გამისესხებია. როცა ადამიანი მეტყვის, - ამა და ამ საქმეში ფინანსური მხარდაჭერა მჭირდებაო, თუ შესაძლებლობა მაქვს, აუცილებლად ვეხმარები, რადგან მსგავს სიტუაციაში საკუთარ თავს წარმოვიდგენ და ვხვდები, როგორი შვება იქნება, თუკი ვინმე გვერდში დამიდგება... თავადაც ამიღია ფული სესხად. სხვათა შორის, ვალის ზუსტ დროს დაბრუნება ძალიან მიყვარს - წუთიც არასოდეს გადამიცილებია.

- შენგან სესხად აღებულ თანხასაც კეთილსინდისიერად გიბრუნებენ?

- უმეტესობა - კი. ძირითადად, მაინც შეხსენება სჭირდებათ, რაც ძალიან არ მიყვარს. თუ ცოტა თანხაზეა საუბარი, ადამიანს არასოდეს მივწერ და არც მიმიწერია, რადგან ასეთი რაღაცები არ მიყვარს, მაგრამ თუკი დიდ თანხას ეხება საქმე, სხვა გზა არ არის, მეც ხომ მჭირდება...

- ოდესმე რამე განსხვავებულ პოზიციაზე თუ გიმუშავია, რის შესახებაც არ ვიცით?

- 2 დღე ქსელურ მარკეტში პრომოუტერად ვმუშაობდი - მომხმარებელს პროდუქციას წარვუდგენდი. უსიამოვნო შემთხვევა მოხდა - ფული მომპარეს: მეორე სამუშაო დღეს, ჩვენთვის გამოყოფილ ოთახში, სადაც ჩვენს ნივთებს ვაწყობდით, ქურთუკი და ჩანთა დავტოვე. ჩანთაში 450 ლარი მედო. საღამოს თანხა ადგილზე აღარ დამხვდა. არადა, მთელი დღის განმავლობაში, ჩანთა არ გამიხსნია. წასახემსებლად ჩასვლაც ვერ მოვასწარი... მენეჯერს დავურეკე... მოკლედ, კამერების ჩანაწერი გადაახვიეს და აღმოაჩინეს, რომ თანხა ერთ-ერთ დამლაგებელს აუღია. დამიბრუნეს, მაგრამ ასეთ გარემოში მუშაობა "ჩემი" არ არის. ამიტომ წამოვედი და მას მერე, იქ აღარც მივსულვარ...

- მუშაობის თვალსაზრისით, კიდევ რამეს ხომ არ გეგმავ?

- გერმანიაში, 2-თვიანი სტუდენტური პროგრამით მივემგზავრები. ზაფხულში, სტუდენტებს გერმანიაში დასასაქმებლად უშვებენ, რადგან იქ შვებულებების პერიოდია და კადრები სჭირდებათ, რათა დაასაქმონ. უკვე საბუთებს ვგზავნი. დაახლოებით ივლისსა და აგვისტოში გერმანიაში ვიქნები. უბრალოდ, ჯერ არ ვიცი, რა პოზიციაზე ვიმუშავებ. სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში, ეს არც მაინტერესებს - იმიტომ მივემგზავრები, რომ დამოუკიდებლობას შევეჩვიო, უცხო ქვეყანაში ყოფნის სხვაგვარი გამოცდილება მივიღო. ამიტომ ძალიან აღელვებული ვარ. ვემზადები...

img-9121-1703507843.jpg

- გერმანული ენა იცი?

- არა, უნდა ვისწავლო...

- წარმატებას გისურვებ! დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- შეიძლება ცოტათი სასაცილოდ და ბანალურადაც ჟღერდეს, მაგრამ ალბათ - იმას, რომ გაიღიმონ და ყველაფერს პოზიტიურად მიუდგნენ, რადგან დღემდე რასაც მივაღწიე, იმის დამსახურებაა, რომ ყველაფერს პოზიტიურად ვუდგები. 3-4 სამსახურში მაინც მიმუშავია. პირველი, რასაც ჩემთან დაკავშირებით სამსახურში აღნიშნავდნენ, ის იყო, რომ ადამიანებს ბედნიერ განწყობას ვუქმნი. ნებისმიერ სფეროში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რადგან ემოციები გადამდებია. თუნდაც, მოლარე-კონსულტანტად მუშაობისას, ჩემთან ბევრი მომხმარებელი მოდიოდა - როცა შენთან რამეს ვყიდულობთ, მერე სულ ბედნიერები ვართო. გასართობ ცენტრში მუშაობისას უთქვამთ, - სხვა ანიმატორები რომ მოდიან, ფიქრობენ, თავიანთ საქმეს როდის დაასრულებენ და წავიდნენო. მხოლოდ ფულის გამო სამსახურში არასოდეს ვყოფილვარ. რასაც აკეთებ, ის საქმე უნდა გიყვარდეს და იდეალურად შეასრულებ. უფროსებიც და მომხმარებლებიც რომ დაინახავენ, საქმეს გულით აკეთებ, ყველა კმაყოფილი იქნება. ჩემი წარმატების საწინდარი ეს არის. ამიტომ დასაქმების მოსურნეებს სხვას ვერაფერს ვურჩევ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი