როგორ შეიძლება დამარცხდეს ბოროტება - გზაპრესი

როგორ შეიძლება დამარცხდეს ბოროტება

ჟურნალში "გზა"#50 შემოგთავაზეთ თემა ინტერნეტსივრცეში გამეფებული სიძულვილის ენის შესახებ, ამჯერად კი ამ თემის მეორე ნაწილს გთავაზობთ. ვნახოთ, რა გამოცდილება აქვთ ამ მხრივ სოფო ბედიას, ნუკი კოშკელიშვილს და ელენე ფოჩხუას.

"მსგავსი მასშტაბის ნეგატივი ჩემს ცხოვრებაში მანამდე არ ყოფილა"

სოფო ბედია, მომღერალი:

- ნეგატიური კომენტარების ადრესატი არაერთხელ ვყოფილვარ. თითქმის ყველა ინტერვიუს, რომელიც ინტერნეტში იდება, ასეთი კომენტარები მოჰყვება ხოლმე. ახლა საერთოდ აღარ ვკითხულობ, მაგრამ კარიერის საწყის ეტაპზე, დიდ ყურადღებას ვუთმობდი. როდესაც ცნობილი ხარ, რა თქმა უნდა, გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი შენზე. ვერასდროს გავუგებ იმ ადამიანებს, რომლებიც პოზიტივშიც კი რაღაც ცუდს ეძებენ. ეს პირველ რიგში, ცუდი მათთვის არის, მაგრამ ვერ იგებენ თუ არ უნდათ, გაიგონ, არ ვიცი. ჩემი ცხოვრების წესით არავისთვის არაფერი დამიშავებია. არც ჩემს კოლეგებს დაუშავებიათ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება და საქმე გვაქვს, მაგრამ დაუნდობლად გვერჩიან. რომელიმე ჩვენგანი ინტერვიუში რაიმეს გულწრფელად რომ ვიტყვით, მერე ნეგატივის ისეთი ტალღა მოდის, უბრალოდ გულსატკენია. ცუდია, რომ ამ ყველაფერმა ბოლო დროს მასობრივი სახე მიიღო და არა - მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი პირების ცხოვრებაში. ადამიანების დამოკიდებულებაზე გული მტკივა, შენკენ ყველაფერი კარგად თუ არის, არ უხარიათ, ცუდი თუ დაგემართება, ხარობენ ან გიცოდებენ. თავიანთ პოზიციას უცენზუროდ გამოხატავენ. შეიძლება ყველაფერი მეც არ მომწონს, მაგრამ ამას არასდროს დავწერ; კარგის შექება, აღნიშვნა, სიამოვნებას მანიჭებს.

- უმეტეს შემთხვევაში როგორ ხდებოდა, შენ როგორც პიროვნებას გეხებოდნენ თუ საქმიანობას?

- ეხებოდნენ ჩემს ოჯახს, განიხილავდნენ ჩემს პირად ცხოვრებას, გარეგნობას, საქმიანობას - ნაკლებად. არ დაუწერიათ, ვერ ან ცუდად მღერისო, მაგრამ არაერთხელ ზუსტად ასე დაწერეს; "ეს როგორ გამოიყურება", "რა მახინჯია", "ახლა რას დამსგავსებია"... ამ კომენტარებზე გულწრფელად გითხრა, მეცინება და ვხალისობ. მთავარია, თავად მომწონს ჩემი თავი. მადლობა ღმერთს, რომ ვარ ჯანმრთელი, წარმატებული, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის...

- ცუდი კომენტარის ავტორთან დაკავშირება, გარკვევა, რატომ ჰქონდა მას ასეთი დამოკიდებულება შენდამი, გიცდია?

- წლების წინ, როდესაც ფართო საზოგადოებას ახალი გაცნობილი ვყავდი, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, სხვადასხვა ცუდი კომენტარის ავტორს მივწერე, - რა დაგიშავე? მე ჩემი ცხოვრება მაქვს და რა გინდა-მეთქი? დღეს ვფიქრობ, რომ დიდი სისულელე გავაკეთე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ალბათ ესეც გამოუცდელობის ბრალი იყო. სოციალურ ქსელებში ასეთი კომენტარების ავტორების გვერდები რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ არიან შეუმდგარი პიროვნებები, თითქოს უბედური ადამიანის სახეები აქვთ და მისგან აღარაფერი არ უნდა გეწყინოს. დღეს ალბათ ადამიანი არ არსებობს, რაღაც სახის პრობლემა რომ არ ჰქონდეს. გამონაკლისი მეც არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი გახლავართ. მჯერა, ადამიანის სიკვდილის გარდა, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყველაფერს ეშველება. ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ პრობლემა ხშირად ჭკუის სასწავლად, დასაფიქრებლად გვეგზავნება სამყაროსგან. ცუდი კომენტარების წერით არავის არაფერი მოუგვარდება, სულს უფრო თუ არ დაიმძიმებს. მერე იმის თქმას, რომ ტელეფონი ბავშვს ეჭირა და მას დაუწერიაო, სჯობს, ამ საქციელის ჩადენამდე დაფიქრდნენ.

- ასეთი შემთხვევაც გქონდა?

- ერთ-ერთი კომენტარის ავტორს ჩემმა გულშემატკივარმა მისწერა, სოფოზე ამას რატომ წერო? ჯერ პასუხი არ გასცა, მერე კი "ავტორობა" ბავშვს გადააბრალა.

- ოჯახის წევრებისთვის უფრო მტკივნეულია ეს ამბავი?

- რა თქმა უნდა, ახლობლები განიცდიან, ნერვიულობენ. პანდემიის დროს კლიპი "დარჩი სახლში" რომ ჩავწერეთ, მაშინ ისეთი კომენტარები წამოვიდა, მსგავსი მასშტაბის ნეგატივი ჩემს ცხოვრებაში მანამდე არ ყოფილა. ეს იყო ერთი თეთრის გარეშე, მეგობრულად გაკეთებული კლიპი, მოწოდება ხალხისადმი, რომ სახლებში დავრჩენილიყავით. იდეის ავტორი მე ვიყავი. მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა, გაგვემხნევებინა საზოგადოება, ამ ფორმით მოვიფიქრე მესიჯის გაგზავნა, რომ ერთად უნდა გაგვეძლო ყველაფრისთვის... ზოგმა ამ კლიპში პოლიტიკა დაინახა, რადგან სიტყვები "ოცნება" და "იმედი" იყო ნახსენები, ზოგმა სხვა კუდი გამოაბა. მაშინ ყველა სიმღერა უნდა ავკრძალოთ, სადაც სიტყვა "ოცნება" და ყოველი დღის იმედით დაწყებაა ნახსენები. ასე შეიძლება? ყველა სიტყვას გამოეკიდნენ. სამწუხაროდ, დღეს ხალხი ყველაფრის უფლებას აძლევს თავს. ვფიქრობ, რაღაც ფორმით ცენზურა უნდა დაწესდეს. არ შეიძლება, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო.

- ნეგატიური კომენტარების ავტორების ნაწილი, სავარაუდოდ, ამ ინტერვიუსაც გაეცნობა. რას ეტყვი მათ?

- ღმერთს ვთხოვ, ამ ადამიანებს იმის ძალა მისცეს, რომ წარმატებას მიაღწიონ, საქმე ჰქონდეთ და მერე არ ეცალოთ იმისთვის, რომ ვინმეზე ცუდი წერონ. იმის აღნიშვნა, რომ ეს კონკრეტული პიროვნება არ მოსწონთ, პრობლემა არ არის, პრობლემა შეურაცხყოფის მიყენებაა. ისეთი გამოხატვის ფორმა შეარჩიონ, რომ ადამიანებს გული არ ატკინონ.

"ბოროტებას ყოველთვის სიკეთით უნდა ვუპასუხო"

23559433-10210899177179489-425755591373608935-n-copy-1703508261.jpg

ნუკი კოშკელიშვილი:

- ნუკი, ძალიან ცუდია, მაგრამ ვიცი, რომ სიძულვილის ენის "შხამი" საკუთარ თავზე გამოგიცდია. ეს რა განცდაა?

- ნეგატიური კომენტარები ნაკლებად მადარდებს, გული იმაზე უფრო მწყდება, რომ ადამიანებს ისეთი გასაჭირი აქვთ, ამით სიამოვნებას იღებენ. აი, წარმოიდგინე, მოიგე მილიონი, ყველა ჯანმრთელად და კარგად გყავს, მოდის ერთი უზრდელი გოგო ან ბიჭი, არც მიაქცევ ყურადღებას, რადგან ბედნიერ ადამიანს არ აქვს ამის სურვილი. თუ მაინც ისე მოხდა, რომ მოიცალე, ე.ი. შიგნიდან გჭამს რაღაც. ძალიან სამწუხაროა, ასეთი მძიმე დარდით რომ აქვს სავსე გული ამდენ ადამიანს, თორემ ასე უმიზეზოდ ბოროტი არავინაა.

- წლებია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ. ცუდი კომენტარის ავტორთან დაკავშირება, გასაუბრება ოდესმე გიცდია?

- არასდროს.

- ნეგატიურ კომენტარებზე როგორია შენი ოჯახის წევრების რეაქცია?

- არანაირი. ახლა წარმოიდგინე, რომ ნეპტუნზე ნეპტუნელმა შენზე რაღაც ცუდი თქვა, ნეპტუნური შენ არ გესმის და ნეპტუნზე წასვლას არ აპირებ, რაში გაინტერესებს?

- შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებთან რა გაქვს სათქმელი?

- ერთი რამ ვიცი, ბოროტებას ყოველთვის სიკეთით უნდა ვუპასუხო.

"არ მწყენია, არც გავბრაზებულვარ, უბრალოდ გამაოცა ამ კომენტარმა"

280238449-5018222888215652-4222556586326527872-n-copy-1703508274.jpg

ელენე ფოჩხუა, მომღერალი:

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მისამართით ცუდი კომენტარები ხშირად დაწერილა, მაგრამ ჩემი მეგობრების, კოლეგების მისამართით დაწერილი ღირსების შემლახავი წინადადებები რომ წამიკითხავს, გული მტკენია. ერთხელ მე და სოფო ბედიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ვიმღერეთ და მაშინ დაწერეს, ტელევიზიის მონები არიანო. რატომ გაღიზიანდნენ, მართლა ვერ მივხვდი. არ მწყენია, არც გავბრაზებულვარ, უბრალოდ, გამაოცა ამ კომენტარმა.

- არც გულახდილი ინტერვიუების შემდეგ გქონია ასეთი შემთხვევა?

- განქორწინებასთან დაკავშირებით რომ ვილაპარაკე, მაშინ კი დაწერეს, ეს გოგო რით ვერ მორჩა ამ თემაზე ლაპარაკსო? რას ჰგავხარო და მსგავსი რამ მართლა არასდროს წამიკითხავს. რატომ ან რამ გააბოროტა ეს ადამიანები? პიროვნების ჩაცმულობაზე, მის ცხოვრებაზე როგორ შეიძლება ცუდი ილაპარაკო?! შეიძლება შენი სიტყვებით სტიმული ჩაუკლა, ხელი ჩააქნევინო, ის საქმე საერთოდ მიატოვებინო, ამაზე ვინმე საერთოდ ფიქრობს? ყველა ჩვენს საქმეს თუ მივხედავთ, ამ ქვეყანაში ყველაფერი გაცილებით კარგად იქნება.

თამუნა კვინიკაძე